მაგდა ფერაძე – მე ვარ მე, შენ ხარ შენ

0
255

ასე იწყება გეშტალტ თერაპიის ფუძემდებლის ფრიც პერლსის თეთრად დაწერილი ლექსი და ეს გეშტალტ თერაპიის ერთგვარი დევიზია.  თითქოს ახალი არც არაფერი თქმულა და ადამიანებმა ისედაც ვიცით სხვაობა ,, მე”- სა და ,,შენ”-ს შორის.

და ამავდროულად ჩვენს ლექსიკონში რატომღაც ხშირია სიტყვა ,, ჩვენ”. მდგომარეობა ,, ჩვენ” ორი ,, მე” – სგან შედგება ანუ შედგება ორი ცალკე აღებული ინდივიდისგან, რომელთაც საკუთარი სურვილები და შეხედულებები გააჩნიათ. ,,ჩვენად” ყოფნა ორ შემთხვევაშია ჯანსაღი: ერთი , როდესაც წყვილს აქვს სექსუალური ურთიერთობა . ურთიერთობის დასრულების შემდგომ ისინი კვლავ უბრუნდებიან საკუთარ ,, მე”- ს ანუ მოცემულობა ,, ჩვენ” ირღვევა, რაც ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია. მეორე შემთხვევა მუცლადყოფნაა ანუ როცა ნაყოფი შერწყმულია დედასთან, დაბადებისას კი, როცა გამოეყოფა დედის საშოს, აუცილებელია ფიზიკური ჭიპლარის გადაჭრასთან ერთად მოხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრაც. სხვა შემთხვევაში იგი ცალკე პიროვნებად ვერ შედგება, ვერ დაიბადება…

და ისმის კითხვა; თუ ადამიანი მუდმივად შერწყმულია გარემოსთან ან მეორე ადამიანთან, სად არის მისი ნამდვილი ,, მე” , მისი თავისუფალი ნება, მისი არჩევანი, მისი საზღვრები?! ,, დაშლილ მე”-ს კარგად გამოხატავს ერთ-ერთი პაციენტის ქეისი, როდესაც იგი ხატავს ოჯახს სრული შემადგენლობით ,მაგრამ ავიწყდება საკუთარი თავი ანუ ის არის გაბნეული ყველგან და ამავდროულად არსად არ არის მთლიანი ,, მე”. იმის გაცნობიერებისას , რომ მე დავკარგე ჩემი თავი, ავითქვიფე და ავიზილე გარემოში, უარი ვთქვი საკუთარ ოცნებებზე და დავნაწევრდი, როგორც წესი , იმედგაცრუება და სხვა ფსიქო-ემოციური შოკი მოყვება.
და მერე მე ვადანაშაულებ საკუთარ თავს , რომ თავის დროზე არ მეყო გამბედაობა ,, დავბადებულიყავი,” ვადანაშაულებ სამყაროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი არ შემიწყო დაბადებაში. ერთ დღესაც აღმოვაჩენ ,რომ მიჯაჭვულობამ დამახრჩო და ვეღარ ვსუნთქავ… რომ ერთი ცხოვრება მაქვს და მინდა საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო.

ფრანც კაფკას გრეგორი ,, გარდასახვიდან” , ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ უზარმაზარ მწერად გადაქცეულა. ეს არის ტრაგიკული სიმბოლო იმ ადამიანის, ვინც საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე უარი თქვა საკუთარი არჩევანით, რადგან საკუთარი თავის ოჯახისთვის მსხვერპლად შეწირვის იდეა თავიდან საკმაოდ მომხიბვლელი იყო. ვიდრე არ აღმოაჩინა რომ ოჯახმაც ხელი კრა როგორც მწერს, რომელსაც არავითარი სარგებელი აღარ მოჰქონდა…მტკივნეულია ყველაფერი ეს, ამიტომ გახსოვდეთ გრეგორი და დღესვე, აქვე, ახლავე , დაიწყეთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და თავადვე დაწერეთ საკუთარი სცენარი..

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი