ნანა ჩიჩუა:,,კითხვას – თუ რა არის სათქმელი, ერთი პასუხი აქვს-რეალობა”

0
254

ქსენოფონტე ამდაბლებდა სოკრატეს, რადგან ის ვერ ჩასწვდა სოკრატეს აზროვნების სიღრმეს, ხოლო პლატონი პირიქით, ადიდებდა, რადგან პლატონმა თავად  მოიცვა სოკრატეო. ცუდის თქმისა და გაკეთების სურვილს არა ერთი და ორი ფაქტორი განაპირობებს. ერთი კი ცხადია, შინაგან მიზნებით მოტივირებულობა, რომელიც პიროვნულ ზრდაზეა ფოკუსირებული,  იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარ აუგს.

ზოგჯერ ადამიანი საკუთარ აზრს თუ მოქმედებას, რომელიც მისთვისაც მორალურად მიუღებელია, გაუცნობიერებლად სხვას, მასზე უფრო კომპეტენტურს მიაწერს. ანდაზაც ,,ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო“, ამასვე ადასტურებს. საკუთარ ნაკლოვან მხარეზე თვალის გასწორება, მასზე პასუხისმგებლობის აღება, დიდ შინაგან ძალას საჭიროებს.

დესტრუქციული ენერგიისაგან გამონთავისუფლებას ანუ კათარზისს ცხოვრებისეული ტანჯვისა და დიდი ემოციური დაძაბულობის გამოცდილება ესაჭირობა, რაც ჭეშმარიტი ხელოვნებითაც მიღწევადია. ძველი ბერძნული თეატრი და მწერლობა მაგ. სოფოკლეს ტრაგედიები ამ მიზანს ემსახურებოდა. ამ თვალსაზრისით რელიგიამაც დიდი შვება მიანიჭა ადამიანს. ფულად მოგებაზე ორიენტირებულმა თანამედროვეობამ კი სახიფათოდ დაამკვიდრა ფსევდო ხელოვნება, ფსევდო რელიგიურობა, ფსევდო ინტელექტუალობა და ადამიანს იოტისოდენა ადგილი არ დაუტოვა იმისათვის, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილისეული წუხილით ,,სულმა სად ჰპოვოს შვება, სად მიიდრიკო თავი“, არ წუხდეს.

სამწუხაროდ, ძირითადად სიძულვილის, ცინიზმის, ტყუილის ფრქვევაში იხარჯება  თანამედროვე მასმედია და სიტყვისადმი უპატივცემულობის სავალალო სურათი ,,წარმატებით“ დემონსტრირდება.

არსებობს სიტყვის ზემოქმედების პირდაპირი და ირიბი გზა. ირიბი გზა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე პირდაპირი, რადგან ირიბი უშუალოდ ირაციონალურზე ზემოქმედებს. ადამიანის ყოველდღიურ, ყოფით ქცევაში კი დიდი წილი სწორედ ირაციონალურს ეკუთვნის.

,,მე ვიბრძვი არა ქართული ენისათვის, არამედ იმისათვის, რაც ამ ენაზე უნდა ითქვას“ წერდა მერაბ მამარდაშვილი. კითხვას – თუ რა არის სათქმელი, ერთი პასუხი აქვს-რეალობა!

რეალობის ე.წ. გადამუშავების ან გადაფარვის და ა.შ. ტექნოლოგია სხვადასხვა პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე  მედია საშუალებების მიერ იმდენად ოსტატურად დაიხვეწა, რომ თუ არა კრიტიკული ცნობიერება, რეალობა პრაქტიკულად ამოუცნობი დარჩებოდა. მედიის მიერ რეალობის დამახინჯების, შთანთქმის საგანგაშო  პროცესს ამხელს და აანალიზებს ცნობილი ფრანგი მოაზროვნე ჟან ბოდრიარი და იქვე აგრძელებს, რომ ასეთ ვითარებაში ადამიანურ არსებობას დაუცველობა ემუქრება-სიყალბისაგან დაუცველობა!

რეალობადაკარგული საზოგადოების ლინგვისტური ველი იმდენად Facebook-ური აღმოჩნდა, რომ ოჯახის წევრები ოჯახში ერთი საერთო კომპიუტერზეც კი ერთმანეთის სტატუსებს აზიარებენ და აკომენტარებენ (?!). ემოციისა და აზრის გაზიარების სივრცის ვირტუალურში გადანაცვლებით კიდევ უფრო გაუუცხოვდა ადამიანი თავის ნამდვილ, ადამიანურ არსებობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი