თამაზ ბუთხუზი – არსებობა და სიცოცხლე

0
165

როგორც მრავალგზის აღვნიშნეთ, ეს სამყარო თავისი ყოფიერით და არაყოფიერით ემორჩილება უმაღლეს კანონზომიერებას და ნებისმიერი გააზრება, განმარტება, ინფორმაცია, რომელიც არ ეწერება ამ კანონზომიერების შესაბამის თეორიებში უკვე საეჭვოა.

შესათანხმებელია, რას ვგულისხმობთ კანონზომიერებაში, თეორიაში.
ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა რეალობაზე, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მონაცემებით, რომელიც დადგენილია ფილოსოფიური და არაფილოსოფიური კონცეფციებით, თეორიებით. განხსვავებულ თეორიებში უნდა ვეცადოთ, აღმოვაჩინოთ საერთო შეხების წერტილები. იმ ობიექტებს, მოვლენებს, რომლებიც იგივურია ერთმანეთთან, ზუსტ მეცნიერებაში ეწოდება ცნებები, ხოლო ჰუმანიტარულში _ ფასეულობები.

მაგ., ფიზიკაში ელექტრონები განურჩეველია, ამიტომ არსებობს ცნება ელექტრონი. ყველა სამართლებრივი ქმედებაც იგივურია, ამიტომ არსებობს ფასეულობა ,,სამართლიანობა”.
შეიძლება კერძო შემთხვევები თავდაპირველად, ზედაპირული შემეცნებისას არაიგივური გვეჩვენებოდეს, ორ სხვადასხვა ქმედებაში იგივურობა, სამართლიანობა ვერ დავინახოთ და პირიქით, მაგრამ მეცნიერული ან ფილოსოფიური მიდგომით, გააზრებით შეიძლება გამომჟღავნდეს მათი იგივურობა, ერთხარისხოვნება.

ცხადია, თითოეული თეორია განიხილავს არა მარტო მოვლენას ან ფასეულობას, არამედ მათ შორის ურთიერთობასაც. ცნებათა ან ფასეულობათა კავშირი ქმნის კანონზომიერებას, კანონს. ასევე, ცხადია, რომ ყველა კანონი არაა თანაბარფასეული, მათ შორის მთავარ კანონს ეწოდება პრინციპი.

მეცნიერული კანონზომიერების თვალსაზრისით, რაღაც ითვლება არსებულად იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ამ საგანსა თუ მოვლენაზე მეცნიერულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

რა მხატვრულად, გულანთებულად, მუსიკალური გაფორმებით არ უნდა მიმტკიცოთ, რომ კენტავრი არსებობს, სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით, რადგან წარმოდგენა კენტავრზე მეცნიერულ თეორიას, კანონზომიერებას არ ეთანადება.

რა მკაცრი სახითაც არ უნდა მიმტკიცოთ, რომ საქართველო გააზრებული, განათლებული საზოგადოების გარეშე განვითარდება, ვერ დაგეთანხმებით.
როდის მივხვდებით, რომ სახელმწიფოს აშენების მცდელობა საზოგადოების შექმნის გარეშე, ეს იგივეა ერბო კვერცხის შეწვა კვერცხის გარეშე.

რა ფორმითაც არ უნდა მიბრძანოთ, რომ ვაღიარო ის ზღაპრული გმირი, რომელიც ჯერ გადაარჩენს და შემდეგ გააბრწყინებს საქართველოს, არაფერი გამოგივათ, რადგან ეს მოსაზრება მეცნიერულ ლოგიკაში ვერ ეწერება.

მეტყვით, ყველა აზრს, მოსაზრებას აქვს უფლება იარსებოს, მრავალფეროვანია ყოფიერება, მრავალი თეორია არსებობს, ესაა პლურალიზმი. მაგ., აზრი მონიზმზე და აზრი დუალიზმზე თურმე ნუ იტყვით და ქმნის ამ ნანატრ პლურალიზმს.

ჩემი თხოვნაა, თავი შევიკავოთ, არ ავყვეთ ცდუნებას პირადი გამორჩენის ან ამბიციის მიზნით, რადგან სწორედ ასეთ მიდგომას დავყავართ ყოფიერების მრავალფეროვნების შეზღუდვამდე, ერთ ან ორ განსაზღვრებამდე. ყოფიერების სახეები, ფორმები ურთიერთგარდაიქმნებიან, ქმნიან საინტერესო ურთულეს იეარქიას, მაგრამ არ კარგავენ მისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს და ეს უნიკალური ურთიერთგარდაქმნის ერთიანი სიმფონია სწორედ მეცნიერული ანალიზით აღიწერება. ყოფიერების სახეთა ერთობა სულაც არ ნიშნავს ერთგვაროვნებას.

გულუბრყვილო სურვილი ვიმსჯელოთ ყოფიერებაზე, არსებობაზე მეცნიერული თეორიების, სისტემური ანალიზის გარეშე, უბრალოდ ინფანტილიზმია.

ცხადია, ყველა მეცნიერება ყოფიერებასთან მიმართებაში მისთვის დამახასიათებელ თეორიებს წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, ამ თეორიების ყურადღების ცენტრში ხვდება ყოფიერების, არსებობის სხვადასხვა ფორმები, სახეები.

ფიზიკის თვალთახედვით, არსებობს ელემენტარული ნაწილაკები, ვაკუუმი,… ასტრონომიის თანახმად, არსებობს ვარსკვლავები, გალაქტიკები,… ბიოლოგიური თეორიების თანახმად _ დნმ, უჯრედი,… საზოგადოებრივი მეცნიერების თანახმად _ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები ადამიანებს შორის,… ფსიქოლოგიის თანახმად _ გრძნობა, ემოცია,… ფილოსოფიის თანახმად _ იდეები (სოკრატე, პლატონი), ფორმა (არისტოტელე), აპრიორული პრინციპები (კანტი),…
ყველა შემთხვევაში არსებობა, ყოფიერება არაა საგნის ცალკეული თვისება, როგორც ფერი, მასა,…
იარსებო, ნიშნავს, გაგაჩნდეს განსაზღვრულობა გამოსახული თეორიებით, კონცეპტებით (ლათ. ცონცეპტუს _ ინოვაციური იდეა, რომელიც თავის თავში მოიცავს შემოქმედებით აზრს, იმპულსს).
ყოფიერების, არსებობის შემეცნებისადმი სწორედ ასეთმა მიდგომამ დაბადა ონტოლოგია _ სწავლება ყოფიერებაზე (ბერძ. ონტოს _ არსებული, ლოგოს _ სწავლება).
ჩვენი აზრით, არაყოფიერება ესაა შესაძლებლის შეუძლებლობა.
რეალობა, ყოფიერება კი _ შესაძლებლის აღსრულება.

რეალური ყოფიერების სახეობათა იერარქიულ დამოკიდებულებას სწავლობს მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი სინერგეტიკა (ერთიანი ქმედება).
ყოფიერება წარმოდგენილია გარკვეული უჯრედებით, გაერთიანებებით, სისტემებით _ უმარტივეს ორგანიზმთა ურთიერთობით არდაწყებული, პრიმატების ურთულესი გაერთიანებით, სისტემით არდამთავრებული.

სინერგეტიკის, სისტემური ანალიზის მიხედვით, ხშირად ღია სისტემები აღმოჩნდებიან არაწონასწორულ დონეზე, არაწონასწორულ მდგომარეობაში, სადაც მათი ქმედება აღიწერება ალბათობის თეორიით, არაწრფივი განტოლებებით.
არაწონასწორული მდგომარეობიდან სისტემა გადადის თავისი ევოლუციის ერთ-ერთ შესაძლო ვერსიაში. აი, აქ ხდება თვითორგანიზაცია, წარმოიქმნება მდგრადი სტრუქტურები, მანამდე არარსებული წესრიგი.

სინერგეტიკის თანახმად, რეალური ყოფიერების სახეებს გააჩნიათ თვითორგანიზაციის, რეგენერაციის, თვითგანვითარების უნარი, საკუთარ არსში მოიცავენ შესაძლებლობას წარმოქმნან ახალი ტიპის ყოფიერება, რომელიც მდგრადობით, განვითარების ტემპით აღემატება მანამდე არსებულ ყოფიერების სახეს, ფორმას.

დიახ, თვითორგანიზაციის, თვითგანვითარების, რეგენერაციის უნარი არის ყველა არსებულის, ყოფიერის ორგანული მახასიათებელი. დიახ, რეალურ ყოფიერებას სწორედ ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს.

და თუ ამაში გვეთანხმებით, მაშინ ყოფიერების გაიგივება არსებობასთან, როგორც მინიმუმ, უკმარისობის, პროტესტის გრძნობას იწვევს. მართლაც, დაუკვირდით, ყოფიერების ასეთი გაგება თითქოს ემიჯნება ისეთ უნიკალურ ცნებას, ფენომენს, რასაც სიცოცხლე ეწოდება.
აუცილებლად გამოჩნდება ჩვენზე განსწავლული, რომელიც ირონიული ღიმილით აგვიხსნის: _ არსებობა და სიცოცხლე რელატივური, ამ კონტექსტში ვალიდური, კოჰერენტული ცნებებია და თქვენი დედიზიუნკტიური მსჯელობა არსებობის და სიცოცხლის შესახებ, იმდენად ფილისტერულია, რომ ჩემში სპლანხნოპტოზულ განცდას იწვევს და ამ განწყობის პაციფიკაციის მცდელობა კი ისეთ მდგომარეობაში მაგდებს, რომ სფიგმომანომეტრი მჭირდება.

აქ ჩვენი მხრიდან იბადება მორიდებული, მოკრძლებული კითხვა _ ეს ღრმად განსწავლული ოპონენტი საკუთარ ცხოვრებას, იმ ყოფიერებაში, რომელშიც ჩვენთან ერთად იმყოფება, რას უწოდებს სიცოცხლეს თუ არსებობას?
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არაა ის მეცნიერული არგუმენტი, რომელიც განსწავლულს სახიდან ირონიულ ღიმილს მოაცილებს.
მართლაც, ყოფიერების მახასიათებლებს თუ გავიხსენებთ, სისტემური ანალიზის ხედვის კუთხიდან, თვითორგანიზაციის, თვითგანვითარების,

რეგენერაციის უნარი გააჩნია მხოლოდ იმ სისტემას, რომელიც ერთადერთი სიტყვით გამოისახება _ ცოცხალი.

თუ ამაში გვეთანხმებით, მაშ, რა ვუწოდოთ ჩვენს სოციუმს, რომელსაც არც თვითორგანიზაციის, არც რეგენერაციის უნარი არ გააჩნია, ხოლო თვითგანვითარებაზე საუბარი ზედმეტია, მიუხედავად ამისა, ის მაინც არსებობს. ასეთ მდგომარეობას სიცოცხლესთან, ყოფიერებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. გამოდის, რომ სახეზეა არაყოფიერება, უბრალოდ არსებობა.

ეს მსჯელობა ცხადყოფს, რომ ჩვენ ყოფიერების მონისტური გააზრებისკენ ვიხრებით. ვაღიარებთ ერთადერთ სუბსტანციას აბსოლუტს, აბსოლუტურ იდეას, ღმერთს.
სწორედ ამ ყოფიერების შემოქმედის სიტყვებია: – მკვდრებმა დამარხონ საკუთარი მკვდრები.

ამაზე უკეთეს დახასიათებას ვერ მოვუძებნით ჩვენს რეალობას, ჩვენს სოციუმს, ჩვენს არსებობას, იმ ჭაობს, რაშიც ვიმყოფებით. ვიმეორებთ _ როდის მივხვდებით, რომ ჩვენი ღმერთი ცოცხალთა ღმერთია და არა გვამების ღმერთი.

ჩვენი ყოფიერება არის ცოცხალთა ყოფიერება და არა გვამების არსებობა.

დიახ, ყოფიერება არის განვითარებადი ფენომენი, სიცოცხლე.
არაყოფიერება ის განუვითარებელი არსებობაა, რაშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით.
სიცოცხლე გაცილებით ამაღლებული მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენი არსებობა _ დაქვეითება, რეგრესის საფუძველი.

თუ ეს მსჯელობა თქვენთვის მისაღებია, მაშინ გავბედოთ შეთანხმება, რომ
რეალური ყოფიერება ესაა სიცოცხლე, ბედნიერება.
არაყოფიერება კი _ არსებობა.

ჩვენ განწირულნი ვართ სიცოცხლისათვის. ჩვენ ვივლით უსასრულოდ მანამდე, სანამ არ მივაღწევთ სიცოცხლეს, ბედნიერებას.
მხოლოდ მაშინ მივხვდებით, რომ ყოფიერება, სიცოცხლე, ბედნიერება იგივური ცნებებია.
ადამიანი სიცოცხლისთვის, ბედნიერებისთვის არის გაჩენილი.
სანამ გავერკვევით ყოფიერებას, სიცოცხლესა და ბედნიერებას შორის ჰარმონიის კანონზომიერებაში, ვცადოთ ცნება არაფერში გარკვევა.
აქამდე ჩვენ ვმსჯელობდით ცნებებზე ყოფიერსა და არაყოფიერზე. როგორც ვნახეთ, ამ თემაზე მსჯელობა არც თუ ისე იოლია. რაც შეეხება ცნება არაფერს, ის გაცილებით უფრო რთულად გასაგებია, ვიდრე ზემოხსენებული ყოფიერი და არაყოფიერი.
არაფრის გააზრება ჩვენ არ შეგვიძლია იმიტომ, რომ რაც არაა, იმის წარმოსახვა შეუძლებელია?
შენ ბედნიერება არ გინახავს, მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო.

შენ სემირამიდას ბაღი არ გინახავს, მაგრამ მისი წარმოდგენა შეგიძლია.
არაფერი კი წარმოსახვასაც არ ექვემდებარება.
არაფერი ისაა, რაც არ არსებობს რაიმე სახით.
არაფერზე ვერც მოდელს და ვერც მოდულს შექმნი.
მისი წარმოდგენა არ შეიძლება ყოფიერების საშუალებებით.
ელემენტარული ნაწილაკები, კვანტური სიდიდეები შეიძლება წარმოიდგინოთ მეცნიერული გაგების აპარატით.
მეცნიერული ლოგიკით მე შემიძლია უსასრულობაც და ნულიც გამოვსახო მათემატიკურად და მისი წარმოსახვა ჩემი ცნობიერების ამოცანად ვაქციო.
ხოლო რაც შეეხება არაფერს, ამაზე ვერაფერს იტყვი.
არაფერი არის ის, რაც მათემატიკური აბსტრაქციითაც კი ვერ გამოისახება.
ჩანართი
ვერ ხედვით, ჩვენი სიბრმავით ვცდილობთ დავინახოთ ის, რაც ჩვენს მოდელსა და მოდულში არ ეწერება.
როდესაც არაფერზე ფიქრს იწყებ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შენი ქმედებით, ფიქრით ქმნი რაღაცას და რაც უფრო უახლოვდები საზღვარს, რომელიც ყველაფერსა და არაფერს განაცალკევებს, მით უფრო იწევს ეს საზღვარი შენგან შორს, გისხლტება ხელიდან.
შესაბამისად, როგორც ხვდებით, ეს ელემენტარული, მსუბუქი მსჯელობაც კი ავლენს განსახილველი პრობლემის სიღრმესა და სიმძიმეს.
ჩნდება აზრი, თუ ხელისა და გონების ასეთი ცეცებით არაფერი გამოდის, იქნებ მათემატიკურმა აბსტრაქციამ გვიშველოს. ეს ხომ ის აბსტრაქციაა, რომლის წინაშე ყველაფერი იჩოქებს, ფარხმალს ყრის.
რატომ არ შეგვიძლია ნულით გამოვსახოთ არაფერი? ნული ხომ არაფერს ნიშნავს. მათემატიკური აბსტრაქციის გათვალისწინებით, რიცხვთა ღერძზე ნულს კონკრეტული წერტილი შეესაბამება. და ეს რიცხვი ნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც დადებით და უარყოფით რიცხვთა გამყოფი წერტილი, საზღვარი.
მოგეხსენებათ, წერტილი წერტილია, იმიტომ რომ ის წერტილია და, შესაბამისად, არაფერი ვერ იქნება.
შესაძლებელია, რომ მათემატიკური აპარატით დააფიქსირო ყოფიერება, მატერია არაფრის ზღვარზე _ სასრული მოცულობის უსასრულო შეკუმშვის ოპერაციით?
თუ აიღებთ რაღაც მოცულობის სხეულს, სივრცეს და დაიწყებთ მის უსასრულოდ შეკუმშვას, ეს პროცესი უასასრულოდ გაგრძელდება.
ამ უსასრულოდ მიმდინარე პროცესის ფორმულით გამოსახვა შეიძლება, მაგრამ წარმოდგენა შეუძლებელია.
უბედურება ისაა, რომ არაფრის არც წარმოსახვა და არც გამოსახვაა შესაძლებელი.
იქნებ იმიტომ გვიჭირს არაფრის გააზრება, რომ ის ჩვენი ყოფიერების მიღმაა, ის არაა ჩვენი სამყარო?
იქნებ ცნება არაფრის გაგება მეცნიერების პრეროგატივა არ არის.
მართლაც, რა არის არაფერი? _ ალბათ ის, რაც უნდა ყოფილიყო დიდ აფეთქებამდე, ჯერ კიდევ სამყაროს წარმოქმნამდე.

ხშირად გაიგონებთ, რომ მეცნიერება ვერ იძლევა პასუხს – რა იყო ადრე, მანამდე, დიდ აფეთქებამდე.
ასეთი მიდგომა შეცდომაა.
ცნებას ,,მანამდე”, ,,ადრე” აზრი აქვს განსაზღვრული მეცნიერული თეორიის ჩარჩოში.
დიდ აფეთქებასთან მიმართებაში მეცნიერულ თეორიას არა აქვს ცნებები ,,ადრე”, ,,მანამდე”, რადგან მეცნიერება არ განიხილავს მოვლენებს დროისა და სივრცის გარეშე.
თავის დროზე კარგად ნამეცადინებ მეცნიერს უჭირს, გაგაგებინოს, რომ მეცნიერებას აქვს თავისი ქმედების არეალი, ამიტომ თქვენ მაგიერ თვითონ წითლდება, რადგან პატიოსანია და მორცხვად უვლის გვერდს ამ საკითხს.

და ვინც ამ კითხვებს სვამს, სწორედ ამ ფაქტის, არეალის იგნორირებას ახდენს.
გვრჩება ერთი გზა, ამ საკითხს აბსოლუტური იდეალიზმის კუთხით მივუდგეთ.
როგორც ცნობილია, ჰეგელის ფილოსოფიით ცნება თავის თავში მოიცავს მის საწინააღმდეგო ცნებას. ამ საკითხს ვრცლად ქვემოთ განვიხილავთ. ახლა კი არ იქნება სადისკუსიო თუ ვიტყვით, რომ არ იქნებოდა ცნება სიკვდილი, ცნება სიცოცხლე რომ არ არსებულიყო. შესაბამისად, ცნება ყველაფერი თავის თავში მოიცავს ცნება არაფერს.
და როგორი ტევადიცაა ცნება ყველაფერი, ასეთივე არაფრისმომცველი უნდა იყოს ცნება არაფერი.

დიახ, ცნება აბსოლუტური ყველაფერი, თავისი არსიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს ყველაფერს და მის საწინააღმდეგო ცნებასაც, რასაც არაფერს ვუწოდებთ.
მივდივართ ჰეგელის მნიშვნელოვან დასკვნასთან _ ყველაფერი არაფერია და არაფერი _ ყველაფერი.
აბსოლუტური ყოფიერება ყველაფრის შესაძლებლობაა. შესაბამისად, ის თავის თავში უნდა მოიცავდეს არაფრის გაგების შესაძლებლობასაც.
ინდივიდუალური თუ სოციალური
რთულია, არ დაეთანხმო კონ ფუ ძის აზრს _ ,,ყველაფერი ამაზრზენი რაც ხდება ცისქვეშეთში, გაუნათლებლობის ბრალია”.
მართლაც, ჩვენთვის საოცნებო, ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრების დამკვიდრება აზროვნების, გონივრულობის, განათლების გარეშე უბრალოდ ის სისულელეა, რითაც გაჟღენთილია ჩვენი წარსული და აწმყო.
რა არ ვცადეთ, რა არ გავაკეთეთ, შედეგი მაინც არ ჩანს.
ელემენტარული აზროვნების უნარია საჭირო, რათა მივხვდეთ, რომ ადამიანური ცხოვრების დამკვიდრებას რაღაც კანონზომიერებებში გარკვევა სჭირდება.
უხსოვარი დროიდან ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ სამყარო რთული, მოწესრიგებული, ერთი მთლიანი სისტემაა.
თუ ამაში არაფერი გეჩვენებათ საეჭვოდ, განვაგრძოთ საუბარი.

სამყაროს მთლიანობის განმსაზღვრელ კატეგორიად ჩინურმა ფილოსოფიამ შემოიტანა ცნება დაო. დასავლურმა ცივილიზაციამ _ ლოგოსი.
ჩვენ კი კარგი ცხოვრების დამამკვიდრებელ კატეგორიად ეგზალტირებული მიტინგები გამოვაცხადეთ.
მიტინგებისგან განსხვავებით, დაოსა და ლოგოსის არსი გამოხატავს ერთს _ სამყაროს უნიკალურ, გონივრულ მთლიანობას, ორგანიზებულობას. დაო და ლოგოსი მთელ სამყაროს, როგორც სისტემას და მის შემადგენელ ნაწილებს (ცა, დედამიწა, ბუნება, საზოგადოება, პიროვნება, სოციუმი,…), ქვესისტემებს შორის ჰარმონიის დამამყარებელ კანონზომიერებას წარმოადგენს. დაოდან და ლოგოსიდან გამომდინარე, მთელი სამყარო გალაქტიკებით, ვარსკვლავებით, მთელი უსაზღვრო ენერგეტიკით სწორედ მოაზროვნე ადამიანის ბედნიერებისთვის შეიქმნა.
ამრიგად, ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრების, სოციუმის, საზოგადოების, სახელმწიფოს დასამკვიდრებლად აუცილებელია, არსებულ პრობლემებს სისტემური ანალიზით (სინერგეტიკა) მივუდგეთ.
ჯერ კიდევ ანტიკურმა აზროვნებამ ადამიანში დაინახა მთელი სამყარო.
გავიხსენოთ ქილონის სიტყვები: _ შეიცან საკუთარი თავი და შეიცნობ სამყაროს, ღმერთებს.
დიახ, ადამიანში, როგორც უნიკალურ სულიერ და ბიოლოგიურ სისტემაში, მჟღავნდება მთელი სამყაროს კანონზომიერება
დიახ, ადამიანშია არეკლილი მთელი სამყარო
დიახ, ადამიანია სამყაროს, როგორც სისტემის, მოდელი.
ადამიანი, როგორც ნებისმიერი სხვა სისტემა, შედგება ქვესისტემებისგან _ გული, ფილტვები, ღვიძლი,…
აქ უმთავრესი ისაა, რომ ადამიანი მისი შემადგენელი ქვესისტემების არითმეტიკულ ჯამს არ წარმოადგენს.
უფრო ნათლად, ჩვენი თითოეული ცალკე აღებული რომელიმე ორგანო არ ავლენს იმ თვისებებს, რაც მთლიანს, ცოცხალ სისტემას, ადამიანს ახასიათებს.
მართლაც, ცალკე აღებულ ქვესისტემებს _ გული, ფილტვები, ღვიძლი,… _ დამოუკიდებლად არსებობა, სიცოცხლე არ შეუძლია. მხოლოდ მათი ორგანული ერთობა ქმნის სისტემას _ ადამიანს, სიცოცხლეს.
სისტემის ორგანული ერთობა ნიშნავს, რომ ელემენტებს არ შეუძლიათ არსებობა სისტემის გარეთ.
მათ არსებობა, განვითარება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში.
ესაა სისტემის არსებობის აუცილებელი პირობა.
დიახ, ადამიანი, როგორც მთელი, სწორედ სიცოცხლითაა მეტი მისივე შემადგენელი ნაწილების არითმეტიკულ ჯამზე.
ეს მეტობა არის ის ინტეგრალური თვისება (სიცოცხლე), რაც ახასიათებს მთელს და აკლია მის ნაწილებს.

მთელსა და მისი შემადგენელი ნაწილების ჯამს შორის სხვაობა _ დელტა _ არის სიცოცხლე.
შესაბამისად, იკვეთება ბუნების უნიკალური კანონზომიერება
_ მთელი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი.
ირღვევა ეს პრინციპი, ირღვევა სისტემა, სიცოცხლე, განვითარება.
აქ ნათლად ჩანს მთელის, სისტემის პირველადობა მისსავე ნაწილებთან _ ქვესისტემებთან მიმართებაში. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ პირველადობა ფარდობითია და არა აბსოლუტური. თუნდაც იმიტომ, რომ მთელი ვერ იარსებებს ნაწილების გარეშე და პირიქით.
ადამიანთა ერთობა ქმნის სოციუმს.
შესაბამისად, სოციუმის არსი განვიხილოთ ადამიანის, როგორც მაღალორგანიზებული, რთული სისტემის კანონზომიერების ანალოგიით.
სოციუმი სისტემად, სიცოცხლისუნარიანად ჩაითვლება, თუ ის, როგორც მთელი, მეტი იქნება მის შემადგენელ ადამიანთა არითმეტიკულ ჯამზე, რაც სოციუმის განვითარებით უნდა გამოვლინდეს.

სოციუმის შემთხვევაში დელტა არის განვითარება.
თუ ამაში გვეთანხმებით, აქედან მივდივართ დასკვნასთან:
სამწუხაროდ, ჩვენი სოციუმი, შედეგიდან გამომდინარე, არაგანვითარებადია, სიცოცხლის უნარს მოკლებულია, შესაბამისად, ის სისტემად ვერ ჩაითვლება.
ჩვენი სოციუმის, როგორც მთელის, ენერგეტიკა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ენერგიათა ჯამი.
რადგან ჩვენი მიზანი სიცოცხლისუნარიანი სოციუმის, საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნაა, ვალდებულნი ვართ, გავერკვეთ სისტემის ანატომიაში.
როგორც აღვნიშნეთ, სისტემა ქვესისტემებისგან შედგება. სისტემის ანატომიაში გარკვევის პირველი და აუცილებელი ნაბიჯია, არსებულ ქვესისტემებში იმ მთავარი ქვესისტემის აღმოჩენა, რომელიც მთლიანი სისტემის იდეა-არსს იმეორებს.
მხოლოდ ამ მთავარი ქვესისტემის გააქტიურებითაა შესაძლებელი მთლიანი სისტემის ეფექტურობის, ქმედუნარიანობის ამაღლება-განვითარება.
მაგ., ავტომობილი, როგორც სისტემა, შედგება ქვესისტემებისგან: _ გენერატორი, აკუმულატორი, რადიატორი, ძრავა, ტრანსმისია, ლანჟერონი, დიფერენციალი,… ცხადია, რომ ამ ქვესისტემებს შორის არის მთავარი ქვესისტემა და ეს არის ძრავა, რადგან სწორედ ძრავა იმეორებს მანქანის იდეა-არსს. შესაბამისად, თუ თქვენ მანქანის ქმედების ეფექტურობის ამაღლება გჭირდებათ, ძრავას _ მთავარი ქვესისტემის სიმძლავრის გაზრდით უნდა დაიწყოთ.
ცხადია, ადამიანის არსის მქონე მთავარი ქვესისტემა არც გულია და არც კუჭი, ესაა ტვინი, გონი. შესაბამისად, თუ გსურთ ადამიანის ამაღლება, ეს პროცესი გონებრივი განვითარებით უნდა დაიწყოთ.

სოციუმიც, როგორც სისტემა, შედგება მრავალი ქვესისტემისგან _ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო, მოქეიფეთა, კრიმინალთა, ეკლესიურთა, აფერისტთა,…
სოციუმშიც, როგორც სისტემაში, უნდა არსებობდეს ერთი მთავარი ქვესისტემა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში საქართველოს იდეა-არსს უნდა იმეორებდეს.
თუ სოციუმი ვერ ახერხებს განვითარებას, ეს ნიშნავს, რომ ამ სოციუმს მთავარი ქვესისტემა არ გააჩნია.

და თუ მთავარი ქვესისტემა არ არსებობს, ის უნდა შეიქმნას.
მთავარი ქვესისტემის გარეშე სისტემა არაგანვითარებადი და უსიცოცხლოა.
სამწუხაროდ, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სოციუმის წარმმართველ, ,,განმავითარებელ” ძალად განიხილებოდა კონკრეტული პიროვნება _ მონარქი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი,…
შეუძლებელია, სოციუმის მთავარი ქვესისტემა იყოს ერთი პიროვნება, თუნდაც ჩვენი ისტორიული გამოცდილების ანალიზის შედეგიდან გამომდინარე.
მსოფლიო ისტორიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მთავარი ქვესისტემა უნდა იყოს ადამიანთა ბუნებრივი, ჰარმონიული გაერთიანება, რომელიც შეძლებს, გაიაზროს მთავარი სისტემის იდეა-არსი და მას სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭოს.
მხოლოდ მთავარი ქვესისტემა იაზრებს უმაღლეს ფასეულობებს და მის საფუძველზე ადგენს სახელმწიფოს განვითარების ვექტორს.
სისტემას, მთავარ ქვესისტემას და ქვესისტემათა შორის ჰარმონიის კანონზომიერების აღქმისათვის აუცილებელია ახალი, ორიგინალური, არაფორმალური კვანტური ლოგიკა.
უპირველესად, აუცილებელია ადამიანის, პიროვნებისა და სოციუმის არსთა თანაფარდობაში გარკვევა.
ფილოსოფიაში ადამიანი განიხილება როგორც სოციალურ, ასევე ინდივიდუალურ არსებად.
მატერიალისტები ადამიანის არსში გარკვევას სოციუმის ხედვის კუთხიდან, მათ მიერვე დადგენილი სოციუმის ,,კანონზომიერებიდან” ცდილობდნენ. შესაბამისად, მათთვის სოციუმი იყო პირველადი და სუბიექტი _ მეორადი.
არსებობს განსხვავებული ხედვაც, სადაც პიროვნება პირველადია და სოციუმი წარმოდგენილია, როგორც ინდივიდთა არსებობის არეალი.
მესამე მხარე კი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ადამიანი და სოციუმი ის უნიკალური ფენომენებია, რომლებიც ვერავითარ კანონზომიერებაში ვერ ეწერებიან და მათ არსს ბოლომდე ვერასდროს შევწვდებით.
აქედან გამომდინარე, ადამიანის, სოციუმის და მათ შორის ჰარმონიის კანონზომიერების არსი დღემდე სადისკუსიოა.

დიახ, ვერ გავიაზრებთ ადამიანის არსს, სანამ არ მივხვდებით, რომ ადამიანის არსის განხილვა მისი სოციალური არსის გარეშე უბრალოდ შეცდომაა.
ვიმეორებთ, სოციალურ ფილოსოფიაში ადამიანი განიხილება, როგორც სოციალურ-ინდივიდუალური არსება. ასეთი მშრალი განმარტება უკმარისობის გრძნობას ტოვებს.
ჩვენი აზრით, ადამიანი არც მხოლოდ ინდივიდუალური, განმხოლოებული სუბიექტია და არც მხოლოდ სოციალური არსება.
გამოდის, რომ თითქოს საქმე გვაქვს დუალიზმთან.
მსგავსი დუალისტური მიდგომა დიდი ხანია გამოიყენება კვანტურ ფიზიკაში. გვასწავლიდნენ, რომ ელემენტარული ნაწილაკი, მაგ., ფოტონი ამჟღავნებს როგორც ტალღურ, ასევე ნაწილაკურ თვისებებს. სინამდვილეში კი ელემენტარული ნაწილაკი არ არის ამ ორი თვისების ნაზავი. უბრალოდ, ის აპრიორულად ასეთია.
უფრო ნათლად, არსებობს ცხენი და არსებობს კაცი. მითოლოგიური კენტავრი თითქოს კაცისა და ცხენის ნაზავია. არა, ის არც კაცია და არც ცხენი, ის უბრალოდ კენტავრია, ისევე როგორც ღამურა _ ის არც ჩიტია და არც თაგვი, არც მათი ნაჯვარი _ ის ღამურაა.
შესაბამისად, ადამიანი არც მხოლოდ სოციალური და არც მხოლოდ ინდივიდუალური არსებაა, ის ადამიანია.
ამიტომ უსაფუძვლოა კითხვა _ რაა პირველადი, ინდივიდუალურობა თუ სოციალურობა?
_ ეს ორგანული ერთობაა, სადაც იერარქია არ არსებობს.
დიახ, ადამიანი აპრიორულად ერთდროულადაა სოციალურიც და ინდივიდუალურიც.
სოციუმის არსში დევს ადამიანის არსი. ადამიანის არსი კი სოციუმის არსს მოიცავს.
შესაბამისად, შეუძლებელია, ვისაუბროთ ადამიანის განვითარებაზე სოციუმის განვითარების გარეშე და პირიქით.
ჩნდება კითხვა: საიდან უნდა დავიწყოთ განვითარებისკენ სვლა პიროვნებიდან თუ სოციუმიდან?
სწორედ ამ საკითხზე დაუფიქრებლობამ მიიყვანა ჩვენი სოციუმის ,,განათლებული ელიტარული” ნაწილი იმ განცდამდე, რომ პიროვნული განვითარება შესაძლებელია განუვითარებელ, დეგრადირებად სოციუმშიც.
ვთვლით, რომ არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს განათლებული უწოდოს, სანამ ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.
თითქოს ვიღებთ ჯადოსნურ, ჩაკეტილ წრეს _ ადამიანი ვერ განვითარდება განუვითარებელ სოციუმში და სოციუმი ვერ იქნება განვითარებული, თუ ადამიანები არ განვითარდნენ.
და ეს წრე ჩაკეტილად დარჩება, სანამ სისტემა სიცოცხლისუნარიანი არ გახდება, სანამ მთავარი ქვესისტემა არ ჩამოყალიბდება.

განსახილველ საკითხში ორიენტირებას ართულებს ფილოსოფიასა და სოციალურ ფილოსოფიაში დამკვიდრებული აბსტრაქტული ტერმინი _ ადამიანი.
ეს ზოგადი ტერმინი _ ადამიანი _ თავის თავში ორ განსხვავებულ, ურთიერთშემავსებელ, ურთიერთგანმსაზღვრელ ცნებას _ ქალს და მამაკაცს _ მოიცავს.
ჩვენი აზრით, სოციუმის პირველად უჯრედს წარმოადგენს არა მონოწარმონაქმნი _ ზოგადი ადამიანი, არამედ ,,დიმერი” მონომერებით _ ქალით და მამაკაცით.
სწორედ ზოგადი ცნება ადამიანი _ დიმერი და არა მონოწარმონაქმნი მოიცავს სოციუმის არსს, სოციუმი კი _ დიმერის არსს.
შესაბამისად, პიროვნებისა და სოციუმის ურთიერთთანაფარდობის დადგენა თავისთავად ითხოვს დიმერის _ ქალისა და მამაკაცის _ სულთა ერთობის არსში გარკვევას.
სწორედ ამ ჰარმონიის, სულთა ერთობის არსში გარკვევაა პირველი ნაბიჯი სოციუმის, საზოგადოების, სახელმწიფოს განვითარებისკენ.
მამაკაცისთვის საკუთარ თავში სოციალური არსის გამომჟღავნება ქალთან ურთიერთობით იწყება და პირიქით _ ქალისთვის საკუთარ თავში სოციალური არსის აღმოჩენა მამაკაცთან ურთიერთობით იწყება.
მამაკაცი და ქალი საკუთარ თავში სოციალური არსის აღმოჩენას, გამომჟღავნებას ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობით, სიყვარულით იწყებენ.
ამ ურთიერთობის დისჰარმონიის შედეგია ჩვენი რეალური, უსახური სოციალური ცხოვრება.
ამ ჰარმონიის გარეშე ადამიანში ან სოციალური არსია ჰიპერტროფირებული და ადამიანი ნახირისკენ ისწრაფვის, ან ჰიპერტროფირებულია პიროვნული მე და ადამიანი მარტოობის სევდის მცოხვნელი ხდება.
მართლაც, თუ გვინდა შევქმნათ ბედნიერი, განვითარებადი სოციალური სისტემა, ვინმე მაინც უნდა გვიყვარდეს.
ჩანართი

ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრების დასამკვიდრებლად აუცილებელია, შეიქმნას მთავარი ქვესისტემა, რომელიც სიცოცხლისუნარიან, განვითარებად სისტემას, საზოგადოებას, სახელმწიფოს ჩამოაყალიბებს.
მთავარი ქვესისტემა იქმნება უმაღლესი ფასეულობების გააზრებისა და შეთანხმების საფუძველზე. უნდა გავიაზროთ:
1. ეთიკის საფუძვლები
2. საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძვლები
3. საზოგადოების განვითარების საფუძვლები
4. თავისუფალი საზოგადოების შექმნის საფუძვლები
5. საზოგადოების განვითარების მიზანი
6. სახელმწიფოს იდეა-არსი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი