კ.გ. იუნგი – ფსიქიკის სტრუქტურის პრობლემის განხილვა

0
763

კარლ გუსტავ იუნგი ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები (მეორე ლექცია)

ადამიანის ფსიქიკის შესახებ მსჯელობა სრული არ იქნებოდა, არაცნობიერი პროცესების არსებობა რომ მხედველობიდან გამოგვრჩენოდა. არაცნობიერ პროცესებს უშუალოდ ვერ მივუდგებით – მათზე ხელი არ მიგვიწვდება. მათი უშუალო აღქმა შეუძლებელია, ისინი მხოლოდ თავინთ შედეგებში ვლინდებიან და, ამ შედეგთა სპეციფიკური თავისებურებებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ მათ მიღმა უნდა იყოს რაღაც, საიდანაც ისინი სათავეს იღებენ.

ამ ბნელ სფეროს ჩვენ არაცნობიერ ფსიქიკას ვუწოდებთ. ცნობიერების ექსტოფსიქიკური შინაარსები, პირველ რიგში, გარემოს ზეგავლენებით, ფიზიკურ შეგრძნებითი აღქმების მონაცემებით საზრდოობენ. მაგრამ არსებობს ისეთი შინაარსებიც, რომლებიც სხვა წყაროებიდან იღებენ დასაბამს, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერება და განსჯის უნარი. ესენი ენდოფსიქიკურ სფეროს განეკუთვნებიან. ცნობიერების შინაარსების მესამე წყარო კი ფსიქიკის ბნელი სამყაროა, არაცნობიერი.

აქ ჩვენ ენდოფსიქიკური ფუნქციების თავისებურებებს ვაწყდებით. ისინი იმ მედიუმს წარმოადგენენ, რომლის მეშვეობითაც არაცნობიერი შინაარსები ცნობიერების ზედაპირს აღწევენ. ასე რომ, არაცნობიერ პროცესებს პირდაპირ ვერ დავაკვირდებით. მათი ის პროდუქტები კი, რომელნიც ცნობიერების ზღურბლს გადალახავენ, ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ.

პირველი კატეგორია იმ მასალას მოიცავს, რომელიც შეიცნობა, როგორც უეჭველად პიროვნული წარმოშობისა. ეს შინაარსებია პიროვნული მონაპოვრები ანდა ინსტინქტურ მოვლენათა პროდუქტები, რომლებიც მთლიანი პიროვნების საკუთრებაა. შემდგომ, აქვე შედის დავიწყებული თუ განდევნილი, ასევე შემოქმედებითი შინაარსები. ყოველივე ამაში განსაკუთრებული და საოცარი არაფერია. ზოგს შეიძლება ესენი გაცნობიერებული ჰქონდეს, სხვებთან კი არაცნობიერშია ჩაძირული. ზოგმა ისეთი რამ იცის, რაც სხვებისთვის უცნობია. შინაარსთან ამ კატეგორიას მე ქვეცნობიერ ფსიქიკას ანუ პიროვნულ არაცნობიერს ვუწოდებ, რადგანაც ის, რამდენადაც შეგვიძლია განვსაჯოთ, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ელემენტებისგან უნდა იყოს შედგენილი, ელემენტებისგან, რომლებიც მთლიანობაში ადამიანის პიროვნებას (Persoenlichkeit) ქმნიან.

შემდგომ, არსებობს აშკარად გაურკვეველი წარმომავლობის შინაარსები, ყოველ შემთხვევაში, ისეთი წარმოშობისა, პიროვნულ მონაპოვრად რომ ვერ ჩაითვლება. ამ შინაარსებს ერთი თვალშისაცემი თავისებურება აქვთ – მითოლოგიური ხასიათისანი არიან. მათ შემყურეს ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ისინი ცალკეული პიროვნების კი არა, მთელი კაცობრიობის კუთვნილებას წარმოადგენენ.

როდესაც პირველად წავაწყდი ამგვარ შინაარსებს, გუნებაში ვიფიქრე, მემკვიდრეობითობას ხომ არ ეფუძნებიან-მეთქი, და აზრად მომივიდა, რომ მათი ახსნა ნაციონალური ან რასობრივი მემკვიდრეობით იქნებოდა შესაძლებელი. ამ საკითხის ნათელსაყოფად ამერიკაში გავემგზავრე, წმინდა სისხლის ზანგთა სიზმრები შევისწავლე და დავადგინე, რომ ეს ხატები არც ე. წ. სისხლით ანდა რასობრივ მემკვიდრეობასთანაა რამე კავშირში და არც ცალკეულ ადამიანთა პიროვნული მონაპოვარია. ისინი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა და ამიტომ კოლექტიური ბუნება აქვთ.

ამ ძირითადად კოლექტიურ ნიმუშებს, ავგუსტინესეული გამოთქმის მიხედვით, არქეტიპები ვუწოდე.

არქეტიპი წარმოადგენს typo-ს (გამოკვეთილს რასმე), არქაული ხასიათის მკაცრად შემოსაზღვრულ სტრუქტურას, რომელიც როგორც ფორმით, ისე მნიშვნელობით მითოლოგიური მოტივების შემცველია. მითოლოგიური მოტივები წმინდა სახით ზღაპრებში, მითებში, ლეგენდებსა და ფოლკლორში გვხვდება. ყველაზე ცნობილ მოტივთაგან შეგვიძლია დავასახელოთ: გმირი, მხსნელი, დრაკონი (რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია მის მძლეველ გმირთან), გველეშაპი ანდა დევი, რომელიც გმირს ნთქავს. გმირისა და დრაკონის სახეცვლილი ვარიანტია კატაბაზისი, ჯოჯოხეთში ჩასვლა, ნეკიია (ალბათ გეხსომებათ „ოდისეა“-დან ის ადგილი, როცა ოდისევსი ადინფეროს ჩადის, რათა ტირეზია, ნათელმხილველი, გამოჰკითხოს).

ნეკიიას ეს მოტივი ანტიკურ სამყაროში და ფაქტიურად მთელ მსოფლიოში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ის არაცნობიერი ფსიქიკის ღრმა ფენების ცნობიერების ინტროვერსიის ფსიქოლოგიურ მოვლენას გამოხატავს. ამ ფენებიდან უპიროვნო, მითოლოგიური ხასიათის შინაარსები ამოდიან, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქეტიპები, და ამიტომაც ვუწოდებ მე მათ უპიროვნო ანუ კოლექტიურ არაცნობიერს.

ცხადია, აქ კოლექტიური არაცნობიერის ამ ცალკე პრობლემის მხოლოდ კონტურებს თუ მოვხაზავთ, ისიც გაკვრით. მაგრამ მოგიყვანთ მაგალითს კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლიკისა და მასთან ჩემი მიდგომის თავისებურებათა შესახებ, რათა შეძლოთ მისი განსხვავება პიროვნული არაცნობიერისაგან.

ამერიკაში რომ მივდიოდი ზანგების არაცნობიერის საკვლევად, თავში ეს კითხვა მიტრიალებდა: ძირითადი კოლექტიური ნიმუშები რასობრივი მემკვიდრეობაა თუ „წარმოსახვის აპრიორული კატეგორიები“- მეთქი, როგორც მათ ორმა ფრანგმა, იუბერმა და მოსმა, ჩემი გამოკვლევებისაგან დამოუკიდებლად უწოდა. და აი, იქ ერთი ზანგი მიყვება სიზმარს, რომელშიც ბორბალზე გაკრული კაცი ფიგურირებს.

მთელ სიზმარს არ მოგიყვებით – არაა ამჟამად ამის აუცილებლობა. მას, რაღა თქმა უნდა, პიროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა და უპიროვნო წარმოდგენების დაღიც აჩნდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ამ უკანასკნელ მოტივს გამოვყოფ. ძალზე უმეცარი სამხრეთელი ზანგი გახლდათ. არც ინტელექტით გამოირჩეოდა და არც არაფერი. ზანგთა განთქმულ რელიგიურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ჯვარზე გაკრული კაცი რომ დასიზმრებოდა, კიდევ ჰო, მოულოდნელი არ იქნებოდა, ჯვარს პიროვნული გამოცდილების მონაპოვრად ჩავთვლიდით, მაგრამ ბორბალზე გაკრულს თუ იხილავდა, ვინ იფიქრებდა!

ეს ძალზე უჩვეულო ხატებაა. რა თქმა უნდა, ვერ დაგიმტკიცებთ, რომ ამ ზანგს შემთხვევით ასეთი სურათი არ ენახა ან რომ თავის დღეში მსგავსი არაფერი სმენოდა და ეს არ ჩაჰყვა ძილში. მაგრამ, თუკი მას ამ წარმოდგენის ნიმუში არ გააჩნდა, მაშინ საქმე არქეტიპულ ხატებასთან გვქონია – ბორბალზე გაკვრა ხომ მითოლოგიური მოტივია. ეს სწორედ ის, ძველთაძველი მზის ბორბალი და ჯვარცმა მზის ღმერთის გულის მოსალბობად შეწირული მსხვერპლი გახლდათ. ისევე, როგორც ადრე მიწის ნაყოფიერების გასაზრდელად ადამიანებსა და ცხოველებს სწირავდნენ ხოლმე.

მზის ბორბალი განსაკუთრებით არქაული და, იქნებ, საერთოდ უძველესი რელიგიური წარმოდგენაც კია. როდეზიული ქანდაკებების შესწავლისას მისმა კვალმა მეზოლითურ და პალეოლითურ ხანამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. მაგრამ ნამდვილი ბორბლები მხოლოდ ბრინჯაოს ხანაში არსებობდა. პალეოლითში ბორბალი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი. ჩანს, როდეზიული მზის ბორბალი იმავე ეპოქიდანაა წარმომდგარი, რომელსაც ცხოველთა ზოგი ძალზე ნატირალისტური გამოსახულება განეკუთვნება, როგორიცაა, მაგალითად, განთქმული ტკიპებიანი მარტორქა, დაკვირვებულობის შედევრი. ასე რომ როდეზიული მზის ბორბალი პირვანდელ ხილვას წარმოადგენს. ალბათ ის მზის არქეტიპული ხატებაა. მაგრამ ის არ არის ნატურალისტური ხასიათისა, რადგანაც ოთხ ან რვა სეგმენტადაა ხოლმე დაყოფილი. დანაწევრებული წრის ხატება სიმბოლოა, რომელსაც კაცობრიობის მთელ ისტორიაში, ისევე ვაწყდებით, როგორც თანამედროვე ადამიანთა სიზმრებში. სრულიად შესაძლებელია, ნამდვილი ბორბლის გამოგონება ამ ხილვას ემყარებოდეს.

მრავალი ჩვენი აღმოჩენა მითოლოგიურ ანტიციპაციებსა და უძველეს წარმოდგენებს ეფუძნება. ასე, მაგალითად, ალქიმიის ხელოვნება თანამედროვე ქიმიის დედაა. ჩვენი ცნობიერი, მეცნიერული სული არაცნობიერში ყალიბდება. მზის ბორბალი იმ ზანგის სიზმარში ბორბალზე გაკრული კაცი გამეორებაა ბერძნული მითოლოგიური მოტივისა იქსიონის შესახებ, რომელიც ღმერთთა და კაცთა შეურაცხყოფისათვის ზევსმა მარად მბრუნავ ბორბალზე გააკრა. მითოლოგიური მოტივის ეს მაგალითი, უბრალოდ, იმისთვის მოგიყვანეთ, რომ კოლექტიური არაცნიბიერის იდეა გადმომეცა. ერთი ცალკე აღებული მაგალითი, ცხადია, ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ისიც ხომ შეუძლებელია დავუშვათ, რომ იმ ზანგს ბერძნული მითოლოგია ჰქონდა შესწავლილი და ძალიან საეჭვოა, რომ მას ოდესმე ბერძნული მითოლოგიური ფიგურების გამოსახულება ენახა. თანაც, სხვათაშორის, იქსიონის გამოსახულებები საკმაოდ იშვიათია.

შემეძლო ახლა საოცარი ერთმნიშვნელოვანი საბუთები მომეყვანა არაცნობიერში ასეთი ძირითადი მითოლოგიური ნიმუშების არსებობის თაობაზე. მაგრამ ამისთვის სულ ცოტა ორი კვირის განმავლობაში მაინც მომიწევდა ლექციების კითხვა. ჯერ სიზმრების და სიზმართა სერიების აზრი უნდა გადმომეცა და მერე მიმეთითებინა ყველა ისტორიულ პარალელსა და მათ მნიშვნელობაზე. ამ ხატებათა და წარმოდგენათა სიმბოლიკას ხომ სკოლებსა და უნივერსტეტებში არ ასწავლიან და სპეციალისტებსაც კი იშვიათად თუ გაეგებათ რამე ამის შესახებ.

მე იძულებული ვიყავი წლების განმავლობაში მეკვლია ეს ხატებები და თავად მეძებნა მასალა, ასე რომ, რაც უნდა განათლებული უნდა იყოს ჩემი პუბლიკა, მაინც არ მოველი, რომ ამგვარი ჩახლართული ამბები au courant ეცოდინება. სიზმრის ანალიზის ტექნიკის ჯერი რომ მოვა, მაინც მომიხდება ამგვარ მითოლოგიურ მასალაზე შეჩერება და მაშინ წარმოდგენა შეგექმნებათ იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება პრაქტიკულად ეს მუშაობა – არაცნობიერის პროდუქტებისათვის პარალელთა მონახვა.

ჯერჯერობით კი იძულებული ვარ, იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდე, რომ არაცნობიერის ეს ფენა ძირითადად მითოლოგიურ ნიმუშებს შეიცავს და ისეთ შინაარსებს წარმოშობს, რომელთაც ინდივიდუუმს ვერ მივაწერთ. ასე გასინჯეთ, ისინი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდეც სიზმრის მნახველის პიროვნულ ფსიქოლოგიას. ასე, მაგალითად, ჩვენდა განსაცვიფრებლად, სრულიად გაუნათლებელ პიროვნებასთან შეიძლება ისეთ სიზმარს გადავეყაროთ, რომელიც მას, მართლაც, არ უნდა დასიზმრებოდა, რადგან ყოვლად საკვირველ რამეებს შეიცავს.

ბავშვების სიზმრებმა კი ზოგჯერ შეიძლება ისეთი თავსატეხი გაგვიჩინოს, რომ მერე გონზე მოსასვლელად შვებულების აღება დაგვჭირდეს – მათი სიმბოლოები იმდენად ღრმააზროვანია, რომ საშველს არ გვაძლევს კითხვა: კი მაგრამ, როგორ შეიძლება ბავშვს ასეთი რამ დასიზმრებოდა?

სინამდვილეში კი ეს სულ ადვილი ასახსნელია. ჩვენს სულს, ისევე როგორც სხეულს, თავისი ისტორია აქვს. ეს იმდენადვე არ არის საოცარი, რამდენადაც ის, რომ ადამიანს ბრმანაწლავი აქვს. განა მან იცის, რომ ასეთი რამ უნდა გააჩნდეს? არა, უბრალოდ, თან დაჰყვა. მილიონობით ადამიანმა არ იცის, რომ თიმუსის ჯირკვალი აქვს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება – მაინც ხომ აქვთ.

მათ არ იციან, რომ თავიანთი ანატომიის გარკვეული ნაწილების მიხედვით ისინი თევზთა სახეობას განეკუთვნებიან, მაგრამ იციან თუ არა – ეს მაინც ასეა. ჩვენი არაცნობიერი, ასევე როგორც ჩვენი სხეული, წარსულის დანაშთთა და მოგონებათა სამყოფელია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი