კ.გ.იუნგი – ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

0
268

ახლა მივადექით ცნობიერების ენდოფსიქიკურ ფუნქციებს. ფუნქციები, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდით, არეგულირებენ და აადვილებენ ჩვენს ცნობიერ ორიენტირებას გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, მაგრამ უმაქნისი არიან იმ ნივთებთან მიმართებაში, რომელნიც, ასე ვთქვათ, ,,მე”-სთან შედარებით უფრო ღრმად იმყოფებიან. ,,მე” მხოლოდ ცნობიერების პატარა ნაფლეთია, რომელიც ბნელ ნივთთა ოკეანეზე დაცურავს. ბნელი ნივთები – ეს შინაგანი ნივთებია. ამ შინაგან მხარეზე ძევს ფსიქიკური შრე, რომელიც ,,მე”-ს ირგვლივ ცნობიერების ერთგვარ არშიას ქმნის. 

,,მე”

ვთქვათ, AA ცნობიერების ზღურბლია. მაშინ D ცნობიერების ის ნაწილი იქნება, რომელიც ექტოფსიქიკურ სამყარო B-ს უკავშირდება, ე.ი. სამყაროს, რომელშიც ჩვენს მიერ განხილული ფუნქციებია გაბატონებული. მეორე მხარე კი, C-თი ავღნიშნოთ, წყვდიადის სამეფო. იქით თვით ,,მე”-ც კი რამდენადმე იბინდება; იქ ჩახედვა ჩვენ არ ძალგვიძს; რანი ვართ იქ – ჩვენთვისვე გამოცანაა.

,,მე”-ს მხოლოდ D-ში ვიცნობთ, C-ში კი – არა. ამიტომაა, რომ დრო დროდადრო რაღაც ახალს აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარი თავის შესახებ. თითქმის ყოველწლიურად რაღაც ახალი ამოტივტივდება, ისეთი, მანამდე რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. სულ გვგონია, აი, ახლა კი ვეღარაფრით გამაკვირვებს საკუთარი თავიო, მაგრამ არა – ჯერ სადა ხარ. აღმოვაჩენთ, რომ თურმე კიდევ რა აღარ ვყოფილვართ. ამასთან, რა საოცრება აღარ გადაგვხდება თავს. აქედან გამომდინარე, მუდამ არსებობს ჩვენი პიროვნების ისეთი ნაწილები, რომელნიც არაცნობიერში არიან, და ჯერ ისევ ქმნადობის პროცესში იმყოფებიან.

ჩვენ დაუმთავრებელნი ვრთ; ვიზრდებით და ვიცვლებით; და მაინც, პიროვნება, რომელიც მომავალ წელს ვიქნებით, დღესვე არსებობს, ოღონდ დაჩრდილულია. ,,მე” ფილმზე მორგებული მოძრავი ჩარჩოსავითაა. მომავალი პიროვნება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩვენ მისკენ მიმავალ გზას ვადგავართ, და მომავალი არსება ერთბაშად აღმოჩნდება ჩვენი მხედველობის ველში. ეს შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ,,მე”-ს ბნელ მხარეს განეკუთვნება. ჩვენ ვიცით, რანი ვართ და რანნი ვიყავით, მაგრამ რანი ვიქნებით, – გაურკვეველია.

ამრიგად, ამ ენდოფსიქიკურ მხარეზე პირველი ფუნქცია მეხსიერება გახლავთ. მეხსიერება ანუ რეპროდუქციის უნარი იმ ნივთებთან გვაკავშირებს, რომლებიც ცნობიერებიდან გამქრალან, – ცნობიერების ზღურბლს დაბლა ჩაძირულან, ანდა რომლებიც განზე გაუწევიათ და განუდევნიათ. რასაც ჩვენ მახსოვრობას ანდა გახსენებას ვუწოდებთ – ეს არაცნობიერად ქცეულ შინაარსთა რეპროდუცირების უნარია. აი, ეს უნარია პირველი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია თამამად გამოვყოთ, როგორც დამაკავშირებელი რგოლი ცნობიერებასა და იმ შინაარსებს შორის, რომელნიც მოცემულ მომენტში ცნობიერების ველში არ იმყოფებიან.

მეორე ენდოფსიქიკური ფუნქცია რთული პრობლემის წინაშე გვაყენებს. აქ ჩვენ წყვდიადში ვინთქმებით და ფეხქვეშ ნიადაგში გვეცლება. საქმე ეხება ცნობიერ ფუნქციათა სუბიექტურ კომპონენტებს. იმედი მაქვს, შევძლებ სათქმელის ნათლად გადმოცემას. ვთქვათ, გაიცანით ადამიანი, რომელიც ადრე არასოდეს გინახავთ. ბუნებრივია, რაღაც აზრი შეგექმნებათ მის შესახებ. ყოველთვის როდი გენდომებათ, მაშინვე გაუზიაროთ, თუ რას ფიქრობთ მასზე, – იქნებ თქვენ ისეთ რამეს ფიქრობთ, რაც სულაც არაა მართალი, რაც შეეფერება. ამრიგად, საქმე გვაქვს აშკარად სუბიექტურ რეაქციებთან. ასეთი რეაქციები საგნებისა და სიტუაციების მიმართაც იჩენენ თავს. ცნობიერების ფუნქციის ჩართვას – რა ობიექტზეც უნდა იყოს ის მიმართული – ყოველთვის თან ახლავს სუბიექტური რეაქციები, რომელთა არსებობაშიც საკუთარი თავის წინაშე გამოტყდომა დიდად არასოდეს გვეპიტნავება, და რომელნიც მცდარია, ან არაზუსტი. უსიამოდ განვიცდით ხოლმე, ამ მოვლენათა მიმდინარეობას რომ ვამჩნევთ ჩვენში, და აბა, ვის ეხალისება აღიაროს, რომ მათ ემორჩილება. ყველას ურჩევნია ჩრდილში დატოვოს ისინი, რადგანაც მაშინ უფრო გაუადვილდება ჩათვალოს, რომ თვითონ სრულიად უმწიკვლოა, ძალზე სანდომიანი, პატიოსანი, წესიერი, სიკეთით აღსავსე და ა.შ., – აბა, ვისთვისაა უცხო ასეთი შეხედულებები. სინამდვილეში კი ასეთები არა ვართ. აუარებელი სუბიექტური რეაქცია გვაქვს, მაგრამ მათი აღიარება მაინცდამაინც არაფრად გვეჭაშნიკება. ამ რეაქციებს მე სუბიექტურ კომპონენტებს ვუწოდებ. ისინი ჩვენი შინაგანი მხარისადმი დამოკიდებულების ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. აქ ყველაფერი განსაკუთრებით მტკივნეულია. ამიტომაა ასე ასიამოვნო ,,მე”-ს ამ ბნელ სამეფოსთან საქმის დაჭერა. საკუთარი დაჩრდილული მხარის, საკუთარი ნაკლოვანების წინაშე გვიყვარს თვალის დახუჭვა; ამიტომაცაა, რომ ჩვენს ცივილიზებულ საზოგადოებაში ბევრს თავისი ჩრდილი (Schatten) საერთოდ დაუკარგავს, თავიდან მოუშორებია, და მხოლოდ ორგანზომილებიანად დარჩენილა. მესამე განზომილება, და შესაბამისად, როგორც წესი, სხეულიც, მათ დაკარგული აქვთ. სხეული ძალზე საეჭვო მეგობარია – ისეთ რაღაცეებს გამოავლენს ხოლმე, რაც ჩვენს მოწონებას სულაც არ იმსახურებს; უამრავი რამაა ისეთი, სხეულს რომ ეხება, რის შესახებაც ლაპარაკი არ შეგვიძლია. ხშირ შემთხვევაში სხეული ჩვენი ,,მე”-ს ამ ჩრდილის განხორციელებას წარმოადგენს. ზოგჯერ ის ,,სამარცხვინო ლაქაა”, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ყველა სიამოვნებით მოიშორებდა თავიდან. ახლა ცხადი უნდა იყოს, თუ რას ვგულისხმობ სუბიექტურ კომპონენტებში. საზოგადოდ ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ყაიდაზე რეაგირების ტენდენციას და უმრავლეს შემთხვევაში ამ ტენდენციას არც თუ ისე დადებითი ელფერი დაჰკრავს.

მაგრამ აქ არსებობს გამონაკლისი; ეს ეხება ადამიანებს, რომელთაც, ჩვენგან განსხვავებით, არ მიაჩნიათ: რასაკვირველია, პოზიტიურ მხარეზე ვცხოვრობ და ყოველთვის სწორად ვიქცევიო. ეს ის ხალხია, ჩვენ რომ ხელმარცხიანებს ვეძახით; ისინი სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე განგაშსა და ალიაქოთს იწვევენ, რადგან თვიანთი საკუთარი ჩრდილის ცხოვრებით ცხოვრობენ; იმას სჩადიან, რაც თვითონვე გასაკიცხად მიაჩნიათ. ეს ის ადამიანებია, რომელთაც აგვიანდებათ კონცერტზე თუ მოხსენებაზე, და ვინაიდან მეტად მორიდებულნი არიან და უნდათ, ხელი არავის შეუშალონ, სადღაც უკან მიიძურწებიან; ჰოდა, ამ დროს სკამს წამოედებიან და ისეთ საშინელ ბრახაბრუხს ატეხენ, რომ მთელი პუბლიკა თავს მათკენ მიაბრუნებს. აი, რა ხალხია ხელმარცხიანები.

ახლა მივადექით მესამე ენდოფსიქიკურ კომპონენტს, – ფუნქციას-მეთქი, ვერ ვიტყვი: მეხსიერებას როცა ეხება საქმე, კიდევ შეიძლება ,,ფუნქცია” ვთქვათ, მაგრამ ისიც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ემორჩილება ნებელობასა და ცნობიერ კონტროლს; ხშირად ის ძალზე თავნებაა, – გაოგნებული ცხენივით, დაურვების საშუალებას რომ არ იძლევა, – გვეურჩება, უარს ამბობს თავის სამსახურზე და ხშირად ცუდ დღეში გვაგდებს. ყოველივე ამას კიდევ მეტად ვხვდებით სუბიექტურ კომპონენტთა და რეაქციათა განხილვისას. აი, აქ კი მართლა ცუდადაა ჩვენი საქმე – აქ ბობოქრობენ ემოციები და აფექტები. მათ ერთმნიშვნელოვნად აღარ შეიძლება ფუნქციები ვუწოდებთ, ისინი ხდომილობებს წარმოადგენენ, რადგან ემოცია, როგორც იტყვიან ხოლმე, ,,თან გვითრევს”, არას გვეკითხება; ჩვენს ღრმად პატივცემულ ,,მე”-ს განზე სწევენ, და რაღაც სხვა იღებს სადავეს ხელში. ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე: ,,თავი დაკარგა”, ან ,,ეშმა დაეუფლა”, ანდა: ,,რა შეუჯდა?” ეს იმიტომ, რომ კაცი გიჟივით იქცევა. პრიმიტივი თავის დღეში არ იტყვის, ისე გავბრაზდი, ყოველგვარ საზღვარს გადავაჭარბეო, – იტყვის, ჩემში რაღაც სული შემოიჭრა და თავით ფეხებემდე გარდამქმნაო. აი, ასეთი რამაა ემოცია. მართლაცდა ჭკუიდან ვიშლებით, ჩვენს თავს აღარ ვეკუთვნით, ,,მე”-ს კონტროლი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს თავისივე შინაგანი ძალები იმონებენ, ისე, რომ ამის საწინააღმდეგოდ მას არაფერი შეუძლია ოღონოს. შეუძლია მხოლოდ მუშტები შეკრას და კბილები აღრჭიალოს, რამდენიც უნდა, – ემოციასთან მაინც არაფერი გაუვა.

მეოთხე მნიშვნელოვანი ენდოფსიქიკური ფაქტორია, მე რომ შეჭრას (Einbruch) ვუწოდებ. როდესაც მასთან გვაქვს საქმე, იქ ბნელეთს, არაცნობიერს ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაუგდია და ამიტომ შეუძლია ცნობიერებაში შეჭრა. ასეთ შემთხვევაში ცნობიერების კონტროლი მინიმუმამდეა დასული. ამ მომენტს ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელი არაა პათოლოგიური ვუწოდოთ, ანდა, თუ მაინცდამაინც, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, ოღონდ ამ სიტყვის ადრინდელი მნიშვნელობით, როცა პათოლოგია განისაზღვრებოდა როგორც მეცნიერება გრძნობა-განცდათა შესახებ. ამ აზრით შეგვიძლია ასეთ სიტუაციას პათოლოგიური დავარქვათ: მაგრამ რომ ჩავუკვირდეთ, კაცმა რომ თქვას, ეს მხოლოდ არა-ჩვეულებრივი სიტუაციაა და მეტი არაფერი, რომლის დროსაც ადამიანი არაცნობიერის მიერაა შეპყრობილი და წინასწარ ვერავინ იტყვის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. კაცმა შეიძლება თავი დაჰკარგოს, მაგრამ მაინც მეტად თუ ნაკლებად ნორმალური იყოს. არავითარი საფუძველი არა გვაქვს, არანორმალური ვუწოდოთ ისეთ რაღაცეებს, რომელთაც მშვენივრად იცნობდნენ ჩვენი წინაპრები, – პრიმიტივებთან ხომ ეს სავსებით ნორმალურ მოვლენადაა შერაცხილი. ამის შესახებ ისინი იტყვიან, ამა და ამ კაცს ეშმაკი, ანდა ქაჯი ჩაუსახლდაო, ან: სამშვინველმა მიატოვაო, – თავისმა ერთ-ერთმა შემადგენელმა სამშვინველმა, რომელნიც მათ ზოგჯერ ექვსამდე გააჩნიათ. სამშვინველმა თუ მიატოვა, უეცრად შეიცვლება გუნება; ის საკუთარ თავს კარგავს, საკუთარი თავის დანაკლისს განიცდის. ამ მოვლენაზე დაკვირვება ხშირად შეიძლება ნევროტულ პაციენტებთან. უეცრად მათ ენერგია ეცლებათ, თავს კარგავენ და რაღაც უცნაურ ზეგავლენაში ექცევიან. ეს ფენომენები ჯერ კიდევ არაა პათოლოგიური; ისინი ადამიანური ბუნების გამოვლენის ნორმალური ფორმებია; მაგრამ ძალიან თუ გახშირდა, მაშინ უფლება გვაქვს ნევროზის შესახებ ვილაპარაკოთ. ამრიგად, ასეთმა მოვლენებმა შეიძლება ნევროზამდეც მიგვიყვანოს, ისე, კი, უბრალოდ, ნორმალურ ადამიანთა უჩვეულო მდგომარეობებია და სხვა არაფერი. ემოციები თუ გვერევა, ეს პათოლოგიური კი არაა, არამედ, უბრალოდ, არასასურველია. რა საჭიროა რაიმე არასასურველის აღსანიშნავად ისეთი სიტყვის შემოტანა, როგორიცაა ,,პათოლოგიური”. არასასურველი რამდენი რამაა ამ ქვეყანაზე, მაგრამ პათოლოგიური კი არა; მაგალითად, გადასახადების ამკრეფი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი