ფრანც კაფკა – უბედურად ყოფნა

0
436
როცა ყოფა უკვე აუტანელი გახდა – საღამოსკენ, ერთხელ, ნოემბერში. როცა ოთახში მე ვიწრო ფარდაგზე ისე, როგორც სარბენ ბილიკზე აქეთ–იქით დავრბოდი – შეშინებული, გაჩირაღდნებული ტერასის შემხედვარე; ისევ მოვბრუნდი და სარკეში არეკლილ ოთახის სიღრმეში ახალი მიზანი დავისახე და მთელი არსებით ვიყვირე, რომ მხოლოდ ყვირილი გამეგონა, რომელსაც არაფერი ეპასუხება, რომელსაც არაფერი ახშობს, რომელიც ზევით მიიწევს  მიუხედავად მოქმედი საპირწონე ძალისა და არც ჩერდება, მაშინაც კი, როცა ის მიიჩქმალება კიდეც; სწორედ, რომ მაშინ, პირდაპირ კედლიდან გამოიღო კარი, ისე ნაჩქარევად, რადგან სიჩქარე ასე საჭირო იყო და თავად ეტლში შებმული ცხენებიც კი ქვევით, ქუჩის ქვაფენილზე, ისე, როგორც  გააფთრებულები, რომელიმე ორთაბრძოლაში, გლანდებგადმოგდებულები ორ ფეხზე  წამოიყალყნენ.
მოდიოდა ბავშვი, როგორც პატარა მოჩვენება, სრულიად ჩაბნელებულ კორიდორში,  სადაც სანათი ჯერ კიდევ არ აენთოთ  და უეცრად თითისწვერებით, თითქმის შეუმჩნევლად ამოძრავებულ, ხის ფიცრულ იატაკზე შედგა. ოთახიდან გამოსულმა დაისის ნათებამ გააპო სიბნელე და წამით მას თვალი მოსჭრა. ის–ის იყო სახე ხელებში უნდა ჩაერგო, რომ მოულოდნელად დამშვიდდა, როცა ფანჯარას თვალი მოჰკრა და დაინახა, თუ როგორ შთანთქა, როგორც იქნა, წყვდიადმა ქუჩის ნისლეული ნათელი. ლანდი მარჯვენა იდაყვით კედელს მიყრდნობილი დადგა ღია კართან და გარედან მონაბერ სიოს წვივები, ყელი და საფეთქლები ნაზად მიუშვირა.
მე მას გავხედე, შემდეგ მივესალმე – „გამარჯობა!“ და იქვე ბუხრის წინ მიფენილ ჩემს ტანისამოსს დავწვდი, რადგან არ მინდოდა ნახევრად შიშველი ვმდგარიყავი იქ. წამით პირი გავაღე, რათა აღელვება პირიდან გამომეშვა. ცუდი გემო მქონდა ჩარჩენილი, სახეზე, თვალებთან წამწამები მიცახცახებდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ახლა არაფერი აღარ მაკლდა, გარდა ამ სტუმრობისა, რომელიც ყველანაირად ვიცოდი, რომ იქნებოდა.
ბავშვი კიდევ კედელთან იდგა – ისევ იმ ადგილას. მარჯვენა ხელით კედელს აკვროდა და სიამოვნებისგან ლოყებშეფაკლული, თეთრად შებათქაშებულ კედლის ხორკლიან ზედაპირს თითის წვერებით ეხებოდა.
„თქვენ ჩემთან უნდა მოსულიყავით? რაიმე შეცდომა ხომ არ არის? შეცდომები ამ დიდ სახლში ხშირად ხდება. მე მქვია ესა და ეს. მესამე სართულზე ვცხოვრობ. ანუ ის ვარ ვინც თქვენ უნდა გენახათ?’’ – ვიკითხე მე
„წყნარად, წყნარად!“ – ჩაილაპარაკა ზურგს უკან ბავშვმა. – „ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს.’’
„შემოდით მაშინ შიგნით, ოთახში. კარი მინდა ჩავკეტო.’’
„კარი ეს–ესაა დავკეტე. არ შეწუხდეთ. და საერთოდაც დამშვიდდით რა.’’
„სხვანაირად არ გამიგოთ’’ – ვთქვი მე – „მაგრამ ამ ჩაყოლებაზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს; რა თქმა უნდა ყველანი ჩემი ნაცნობები არიან. ბევრი მათგანი ახლა სამსახურიდან ბრუნდება. როცა ისინი ოთახში ლაპარაკს გაიგონებენ, მოადგებიან და ჰგონიათ უფლება აქვთ გამოხსნან კარი და შემოიხედონ შიგნით, რათა გაარკვიონ ოთახში რა ხდება.  ერთხელ უკვე მოხდა ასე. ამ ხალხს ყოველდღიური სამუშაო მომთავრებული აქვს, საღამოს კი ვის უნდა გაუწიონ კონტროლი? თქვენც ხომ იცით, რა და როგორ ხდება. დამახურინეთ რა კარი.
„რა ხდება, რა ამბავია? ჩემ გამო, ახლა აქ, სახლის მთელი მობინადრეობა მოვა? და კიდევ ერთხელ გიმეორებთ: კარი უკვე დავკეტე. არ გჯერათ? თუ გგონიათ მარტო თქვენ შეგიძლიათ კარის დახურვა? ის კი არა და საკეტითაც კი ჩავრაზე მე ის.“
„მაშინ კარგია. მეტი მეც არაფერი მინდოდა. საკეტით ჩაკეტვა კი არც იყო საჭირო და ახლა, რადგანაც მოხვედით, მოეწყვეთ თქვენ გემოზე. თქვენ ჩემი სტუმარი ხართ. სრულიად მომენდეთ. შიშის გარეშე მოშინაურდით. მე თქვენ  ძალას  არ დაგატანთ – არც აქ დარჩენას გაიძულებთ და არც აქედან წასვლას. რა ეს ყველაფერი მაინცადამაინც უნდა მეთქვა? ასე ცუდად მიცნობთ?’’
„არა, თქვენ ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გეთქვათ. მეტიც – საერთოდ არც იყავით ვალდებული, რომ რაიმე  გეთქვათ. მე ბავშვი ვარ. ამდენ ახსნა–განმარტებას რატომ იძლევით?
„ეს ძალიან ცუდიც არაა ალბათ. ბავშვი? ჰო, ბავშვი. მაგრამ ისე პატარაც არ ხართ. უკვე გაზრდილხართ კიდეც. უფრო მოზრდილი გოგონა, რომ ყოფილიყავით ასე იოლად არც უნდა გამოკეტილიყავით ჩემთან ერთად ოთახში.
„მაგ საკითხზე ფიქრით თავს ნუ შევიწუხებთ. ერთს ვიტყოდი: ის ფაქტი, რომ მე თქვენ კარგად გიცნობთ, ისეთს არაფერს არ განაპირობებს. უბრალოდ, ალბათ, ცოტაოდენ წაგერთმევათ იმის სურვილი, რომ მე რაღაც მომატყუოთ; მაგრამ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც დგახართ და მამკობთ კომპლიმენტებით. მიატოვეთ ეგ ქმედება, მე მოვითხოვ თქვენგან  – მიატოვეთ ! მე ალბათ, თქვენ ყველანაირად ვერ მცნობიხართ, მითუფრო ამ წყვდიადშიც ვეღარ გარჩევთ. უმჯობესი იქნებოდა ოთახი გაგენათებინათ. ისე, არც ეგ არის საჭირო. მე ისედაც, უკვე ვიგრძენი, რომ თქვენ გინდათ მე  მემუქრებოდეთ.’’
„რა? კარგით რა, რა მუქარა?! ისე მოხარული ვარ, რომ თქვენ როგორც იქნა აქ ხართ. მე ვამბობ „როგორც იქნა’’, რადგან ეს უკვე ისე დაგვიანებულია. მე ისიც არ მესმის,  რატომ მოხვედით თქვენ ასე დაგვიანებით. შესაძლოა, სიხარულისგან მე არეულად გელაპარაკეთ და თქვენც ეს პირდაპირ ასე გაიგეთ. მე ვაღიარებ, იქნებ გემუქრებოდით კიდეც, იყოს ასე. მაგრამ ღვთის გულისათვის – ოღონდ არ ვიჩხუბოთ! ისე, როგორ შეგეძლოთ ეს დაგეჯერებინათ? როგორ შეგეძლოთ თქვენ ჩემთვის გული მოგეკლათ? რატომ გინდათ ეს თქვენი, სულ მცირე ხნით აქ ყოფნა, ყველანაირად ჩამაშხამოთ? უცხო ადამიანი უფრო მოწყალე იქნებოდა ვიდრე ეს თქვენ.’’
„ასეც ვიცოდი სიბრძნის არანაირი ნიშან–წყალი, რომ არ გაგაჩნიათ. მე მთელი ჩემი ბუნებით უფრო ახლოს ვარ თქვენთან ვიდრე ვინმე უცხო, სხვა. ეს თქვენც იცით და რაღას მოსთქვამთ? თქვით, რომ ახლა აქ კომედიის გათამაშებას აპირებთ და სპექტაკლს დგამთ და მე თვალის დახამხამებაში გავბუნდები აქედან.’’
„ასე ხომ? ანუ ამის თქმასაც ბედავთ თქვენ, ასე უტიფრად ჩემთან? თქვენ რაღაც ძალიან გამითამამდით. სხვა, რომ არაფერი, თქვენ ჩემ ოთახში ხართ. თქვენ თითს ჩემ კედელზე როგორც შეშლილი ისე დაატარებთ. ეს ჩემი ოთახია, ეს ჩემი კედელია. და კიდევ, გარდა იმისა რასაც თქვენ ამბობთ ეს არა მარტო სამარცხვინოა – სასაცილოცაა. თქვენ იტყვით, ეს თქვენმა ბუნებამ გაიძულათ, ასე გელაპარაკათ ჩემთან ხომ? მართლა? ეს თქვენი ბუნება გაიძულებთ ამას თქვენ? სასიამოვნოა თქვენი ბუნებისგან! თქვენი ბუნება, ხომ ეს იგივე ჩემი ბუნებაა და თუ მე მეგობრულად, თავაზიანად მოგექცევით, თქვენც სხვანაირი არ უნდა იყოთ.’’
– ეს თავაზიანი საქციელია?
– მე წინანდელზე გეუბნებით.
– იცით კი, მე როგორი გავხდები დრო, რომ გავა?
– არაფერი მე არ ვიცი.
ვთქვი და სიბნელეში მაგიდასთან მივედი. სანთელი ავანთე.
მე მაშინ არც გაზი, არც ელექტრო ნათება არ მქონდა ოთახში. რამდენიმე ხანი მაგიდასთან ასე ვიჯექი, სანამ ჯდომისგან არ დავიქანცე. მოსასხამი მოვიცვი, სავარძლიდან ქუდი ავიღე, სანთელი ჩავაქრე და გარეთკენ გავემართე. გასვლისას სავარძლის ფეხს გამოვედე.
გარეთ, კიბეზე, ჩემივე სართულის მდგმურს შევხვდი.
– ისევ სადღაც მიყიალებთ, არაფრის მაქნისო? – თქვა მან, თან კიბეზე გაჩაჩხულ ფეხებს დაეყრდო და ცოტა დაისვენა.
– განა რას მიბრძანებთ,  რა უნდა მექმნა? ეს–ესაა ოთახში მოჩვენება მყავდა.’’
– თქვენ ამას ისეთი უკმაყოფილებით მეუბნებით თითქოს წვნიანში თმა გეპოვნოთ.
– თქვენ გეხუმრებათ, მაგრამ არ იცით, მოჩვენებაცაა და მოჩვენებაც.
– სრული სიმართლეა. მაგრამ რას იტყვით მაშინ, თუ მოჩვენებების არ მჯერა?
– თქვენ რა გგონიათ, განა მე მჯერა? მაგრამ ეს არ დაჯერებაც რამეში დამეხმარება?
– კი, რა თქმა უნდა. ეცდებით დასძლიოთ შიში, თუ მოჩვენება თქვენთან ნამდვილად მოვა.
– ჰო, მაგრამ ეგ შიში უკვე ნამდვილი შიში აღარ იქნება, ეს იქნება მეორეხარისხოვანი. საერთოდ, რეალური შიში მოვლენის ქმედებისგანაა განპირობებული. და ასეთი შიში დიდხანს აღარ გტოვებს. სწორედაც, რომ მაგ შიშით ვარ ეხლა მე მთლიანად მოცული’’ – ვთქვი ეს და თან ნერვიულობისგან ყველა ჯიბის გადასინჯვა დავიწყე.
– აჰ, მაშინ თუ თქვენ თავად ამ მოვლენისგან შიში არ გაგუფლებიათ, შეგეძლოთ მშვიდად გეკითხათ, თუ რატომ იყო ის აქ  საერთოდ მოსული!’’
– გატყობთ თქვენ არასდროს გილაპარაკიათ მოჩვენებასთან. მისგან სიმართლეს ადამიანი ვერასოდეს შეიტყობს. ისინი განუწყვეტლივ იხრებიან ხან იქით, ხან აქეთ.  ეგ მოჩვენებები თავიანთ არსებობაში მგონი ჩვენზე უფრო მეტადაც კი ორჭოფობენ.
– მე  მსმენია, რომ მათი გამოკვება შეიძლება.
– სწორად გსმენიათ. შესაძლებელია; მაგრამ ეგეთ რამეს ვინ გააკეთებს?
– რატომაც არა? თუ მოჩვენება მაგალითად მდედრობითი სქესისაა… –  თქვა მან და ერთი კიბით ზევით ავიდა.
– ჰო, არა?  მაგრამ მაგ შემთხვევაშიც არ ღირს – ვუთხარი მე.
უცბად გამოვერკვიე. ჩემი ნაცნობი უკვე ისე ზევით ასულიყო კიბეზე, რომ რათა მე დავენახე ხელმოსაკიდებზე უნდა გადმოყუდებულიყო.
– და მიუხედავად ამ ყველაფრისა –  ვიყვირე მე – თუ თქვენ იქ, მაღლა ჩემს მოჩვენებას დააფრთხობთ, ჩვენ შორის ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდება.
– ეს მხოლოდ ხუმრობა იყო – თქვა მან და თავი ჩაღუნა.
– მაშინ, ძალიან კარგი… – მივუგე მე.
ახლა უკვე მშვიდად შემეძლო სასეირნოდ წასვლა, მაგრამ, რადგან მე თავს ასე დაცლილად ვგრძნობდი, ვამჯობინე – წავედი ზევით და დასაძინებლად დავწექი.
 თარგმნა დავით კირკიტაძემ 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი