ანდრო დგებუაძე – აუცილებლად გასავლელი გზა

0
559

როდესაც ვიბადებით და ვიზრდებით, პირველი, რაც მოდის ჩვენს ყურამდე და თვალამდე, ეს არის ცნებები, რომლებსაც უახლოესი ადამიანები გვაძალებენ. „კანფეტი გაჩუქა მეზობელმა და რა უნდა უთხრა?“„მადლობა!“ საზოგადოებასთან ურთიერთობას გვასწავლიან, როდესაც გვეუბნებიან: „ტანზე ასე ჩაიცვი!“ „ჩანგალი არასწორად გიჭირავს!“ და ასე შედეგ. ეს „წესის“ ეპოქაა. ამას მეორე – „თავისუფლების“ – ეპოქა მოსდევს. ჩემ შიგნით პროტესტის ელემენტები იზრდება: დედაჩემმა მითხრა, იმეცადინეო; ძმაკაცი მეუბნება, წამო შატალოზეო. სწორი რომელია? არც ის მინდა, რომ, ბოდიში და, „ჩმორი“ ვიყო ძმაკაცთან, ან „დედიკოს ბიჭი“ ვიყო. მაგრამ დედაჩემს რომ გული ვატკინო, არც ეგ მინდა. გავორდი. ტიპური თინეიჯერული კრიზისია, როდესაც კარი უნდა გამოკეტო და თქვა: „დამაცადეთ, ნუ შემოხვალთ ამ ოთახში!“ დაკეტილ კარს იქით მარტო ვარ და „მე“-ს ვეძებ, რეალურად. ეს არის პროტესტის ხანა. ეს აუცილებლად გასავლელი პერიოდია. ამ პერიოდმა ორი რამ უნდა მოიტანოს: უნდა ვაგინო ძველს და თემი უნდა დავტოვო. აქ ალუდა უნდა დაიბადოს, რომელიც იტყვის: „წავედი აქედან, რადგან ჩემ მიერ განცდილი პრინციპი, რომ მუცალიც ვაჟკაცია, იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ ხართ, რომლებიც მაძალებთ, რომ მას ხელი მოვჭრა. ამიტომ, მე ვმაღლდები თემზე“. თემს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ყველა ცნებას, მათ შორის, სახარებასაც, ქრისტესაც, ყველაფერს მივაყოლებ.

ვიღაცამ უნდა თქვას, რომ: „და რა ვიცი, რომ ქრისტე სწორია? იმიტომ, რომ ვინც უნდა გაიგოს ქრისტე, ის მე ვარ და, მოიცა, ჯერ ერთი ის გამაგებინა, მე ვინ ვარ?“ ეს გზა აუცილებლად გასავლელია. თუმცა, ვიღაცები არც გამოდიან ამ მენტალური დედის საშოდან და ბოლომდე რჩებიან იმ აზრზე, რომ როგორც წინაპარმა თქვა, ისე უნდა იყოს. მაგრამ ვიღაც ამას აპროტესტებს.
ყველაზე საინტერესო არის მესამე ეპოქა, რომელიც ამის მერე მოდის. მესამე ამ ორის შვილია. მესამე რაღაცას სესხულობს პირველიდან და რაღაცას სესხულობს მეორესაგან. და ეს არის თეზა, ეს არის ანტითეზა, მაგრამ მესამე არის სინთეზა. სინთეზა, თავისთავად, ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ კი წამოვედი თემიდან, მარა ის თემიც მართალია. ეგ არ ნიშნავს, რომ მე ახლა თემში ვბრუნდები. არა. მაგრამ ზემოდან რომ დავყურებ, ის თემიც უნდა იყოს იქ. მარა მეც უნდა წამოვსულიყავი. კი მაგრამ, როგორ, კაცო, ის თუ მართალია, რატომ უნდა წამოსულიყავი? აი, სინთეზიდან ჩანს მარტო ეს ამბავი.

 

რა უნდა წამოვიღო თემიდან და რა უნდა წამოვიღო პროტესტიდან? პირველი თეზა მეუბნება: ანდრო, იცოდე, რომ სიმართლე შენზე არ არის დამოკიდებული, შენი „ხოში“ აქ არაფერს გადაწყვეტს. სიმართლე და ჭეშმარიტება შენამდე იყო და შენ მერეც იქნება. ასე რომ, რაღაც უნდა ისწავლო, უნდა გახსნა „ფორტოჩკა“ და შემოუშვა. ეს მეორე თეზა ასეთ რამეს ამბობს: არ მაინტერესებს, „ფორტოჩკიდან“ რა შემოდის, მე ჩემით მაქვს მისაგნები. ყველაფერზე „მე-მე-მე“-ს ვიძახი და ვერ ვხვდები, სად არის ნაღდი „მე“. ვფიქრობ, რომ „მე“ არის იქ, სადაც ჩემი ხოშია. მაგრამ ამ ეპოქის უმაღლესი წერტილი დგება მაშინ, როდესაც მივხვდები, რომ თუ მე მაქვს ხოში, ესე იგი, თავისუფალი არ ვარ.

ანუ ჩემს თავში ამხელა „მეე“ არის, რომელსაც რაღაც ხოშები აქვს. და ეს რომ გავდგი, სიცარიელე კი არ დარჩა, რაღაცა დარჩა, რომელიც „მინდა“-ს დამკვირვებელია. ის ვარ მართლა მე.
ის ვარ მე და ის არის თავად ღმერთი. ანუ ჩემში ჩემზე მეტზეა საუბარი. ეს უკვე სინთეზური ელემენტია. ერთი მხრივ, სინთეზა მონა არ არის, სინთეზა არ არის ტიპი, რომელიც წავა და ილოცებს იმიტომ, რომ მამამ და დედამ დაიბარა, ასე ილოცეო! მეორე მხრივ, სინთეზა არც ის არის, რომელიც იტყვის: „რისიც ხოში მაქვს, იმას გავაკეთებ და ყველანი ფეხებზე მკიდიხართ. წავალ ახლა, ნარკოტიკებს ჩავყლაპავ, დილამდე ვიცეკვებ დისკოთეკაზე და მე ვარ და ჩემი ნაბადი!“ არა, სინთეზა ამაზე მეტია და ხვდება: „მე ჩავხედე ჩემს თავს, რას ვგავდი, როცა ნარკოტიკი გადავყლაპე და, ფუ, რა იდიოტი ვყოფილვარ!“ ერთი მხრიდან სინთეზა იღებს იმის საზრისს, რომ ჭეშმარიტება აბსოლუტურია და ჩემზე არ არის დამოკიდებული, ის ჩემზე მეტია. მაგრამ მეორე მხრიდან იღებს იმის საზრისს, რომ ჭეშმარიტებას თავისუფალი ნებით უნდა მიაღწიო. გამოდის, რომ აბსოლუტური წერტილი ჩემში უნდა ვიპოვო თავისუფალი ნებით. ეს წერტილი არის მართლა მე, რასაც ჟარგონით ვეძახი, რომ „ეგარი!“ და ეს წერტილი არის თავად ღმერთი. სხვა ღმერთი ჩემთვის არ არსებობს.
რუსთაველის პროსპექტზე რაც ხდებოდა, როდესაც ერთ მხარეს ხალხი გულზე ხელს ირტყამდა, პატრიოტები ვართო და მეორე მხარე აპროტესტებდა, „ბასიანიდან“ როგორ გამოგვყარა პოლიციამო – როგორც ვთქვი, ეს არის პირველი ფაზა და მეორე ფაზა.
ამათ უნდა დაჭამონ ერთმანეთი მანამ, სანამ არ დაიბადება სინთეზა. ორივე მხარემ ერთმანეთში უნდა იცნოს, რომ „მეორე მხარეც მე ვარ“. კონფლიქტი გარდაუვალია, კონფლიქტი აუცილებელია, კონფლიქტის გარეშე სინთეზის გააზრება არ მოხდება. სინთეზა ვერ დაიბადება „მოდი, დამიჯერე, ძმაო“-თი. ეს მონობაა. სინთეზა ნიშნავს, რომ ჩემით უნდა მივიდე საზრისამდე. ბავშვიც როგორ იზრდება? ჯერ მორჩილებაშია, მერე ეგოისტი ხდება და იმის შემდეგ უჩნდება შეგნება. საზოგადოებასაც იგივე ფაზები აქვს გასავლელი. არის ფაზა მორჩილების, და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ფაზაზე უფრო პროგრესულია ფაზა, რომელიც ამბობს, რომ ახლა ვარ თავისუფალი, ლიბერტარიანელი, დროშებს ვაფრიალებ და ყველას პროტესტს ვუცხადებ! მაგრამ ამაზე კიდევ მეტად პროგრესულია სინთეზის მდგომარეობა, რომელიც ამას ზემოდან უყურებს და ამბობს: „როგორ ვიტყუებოდი გინდა მაშინ, როდესაც დედას და მამას მორჩილად ვუჯერებდი; და როგორ ვიტყუებოდი მაშინაც, როდესაც ჩემი თავი კიტრი მეგონა. ახლა, შეგნებით, სულ სხვანაირად ვუყურებ ჩემს თავს. რეალურად რასაც ვუყურებ – სინდისს ვუყურებ. რატომ? სინდისია ერთადერთი, რაც ჩემში თან აბსოლუტურია და თან თავისუფალია“.
მთელ გზას დავფარავთ, ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადავივლით, ყველაფერს ავხსნით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბოლო აქტი –  გააზრების აქტი, აზროვნების და მეტამორფოზის აქტი – რომ, „ფუ, აბა, რა დეგენერატი ვყოფილვარ!“ – ეს არ ისწავლება. ეს ადამიანის გასაკეთებელია. ეს სინანულმა უნდა მოიტანოს. სანამ გავშიშვლდები, შეიძლება, აფერისტობის 150 გზა მოვსინჯო, იქნებ, ასე გამივიდეს, ან ისე გამივიდეს. რომ მივხვდები, რომ ვერცერთი ვერ გამივიდა და აზრი აღარ აქვს ჩემს აფერისტობას, მაშინ ეგოს მოვიცილებ. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან დიდ რამეზე ვსაუბრობთ. იმაზე ვსაუბრობთ, საზოგადოება როდის მივა იქამდე, რომ ნიღაბი მოიხსნას და სარკეში ჩაიხედოს. ამას ჯერ მხოლოდ ერთი-ორი ინდივიდი თუ გააკეთებს.
რამდენი რამ ვნახეთ ჩვენს ცხოვრებაში და წესიერი ანალიზიც არ გაგვიკეთებია – არც კომუნისტური საქართველოსი, არც ზვიად გამსახურდიას პერიოდის,  არც თბილისის ომის, არც აფხაზეთის, არც სამაჩაბლოსი, არც მეტამორფოზების. კათარსისი არ გაგვივლია. არ გვიყვარს და არ გვსიამოვნებს სარკეში ჩახედვა. თუ მეკითხებით, ინსტრუმენტი რა არის, გეტყვით, რომ ინსტრუმენტი სარკეა. 

 

ღმერთი რომ ვიყო, მე ჩავუწყობდი ამ ხალხს კონფლიქტებს და ვიფიქრებდი: „იქნებ, ახლა მაინც მოხვიდეთ აზრზე? იქნებ, ახლა მაინც ჩაიხედოთ სარკეში?“ კონფლიქტი აუცილებელია, კონფლიქტის გარეშე ვინ გაზრდილა?

ამონარიდი ია ანთაძის ინტერვიუდან

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი