კ.გ.იუნგი ანალიზური ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიური ფუნქციები)

0
701

ფსიქოლოგიური ფუნქციები, როგორც წესი, ნებელობას ექვემდებარებიან; ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა, ვინაიდან ჩვენ გვაფრთხობს ყველაფერი, რაც ავტონომიურია. ამრიგად, თუ ეს ასეა, მაშ შეგვძლებია მათი, ვთქვათ, გამორთვა, შერჩევა, დათრგუნვა, გაძლიერება, – მოკლედ, შესაძლებელია მათი მართვა ნების ძალით, ინტენციონალობით. მაგრამ მათ ხომ ჩვენი ნებართვის გარეშეც შეუძლიათ ფუნქციონირება, და აი, მაშინ ისინი ჩვენს მაგივრად აზროვნებენ და გრძნობენ. ის კი არა, ძალზე ხშირადაც კი ,,გვითავხედდებიან” ასე, ჩვენ კი მათთან ვერაფერს ვაწყობთ, წინ ვერ გადავუდგებით. ანდა, შეიძლება, ისინი არაცნობიერად მოქმედებდნენ, ისე, რომ წარმოდგენაც არ გვქონდეს მათი ფუნქციონირების შესახებ და, უეცრად თავს იჩენს, მაგალითად, შედეგი გრძნობითი პროცესისა, რომელიც თურმე არაცნობიერში ვითარდებოდა. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გეტყვიან: ,,აა, გულმოსული ან ნაწყენი იქნებოდი და ამიტომ მიეცი ასეთი და ასეთი რეაქცია”. იქნებ სულაც არ გაგიცნობიერებიათ თქვენი გაბრაზება თუ წყენა, და მაინც, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სწორედ ასე იყო. ფსიქოლოგიურ ფუნქციებს, ისევე როგორც შეგრძნების ორგანოებს, თავ-თავიანთი სპეციფიკური ენერგია გააჩნიათ. თქვენ ძალა არ შეგწევთ გრძნობა, აზროვნება ან სხვა რომელიმე ფუნქცია უბრალოდ გამოთიშოთ. ვერავინ განაცხადებს: ,,მე არ მინდა ვფიქრო!” – სად გაექცევა ფიქრებს! ვერვინ იტყვის: ,,მე არ მინდა ვგრძნობდე!” – უგრძნობი ვინაა; ყველანი ვგრძნობთ, ვინაიდან თითოეულ ფუნქციაში დაუნჯებული სპეციფიკური ენერგია ეძებს და სხვა სახის ენერგიით არ ჩაინაცვლება.

რასაკვირველია, ანგარიშგასაწევია ისიც, თუ ვინ რას ამჯობინებს საერთოდ. ადამიანებს, რომელთაც ძლიერად განვითარებული აზროვნების უნარი აქვთ, უყვართ დაფიქრება და გარემოს აზროვნებითი ფუნქციის მეშვეობით ეგუებიან. ისინი კი, ვისაც გრძნობითი ფუნქცია აქვს კარგად განვითარებული, საზოგადოებაში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში და ღირებულებით მიმართებათა დახვეწილობით გამოირჩევიან. ისინი გრძნობითი სიტუაციის შექმნის დიდოსტატები არიან, და მათი ცხოვრება ასეთ სიტუაციათა გარეშე წარმოუდგენელია. ანდა, ვისაც დაკვირვების ძლიერი უნარი აქვს, ძირითადად შეგრძნებით ფუნქციას იყენებს და ა.შ. ძირითადი ფუნქცია ყველას თავის სპეციფიკურ ფსიქოლოგიას ანიჭებს. მაგალითად, ის, ვინც უმთავრესად აზროვნებით ცხოვრობს, სხვაში არ აგერევათ, და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ფუნქციონირებს მისი გრძნობა. იქ, სადაც აზროვნებაა წამყვანი ფუნქცია, გრძნობა, შესაბამისად, არასრულფასოვანია. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენი სამი ფუნქციის შესახებაც.

ფუნქციები

,,მე”, რომლის განკარგულებაშია ენერგიის განსაზღვრული მარაგი, – ნების ძალა. აზროვნებით ტიპში ნების ეს ძალა აზროვნებაზე იქნება მიმართული.

გრძნობა დაბლა უნდა გამოვსახოთ, რადგან ამ შემთხვევაში ის არასრულფასოვანი ფუნქციაა, – ეს იმიტომ, რომ აზროვნებისას გრძნობა უნდა გამოითიშოს და გრძნობისას – აზროვნება. როდესაც ვაზროვნებთ, გრძნობა და გრძნობითი ღირებულებანი უნდა უკუვაგდოთ, რადგან ისინი ყველაზე მეტად უშლიან ხელს აზროვნებას.

თავსი მხრივ, ადამიანები, რომელნიც გრძნობებით ცხოვრობენ, სიამოვნებით თიშავენ აზროვნებას და სწორადაც იქცევიან, – ეს ორი ფუნქცია ხომ ურთიერთგამომრიცხველია. ბევრს უთქვამს ჩემთვის, აზროვნება ისევე მაქვს დიფერენცირებული, როგორც გრძნობაო, მაგრამ მე ამას ვერ დავიჯერებ, რადგან შეუძლებელია, რომ ორივე ეს დაპირისპირებული ფუნქცია ერთნაირად და ერთნაირად მზაობაში გვქონდეს.

იგივე შეიძლება ითქვას შეგრძნებისა და ინტუიციის მიმართაც. როგორ დამოკიდებულებაში არიან ეს ფუნქციები ერთმანეთთან? თუ ობიექტურ ფაქტებს ვაკვირდებით, შეუძლებელია ამავე დროს ისიც განვჭვრიტოთ, თუ რა დგას ამ თვალსაჩინო მოცემულობის მიღმა. თუკი დავაკვირდებით ადამიანს, რომელიც უმთავრესად შეგრძნებით ფუნქციას იყენებს, დავადგენთ, რომ მისი თვალების ღერძებს კონვერგენციისა და ერთ წერტილში თავმოყრის ტენდენცია აქვთ;

ხოლო ინტუიტურ ადამიანთა გამომეტყველებას ან თვალებს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ მათი მზერა ნივთებს მხოლოდ ეხება, – ისინი იმდენად კი არ უყურებენ, რამდენადაც თვალს ავლებენ ნივთებს და მთლიანობაში გადმოაქვთ ყოველივე თავის თავში; აღქმულის მრავალფეროვნებიდან კი რომელიღაც მხარეს შუქი მოეფინება მათი მხედველობის ველის პერიფერიაში, და სწორედ ესაა წინათგრძნობა. ხშირად თვალების გამომეტყველების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, ინტუიტურია ვინმე თუ არა.

ინტუიტურ დამიანს, ჩვეულებრივ, დეტალები არ აინტერესებს. ის მუდამ ცდილობს სიტუაცია მთლიანობაში აღიქვას, და შემდეგ ამ მთლიანობიდან ერთბაშად რაღაც წინა პლანზე წამოიწევს. შეგრძნებითი ტიპი კი ისე ხედავს ნივთებს, როგორიც ისინი არიან, ხოლო ინტუიცია არ გააჩნია, – ელემენტარულად იმიტომ, რომ ამ ორ განსხვავებულ რამეს ერთდროულად ფუნქციონირება არ შეუძლია. მეტისმეტად ძნელი იქნებოდა ეს, ვინაიდან ერთი ფუნქციის პრინციპი მეორის პრინციპს გამორიცხავს. ამიტომაა, რომ ისინი აქ ურთიერთდაპირისპირებულად გამოვსახე.

მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ ადამიანის ცნობიერების სტრუქტურის შესახებ. მაგალითად, თუ აზროვნება ძლიერ დიფერენცირებულია, გრძნობა ნამდვილად არ იქნება დიფერენცირებული. რას ნიშნავს ეს? იმას, ხომ არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს გრძნობები არა აქვთ? სრულიადაც არა, პირიქით. მათ ისიც კი შეიძლება გითხრან, ძალზე ძლიერი გრძნობები მაქვს, მეტად ტემპერამენტიანი და ემოციური ვარო. ეს ადამიანები საკუთარ ემოციებს დაუტყვევებიათ, დაპატრონებიან და ხანდახან ისეთ დღეში აგდებენ – მტრისას! ასე, მაგალითად, ძალიან საინტერესოა პროფესორთა პირადი ცხოვრების შესწავლა. თუ გაინტერესებთ, როგორ იქცევა შინ ინტელექტუალი, ჰკითხეთ მის ცოლს. იცოცხლეთ, რასაც ის მოგიყვებათ!..

გრძნობით ტიპთან კი ყველაფერი პირიქითაა. თუ იგი ნორმალურად ვითარდება, აზროვნებას თავისუფალ გასაქანს თავის დღეში არ აღირსებს, მაგრამ ნევროზი თუ დაემართა, მაშინ კი დაურღვევენ ფიქრები ცხოვრების წყნარ მიმდინარეობას. აზროვნება ასეთ შემთხვევაში არამკითხე-მოამბესავით ერევა საქმეში, და ადამიანს ფიქრები საშველს აღარ აძლევენ. კი, ძალიან სასიამოვნო და სიმპათიური კაცია, მაგრამ უცნაური წარმოდგენები და შეხედულებები აქვს, მისი აზროვნება კი არასრულფასოვანია. გეგონება, აზროვნებას გამოუჭერია, რაღაც აზრებში გაჭედილა და ვეღარც აქეთ მიდის და ვეღარც აქეთო, – მას ხომ განსჯა არ ძალუძს. მისი აზრები ტლანქია და შეურყეველი. ინტელექტუალმა კი, თავის მხრივ, თუ დაიჩემა, ასე ვგრძნობ და რა ვქნაო, ვერავითარი არგუმენტით ვერ გადაარწმუნებ. სანამ ტყავს არ გააძრობენ ემოციები, მანამდე მათგან თავს ვერ დაიხსნის. არავითარი არგუმენტი არ გამოდგება მისი გრძნობის წინააღმდეგ; ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მასზე ნაკლოვანი კაცი არ იქნებოდა.

მსგავსადაა საქმე შეგრძნებით და ინტუიტურ ტიპებთან. ინტუიტური ტიპი ნივთთა რეალობისაგან თავს დათრგუნვილად გრძნობს; რეალობის თვალსაზრისით ის ,,ვერ ამართლებს”; მუდამდღე ახალი ცხოვრებისეული შესაძლებლობებისკენაა მიმართული. ეს ის კაცია, მიწას რომ ამუშავებს და მოსავალს შემოსვლას არ აცდის, რომ უკვე ახალი მინდვრისაკენ მიეშურება. უკან ხნულები მოუტოვებია, წინ სულ ახალ-ახალი იმედები უჩანს, ფაქტიურად კი ხელიდან არაფერი გამოსდის. შეგრძნებითი ტიპი – პირიქით, ნივთებს არ სცილდება, მოცემულ რეალობაში ცხოვრობს. მისთვის ჭეშმარიტი ისაა, რაც რეალურია. ინტუიტური ტიპისთვის კი რას ნიშნავს, რომ რაიმე რეალურად არსებობს? სწორედ რომ საპირისპიროს: ის კი არ უნდა არსებულიყო, რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო. შეგრძნებითი ტიპის წინაშე თუ მოცემული რეალობა არაა, – ოთხი კედელი მის გარშემო, – ის ავად გახდება. მაგრამ თუ ინტუიტურ ტიპს ოთხ კედელს შუა გამოვამწყვდევთ, რომლებშიც მან უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებს: როგორ დააღწიოს თავი იქაურობას. კონკრეტული სიტუაცია მისთვის საპყრობილეა, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიქცეს, რათა ახალი შესაძლებლობების შესახვედრად გაემართოს.

ეს განსხვავებები პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში დიდ როლს ასრულებენ. მერწმუნეთ, მე ადამიანებს უჯრებში სულაც არ ვაწყობ და დაუფიქრებლად როდი ვიძახი: ,,ეს ინტუიტურია”, ანდა ,,ეს აზროვნებითი ტიპია”. ხშირად მეკითხებიან: ,,აი, ესა და ეს კაცი აზროვნებითი ტიპი არ არის?” ასეთ შემთხვევაში მივუგებ ხოლმე: ,,ამაზე ჯერ არ მიფიქრია”, და მართალიც ვარ. უაზრობაა ადამიანების კატეგორიებად დანაწილება და მათზე ეტიკეტების დაკვრა. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშე ფართო მოცულობის ემპირიული მასალაა, საორიენტაციოდ საჭირო ხდება განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც მთლიანობის წვდომას აიოლებენ, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხოლმე ემპირიული მასალის რამენაირად მოწესრიგება, მითუმეტეს, როცა საქმე დაავადებულ თუ გონებაარეულ ხალხთან მაქვს, ანდა როდესაც მათი თავისებურება თუ მდგომარეობა ვინმეს უნდა ავუხსნა. მაგალითად, როდესაც ცოლის საქციელი ქმარს უნდა განვუმარტო, ან პირიქით, დიდი დახმარება შეიძლება მაშინ გამიწიოს ასეთი ობიექტური კრიტერიუმებით სარგებლობამ. ეს რომ არა, იძულებული ვიქნებოდი წამდაუწუმ მემეორებინა: ,,თქვენმა ქმარმა თქვა…”, ,,თქვენმა ცოლმა თქვა…”.

არასრულფასოვან ფუნქციას, როგორც წესი, არა აქვს ცნობიერად დიფერენცირებული ფუნქციის თვისებები. ამ უკანასკნელის მართვა, პრინციპში, ნებელობას შეუძლია. ჭეშმარიტ აზროვნებით ტიპს შეუძლია თავისი აზროვნება ნებისმიერად წარმართოს, აზრები მორჩილებაში იყოლიოს. ის არაა თავისი აზრების მონა, სხვა რამეზეც შეუძლია იფიქროს. მას უფლება აქვს, თქვას: ,,მე სხვა რამის მოაზრებაც შემიძლია: მე შემიძლია ამის საწინააღმდეგო მოვიაზრო”. გრძნობით ტიპს კი ეს არ შეულია – იგი ხომ თავის ფიქრებს ვერსად გაექცევა. ფიქრები მას ატყვევებენ, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ის მონუსხულია ფიქრების მიერ. ისტორია მისთვის რაღაც მომაჯადოებელია, და ამიტომ შიშს უნერგავს. აზროვნებით ტიპს კი იმის ეშინია, გრძნობებმა არ წაართვან თავი, – მისი გრძნობა ხომ არქაული ხასიათისაა, და ის არქაული ადამიანის მდგომარეობაში იმყოფება: ის თავისი ემოციების უმწეო მსხვერპლია. ამიტომაცაა, რომ პრიმიტივი ასე ხაზგასმულად თავაზიანია: ფრთხილობს, მოყვასის გრძნობები არ შელახოს, – ხომ შეიძლება საქმე სახიფათოდ შეტრიალდეს. მრავალი ჩვენებური ადათ-წესი ასეთი არქაული თავაზიანობით შეიძლება იქნეს ახსნილი. ასე, მაგალითად, მიღებული არ არის, ვინმეს ხელს ართმევდე და მარცხენა ხელი ამ დროს ჯიბეში გედოს, ან ზურგს უკან გეჭიროს: ხომ უნდა აჩვენოთ, რომ ხელში იარაღი არა გაქვთ. აღმოსავლური მისალმება გაშლილი, ამობრუნებული ხელისგულებით ნიშნავს: ,,მე ხელთ არაფერი მაქვს”. კოტაუს* დროს კაცი მეორე ადამიანის ტერფებამდე ხრის, რათა დაანახოს, რომ სრულიად დაუცველია და მთელი გულით ენდობა მას.

* კოტაუ – მდაბალი სალამი ძველ ჩინურ ცერემონიალში (რედ.).

პრიმიტივებზე მშვენივრად შეისწავლება ქცევის მენერების სიმბოლიკა; ისიც გასაგები ხდება, თუ რატომ ეშინიათ მათ თანამოძმეებისა. ამგვარივე შიშს განვიცდით ჩვენც ჩვენი არასრულფასოვანი ფუნქციის წინაშე. რომ ნახოთ, როგორ ეშინია ტიპიურ ინტელექტუალს, ვინმე არ შეუყვარდეს, თავდაპირველად ყოვლად გაუგებრად გეჩვენებათ ასეთი შიში; მაგრამ მას, ეტყობა, საკმაო საფუძველი აქვს ეშჯინოდეს, რადგან სავსებით მოსალოდნელია, რომ ასეთ შემთხვევაში იგი ძალიან უჭკუოდ მოიქცეს. მას საკუთარი გრძნობები წამოაჩოქებენ, რადგანაც ისინი ქალის მხოლოდ არქაულ ანდა სახიფათო ტიპზე რეაგირებენ. აქედან აიხსნება ზოგი ინტელექტუალის ტენდენცია, ცოლი თავისზე დაბალი დონისა მოიყვნონ; ისინი შეიძლება უბრალო ქალებმა – სახლის გამქირავებელმა ანდა მზარეულმა გამოიჭირონ; ფაქტიურად ისინი საკუთარი არქაული გრძნობების მიერ დაგებულ ხაფანგში ებმებიან, რომელთაც ანგარიშს არ უწევენ. ამიტომ მათი შიში სავსებით გამართლებულია, – გრძნობებმა ხომ შეიძლება დაღუპონ ისინი. აზროვნებაში მათ ვინ რას დააკლებს, – აქ ძლიერნი და დამოუკიდებელნი არიან; მაგრამ გრძნობაში მათზე შეიძლება გავლენა მოახდინონ, მოერიონ, გააცურონ და მშრალზე დასვან. ეს მათ მშვენივრად მოეხსენებათ. ამიტომ ნურასოდეს ეცდებით ინტელექტუალი გრძნობაში აიყოლიოთ: ის მას რკინისებური მუშტით უკუადებს, რადგანაც იცის, რაოდენ სახიფათოა.

ეს კანონზომიერება ყველა ფუნქციაზე შეიძლება განვავრცოთ. არასრულფასოვანი ფუნქცია ჩვენში მუდამ არქაულ პიროვნულ ასპექტთანაა დაკავშირებული; არასრულფასოვან ფუნქციაში ჩვენ ყველანი პრიმიტივებს წარმოვადგენთ. დიფერენცირებულ ფუნქციაში ცივილიზებულნი ვართ და გაგვაჩნია რაღაც ისეთი, როგორიცაა თავისუფალი ნება; მაგრამ საქმე არასრულფასოვან ფუნქციაზე თუ მიდგა, არავითარ თავისუფალ ნებაზე აღარ შეიძლება ლაპარაკი. არასრულფასოვანი ფუნქცია ღია ჭრილობასავითაა – ანდა, სხვაგვარად, მეტისმეტი რომ არ გამოგვივიდეს, ღია კარივით – საიდანაც რაღა არ შეიძლება შემოიჭრას და მყუდროება დაგვირღვიოს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი