თამაზ ბუთხუზი – სიჭარბის პრინციპი

0
211

არსებობს ე.წ. სიჭარბის პრინციპი. დაუკვირდით, როგორაა დაინტერესებული ბუნება ამ სიჭარბით, როგორი უსასრულო რაოდენობითაა ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

რა საჭიროა ცაზე ამდენი ვარსკვლავი, თუ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზეა? რა საჭიროა ამდენი ფოთოლი, ბალახი, ამდენი სასქესო უჯრედები, როცა ერთეულები აღწევენ მიზანს? პასუხი, სწორედ თვით კითხვაშია _ იმიტომ, რომ მიზანს ერთეულებმა მაინც მიაღწიონ. ეს ხომ მთავარია სიცოცხლისთვის ბრძოლაში. 

სიჭარბის აზრი – მიზნის მიღწევის ალბათობის გაზრდაა. ბუნებას ეს არ ეშლება. ის თითქოს გამუდმებით წუხს, ფიქრობს, აგროვებს რეზერვს, თანაც უდიდესს, რადგან რაღაც ნაწილი შეიძლება დაიღუპოს, რაღაცა გაფუჭდეს. შეიძლება გარემოს მკაცრმა პირობებმა უკიდურესი დაძაბვა მოითხოვოს. 

სიჭარბის პრინციპი – საიმედოობაა. 

უკვე დიდი ხანია, ყველაფერი არასაიმედო ევოლუციის სასაფლაოზე განისვენებს. 
ჩვენი ორგანიზმი სიჭარბის პრინციპს ექვემდებარება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 

ბუნების პრინციპი შეგვიძლია გამოვხატოთ ფრაზით – რაც მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის, ის მრავალრიცხოვანია. 

შესაბამისად, ადამიანის უდიდესი პოტენციალის მართვის მექანიზმიც (ფსიქიკა) უდიდესი სიმძლავრის უნდა იყოს. 

როგორც აღვნიშნეთ, ფსიქიკის სიმძლავრის ერთ-ერთი გამოვლინება ჩვენი ზომაზე მეტი ემოციურობა _ პასიონარულობაა. ეს უკანასკნელი, შეიძლება როგორც მხსნელი, გადამრჩენი, ასევე დამღუპველიც იყოს. 

ის, რომ ჩვენი გონების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ, საწყენიცაა და სასიხარულოც. სასიხარულოა იმიტომ, რომ ახალ აღმოჩენათა, მიღწევათა ბედნიერება, ჯერ კიდევ წინ გვაქვს. საწყენი კი, იმიტომაა, რომ ნეირონების სრული დატვირთვის შემთხვევაში, ყველა გენიოსი იქნებოდა და თუ, ყველა მოცარტი იქნება, მაშინ, ალბათ, სალიერობა სანატრელი გახდება, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს ბატონიც მშვენიერი კომპოზიტორი გახლავთ. 
არსებობს ჭარბ ემოციათა გამოხატვის ორი ფორმა: ხილული და შენიღბული. ხილულია _ ჩხუბი, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება; პანიკა, როცა საჭიროა ოპერატიულობა; სასოწარკვეთა, დეპრესიაში ჩავარდნა, როცა საჭიროა სიტუაციის გააზრება, ანალიზი. 
რაც შეეხება შენიღბულს, სანამ უკიდურესობაში არ გადავა, ის შეუცნობადია, რომ გამჟღავნდება _ უკვე გვიანაა; ეს იმ ტრაგედიის საფუძველია, რომელიც შიზოფრენიიდან იწყება და ონკოლოგიური დაავადებებით თავდება. 

ადვილი შესაძლებელია, რომ ესეც ჭარბი, დაუხარჯავი ემოციების შედეგი იყოს. 
შენიღბული ჭარბი ემოციურობისას ჩხუბი მკვლელობაში გადადის, პანიკა – შოკში, სასოწარკვეთა – თვითმკვლელობაში.

ესაა ჭარბი ემოციის უარყოფითი მხარე. ჭარბ უარყოფით ემოციურობას მივყავართ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვის ტანჯვამდე, ეს უკვე ფსიქოპათიაა (ეს ნახევრად ხუმრობით). არ მივაყენოთ საკუთარ თავს შეურაცხყოფა და მეცნიერულად აღვნიშნოთ, რომ უარყოფითი ემოციების სიჭარბე გავრცელებულია და სრული მრავალფეროვნებით ვლინდება. 

ჭარბადაა ასევე დადებითი ემოციებიც, ასე რომ, შეშფოთების საფუძველი არა გვაქვს. თითქოს, სიხარულის სიჭარბე ყოველთვის გვაკლია; როდესაც ვინმე ზედმეტად კარგ ხასიათზეა, ის უკმაყოფილებას არ გამოთქვამს, დადებითი ემოციები, თითქოს, ყოველთვის დეფიციტშია. უბრალოდ, დადებითი და უარყოფითი ემოცია განსხვავებულად აღიქმება. 
მაგალითად, საყვარელ ქალბატონს მაშინ ვამჩნევთ, როცა ის ჩვენდამი ინტერესს კარგავს, მანამდე კი, ვთვლით _ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ის ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს. 
დადებითი ემოციაა – გამარჯვების სიხარული, წვრილმანი სიხარულების დიდი რაოდენობით აღქმა, სიყვარული და საერთოდ, ყველაფერი ის, რაც სიცოცხლის ესთეტიკურ მხარეს ქმნის. 
მართლაც, რა საჭიროა თხუთმეტმილიარდიანი ნეირონების მასა (ემოციურობისა და ნიჭის განმაპირობებელი), თუ საშუალოდ, მის ოთხ პროცენტს ვიყენებთ. როგორც აღვნიშნეთ, ეს ციფრი შემაშფოთებელიც არის და სასიხარულოც, ე.ი. რამდენი რეზერვია, კიდევ რამდენის გაკეთება შეგვიძლია. 

ასევე გვაქვს შიშის სიჭარბე, ის თვითგადარჩენის მექანიზმს ასაზრდოვებს. თუ გვაკლია – ვიღუპებით; ზედმეტი გვაქვს _ მით უმეტეს, ვიღუპებით. 

მეცნიერება ადამიანის შესაძლებლობის ზღვარს ყოველთვის იკვლევდა. მას ექსტრემალურ პირობებში ადამიანის ქმედითუნარიანობის ფაქტორი აინტერესებდა და აინტერესებს. 
მაგალითად, ოკეანეში მარტოდ დარჩენილი პიროვნების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. 

მაშველებმა კარგად იციან, რომ, როდესაც წყლის ტემპერატურა თოთხმეტ გრადუსზე ქვევითაა და კატასტროფის ადგილზე მისვლას 15 წუთზე მეტი სჭირდება, მგზავრთა გადარჩენის ყოველგვარი იმედი უსაფუძვლოა. ხშირ შემთხვევაში, ერთი საათის შემდეგ სავახტო ჟურნალში იწერება საშინელი ფრაზა _ “ჰორიზონტი სუფთაა”. მათი ჟარგონით ეს ნიშნავს: ცოცხალი აღარავინაა. 

ექვსი საათის შემდეგ იქაც იკარგება იმედი, სადაც ტემპერატურა მაღალია. სამი დღის შემდეგ კი, ოკეანეში ვინმეს ცოცხლად პოვნა უნიკალურ შემთხვევად ითვლება.
ფრანგმა მეცნიერმა ალენ ბომბარდმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ პირობებში ადამიანი, ძირითადად, შიშის გამო იღუპება. ცხადია, მას გამოუჩნდნენ ენერგიული ოპონენტები, რომლებიც მის აზრს არ დაეთანხმნენ. ალენმა მათ გასაოცარი ექსპერიმენტით უპასუხა. ის ღია ოკეანეში ერთადგილიანი რეზინის ნავით გავიდა, არავითარი წყალი, არავითარი საკვები. ის ამ პირობებში სამოცდასამი დღე იმყოფებოდა! იკვებებოდა ნავში შემთხვევით ჩავარდნილი მფრინავი თევზებით, პლანკტონებით. იყენებდა, რა თქმა უნდა, წვიმისა და რა საოცარიც უნდა იყოს, ზღვის წყალს. მას შეეძლო უფრო დიდხანს ყოფილიყო ოკეანეში, მაგრამ, როგორც ინტერვიუში იუმორით განაცხადა, მოსწყინდა, მოენატრა შხაპი და ჭიქა ყავა.

ჩვენთვის ძნელი გასაგებია რაში სჭირდება ბუნებას შიშის სიჭარბე, რატომაა ის ზოგიერთში დიდი რაოდენობით. აქ, თითქოს, ბუნებამ გადაამლაშა. ეს კი, ჩვენი გადასახდელია. რას იზამ? ძაღლი თავისი ჭარბი ბალნით, ალბათ, ზაფხულში ასევე იტანჯება, მაგრამ ზამთარში? _ ე.ი. ბუნებამ იცის, რას აკეთებს. 

ჭარბი ნეირონების რეზერვი შეიძლება ნებისმიერ საჭირო დროს ამუშავდეს და არ არის გასაკვირი, რომ სიყრმეში მორცხვი და ლიყიანი დემოსფენი, უდიდესი ორატორი ხდება. რიჰარდ ვაგნერი ნოტების ჩაწერას მხოლოდ ოცი წლისა ახერხებს. ჯეიმს უატი და ვალტერ სკოტი სკოლაში დეგენერატებად ითვლებოდნენ. ჰელმჰოლცის მასწავლებლები მის გონებაჩლუნგობაში ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, ვალტერ სკოტზე უნივერსიტეტში დაფიქსირებეულია მისი პროფესორის აზრი: “ის სულელია, დარჩება სულელად ცხოვრების ბოლომდე”. 

“შენ იქნები ჩვენი ოჯახის მუდმივი სირცხვილი” – გამოუტანა დასკვნა ჩარლზ დარვინს მამამისმა. 

აი, რატომაა საჭირო ჭარბი ნეირონები.

როგორც ცნობილია, ადამიანში უზარმაზარი შინაგანი ენერგიააა კონცენტრირებული. აქ მხედველობაში გვაქვს არა მარტო ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური ენერგია, არამედ ის უდიდესი პოტენციალი, რომელსაც ვერავითარი მიკრობიოლოგიური და ფიზიკური კანონებით ვერ ავხსნით. 

რა ენერგია ქმნის ფარდობითობის თეორიას, მეხუთე სიმფონიას, როგორ იღუპავს თავს ბიოლოგიური სუბიექტი, რომ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს? 
რატომაა, რომ ერთი ასეთი სუბიექტი გენიოსია, ხოლო მეორე – უბრალოდ, დეგენერატი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით)? 

თქვენ შეიძლება ტვინის ნორმალური მოქმედების დარღვევა გენეტიკური ან ინფექციური მიზეზით ახსნათ; მაგრამ როგორ ავხსნით, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი დღეს საოცრად შედეგიანია (მასზე იტყვიან – დღეს ის ფორმაშიაო), ხოლო მაგალითად, გუშინწინ, მიუხედავად მისი მცდელობისა, ვერავითარი ფასეულობა ვერ შექმნა. ზოგჯერ კი, ყოველგვარი ახსნის გარეშე, ისეთ სისულელეებს ვაკეთებთ, რომ თვეობით განვიცდით და საკუთარ თავს დეგენერატს ვუწოდებთ (რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით). 
რატომაა, რომ ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ქალბატონი, ხუთჯერ თხოვდება, როცა თითქმის სრულყოფა, ოჯახის შექმნას ვერ ახერხებს? ზოგიერთი, რომელსაც ლოგიკური აზროვნების ნასახი არ გააჩნია, ან პარლამენტარია, ან გამგებელი, როცა უამრავ განათლებულ და არაზარმაც პიროვნებას არსებობისთვის თავგანწირვა უხდება. 
ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, როგორ მუშაობს როიალი, როგორ წარმოიქმნება სხვადასხვა სიხშირის ბგერები, როგორ მუშაობს რეზონატორი, მაგრამ ძნელია აიხსნას, თუ რა მოსდის ამ გაპრიალებულ ყუთს, როდესაც მას ოსკარ პიტერსონი ან რიხტერი მიუჯდება. 
ერთადერთი, რითაც ყველა ზემოაღწერილი მოვლენა შეიძლება აიხსნას, ეს არის ყველა ადამიანში არსებული უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც, რატომღაც, ზოგიერთებში სიკვდილამდეა შენარჩუნებული, ზოგიერთიდან კი, ის უდროოდ გაედინება. 
აქ იბადება ბუნებრივი კითხვა: 

თუ ეს ასეა, არსებობს თუ არა, ერთის მხრივ, პოტენციალის აკუმულირების, დაგროვების და მეორეს მხრივ, ჭარბი დადებითი რეზერვის ამუშავების რაიმე შესაძლებლობა? ბუნება მხოლოდ გამორჩეულ პირებს ხომ არ აძლევს ამის საშუალებას?
ჩვენი აზრით, ეს ენერგეტიკული რეზერვია. რეზერვი, როგორც ცნება, შეიცავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან არსს – რაც რეზერვშია, ის მდგრადი, მკაცრად დაცული უნდა იყოს, არ დაიშალოს, არ გაფუჭდეს და ა.შ. 

უფრო ნათლად – როგორც ცნობილია, ნიტროგლიცერინში უდიდესი ენერგიაა ჩადებული, მაგრამ მისი ასაფეთქებელ ნივთიერებად გამოყენება, თითქმის შეუძლებელია, რადგან მისი შენახვა, ტრანსპორტირება უკიდურესად საშიშია. მის ასაფეთქებლად უმნიშვნელო ბიძგიც კი, საკმარისია. ამიტომ მისი რეზერვის შექმნა უდიდესი პრობლემაა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ისეთ ასაფეთქებელ მასალას, რომელიც შეიძლება მდგრად მდგომარეობაში შევინახოთ. 

აი, ეს მოახერხა ალფრედ ნობელმა, როდესაც ნიტროგლიცერინი თეთრ თიხაში აურია და დინამიტი მიიღო (დინამიტი ბიძგით არ ფეთქდება). პირველმა მან შექმნა დიდი ენერგიის აკუმულირების შესაძლებლობა (სწორედ მისი წარმოებით იშოვა მან ის უდიდესი თანხა, რომლის ნაწილი მისი სახელობის პრემიაზე დღესაც გაიცემა). ეს გამოგონება საკმარისად საიმედო არ აღმოჩნდა. დღეს-დღეობით პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ისეთ ასაფეთქებელ მასალას, რომლის ენერგია (მიაქციეთ ყურადღება) კრისტალურ სტრუქტურაში, მონოლითშია კონცენტრირებული. 

როგორც აღვნიშნეთ, კრისტალური სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი მდგომარეობაა, სანამ ის არ დაირღვევა, ენერგია არ განთავისუფლდება. ასეთი კრისტალური ასაფეთქებელი მასალა შეიძლება დაამტვრიოთ, დაშალოთ, დაამუშავოთ და აფეთქება არ მოხდება. საკმარისია ამ მასალაში შევიტანოთ სხვა ასაფეთქებელი მასალა, მცირე რაოდენობით, (მაგალითად, დენთი) და მოვახდინოთ მიკროაფეთქება (დეტონაცია), რომ კრისტალური მესერის მყისიერი დაშლა იწყება, თავისუფლდება უზარმაზარი ენერგია ანუ ხდება აფეთქება.

ბუნებამ იცის რას აკეთებს. ადამიანში დაგროვილი ჭარბი ენერგიაც ისე საიმედოდაა შენახული, რომ ის ჩვეულებრივი ბიძგით, ხვეწნით, ბრძანებით არ “ფეთქდება”; მას “დეტონაცია” სჭირდება. 

მხოლოდ უდიდესი სურვილი, მიზნისკენ უდიდესი სწრაფვა, გააზრებული ნებისყოფა, ანუ ენტელექიურ-პასიონარულობა ასრულებს დეტონატორის როლს, აფეთქებული ენტელექიურ-პასიონარული კი, უკვე ტრანსცენდენტულია.

სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ოსკარ პიტერსონის, ფრენსის ბეკონის, ანრი ბერგსონის, ვაჟას შემოქმედება, ე.ი. 

ადამიანის შინაგანი ამაღლებული ენერგია რომ ამუშავდეს, საჭიროა “დეტონაცია”, “აფეთქება”. ამ დროს თავისუფლდება უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი, რეზერვი.
თავისთავად ცხადია, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ამოცანა. 

განვიხილოთ პირველადი იმპულსისთვის საჭირო შინაგანი ენერგიის გამოთავისუფლების პრობლემა, ანუ “დეტონატორის” შექმნა. 

ჩვენი აზრით, ამ პრობლემაში გასარკვევად ისეთი აუცილებელი ელემენტი უნდა განვიხილოთ, როგორიცაა ადამიანის აურა, რომელიც დღემდე ირაციონალური მსოფლმხედველობით საკვლევ საგანთა რიცხვს მიეკუთვნება. ეს კი, იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც აურის აღქმის უნარი შესწევთ. მეცნიერული ექსპერიმენტული ფაქტები, ანუ მოვლენის განმეორებადობის შემჩნევა კი, მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. 

მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო საზოგადოების ინტერესი, აურის კვლევასთან დაკავშირებით, მხოლოდ ახლა იწყება.

გლობალური სამეცნიერო კვლევის შედეგიანობის თვალსაზრისით ის, რომ მეცნიერულ დარგებს შორის დიფერენციაცია არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაგრამ. . . 

დავუკვირდეთ, რა ხდება. ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ ობიექტს, ბიოლოგები და მედიკები იკვლევენ. ფიზიკოსები და ქიმიკოსები იკვლევენ იმ გარემოს, რომელშიაც ადამიანს უხდება არსებობა, მაგრამ არის უმნიშვნელოვანესი, უფაქიზესი, დამცავი, გამყოფი ფაზა, არე _ აურა, რომელსაც თითქმის არავინ სწავლობს. ეს საოცარი გარემო, ადამიანისა და ჰაერის ფაზებს შორის გამჭვირვალე, გარდამავალი ფენაა. საუკუნეების წინ მოუძებნეს ამ ფენას ადამიანებმა სახელი – აურა, ეთერული სხეული. შევეცადოთ, გავერკვეთ ამ ფაზათა გამყოფ გამჭვირვალე ფენაში. 

ნუ გამოვიგონებთ ახალ სახელს და მოვიხსენიოთ, როგორც აურა. ის პირველია, რომელიც აღიქვამს ადამიანისკენ წამოსულ ყველა სახის გამოსხივებას, ანუ რიტმს და უკანასკნელი, რომელიც აკავებს იმ შინაგან უზარმაზარ პოტენციალს, რომელიც ადამიანშია. 
რამდენადაც აურა ნაკლებად იმსახურებს მეცნიერთა ყურადღებას, მის შესახებ წარმოდგენა მისტიკითა და ლეგენდით მით მეტად ივსება. მას კაცობრიობა იმდენად სერიოზულად აღიქვამდა, რომ წმინდანთა ხატებზე გამოსახულების ირგვლივ ნათელით გამოსახავდა. ეს ერთი საკითხია.

საერთო პრობლემაში გასარკვევად განვიხილოთ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი.
სამყაროს, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, აქვს საოცარი მიდრეკილება ვიბრაციისადმი, რხევებისადმი, რიტმისადმი, ჰარმონიისადმი. ის შეიმჩნევა ყველგან. სინათლე, ბგერა, ზღვის ტალღები, დღე-ღამის ცვალებადობა _ ყველაფერი რხევაა. შეუწყვეტელი ელექტომაგნიტური რხევა სიცარიელეში _ ვაკუუმშიც მიმდინარეობს, აბსოლუტურ ნულზეც, ე.წ. ნულოვანი რხევები გვაქვს. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, მაგრამ ძლიერ “უყვარს” რიტმი. ყველა დიდი მეცნიერის, მათ შორის ალბერტ აინშტაინის ოცნება იყო რიტმთა მრავალსახეობა გაეერთიანებინა, ანუ შეექმნა “დიდი” გაერთიანება. ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფია დიდ ყურადღებას უთმობდა რიტმს და ყოვლისმომცველ მნიშვნელობას ანიჭებდა.
თვლიდნენ, რომ რიტმითაა გაჟღენთილი მთელი სამყარო. 

რენესანსის დროს ჩამოყალიბდა აზრი, რომ რიტმი რაღაც ამაღელვებელს, გამოსაფხიზლებელ საიდუმლოს შეიცავს. მათ სწამდათ, რომ რიტმს ჯადოსნური ძალა აქვს და მისი შემცვლელი არ არსებობს. 

“ის საშუალებას გვაძლევს დავიჯეროთ, რომ უდიადესი ჩვენ გვეკუთვნის” (გოეთე). 
“რიტმი ყველაზე საოცარ საიდუმლოთა რიცხვს მიეკუთვნება” (შელინგი). 
ცოცხალ ბუნებაში რიტმული პროცესების უსასრულო სიმრავლეა: სუნთქვა, გულის ძგერა, სიარული _ ეს არის ბიოლოგიური რხევების ხილული გამოვლინება, რომლის უკან რიტმული პროცესების უსასრულო რაოდენობა იმალება და არა აქვს მნიშვნელობა, ევოლუციის რა საფეხურზე იმყოფება კონკრეტული ცოცხალი ობიექტი. 

წყდება რიტმი, წყდება სიცოცხლე. სიცოცხლე _ რიტმია. რიტმის შეცვლა ახალ ხარისხობრივ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს. 

როდის ხდება ეს? _ მაშინ, როცა ადგილი აქვს ორი რიტმის შეხვედრას. ამ დროს ან ორივე სუსტდება, ან შევსება-გაძლიერება ხდება, ან ერთი იმარჯვებს მეორეზე. 
აქედან _ უმნიშვნელოვანესი დასკვნა:

ნებისმიერი ინდივიდი ინარჩუნებს თავის თვისობრივ განსაზღვრულობას, რჩება იმად, რაც იყო. მასში არსებული რიტმებიდან გამოიკვეთება მისი ცხოვრების სტილის შესაბამისი რიტმების კომბინაცია. სანამ კომბინაცია არ იცვლება – არ იცვლება ადამიანი.
ჩვენი ემოციები, სურვილები, აზრები, ნებისყოფა რიტმის სახით მატერიაში გადადის.
მატერიაც სულის რიტმის გამომსახველია. სულის რიტმი არა მარტო სიცოცხლეს შთაბერავს, არამედ ორგანიზებას უწევს მატერიას. მის გარეშე, მხოლოდ ქაოსია. ქაოსი კი _ მკვდარი სიწყნარეა. 

როგორც აღვნიშნეთ, ყველა ჩვენი შეგრძნება ვიბრაციის, “რიტმის” შედეგია. სითბო, ფერი, სინათლე _ უსასრულო რაოდენობის რიტმი, მთელს გარე სამყაროს განჭოლავს; აქედან, ადამიანის ცნობიერებამდე, მხოლოდ უმცირესი აღწევს.

ძნელი წარმოსადგენია, რა გრანდიოზულ ცვლილებებს გამოიწვევდა ადამიანში ის, რომ მას გარშემო არსებული ყველა რიტმის აღქმა შეძლებოდა. 

ყველა რიტმის აღმქმელი მხოლოდ ღმერთია. 

ადამიანში რიტმის აღქმის პროცესი არა ნახტომისებურად, არამედ თანდათან და თანაბრად ვითარდება. 

თითქოს, ბუნებას მკვეთრი ცვლილების ეშინია. 
თქვენ ხვდებით რაზეა ლაპარაკი. 
ამ ცვლილების სახელია ევოლუცია!

ერთადერთი განსხვავვება ველურსა და ცივილიზებულ ადამიანს შორის ის არის, რომ ამ უკანასკნელს უფრო მეტი რიტმის აღქმა შეუძლია. ზუსტად ასევე, მომავლის ადამიანი, ჩვენთან შედარებით, უფრო ნაზ და სწრაფცვალებად რიტმს აღიქვამს. ისეთს, რომელიც ჩვენთვის მიუღწეველია (სწორედ ახალი რიტმის შეცნობა შეძლეს მაგ. იმპრესიონისტებმა). 
ადამიანის რიტმის აღქმის გაუმჯობესება მისი აზროვნების სპექტრის გავრცობას გამოიწვევს და ოდესღაც, ის გასცდება და გაიგებს ფიზიკური სამყაროს მიღმა არსებულ რიტმებს. 
ამაღლებული რიტმის აღქმის უნარი უნდა ახასიათებდეს პალადიუმის წევრს. ადამიანში სიცოცხლის პოტენციური ენერგია, მისი ოდენობა სურვილს, რაციონალურობას, დაუდგრომლობას განსაზღვრავს.

დიახ, რიტმის აღქმის საზომი _ ინტელექტია. ინტელექტი კი, თავის მხრივ, ინდივიდის მახასიათებელია:

განუვითარებელი ადამიანის ინტელექტი დაბალია. სხვათა აზრები, ემოციები მისთვის ძნელი აღსაქმელია. რაც უფრო რთულია აზრი და ემოცია, რომელიც მან ნაზი, დახვეწილი რიტმის სახით უნდა მიიღოს, მით უფრო უსუსურია განუვითარებელი სუბიექტი. მასში რიტმის მიღების, აღქმის, მექანიზმი პრიმიტიულია. ასეთ ადამიანს ბახის, გალაკტიონის, ვან გოგის, ნილს ბორის შემოქმედების რიტმის აღქმას ვერც აიძულებთ.

როგორც ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, ადამიანთა ურთიერთკავშირი, ზეგავლენა რიტმის მეშვეობით ხორციელდება. ცხადია, ერთნაირი ინტელექტის ადამიანებს ერთნაირი რიტმების კომბინაცია გააჩნიათ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი