ნონა ხიდეშელი:,,რასაც საღი აზრი ანუ გონება ეწოდება, ბუნებით ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიმადლებული”

0
449

როგორც დეკარტი ამბობდა მართებული განსჯისა და მცდარისაგან ჭეშმარიტის გარჩევის უნარი, სწორედ ის, რასაც საღი აზრი ანუ გონება ეწოდება, ბუნებით ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიმადლებული,  მაგრამ ადამიანთა თვალსაზრისთა განსხვავებულობიდან გამომდინარე, არ კმარა გქონდეს კარგი გონება, მთავარია იგი კარგად გამოიყენო.

ჩვენი გონება განპირობებული და დამძიმებულია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იდეებით, თეორიებით, იდეალებით, ტრადიციებით, სტერეოტიპებით, რელიგიური თუპოლიტიკური იდეოლოგიებით. შესაბამისად აქედან აზროვნებს, ფიქრობს, აფასებს, მოქმედებს, აყალიბებს ურთიერთობებს და საბოლოოდ ვიღებთ ისეთ სამყაროს, როგორიც გვაქვს და არასოდეს მოგვწონს. განპირობებული გონება უკვე გულისხმობს თავისუფლების არარსებობას, რაც ექვივალენტურია სუბიექტური ხედვისა და ცნობიერების შეზღუდულობის. მთელი ეს იდეები, იდეალები და ასე შემდეგ, არაცნობიერ სფეროში აგრძელებენ არსებობას და იქიდან მართავენ და აპროგრამებენ ცნობიერებას.შესაბამისად, გონება ხდება ზედაპირულიდა მექანიკური სტრუქტურა, რომელიც არასოდესაა ადექვატური არსებული, ობიექტური რეალობის, ნებისმიერ გამოწვევას და სიახლეს თავისებური “პროგრამით” უდგება და რა გასაკვირია რომ საბოლოოდ ნივთადაც იქცეს.

ჩვენ ხომ არასოდეს ვცხოვრობთ საკუთარი, ცოცხალი გამოცდილებებით, ვცდილობთ რაღაც ყალიბს მოვერგოთ, რაც საზოგადოებაში პატივსა და სახელს მოგვიტანს და ადგილს დაგვიმკვიდრებს,  ვცდილობთ რომელიმე იდეალს მივემსგავსოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც ეს იდეალები და ავტორიტეტები ცხოვრობდნენ. რაც ვიცი, წერდა მარსელ პრუსტი, მე არ მეკუთვნის, მე მეკუთვნის მხოლოდ ის, რაც ჩემგან ამოიზარდა, და ეს არის ერთადერთი გზა რეალობისკენ, რომელიც ყოველთვის სხვაგვარია.. მართლაც, რეალობა მუდამ სხვაგვარია, არც ერთი წუთი არ გავს ერთმანეთს, მუდმივად სიახლისა და ინტერესის შემცველია, მაგრამ ხედავს კი ამას მექანიკური გონება, შესწევს კი მას უნარი დაინახოს ეს მარადიულად განახლებადი და საინტერესო სამყარო.

ყველაზე ძლიერი იდეა, რაც დღემდე ადამიანის გონებაში არსებულა, არის იდეა ღმერთისა და სამშობლოს შესახებ,  ხშირად ეს ორი რამ, ისე ღრმადაა გადაჯაჭვული, რომ, მათ შორის ზღვარის გავლება რთულია, როგორც მაგალითად, ებრაელისთვის  ებრაელობა მარტო ეთნიკური იდენტობა კი არ არის, არამედ სარწმუნოებაცაა. ქართველისათვის ქართველობა და ქრისტიანობა განუყოფელი ცნებები იყო, ისე როგორც ირანელისათვის ისლამი და ირანელობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ამაღლებული და დიადი იდეების გამო არაერთხელ მომხდარა გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა.

ღმერთისა და ზოგადად რელიგიურობის განცდა ფსიქიკური პროცესია და როდესაც საქმე კონკრეტული ადამიანის რელიგიურ გრძნობებს ეხება, ცხადია, ეს, ისეთი ფაქიზი და დელიკატური თემაა, რომელზეც ზედაპირული მსჯელობა არ შეიძლება. ყველა რელიგია, მიუხედავათ მათი  დოგმატური განსხვავებულობისა, ზნეობრივ სიწმინდეს ქადაგებს და ადამიანს მოუწოდებს უკეთესი გახდეს.

რელიგია მოიცავს  თვითაღზრდის, სიკეთისა და სიდიადისკენ მიმართულ უზარმაზარ ძალას, აღნიშნავდა ვივეკანანდა, რომელსაც შეუძლია როგორც სხვების, ისე საკუთარი სულის სასიკეთოდ შრომა,  მტკიცე ჩვევად უქციოს ადამიანს, და სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა იქნას განხილული. რელიგია თვისუფალი უნდა იყოს სივიწროვის, შეზღუდულობისა და აგრესიულობისგან. ჩვენს ეპოქაში რელიგია უფრო ფართო მიდგომას მოითხოვს, ვიდრე უწინ. 

ჩვენთვის საინტერესოა, როგორია თავად ადამიანის დამოკიდებულება რელიგიისადმი, თუ იგი რელიგიის არსს ვერ ჩასწვდა და მხოლოდ წესების, რიტუალებისა და დოგმების აღსრულებით შემოიფარგლა, ხომ არ არის სწორედ ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება, მიზეზი ადამიანთა დაყოფისა და დაპირისპირების, ისევე როგორც ის ანტირელიგიური განწყობები, ხშირად რატომღაც “საღ აზრთან” რომ არის გაიგივებული. რა თქმა უნდა არის და მუდამ იქნება კიდეც, სანამ  ადამიანი არ მიხვდება, რომ რელიგიურობის განცდა,  ფსიქიკური პროცესია და მისი სულის განუყოფელი ნაწილი. რელიგიის მიღება – არ მიღება კი არ არის მთავარი, არამედ იმის გააზრება და გაცნობიერება, თუ რისთვის არსებობს იგი, საერთოდ საიდან მოდის რელიგიური გრძნობები, და რომ მისი მიზანი და დანიშნულებაა ადამიანს საკუთარი თავი აპოვნინოს და თავის ნამდვილ სამშობლოს, ღვთაებრივ წიაღს დაუბრუნოს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი