ფსიქოლოგიის განვითარების 10 ეტაპი

0
301
1.წინამეცნიერული ეტაპი.
უძველეს დროში გაჩენილი პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების – „სულის“ – შესახებ საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიას. ჩვენს შორეულ წინაპრებს სწამდათ, რომ სული ან „აჩრდილი“ დაკავებული იმის დადგენით, თუ რას ხედავს თვალი, რა ესმის ყურს და რას გრძნობს კანი. მათ მიაჩნდათ, რომ ძილის დროს სული გამოდიოდა სხეულიდან და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით სიზმარში. ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები და ქალღმერთები, რომლებიც იწვევდნენ ადამიანთა სულიერი სამყაროს ყველა აუხსნელ გამოვლინებას: ადამიანის მიერ რეალობის აღქმას, ფსიქიკურ აშლილობებს, სიყვარულს, სიმამაცეს, სიმხდალეს და ა.შ
   
2.მეტაფიზიკური ფსიქოლოგია.
ძველ საბერძნეთში პირველი ფილოსოფიური სისტემების შექმნიდან მოყოლებული ადამიანის სულიერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიური წარმოდგენების ფარგლებში მოექცა. ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე) მოცემულია ფსიქიკური პროცესების ერთგვარი გაგება:ისინი ისეთი მოვლენებია, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი, „სინამდვილის გადაღმა არსებული“, მეტაფიზიკური არსის – „სულის“ გამოვლინებას წარმოადგენენ. ფსიქოლოგიის განვითარების ამ ეტაპს მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს უწოდებენ. პირველი სპეციალური ფსიქოლოგიური ნაშრომი, ტრაქტატი სულის შესახებ შექმნა არისტოტელემ ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე საუკუნეში. მას მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის. ყველაფერი, რაც ცოცხალ არსებაში ხდება, სულის მოქმედების გამოვლინებაა.არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების, თანამედროვე ტერმინით ფსიქიკური პროცესების (შეგრძნება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, გრძნობები, ნებელობა) დახასიათება, რომელიც დღესაც გაოცებას იწვევს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის სიზუსტით.
 
3.ემპირიული ფსიქოლოგია.
საუკუნეების მანძილზე ფსიქოლოგია სულის შესახებ მოძღვრებად ითვლებოდა. მე-17 საუკუნიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინტენსიურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, კერძოდ, ფსიქიკის გაგებაზე. სული, რომელიც დაკვირვებადი მოვლენების მიღმა არსებობს და აუხსნელ ძალად რჩება გამოირიცხა მეცნიერებიდან. ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულ ანუ გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ მოვლენებს. ამ კონცეფციის თანახმად ფსიქიკა ძირითადად გაგებულია როგორც მატერიალური სამყაროდან მოწყვეტილი, საზოგადოებრივი მოვლენებისაგან დამოუკიდებელი დახშული ფსიქიკური სამყარო. ამასთან ერთად ცალკეული ფსიქიკური მოვლენები შეისწავლებოდა ადამიანის, მთლიანი პიროვნებისაგან დამოუკიდებლად. ითვლებოდა, რომ ფსიქიკური პროცესების დაკვირვება მხოლოდ თვით სუბიექტს, ამ პროცესების განმცდელს შეუძლია და ამიტომ, ერთადერთ მეთოდად აღიარებული იყო თვითდაკვირვება ანუ ინტროსპექცია, რომელიც ხშირად სუბიექტივისტური შეცდომების წყაროს წარმოადგენს.
   
4.ვუნდტის ფსიქოლოგიური ლაბორატორია.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიპციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ვუნდტის სისტემა იყო ელემენტარისტული, რადგან მასში ცნობიერება მარტივი ერთეულებისაგან აგებულად განიხილებოდა.
   
 5.გეშტალტფსიქოლოგია .
გერმანული სიტყვა „გეშტალტი“ ნიშნავს ფორმას ან კონფიგურაციას. გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით გარემო ჩვენს მიერ არ აღიქმება ცალკეული ელემენტების კომბინაციის სახით, ჩვენ განვიცდით გარკვეულ ორგანიზებულ მთლიანობას და არა მისი ელემენტების უბრალო ჯამს. გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახლდათ გერმანელი ფსიქოლოგი მაქს ვერტჰაიმერი. მისი აზრით, მრავალ მოვლენას ფსიქიკა აღიქვამს, როგორც გეშტალტს – ორგანიზებულ მთელს და არა მარტივი ნაწილების ერთობას. როდესაც მაგალითად, ნახატს აღვიქვამთ, ის უფრო მეტია, ვიდრე საღებავის ცალკეული მონაცემების ერთობლიობა.

6.ბიჰევიორიზმი
(ინგლ. behavior ქცევა) იგივე ქცევათმეცნიერება. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი ამერიკელი მეცნიერი ჯონ უოტსონი ცდილობდა ფსიქოლოგია ექცია ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებად, იგი უარს აცხადებდა სუბიექტური სამყაროს, ცნობიერების შესწავლაზე და ამის საპირისპიროდ ფოკუსირებული იყო ობიექტურად მოცემული ქცევის შესწავლაზე. ამ მიმდინარების მიხედვით ყოველი ქცევა, რეაქცია არის პასუხი რაიმე გამღიზიანებელზე: S—R – ასეთია ბიჰევიორიზმის ფორმულა, სადაც S არის მოცემული გამღიზიანებლი, ხოლო R ორგანიზმის პასუხი, რეაქცია. ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა იწინსაწარმეტყველოს ქცევა და მართოს იგი. S-R ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკის მონაწილოება – გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს რეაქციას, ეს არ ეთანხმება ყოველდღიური დაკვირვების მონაცემებს. ბიჰევიორისტების მომავალმა თაობამ ე.წ. ნეობიჰევიორისტებმა ქცევის პროცესის დახასიათებისას მიმართეს შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებს (მოთხოვნილება, განწყობა და სხვ.) და შუალედური ცვლადის სახით მოათავსეს ისინი სტიმულსა და რეაქციას შორის.


7.ფსიქოანალიზი

ამ მოძღვრების შემქმნელი ავსტრიელი მეცნიერი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცნობიერება ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ჩვენი ქცევა განსაზღვრულია არა მხოლოდ და არა იმდენად ცნობიერებით, რამდენადაც არაცნობიერი ლტოლვებით. ეს ის მისწრაფებებია, რომელთა არსებობას ადამიანი თავის თავსაც არ უმხელს და რომლებიც თავისი „მიუღებლობის“ გამო არ დაიშვებიან ცნობიერებაში. ისინი არაცნობიერში განიდევნებიან. არაცნობიერი ტენდენციები შენიღბული სახით შეიძლება გამოვლინდნენ სიზმრებში, ფანტაზიებში, შემოქმედებაში, შეცდომით მოქმედებებში და სხვ. მდიდარ კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით ფროიდმა აღწერა ფსიქიკური შინაარის ცნობიერებიდან არაცნობიერისაკენ და პირიქით, არაცნობიერიდან ცნობიერებისაკენ მოძრაობის პროცესი. მისი დებულებების უმეტესობის შემოწმება დღესღეობით შეუძლებელია. ფროიდის იდეებზე დაფუძნდა ნეოფროიდიზმი და ეგო-ფსიქოლოგია, რომელთა ფარგლებშიც საფუძლიანად გადამუშავდა ფსიქოანალიზის ზოგიერთი არსებითი საკითხი. მაგალითად, ქცევის მამოძრავებელი ძალების ბუნება, მე-ს ფუნქცია პიროვნების სტრუქტურაში და სხვ.

8.კოგნიტური ფსიქოლოგია

შეისწავლის შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს, ფსიქოლოგიის ამ მიმართულების დაფუძნებას და გავრცელებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის განვითარებამ. კიბერნეტიკა იმ იდეიდან ამოდის, რომ მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესები ყოველგვარ რთულ სისტემაში – კომპიუტერშიც და ცოცხალ არსებაშიც, ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება, კომპიუტერის მსგავსად ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება, გამოიყენება, ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის მეტაფორა კოგნიტური ( შემეცნებითი) პროცესების შესწავლის ახალი საშუალებაა. ამჟამად კოგნიტური ფსიქოლოგია საყოველთაოდაა გავრცელებული.

9.ჰუმანისტური ფსიქოლოგია

ეს ფსიქოლოგიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, იგი აქცენტს ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ემყარება რწმენას, რომ ყოველ პიროვნებას შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე წარმათოს თავისი ქცევა და საერთო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.
     
10.თანამედროვე ფსიქოლოგია
დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ფსიქოლოგია ეყრდნობა ცნობიერების, არაცნობიერის, ქცევისა და პიროვნების კატეგორიებს.

მოამზადა ანა ბეზარაშვილმა
ანტიკური ფსიქოლოგია

 ხანა: VI ძვ.წ –  IV ახ.წ 

ფსიქოლოგიის გამოჩენა ძველ საბერძნეთში   VI საუკუნეში ძვ.წ. მოითხოვა ადამიანის სულის ობიექტურ ცოდნაზე დაფუძვნებული შეცნობის საჭიროებამ.იმ ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლიდა ადამიანის,ბუნების და სოციუმის საერთო კანონმდებლობებს.ანტიკური ფსიქოლოგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფილოსოფიასთან.თითქმის 20 საუკუნე ეს მეცნიერება ფილოსოფიის ნაწილად ითვლებოდა.

VI საუკუნიდან ძვ.წ დაარსდა ფილოსოფიური სკოლები და შეიქმნა მიმდინარეობები, რომლებსაც ჰქონდა ბევრი მომხრე და მიმდევარი, არა მარტო იმ ხანაში, არამედ ჩვენ დროშიც.

ანტიკური ფსიქოლოგიის ყველაზე ცნობილი  წარმომადგენელები არიან: თალესი, პითაგორა, ჰერაკლიტე, დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი,ა რისტოტელე, ეპიკურე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი