კარლოს კასტანედა – მონადირედ გახდომა

0
164

პარასკევი, 1961 წლის 23 ივნისი.

როგორც კი ჩამოვჯექი, მაშინვე კითხვები დავაყარე დონ ხუანს. მან არ მიპასუხა და მოუთმენლობის ჟესტი მაჩვენა ხელით, რომ დავეშოშმინებინე. როგორც ჩანდა სერიოზულ განწყობაზე იყო.

— ვფიქრობ, საერთოდ არ შეიცვალე იმ დროის განმავლობაში, სანამ მცენარეების შესახებ რაიმეს სწავლას ცდილობდი, — მითხრა მან საყვედურით.

ხმამაღლა დაიწყო პიროვნების ყველა იმ ცვლილების ჩამოთვლა, რომლის რეკომენდაციაც მომცა. ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად განვიხილე და აღმოვაჩინე, რომ ვერ შევძლებდი მათ შესრულებას, რადგანაც ყოველი მათგანი ჩემს რწმენებს ეწინააღმდეგება. მან შენიშნა, რომ მათი უბრალოდ განხილვა არაა საკმარისი, და რაც მითხრა, გასართობად არ უთქვამს. მე კვლავ ვამტკიცებდი, რომ თუმცა ცოტა რამ გავაკეთე ჩემი ცხოვრების მის იდეებთან შესათავსებლად, მაგრამ მართლა მინდოდა მცენარეების გამოყენების შესწავლა.

ხანგრძლივი უხერხული დუმილის შემდეგ თამამად ვკითხე:

— მასწავლი პეიოტის შესახებ, დონ ხუან?

მან თქვა, რომ მხოლოდ ჩემი განზრახვა საკმარისი არაა და პეიოტის შესახებ (მას «მესკალიტო» უწოდა) რაიმეს გაგება პირველად — ეს სერიოზული საქმეა. როგორც ჩანდა მეტი არაფერი იყო სათქმელი.

მაგრამ საღამოს დასაწყისში მან გამოცდა მომიწყო. ჩემ წინ პრობლემა წამოაყენა და არანაირი გასაღები არ მომცა მის გადასაჭრელად: უნდა მეპოვნა კარგი ადგილი ანუ ლაქა პირდაპირ მისი სახლის კარის წინ ეზოს მონაკვეთში, სადაც, როგორც წესი, ვიჯექით და ვსაუბრობდით ხოლმე. ლაქა, სადაც თავს ყოველთვის ბედნიერად და ენერგიით აღსავსედ ვიგრძნობდი. მთელი ღამის განმავლობაში, სანამ «ლაქას» ვეძებდი და მიწაზე დავგორავდი, ორჯერ შევამჩნიე შეფერილობის ცვლილება მითითებული მონაკვეთის ერთფეროვნად მუქ ჭუჭყიან მინდორზე.

პრობლემამ დამღალა, და დავიძინე იმ ადგილას, სადაც შეფერილობის ცვლილება შევამჩნიე. დილით დონ ხუანმა გამაღვიძა და განაცხადა, რომ ჩემმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მე არა მხოლოდ ვიპოვე სასიკეთო ადგილი, რომელსაც ვეძებდი, არამედ მისი საწინააღმდეგოც კი ვიპოვე — მტრული ანუ უარყოფითი ლაქა და შეფერილობები, რომლებიც დაკავშირებული იყო ერთთანაც და მეორესთანაც.

შაბათი, 1961 წლის 24 ივნისი.

დილით ადრე უდაბნოს ჩაპარალში გავემგზავრეთ. სანამ მივდიოდით, დონ ხუანი მიხსნიდა, რომ «სასიკეთო» და «მტრული» ლაქის მოძებნა ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებაა ადამიანისთვის, რომელიც ველურ ადგილას იმყოფება. მინდოდა საუბარი პეიოტის თემაზე გადამეტანა, მაგრამ მან უბრალოდ უარი თქვა ამის შესახებ საუბარზე. გამაფრთხილა, რომ არ უნდა მეხსენებინა მანამ, სანამ თვითონ არ წამოწევდა ამ თემას.

დასასვენებლად მაღალი ბუჩქების ჩრდილში ჩამოვჯექით იმ ნაწილში, სადაც ხშირი იყო მცენარეულობა. უდაბნოს ჩაპარალი ჩვენ გარშემო ჯერ არ იყო ბოლომდე გამხმარი. თბილი დღე იყო და ბუზებმა დამტანჯეს მაშინ, როცა დონ ხუანს თითქოს საერთოდ არ აწუხებდნენ. ვიფიქრე, რომ უბრალოდ იგნორირებას უკეთებდა მათ, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ საერთოდ არ აჯდებოდნენ სახეზე.

— ზოგჯერ აუცილებელია სასიკეთო ადგილის სწრაფად პოვნა გაშლილ ადგილას, — განაგრძო დონ ხუანმა. — ან შესაძლოა აუცილებელი იყოს სწრაფად განსაზღვრო, ხომ არ წარმოადგენს ცუდ ადგილს ის ადგილი, სადაც აპირებ დაჯდომას. ერთხელ, გორაკთან ჩამოვჯექით, და შენ ძალიან გაბრაზებული და აღელვებული იყავი. ეს ადგილი მტრულად იყო შენდამი განწყობილი. ყვავმა გაფრთხილება მოგცა — გახსოვს?

მე გამახსენდა, რომ გამაფრთხილა, მომავალში ამ ადგილს გავრიდებოდი. ასევე გამახსენდა, როგორ გავბრაზდი იმის გამო, რომ სიცილის საშუალებას არ მაძლევდა.

— მე მეგონა, რომ ყვავი, რომელმაც თავზე გადაგვიფრინა, მხოლოდ ჩემთვის იყო ნიშანი, — თქვა მან. — ვერანაირად ვერ ვიეჭვებდი, რომ ყვავები შენ მიმართაც მეგობრულად იქნებოდნენ განწყობილნი.

— რაზე ამბობ?

— ყვავი ნიშანი იყო, — თქვა მან. — შენ რომ გცოდნოდა ყვავების შესახებ, თავს აარიდებდი იმ ადგილს, როგორც შავ ჭირს. მაგრამ ყვავები ყოველთვის იქვე არ არიან, რომ გაფრთხილება მოგცენ, ამიტომ თავად უნდა ისწავლო შესაფერისი ადგილის პოვნა ღამის გასათევად ან დასასვენებლად.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დონ ხუანი მოულოდნელად ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა, რომ დასასვენებლად ადგილის საპოვნელად თვალები უნდა დამეელმებინა. მან გაგებით შემომხედა და კონფედენციალური ტონით მითხრა, რომ სავარაუდოდ სწორედ ასე გავაკეთე, როცა მის ეზოში ვგორაობდი, და ამით ვიპოვე ორი ლაქა, მათი შეფერილობებით. მაგრძნობინა, რომ განაცვიფრა ჩემმა მიღწევამ.

— მართლა არ ვიცი, რა გავაკეთე, — ვუთხარი მე.

— შენ თვალები დააელმე, — თქვა მან. — სწორედ ესაა ტექნიკა. როგორც ჩანს ეს გააკეთე, თუმცა არ გახსოვს.

შემდეგ დონ ხუანმა აღწერა ტექნიკა, რომლის სრულყოფილად ფლობაც, როგორც მან თქვა, წლების პრაქტიკას მოითხოვს და რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ თანდათანობით აიძულო თვალები, ცალ-ცალკე დაინახონ ერთი და იგივე გამოსახულება. გამოსახულებების არდამთხვევა სამყაროს ორმაგ აღქმას იწვევს. ეს ორმაგი აღქმა, დონ ხუანის თქმით, შესაძებლობას იძლეოდა, რომ დაგვენახა გარემოცვაში მომხდარი ცვლილებები, რომლებსაც თვალები ჩვეულებრივ ვერ აღიქვამენ.

დონ ხუანმა მიბიძგა, რომ მეცადა. დამარწმუნა, რომ მხედველობისთვის ეს საშიში არაა. როგორც მითხრა, ჯერ იმით უნდა დამეწყო, რომ მოკლე მზერებით შემეხედა, თითქმის თვალის კუთხეებით. დიდ ბუჩქზე მიმითითა და მაჩვენა, როგორ აკეთებდა. ძალზე უცნაური შეგრძნება მქონდა, როცა ვხედავდი, როგორ ესროდნენ დონ ხუანის თვალები საოცრად სწრაფ მზერებს. მისი თვალები იმ მოუსვენარ მხეცებს მაგონებდნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ პირდაპირ ყურება. თითქმის საათი გავიარეთ, და ამ პერიოდში ვცდილობდი არ მომეხდინა მზერის ფოკუსირება არაფერზე. შემდეგ დონ ხუანმა მთხოვა, რომ გამოსახულების დაყოფა დამეწყო, ისე, რომ თითოეულ თვალს ცალ-ცალკე აღექვა იგი. კიდევ ერთი საათის შემდეგ საშინლად ამტკივდა თავი და იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი.

— ფიქრობ, რომ შეძლებ, თავად იპოვო დასასვენებლად შესაფერისი ადგილი? — მკითხა მან. არანაირი წარმოდგენა არ მქონდა იმაზე, თუ რა იგულისხმებოდა «შესაფერისი ადგილის» ქვეშ. მან მოთმინებით ამიხსნა, რომ მოკლე მზერებით ხედვა საშალებას მისცემს თვალებს, რომ უჩვეულო ხედები დაიჭიროს.

— ეგ როგორ? — ვკითხე მე.

— სინამდვილეში ეს ხედები არაა, — თქვა მან. — ეს უფრო შეგრძნებას ჰგავს. თუ ხეს ან ბუჩქს შეხედავ, ან ქვას, სადაც დაჯდომას აპირებ, შენი თვალები საშალებას მოგცემენ იგრძნო, არის თუ არა ეს ადგილი საუკეთესო ადგილი დასასვენებლად.

კვლავ ჩავაჯინდი, აეხსნა, თუ რას ჰგავდა ეს შეგრძნებები. მაგრამ მან ან უბრალოდ ვერ შეძლო ახსნა, ან არ უნდოდა ამის გაკეთება. თქვა, რომ უნდა მევარჯიშა და მეტყოდა, იმოქმედეს თუ არა ჩემმა თვალებმა.

ერთხელ მომეჩვენა, რომ კენჭებისგან არეკლილი შუქი დავინახე. ვერ დავინახავდი ამ შუქს, მასზე რომ მომეხდინა ფოკუსირება, მაგრამ თუ ამ ადგილს სწრაფი მზერებით შევხედავდი, რაღაც სუსტი ანარეკლის დანახვა შემეძლო. ეს ადგილი დონ ხუანს ვაჩვენე. იგი იმყოფებოდა არადაჩრდილულ, ღია ადგილას, ხშირი ბუჩქნარის გარეშე. მას ხმამაღლა გაეცინა და მკითხა, რატომ ავირჩიე სწორედ ეს ადგილი. მე ავუხსენი, რომ ანარეკლი დავინახე.

— არ მაინტერესებს რა დაინახე, — თქვა მან. — შენ შეიძლება სპილოც დაინახო. რა იგრძენი, აი, ესაა მნიშვნელოვანი.

მე სართოდ არაფერი არ მიგრძნია. მან იდუმალი მზერა მესროლა და მითხრა, რომ სიამოვნებით გამიწევდა კომპანიას და ჩემთან ერთად დაჯდებოდა იმ ადგილას, მაგრამ სხვაგან აპირებდა დაჯდომას, სანამ ჩემს არჩევანს გამოვცდიდი.

მე დავჯექი, ის კი ცნობისმოყვარე მზერით მიყურებდა 10-15 მეტრის მანძილიდან. რამდენიმე წუთში ხმამაღლა დაიწყო სიცილი. რაღაცნაირად მისი სიცილი მანერვიულებდა. წყობილებიდან გამოვყავდი. ვიგრძენი, რომ დამცინოდა, ამიტომ გავბრაზდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი აქ ყოფნის მოტივს. რაღაც ვერ იყო რიგზე ჩემი და დონ ხუანის ურთიერთობაში. ვიგრძენი, რომ უბრალოდ პაიკი ვიყავი მის ბრჭყალებში. უეცრად დონ ხუანი მეცა და სასწრაფოდ გამათრია 3-4 მეტრის დაშორებით. ადგომაში დამეხმარა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. აქ შევამჩნია, რომ უკიდურესად დაიქანცა. ზურგზე ხელი დამიტყაპუნა და მითხრა, რომ არასწორი ადგილი ავირჩიე, და მას მოუწია, მართლაც სასწრაფოდ გადავერჩინე, რადგანაც დაინახა, რომ ის ადგილი, სადაც ვიჯექი, მზად იყო ჩემი ყველა გრძნობის შესაპყრობად. მე გამეცინა. სურათი, თუ როგორ მომვარდა დონ ხუანი, ძალიან სახალისო იყო. იგი მართლა ყმაწვილივით მორბოდა. მისი ფეხები ისე მოძრაობდნენ, თითქოს ჩემს თავზე კატაპულტირება უნდოდათ. ჯერ ვუყურებდი, როგორ იცინოდა ჩემზე, შემდეგ კი ხელით მიმათრევდა.

რაღაც დროის შემდეგ მაიძულა, რომ გამეგრძელებინა შესაფერისი ადგილის ძებნა. ჩვენ გზა განვაგრძეთ, მაგრამ ვერც ვამჩნევდი და ვერც «ვგრძნობდი» ვერაფერს. შესაძლოა, უფრო მოდუნებული რომ ვყოფილიყავი, შემემჩნია ან მეგრძნო რამე, თუმცა მასზე უკვე აღარ ვბრაზობდი. ბოლოს, როგორც იქნა, მიმანიშნა რაღაც ქვებზე და იქ ჩამოვსხედით.

— იმედი ნუ გაგიცრუვდება, — თქვა დონ ხუანმა. — დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ თვალები კარგად გაავარჯიშო.

მე არაფერი არ მითქვამს. არ ვაპირებდი იმედგაცრუებას იმის გამო, რაც არც თუ ისე კარგად მესმოდა. თუმცაღა, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ უკვე სამჯერ, მას შემდეგ, რაც დონ ხუანი გავიცანი, ძალიან ვბრაზდებოდი და ავადმყოფურ მდგომარეობამდე მივდიოდი იმ ადგილებზე ჯდომისას, რომლებსაც იგი ცუდ ადგილებს უწოდებდა.

— საქმე იმაშია, რომ თვალებით უნდა იგრძნო, — თქვა მან. — ახლა შენი პრობლემა ისაა, რომ არ იცი, რა უნდა იგრძნო. მაგრამ ეს პრაქტიკასთან ერთად მოვა.

— იქნებ მითხრა, დონ ხუან, რა უნდა ვიგრძნო?

— ეს შეუძლებელია.

— რატომ?

— ვერავინ გეტყვის, რას იგრძნობ. ეს არც სითბოა და არც სინათლე, არც ნათება და არც შეფერილობა. ეს კიდევ რაღაც სხვაა.

— შეგიძლია აღმიწერო?

— არა. მე შემიძლია მხოლოდ ტექნიკა მოგცე. როგორც კი ისწავლი გამოსახულების გაყოფას და ყველაფრის ორად დანახვას, ყურადღების ფოკუსირება ამ ორ გამოსახულებას შორის ადგილზე უნდა მოახდინო. ნებისმიერი ცვლილება, რაც ყურადღებას იპყრობს, სწორედ ამ ადგილში მოხდება.

— რა სახისაა ეს ცვლილებები?

— მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შეგრძნება, რომელსაც მიიღებ. ყველა ადამიანი განსხვავებულია. დღეს შენ ანარეკლი დაინახე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგანაც გრძნობა არ იყო. მე ვერ მოგიყვები, როგორ უნდა იგრძნო, შენ თვითონ უნდა ისწავლო ეს.

რაღაც დროის განმავლობაში მდუმარედ ვიჯექით და ვისვენებდით. დონ ხუანმა სახე ქუდით დაიფარა და უძრავად დარჩა, თითქოს ძინავსო. მე ჩანაწერების კეთება დავიწყე, სანამ უეცარი მოძრაობა არ გააკეთა, რომელმაც წამოხტომა მაიძულა. იგი სწრაფადვე დაჯდა, გრიმასით შემომხედა და თქვა:

— შენ ნადირობისკენ გაქვს მიდრეკილება. ამიტომ ნადირობა უნდა ისწავლო. შენ მეტად აღარ ილაპარაკებ მცენარეებზე.

წამით თავისი ყბა წინ გამოწია, შემდეგ კი ცბიერად დაამატა:

— ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რომ ოდესმე მოგვიწიოს ამის გაკეთება, ასე არაა? — და გაეცინა.

დღის დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით ხეტიალში გავატარეთ. იგი ძალიან დეტალურად მიყვებოდა ჩხრიალა გველების შესახებ. როგორ ბუდობენ, როგორ მოძრაობენ, მათი სეზონური ქცევები, მათი ჩვევები. შემდეგ იგი განაგრძობდა თვითოეული ამ პუნქტის დამუშავებას და ბოლოს დიდი გველიც დაიჭირა და მოკლა. თავი მოაჭრა, შიგნეულობა გამოუსუფთავა, გაატყავა და ხორცი შეწვა. მის მოძრაობებში ისეთი გრაციოზულობა და მოხერხებულობა იყო, რომ დიდი სიამოვნება იყო უბრალოდ მის გვერდით ყოფნაც კი. ვუსმენდი და მოხიბლული ვადევნებდი თვალყურს. ყურადღების კონცენტრაცია იმდენად სრული მქონდა, რომ მთელი დანარჩენი სამყარო პრაქტიკულად გაქრა.

გველის ჭამა ჩვეული საქმეების სამყაროში უხეში დაბრუნება იყო. გულისრევა ვიგრძენი, როგორც კი გველის ხორცის ღეჭვა დავიწყე. ეს ცრუ ზიზღი იყო, რადგანაც ხორცი მშვენიერი აღმოჩნდა. მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ჩემი კუჭი დამოუკიდებელი ერთეული იყო. ლუკმა ძლივს გადავყლაპე. მეგონა, დონ ხუანს გულის შეტევა დაემართებოდა, ისე იცინოდა.

ამის შემდეგ ზარმაცული დასვენებისთვის კლდეების ჩრდილში ჩამოვჯექით. მე ჩემს ჩანაწერებზე დავიწყე მუშაობა, და მათმა მოცულობამ მაიძულა მივმხვდარიყავი, რომ მან საოცრად დიდი ინფორმაცია მომცა ჩხრიალა გველების შესახებ.

— შენი მონადირული სული დაგიბრუნდა, — თქვა დონ ხუანმა სერიოზული სახით. — ახლა უკვე გამოჭერილი ხარ.

— უკაცრავად?

მინდოდა დამეზუსტებინა, რას გულისხმობდა გამოჭერაში, მაგრამ ის მხოლოდ იცინოდა.

— როგორ ვარ გამოჭერილი?

— მონადირეები ყოველთვის ინადირებენ, — თქვა მან. — მე თვითონაც მონადირე ვარ.

— გინდა თქვა, იმისთვის ნადირობ, რომ იცოცხლო.

— იმისთვის ვნადირობ, რომ ვიცოცხლო. მე შემიძლია ყველგან ვიცოცხლო დედამიწაზე.

მან ხელით მთელი გარშემოწერილობა მაჩვენა.

— იყო მონადირე ნიშნავს, რომ ბევრი რამ იცი. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს დანახვა სხვადასხვაგვარად შეგიძლია. იმისთვის, რომ მონადირე იყო, სრულ წონასწორობაში უნდა იყო ყველაფერ დანარჩენთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნადირობა ყოველდღიურ უაზრო საქმიანობად იქცევა. მაგალითად, დღეს გველი დავიჭირეთ. მე იძულებული ვიყავი, რომ ბოდიში მომეხადა მისთვის იმის გამო, რომ მისი სიცოცხლე ასე მოულოდნელად და ასე საბოლოოდ შევწყვიტე. მე ის გავაკეთე, რაც გავაკეთე და ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლეც ერთხელ ასევე შეწყდება იგივე სახით — მოულოდნელად და საბოლოოდ. ასე რომ ჩვენ და გველები ერთ საფეხურზე ვართ. ერთმა მათგანმა დღეს გამოგვკვება.

— არასოდეს მესმოდა ეს წონასწორობა, როცა ვნადირობდი, — ვუთხარი მე.

— არაა მართალი, შენ უბრალოდ არ კლავდი ცხოველებს. შენ და შენი ოჯახი ნადავლს ჭამდით.

მისი განცხადება იმ ადამიანის დარწმუნებულობას ატარებდა, რომელიც იქ იყო. რა თქმა უნდა, მართალი გახლდათ. იყო დრო, როცა შემთხვევით მსხვერპლის ხორცით მთელ ჩემს ოჯახს ვამარაგებდი.

ყოყმანის შემდეგ ვკითხე:

— საიდან გაიგე ეს?

— გარკვეული საკითხები მე უბრალოდ ვიცი, — თქვა მან. — თუმცა ვერ გეტყვი, საიდან.

მოვუყევი, რომ ჩემი დეიდები და ბიძები ძალიან სერიოზულად უწოდებდნენ ყველა ფრინველს, რომლებიც მიმყავდა —«ხოხბებს».

 

დონ ხუანმა თქვა, რომ ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ უწოდებენ ისინი «პატარა ხოხობს», და კომიკური მიმიკით დაამატა, როგორ დაღეჭავდნენ მას. მისი ყბის უჩვეულო მოძრაობამ განწყობა შემიქმნა, რომ იგი მართლაც ღეჭავდა ფრინველს ძვლებიანად და ბუმბულიანად.

— მე მართლა ვფიქრობ, რომ მიდრეკილება გაქვს ნადირობისკენ, — თქვა მან, და თან მიყურებდა. — ჩვენ კი იმ ბოლოდან არ დავიწყეთ. იქნებ მოინდომო შენი ცხოვრების წესის შეცვლა იმისთვის, რომ მონადირე გახდე.

მან შემახსენა, რომ ძალიან მცირე ძალისხმევით აღმოვაჩინე, რომ სამყაროში ჩემთვის კარგი და ცუდი ადგილები არსებობდა. ასევე დაამატა, რომ მათთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეფერილობებიც შევამჩნიე.

— ეს ნიშნავს, რომ ნადირობისადმი მიდრეკილება გაქვს, — ხმამაღლა განაცხადა მან. — ყველას არ შეუძლია იპოვოს თავისი ადგილები და მათი შეფერილობები ერთდროულად.

— მონადირედ ყოფნა ძალიან ლამაზად და რომანტიულად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ეს აბსურდია, რადგანაც არ მაინტერესებს ნადირობა, როგორც რაიმე განსაკუთრებული.

— შენ არ გჭირდება იმაზე ზრუნვა, რომ ინადირო, ან ნადირობა გიყვარდეს, — მიპასუხა მან. — შენ ბუნებრივი მიდრეკილება გაქვს. ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო მონადირეებს არასოდეს ჰყვარებიათ ნადირობა. ისინი ამას კარგად აკეთებენ. სულ ესაა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დონ ხუანს შეეძლო ნებისმიერი კამათი თავის სასარგებლოდ წაეყვანა, და ამავე დროს ამტკიცებდა, რომ საერთოდ არ უყვარდა ლაპარაკი.

—ეს იგივეა, რომ მონადირეების შესახებ გიყვებოდე, — თქვა მან. — სრულიად არაა აუცილებელი, რომ ლაპარაკი მიყვარდეს. უბრალოდ მიდრეკილება მაქვს ამისკენ, და ეს კარგად გამომდის. სულ ესაა.

მისი გონების სისხარტე მართლაც უჩვეულო იყო.

— მონადირეები უკიდურესად მტკიცე ინდივიდები უნდა იყვნენ, — განაგრძო მან. — მონადირე ძალიან ცოტას უტოვებს შემთხვევას.

მე მთელი დროის განმავლობაში ვცდილობდი დამერწმუნებინე, რომ სხვანაირად უნდა გეცხოვრა. აქამდე ვერ მივაღწიე წარმატებას. შენ არაფერი გქონდა ხელჩასაჭიდი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მე დაგიბრუნე მონადირის სული. შესაძლოა მისი მეშვეობით შეიცვალო.

მე ვაპროტესტებდი, რომ არ მინდოდა მონადირედ ყოფნა. შევახსენე, რომ თავიდანვე მინდოდა — უბრალოდ მოეყოლა სამკურნალო მცენარეების შესახებ, მაგრამ მან მაიძულა იმდენად შორს წავსულიყავი პირვანდელი მიზნისგან, რომ უკვე ვეღარ ვიხსენებ მკაფიოდ, მართლა მინდოდა თუ არა მცენარეების შესწავლა.

— კარგი, — თქვა მან. — მართლაც კარგი. თუკი არ გაქვს მკაფიო სურათი, თუ რა გინდა, მაშინ შეგიძლია უფრო მორჩილი გახდე.

—მოდი, ასე ვთქვათ. შენი მიზნებისთვის, სინამდვილეში, მნიშვნელობა არ აქვს, მცენარეებს შეისწავლი თუ ნადირობას. თვითონ მითხარი ეს. შენ გაინტერესებს ყველაფერი, რაც ვინმეს შეუძლია გითხრას, ასე არაა?

ვუთხარი, რომ ნამდვილად ასე იყო, და ვცდილობდი ანთროპოლოგიის თემატიკა აღმეწერა, რათა ინფორმატორად გამომდგომოდა.

დონ ხუანს ჩაეცინა, აშკარად აცნობიერებდა თავის კონტროლს სიტუაციაზე.

— მე მონადირე ვარ, — თქვა მან, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო. — და ძალიან ცოტას ვუტოვებ შემთხვევითობას. შესაძლოა, უნდა აგიხსნა, რომ ვისწავლე მონდირედ ყოფნა. ყოველთვის ასე არ ვცხოვრობდი, როგორც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ წერტილში მე უნდა შევცვლილიყავი. ახლა მე გაჩვენებ მიმართულებას. მე მიმყავხარ. ვიცი რასაც ვამბობ. ვიღაცამ მასწავლა ეს ყველაფერი, თავად არ მომიგონია.

— გინდა თქვა, რომ მასწავლებელი გყავდა, დონ ხუან?

— მოდი ასე ვთქვათ, რომ ვიღაცამ ნადირობა ისე მასწავლა, როგორც ახლა მე მინდა გასწავლო, — თქვა და სწრაფად შეცვალა თემა.

— ვფიქრობ, ოდესღაც ნადირობა ერთ-ერთი უდიადესი მოქმედება იყო, რომლის შესრულებაც ადამიანს შეეძლო. ყველა მონადირე ძლევამოსილი ადამიანი იყო. და სინამდვილეში, მონადირე იძულებული იყო, რომ ძლევამოსილი ყოფილიყო, იმისთვის, რომ ასეთი ცხოვრების წნეხისთვის გაეძლო.

უეცრად ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. იქნებ იმ დროზე საუბრობდა, რომელიც დაპყრობას უძღოდა წინ?

— როდის იყო ის დრო, რომელზეც შენ ამბობ?

— ძალიან ძველად.

— როდის? რას ნიშნავს ძალიან ძველად?

— ეს ნიშნავს ძალიან ძველად, ან შესაძლოა ეს ნიშნავს ახლა, დღეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთხელ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მონადირეები საუკეთესონი არიან ადამიანებს შორის. ახლა ყველამ არ იცის ეს. მაგრამ არის ადამიანების საკმრისი რაოდენობა, რომლებმაც იციან. მე ეს ვიცი. ერთხელ შენც გეცოდინება. ხვდები, რას ვგულისხმობ?

— იაკი ინდიელები ფიქრობენ ასე მონადირეებზე? სწორედ ამის გაგება მინდა.

— არა მხოლოდ.

— პიმას ინდიელები?

ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი.

მე დავასახელე სხვადასხვა ჯგუფები, და მინდოდა მიმეყვანა იგი განცხადებამდე, რომ ნადირობა წარმოადგენს განსაკუთრებული ადამიანების წეს-ჩვეულებასა და პრაქტიკას. მაგრამ იგი თავს არიდებდა პირდაპირ პასუხს, ამიტომ თემა შევცვალე.

— რატომ აკეთებ ჩემთვის ამ ყველაფერს, დონ ხუან? — ვკითხე მე. მან ქუდი მოიხადა და თავი მოიქექა გათამაშებული დაბნეულობით.

— მე შენთან შეთანხმება მაქვს, — თქვა რბილად. — სხვა ადამიანებსაც ასეთივე შეთანხმება აქვთ შენთან. ოდესმე თავად შენც გექნება ასეთი შეთანხმება სხვებთან. ასე ვთქვათ, ახლა ჩემი ჯერია. ერთხელ აღმოვაჩინე, რომ თუ ღირსეულ მონადირედ გახდომა მინდოდა, ჩემი ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. ჩვეულებრივ, მე ხშირად ვწუწუნებდი. საფუძვლიანი მიზეზები მქონდა, რომ დაჩაგრულად მეგრძნო თავი. მე ინდიელი ვარ, ინდიელებს კი ისევე ეპყრობიან, როგორც ძაღლებს. ვერაფერს ვიზამდი, რომ ასეთი ვითარება შემეცვალა. ამიტომ ყველაფერი, რაც დამრჩენოდა, ჩემი სევდა იყო. მაგრამ შემდეგ ფორტუნა ჩემკენ შემობრუნდა, და ერთმა ადამიანმა ნადირობა მასწავლა. და მივხვდი, რომ მანამდე როგორც ვცხოვრობდი, არ ღირდა ცხოვრებად… ამიტომ შევიცვალე.

— მაგრამ მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, დონ ხუან. რატომ უნდა შევცვალო იგი?

მან მექსიკური სიმღერა წაიღიღინა, ძალიან რბილად, შემდეგ კი მისი მოტივის კნავილი დაიწყო. თავი სიმღერის რიტმს მიყვებოდა და ზემოთ-ქვემოთ ქანაობდა.

— შენ ფიქრობ, რომ მე და შენ თანასწორნი ვართ? — მკითხა მკვეთრი ხმით.

მისმა კითხვამ დამაბნია. ყურებში უცნაური შუილი ვიგრძენი, თითქოს მართლა წამოეყვიროს თავისი სიტყვები, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებია. თუმცაღა მის ხმაში იყო ლითონის ჟღერადობა, რომელიც ჩემს ყურებში გაისმა.

მარცხენა ხელის ნეკა თითით მარცხენა ყურში ვიქექებოდი. გამუდმებით მექავებოდა ყურები, და მე გამუდმებით და ნერვიულად ვიზელდი მათ თითებით. ეს მოქმედება მთლიანად ჩემი ხელების კანკალისმაგვარი მოძრაობებით ხდებოდა.

დონ ხუანი ჩემს მოძრაობებს აშკარა ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალყურს.

— ნუ… თანასწორნი ვართ? — მკითხა მან.

— რა თქმა უნდა, თანასწორნი ვართ, — მივუგე მე.

სინამდვილეში, მე შემწყნარებლობას ვიჩენდი. მისადმი დიდ სითბოს ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო უბრალოდ არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა მისთვის. და მაინც, ჩემი ტვინის რომელიღაც კუნჭულში ჩადებული მქონდა, თუმცა არასოდეს ვაჟღერებდი ამას, რწმენა იმისა, რომ ვიყავი რა უნივერსიტეტის სტუდენტი, ცივილიზებული დასავლური სამყაროს ადამიანი, უფრო მაღლა ვიდექი, ვიდრე ინდიელი.

— არა, — თქვა მან მშვიდად. — ჩვენ არ ვართ თანასწორნი.

— კი, მაგრამ რატომ. ჩვენ მართლა თანასწორნი ვართ, — გავაპროტსტე მე.

— არა, — თქვა მან რბილი ხმით, — ჩვენ არ ვართ თანასწორნი. მე მონადირე და მეომარი ვარ, შენ კი — პარაზიტი.

ყბა ჩამომივარდა. ვერ ვიჯერებდი, რომ დონ ხუანმა მართლა თქვა ეს. ჩანაწერების წიგნაკი ხელიდან გამივარდა და გააფთრებული მივაშტერდი.

მან მშვიდი თვალებით შემომხედა. მე თვალები გავწიე, შემდეგ კი კვლავ განაგრძო ლაპარაკი. თავის სიტყვებს ნათლად და მკაფიოდ გამოხატავდა. ისინი რბილად, მაგრამ სასიკვდილოდ ჟღერდნენ. მან თქვა, რომ მე ვიღაც სხვის ხარჯზე ვპარაზიტობ. თქვა, რომ მე არ ვიბრძვი ჩემს საკუთარ ბრძოლებში, არამედ ვიღაც უცნობი ადამიანების ომში ვიბრძვი, რომ მე არ მინდა მცენარეების, ნადირობის ან სხვა რამის შესწავლა, და, რომ ზუსტი ქმედებების, გრძნობებისა და გადაწყვეტილებების მისი სამყარო უსასრულოდ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ის მოდუნებული იდიოტიზმი, რომელსაც «ჩემს ცხოვრებას» ვეძახდი.

როცა დაამთავრა, მე დამუნჯებული ვიჯექი. იგი აგრესიულობის და უკმაყოფილების გარეშე საუბრობდა. მაგრამ ისეთი ძალით და ამავდროულად ისეთი სიმშვიდით, რომ უკვე აღარც ვბრაზდებოდი.

ჩუმად ვისხედით. გაღიზიანებას ვგრძნობდი და შესაფერისს ვერაფერს ვამბობდი. ველოდებოდი, სანამ მდუმარებას დაარღვევდა. საათები გადიოდა. თანდათანობით დონ ხუანი უძრავი ხდებოდა, სანამ მისმა სხეულმა უცნაური, თითქმის საზარელი გაშეშებულობა არ მიიღო. მისი სილუეტი დაბნელებასთან ერთად ძნელად გარჩევადი ხდებოდა. და ბოლოს, როცა ყველაფერი ჩვენ გარშემო წყვდიადმა მოიცვა, იგი ქვების სიბნელეს შეერწყა. მისი უძრაობის მდგომარეობა ისეთი სრული იყო, მომეჩვენა, რომ აღარ არსებობდა. შუაღამე დადგა, როცა ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ მას შეუძლია და დარჩება კიდეც უძრავად ამ სიბნელეში, ამ კლდეებში, შესაძლოა სამუდამოდაც, თუ მას ასე დასჭირდებოდა. ზუსტი მოქმედებების, გრძნობებისა და გადაწყვეტილებების მისი სამყარო მართლაც ჩემსაზე მაღლა იდგა.

ჩუმად შევეხე მის ხელს და ცრემლები წამომცვივდა.

თარგმანი თორნიკე გურულის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი