ალან ტურინგი – ჰომოფობიას შეწირული გენია

0
789

ალან ტურინგი — მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, ბიოლოგი და კომპიუტერული მეცნიერებების ფუძემდებელი, 1912 წლის 23 ივნისს, ლონდონში დაიბადა.

ტურინგი შებრონის დამოუკიდებელ სკოლაში სწავლობდა. მან სკოლის პერიოდში მათემატიკისა და მეცნიერების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. თუმცა, მისი სასკოლო შეფასებები არც თუ ისე კარგი და დამაიმედებელი იყო.

შერბონის შემდეგ ტურინგმა სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში (1931–1934) განაგრძო. შემდეგ, 2 წელზე მეტი მათემატიკასა და კრიპტოგრაფიას პრინსტონის უნივერსიტეტში, ნიუ ჯერსიში სწავლობდა.

ტურინგს ეკუთვნის იდეა მექანიკური მანქანის ანუ კომპიუტერის მეხსიერების შესახებ.

1936 წელს, მან სტატია “On Computable Numbers” გამოაქვეყნა, რომელსაც მოგვიანებით ვაშინგტონ პოსტმა “კომპიუტერული ეპოქის დამფუძნებელი დოკუმენტი” უწოდა. ტურინგი სტატიაში წერდა, რომ მექანიკური მანქანების დახმარებით კაცობრიობა შეძლებდა, ნებისმიერი პრობლემა, მხოლოდ ორი განსხვავებული მდგომარეობის (ტექნიკურად 0-ის და 1-ის) გამოყენებით გადაეწყვიტა. ამის განსახორციელებლად მან კომპიუტერის მეხსიერების იდეა შეიმუშავა, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა მანქანის საინსტრუქციო კოდის შენახვა. სწორედ ამ კოდის საშუალებით მანქანა შეძლებდა ამოეხსნა ნებისმიერი პრობლემა, რომლის ინსტრუქციაც მის მეხსიერებაში შეინახებოდა. სწორედ ეს არის ყველა თანამედროვე ტიპის კომპიუტერის მუშაობის პრინციპი.

ტურინგმა შექმნა ე.წ. “ტურინგის მანქანა”, რომელსაც მხოლოდ ერთი ტიპის მათემატიკური პრობლემის ამოხსნა შეეძლო, თუმცა, მეცნიერი ირწმუნებოდა, რომ განვითარებული, უნივერსალური და მოდერნიზებული კომპიუტერი, ნებისმიერი სახის ამოცანას გადაჭრიდა.

ალანმა შეიმუშავა ბიოლოგიის ახალი განხრა, რაც გვირილების მიმართ მისმა სიყავრულმა განაპირობა. ხშირად აკვირდებოდა როგორ იზრდებოდა გვირილა. ამის საფუძველზე, 1952 წელს, შეიუმშავა შესანიშნავი თეორია, რომელიც მათემატიკის საშუალებით ხსნიდა, ორგანიზმების ზრდის პროცესს. ნაშრომს ერქვა “გვირილის განვითარების მიმოხილვა”.

ალანი ოლიმპიური დონის მორბენალი იყო. ის ძირითადად სირბილით ფარავდა იმ მანძილს, რომლის გავლაც სასმსახურეობრივი თუ სხვა მიზნებისთვის უხდებოდა. ამბობდა, რომ სტრესული სამუშაოს გამო, გონების გათიშვას ერთადერთი, სირბილით ახერხებდა. ხშირ შემთხვევაში, მორბენლები უნებლიედ განიცდიან მედიტაციის ფორმას, ისინი გონების გათიშვას ახერხებენ, არ ფიქრობენ ყოველდღიურ პრობლემებზე და ისეთ მდგომარეობას აღწევენ, რომელიც დიდ სიამოვნებას ჰგვრით. თუმცა, ხშირად თვითონვე ვერ ხსნიან ამ მოვლენას. შესაძლოა, ალან ტურინგიც მედიტაციის ამ ფორმით იყო გატაცებული.

“იმიტაციის თამაში” — ანუ, მანქანას რამდენად წარმატებით შეუძლია, ადამიანის ქცევის იმიტაცია. ეს არის ტურინგის ტესტის ძირითადი იდეა, რომელიც 1950 წელს ხელოვნური ინტელექტის “გასაზომად” შეიმუშავა.

მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე წარმატებული საზომია, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერს, დაარმწუნოს მომხმარებელი, რომ ისიც ადამიანია. შესაბამისად, თუ მანქანა ადამიანს ვერ დაარწმუნებს, რომ ელაპარაკება მეორე ადამიანს და არა ჩეთბოტს, გამოდის, რომ ბოტმა ტურინგის ტესტი ვერ გაიარა.

ტურინგის ეს ტესტი დღესაც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის გასაზომად.

თუმცა, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ბევრი ფიქრობს, რომ “ტურინგის ტესტი” აღარ არის საუკეთესო გზა ხელოვნური ინტელექტის შესაფასებლად, ვინაიდან თანამედროვე რობოტებმა, თვითმავალმა მანქანება და სხვა პროგრამებმა შესაძლოა, ფორმალურად ვერ გაირონ ტურინგის ტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ინტელექტი არ აქვთ.

ალან ტურინგმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მან, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შეიუმუშავა იდეა კომპიუტერის მეხსიერების და მასში არსებული ინსტრუქციების (პროგრამული კოდების) მეშვეობით სხვადასხვა ამოცანების გადასაჭრელად.

ალანის ძალიან დიდი მიღწევაა ჭადრაკის ალგორითმი: ორი სვლით ადრე ითვლიდა მოწინააღმდეგის სვლების ყველა შესაძლო ვარიანტს. აღსანიშნავია, რომ ეს ალგორითმი ჯერ კიდევ კომპიუეტერის შექმნამდე შეიმუშავა. ალანი პროგრამას ფურცელზე წერდა. 2012 წელს, რუსმა მოჭადრაკემ, კასპაროვმა, 16 სვლაში მოუგო ტურინგის ამ პროგრამას. მან ტურინგის ალგორითმი შეადარა ადრეულ მანქანას, რომელზეც ახლა შეიძლება გაგვეცინოს, თუმცა, უდავოდ უდიდეს მიღწევად და ახლანდელი მანქანების ფუძემდებლად ითვლება.

ალანი არამხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებების ფუძემდებელია, კაცობრიობის წინაშე მისი ღვაწლი სხვა მხრივაც განსაკუთრებულია.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ალანმა ბრიტანეთის საიდუმლო შტაბ-ბინაში “Bletchley Park”-ში დაიწყო მუშაობა. მისმა ამ საქმიანობამ, მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა სულ ცოტა, ორი წლით შეამცირა და მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა.

ალანი კრიპტოლოგიით იყო გატაცებული და შიფრების ამოხსნის სქემებზე მუშაობდა. სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება ტურინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა — ENIGMA-ს გაშიფვრა.

Enigma — მექანიკური მოწყობილობაა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები შეტყობინებების უსაფრთხოდ გასაგზავნად იყენებდნენ. მისი გატეხვა ან შეტყობინების დეკოდირება საჭირო გასაღების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. შიფრის გასაღები კი ყოველდღე იცვლებოდა. თუმცა, 1941 წელს ტურინგმა და მისმა გუნდმა შეტყობინებების დეკოდირება მოახერხეს და დიდი წვლილი შეიტანეს გერმანელების საზღვაო თავდასხმებისგან მოკავშირეთა გემების დაცვაში.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს კანონი არ წყალობდა, ალან ტურინგი თავის ორიენტაციას არ მალავდა. 1952 წელს, მანჩესტერის უნივერსიტეტში თავის კოლეგა მამაკაცთან ურთიერთობის გამო ის დააპატიმრეს. ალანმა კანონის დამცველებს ღიად განუცხადა, რომ არანაირი კანონი არ დაურღვევია, რომ ის არავის არაფერს უშავებდა და შესაბამისად არ მოქმედებდა კანონის საწინააღმდეგოდ.

არატრადიციული ორიენტაციის გამო, მას ორი არჩევანი ჰქონდა — ციხე, ან ქიმიური კასტრაციის 2 წლიანი კურსი. ტურინგმა მეორე აირჩია.

ქიმიურმა კასტრაციამ ალანის ფსიქოლოგია შეარყია, იმპოტენტი გახადა და გამოიწვია გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში, რომლის შედეგად მამაკაცის მკერდი ემსგავსება ქალისას). მან ორიენტაციის გამო ბრიტანეთის მთავრობის ნდობა დაკარგა, არანაირ საიდუმლო საქმესთან შეხების უფლებას აღარ აძლევდნენ. ამ ყველაფერმა ალან ტურნგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. იგი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ თავი ციანიდით მოიწამლა.

თუმცა, მის სიკვდილთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაა. ზოგი მიიჩნევს, რომ ალანი მოკლეს. 2012 წელს BBC-ზე გასულ სიუჟეტში, ტურინგის მკვლევარი ჯეკ კოპელენდი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მისი თქმით, გარდაცვლილი ტურინგის გვერდით ჩაკბეჩილი ვაშლი იპოვეს, რომელსაც ექსპერტიზა არასდროს ჩატარებია და არც მის ორგანიზმში აღმოუჩენიათ გაკვეთის შემდეგ. მკვლევარის მოსაზრებით, ტურინგი ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ფაქტია, კაცი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში, სიკვდილისგან იხსნა მილიონობით ადამიანი და საფუძველი დაუდო ფაქტობრივად ახალი მეცნიერების გაჩენას, რომლის გარეშეც დღეს ყოველდღიურობაც კი წარმოუდგენელია, დავსაჯეთ მისი ორიენტაციის გამო და ბრიტანეთის მთავრობა მას უმოწყალოდ მოექცა. იმ პერიოდში საზოგადოების და შესაბამისად კანონმდებლობის განვითარების გარდამავალი ფაზა იყო, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია დიდ ბრიტანეთში 1967 წელს მოხდა, ტურინგი კი 1954 წელს გარდაიცვალა. 2009 წელს, ალან ტურინგის თაყვანისმცემლების პეტიცია შეიქმნა, რომელიც ბრიტანეთის პრეიმიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განიხილა 2009 წლის სექტემბერში და მას საჯაროდ მოუბოდიშეს სექსუალური ორიენტაციის გამო დევნისთვის. 2013 წელს კი, დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ათასობით უმოწყალოდ გასამართლებულ არატრადიციული ორიენტაცისს პირს. უსამართლო კანონები ალან ტურინგის საზეიმო შეწყალების შემდეგ გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალები პირდაპირ თუ ირიბად, დღესაც იდევნებიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ისინი ძალადობის და დამცირების მსხვერპლნი არიან. ბევრმა ამ დევნის გამო ფატალურად დაასრულა სიცოცხლე. იმედია, როგორც ბრიტანეთის საზოგადოება განვითარდა ბოლო 61 წლის მანძილზე, პლანეტის მასშტაბითაც ასევე ეტაპობრივად გაქრება ჰომოფობიის ლაქა ადამიანების აზროვნებიდან.

ალან ტურინგის შესახებ გადაღებულია ისტორიული ფილმი “იმიტაციის თამაში”, რომელიც ტურინგის მოღვაწეობას ასახავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბეჩი და კირა ნაიტლი ასრულებენ.

medium.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი