თამაზ ბუთხუზი – ძალაუფლება

0
565

სახელმწიფო ძალაუფლება იმგვარად დეფორმირდება, რასაც პოლიტოლოგიაში “დემონიას” უწოდებენ.
ძალაუფლება იმ ძველ ბერძნულ ფანტასტიკურ “გორგონას” ჰგავს, რომლის თვალებში ერთხელ ჩახედვაც, ნებისმიერს ნუსხავდა და სამუდამოდ, ქვადქცეულ ტყვედ ტოვებდა. 

ძალაუფლება – ყველა არსებულ ნარკოტიკთა შორის, ყველაზე მძლავრი ნარკოტიკია. ძალაუფლებამდე კეთილი სურვილებითაც მისულს, დეგრადაციისთვის სატყუარა აღარ სჭირდება, ამ როლს აღგზნებული პატივმოყვარეობაც წარმატებით ასრულებს. 
ძალაუფლებისკენ ნარკოტიკული სწრაფვა, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული; უპირველესად, არამარტო კონტროლისგან განთავისუფლება-განცალკევება იწყება, არამედ საკანონმდებლო-სასამართლო ინსტიტუტების დაქვემდებარება, და საკუთარი ძალების ორნამენტად ქცევა. შესაბამისად, პარლამენტი პოლიტიკური სუბიექტი კი არა, სახელმწიფოს ხარჯზე არსებული გასართობი კლუბია. 

ასეთი ხელისუფალი, პირადი გამორჩენის მიზნით, ცდილობს გამოიყენოს, ან პროვოცირება გაუკეთოს საგანგებო მდგომარეობებს, ომებს, ეპიდემიას, სტიქიურ უბედურებებს; მოიგონოს ეკოლოგიური, ეკონომიკური კატასტროფები, მასობრივი არეულობანი, რათა საგანგებო რეჟიმი შექმნას, და ამრიგად კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საკუთარი ძალაუფლება. 

მოსახლეობას კი, ატყუებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არსებულმა რეალობამ მოითხოვა. შემდეგ ეტაპზე, როგორც კი, ადმინისტრაცია ფინანსურ ბაზას შეიქმნის, აქტიურად იწყებს მისთვის სასურველი პარლამენტარობის კანდიდატების შერჩევასა და სასამართლო ელიტის დაკომპლექტებას; მის ხელში ისეთი უნივერსალური, მართვადი აპარატი და ინფორმაციის წყაროა, რითაც იძულების, მოსყიდვის, ან შანტაჟის განვითარების უსაზღვრო ფანტაზიასაც კი, იკმაყოფილებს. ამრიგად, იწყება ზეგავლენის ტოტალური სვლა, ცენტრიდან პერიფერიებისკენ. 

შესაბამისად, მათი შეკავების მიზნით, ცხოვრებისეულ აუცილებლობას წარმოადგენს, ისეთი საპირწონეს დაარსება, რომელიც ”დემონიას” შეასუსტებს და სახელმწიფო აპარატს აღუდგენს მისთვის მინიჭებულ ფუნქციას _ ემსახუროს საზოგადოებას და არა იმსახუროს საზოგადოება. 

ასევე შესაძლებელია პირიქითი კომბინაცია, როდესაც ძალაუფლებას პარლამენტი იგდებს ხელში, ანდა მათ შორის მუდმივი წინააღმდეგობის ფონზე ქვეყანა პერმანენტულად განიცდის დეგრადაციას. 

ჩვენთან ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის და არა თავიდან _ თავში; შესაბამისად, ხელისუფლების სამი ინსტანციის არსებობა არასაკმარისია, რადგან ხშირად, მთელი ძალაუფლება ერთი ინსტანციის დაქვემდებარებაში გადადის და განმკითხავი არავინაა. 
შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი დამატებითი ინსტანციის შექმნა, რომელიც ამ “ელიტის” ზნეობრივი პრინციპებით მართავს. სამართლისა და ზნეობის ჰარმონიული თანაარსებობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოება ან სიზმარში არსებობს, ან ჯოჯოხეთში და თუ ამაში ჩვენ ვერ დაგარწმუნებთ, მაშინ ჯერ ცარიელი თეფში, შემდეგ კი, თეფშის უქონლობა დაგარწმუნებთ.

ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მრავალი ”იდეა” მოგვაწოდეს, მრავალს დავუჯერეთ და დავედით უმარტივეს დასკვნამდე: გვაქვს ”კარგი იდეები” და ცუდი მახსოვრობა. 
დროა მივხვდეთ, რომ სიკეთისკენ მხოლოდ ერთი გზა არსებობს _ ცხოვრების წესის ზნეობრივი სრულყოფა. 

საიდან დავიწყოთ _ ალბათ, უმარტივესი ლოგიკური მსჯელობით: თუ ცივილიზებულმა საზოგადოებამ არაფრით გამორჩეულ თორმეტ წარმომადგენელს მიანიჭა ადამიანის ყოფნა-არყოფნის ვერდიქტის გამოტანის უფლება, მაშინ ნუთუ ჩვენი მოსახლეობის ზნეობრივ, ამაღლებულ, განათლებულ, კეთილი ნების ადამიანებს, არა თორმეტს, არამედ ათას ორასს და უფრო მეტს, არა აქვს მორალური უფლება, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ზნეობრივი და სამართლებრივი ვერდიქტი გამოუტანოს.

არა! ჩვენ იმისთვის როდი ვიბრძვით, რომ ვინმეს სიკვდილ-სიცოცხლზე ვერდიქტის გამოტანის უფლება მოვიპოვოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ როგორც უახლოეს წარსულში, საფრანგეთში ხდებოდა _ ვიღაცას გილიოტინით თავი მოვკვეთოთ; ან ამაზრზენი _ მექანიკური მოწყობილობით გავგუდოთ _ როგორც ესპანეთში; ან ცოცხალ არსებაში მძლავრი ელექტრული დენი გავატაროთ, ან ვასუნთქოთ თუ შპრიცით შევიყვანოთ ადამიანში ტოქსიკურად სასიკვდილო ნივთიერება _ როგორც აშშ-ში; ან ტყვიით შევუნგრიოთ კეფა _ როგორც რუსეთში, ან უბრალოდ, ჩამოვახჩოთ _ როგორც ინგლისში.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ უფლებისთვის გამოვიტანოთ ვერდიქტი _ მიენიჭოს თუ არა სუბიექტს, ან დაჯგუფებას ჩვენი ბედის მართვის უფლება. 

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სხვა კანონიერი უფლების შეზღუდვას. 

დაუკვირდით, რა პარადოქსულია ჩვენი ცხოვრება: უფლება გვაქვს გარყვნილ ინდივიდს ავუკრძალოთ რამოდენიმე ათეული მოზარდის აღზრდა, ვენერიულ ან ტუბერკულიოზით დაავადებულ სუბიექტს ავუკრძალოთ ბარმენობა; მაგრამ არა გვაქვს რეალური უფლება _ ნარკომანს, რეციდივისტს, გაუნათლებელს, ეგოისტური გრძნობებით გაჟღენთილს თქვენი, თქვენთვის ძვირფასი ადამიანების, შვილების, ერის, სახელმწიფოს დაღუპვა ავუკრძალოთ; 

ამ წინადადების მიუღებლობა იმ უსუსური მოტივით, რომ ეს აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლოს პრეროგატივაა, უბრალოდ დემაგოგიაა, რადგან აღნიშნული ინსტიტუტები ჩვენთან მხოლოდ ფიქციაა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია შევქმნათ ზნეობის პალადიუმი;

ზნეობის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სახით, რომელიც ყველა პოლიტიკური კარიერის მაძიებელს მკაცრად მოსთხოვს პასუხს სამ კითხვაზე:

  • რა უნდა?
  • როგორ?
  • რა ზნეობრივ საფუძველზე?

რათა სახელმწიფოში არსებულ სოციალურ დეფექტთა კონცენტრაცია შემცირდეს.
როგორც აღვნიშნეთ, სამყაროს მამოძრავებელი ძალის არსში გარკვევა ერის გადარჩენისთვის აუცილებელი მონოლითის შექმნის წინაპირობაა. 

საოცარი მსგავსებაა კრისტალის წარმოქმნასა და საზოგადოების მონოლითის ჩამოყალიბებას შორის, როგორც უდეფექტო, იდეალური კრისტალი არ არსებობს, ასევე გამორიცხულია იდეალური, უდეფექტო საზოგადოების არსებობა. ამრიგად, უდეფექტო, იდეალური საზოგადოების შექმნის მცდელობა უბრალოდ უტოპიაა, რადგან ის ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. 

რაში სჭირდება ბუნებას დეფექტი? რა განაპირობებს დეფექტის შექმნის აუცილებლობას?
როგორც აღვნიშნეთ, ადამიანებიცა და ატომებიც ერთმანეთისგან ენერგიულობით, ანუ პოტენციალით განსხვავდებიან. შესაბამისად, მათ ერთსადაიმავე მდგომარეობაში ყოფნისას, განსხვავებული ქმედება ახასიათებთ. 

ეს განსხვავებული ქმედება, რეაქცია, ჩვენს გაუსაძლის სისტემაშიც ნათლად ჩანს, რაც ჩვენი თანამემამულეთა უმრავლესობის დეპრესიაში ჩავარდნითა და ზოგიერთის არსებული სისტემის წინააღმდეგ მძაფრ, მიუღებელ აგრესიაში გამოიხატება. 

დეპრესიაში მყოფი ინდივიდების ნაკრები არასრულყოფილი საზოგადოებაა, რადგან ასეთ ინდივიდთა მთელი ენერგია არსებობის ელემენტარული პირობების შექმნაში იხარჯება და მათ საზოგადოებრივი ცნობიერება დაქვეითებული აქვთ. 

რაც შეეხება მცირერიცხოვანი აგრესიული ინდივიდების არსებობას, მათ გაუაზრებელი ქმედება თუ მოწოდებები ახასიათებთ. ამ რადიკალურად განწყობილ ინდივიდთა ერთადერთი სურვილი არსებულის დანგრევაა. იმის გააზრება კი, თუ როგორ უნდა დაინგრეს არსებული, რა უნდა აშენდეს არსებულის ნაცვლად, ან რა ზნეობრივ საფუძვლებს უნდა დავეყრდნოთ, მათ შესაძლებლობებს აღემატება. დღეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მათი ლოზუნგების გავლენის შედეგად მხოლოდ რევოლუცია ანუ უფრო მაღალხარისხიანი ქაოსი, შეიძლება მივიღოთ, რაც ჩვენი ქვეყნის საბოლოო განადგურებას გამოიწვევს. 

ქვეყანაში ფორმაციის ცვლილების მცდელობისას ასეთი უკიდურესი დისჰარმონიის, უკიდურესი პოლუსების, არსებობა პროგრესს აბსოლუტურად გამორიცხავს, რადგან რადიკალთა ენერგია საზოგადოებაში მხოლოდ ენერგეტიკულ დეფექტებს ქმნის. 
ქვეყანაში ფორმაციის ცვლილება ინდივიდთა საერთო მიზნის არსებობას, საზოგადოებად ჩამოყალიბებას და შემდგომ კი, შექმნილი საზოგადოების მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. საზოგადოების ფორმირება კი, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა გათვალისწინებით გააზრებული იდეის გარშემო ინდივიდთა გაერთიანებას საჭიროვებს. 
ამრიგად, უპირველეს ყოვლისა აუცილებლობას წარმოადგენს რაციონალური, ზნეობრივი იდეის შემუშავება; შემდეგ კი, “საღათას ძილში” მყოფთა და რადიკალთა ამ იდეის საფუძველზე საზოგადოებად გამთლიანება.

ანალოგიური მდგომარეობაა კრისტალში: ნებისმიერ ტემპერატურაზე კრისტალში ყოველთვის არსებობს ისეთი ატომები, რომელთა ენერგია ისეთია, რომ მათ სტრუქტურიდან ამოვარდნისა და დეფექტის წარმოქმნის საშუალებას აძლევს, შედეგად წარმოიქმნება სიცარიელე და არასტაბილური, არაწონასწორული მდგომარეობის მქონე ატომი; როდესაც დეფექტთა კონცენტრაცია დასაშვებ, მაქსიმალურ მნიშვნელობას აჭარბებს, კრისტალური სტრუქტურა ირღვევა, უწესრიგობა იზრდება (რევოლუცია). 

ახალი ფენების წარმოქმნისთვის პასიური ატომებიც გამოუსადეგარია. იმისთვის, რომ ახალი კრისტალური ფენები ჩამოყალიბდეს, აუცილებლობას წარმოადგენს პასიურ ატომთა გააქტიურება-გამოცოცხლება, რათა ისინი რეაქციისუნარიანი გახდნენ. 
რა არეგულირებს ბუნებაში დეფექტებს? 
როგორ ჩავწვდეთ ბუნებაში არსებულ დეფექტთა მართვის კანონების საიდუმლოს, რათა საზოგადოებაში არსებული დეფექტები ვმართოთ? 

როგორც აღვნიშნეთ, ბუნებაში ცნობილია, რომ მონოლითის, კრისტალის შესაქმნელად პირველადი ჩანასახის წარმოქმნა აუცილებლობას წარმოადგენს. ჩანასახი ის მინიმალური ატომებისგან შექმნილი კრისტალია, რომელზეც მონოლითი ვითარდება. ბაზური კრისტალის ზედაპირზე მრავალი ჩანასახი ერთდროულად წარმოიქმნება. სხვადასხვა ჩანასახზე განვითარებული მონოლითები კი, ერთმანეთს ხელს უშლიან. 

როგორიცაა ჩანასახის ხარისხი და სტრუქტურა, ისეთივეა მასზე შექმნილი მონოლითი. ჩანასახის წარმოქმნასა და მონოლითის განვითარებას მკაცრად განსაზღვრული პირობები სჭირდება (ისეთი წნევა და ტემპერატურა, რომელიც ატომებს გაააქტიურებს). კრისტალიზაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს და ნებისმიერი ფლუქტუაცია მკვეთრ გავლენას ახდენს როგორც პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე კრისტალიზაციის სიჩქარესა და მიღებული მონოლითის ხარისხზე.

თავს ნუ მოვიტყუებთ და რეალურად აღვიქვათ ის მდგომარეობა, ანუ დეფექტური საზოგადოება, რაც გვაქვს.

ერთი შეხედვით, საზოგადოებაში არსებულ დეფექტთა მართვა ბუნების კანონებით ურთულესია. ამდენად, საზოგადოების გარკვეული ნაწილის სოციალური დეფექტების მართვის მცდელობა, არაბუნებრივ მოვლენად, ანუ ხელოვნურ ჩარევად უნდა იქნას განხილული. 

საზოგადოებრივ დეფექტთა კონცენტრაციის შემცირების მიზნით მართლმსაჯულების სხვადასხვა ფორმა არსებობს. ცხადია, ადამიანი ატომი არ არის, მან დანაშაულის, ანუ დეფექტის გასამართლებლად შეიძლება მიზეზთა უსასრულო რაოდენობა მოძებნოს და უფრო საშინელებაა, რომ არსებობს უამრავი მიზეზი, რომ უდანაშაულო ადამიანი დამნაშავედ შერაცხონ ან აქციონ. 

ამრიგად, რაც უნდა მოვიმოქმედოთ საზოგადოებაში დეფექტთა კონცენტრაციას ვერ ვმართავთ, ჩვენი გაუაზრებელი არაბუნებრივი ჩარევა ახალ დეფექტთა წარმოქმნას იწვევს.
რატომღაც საზოგადოების დიდი ნაწილი დეფექტთა შემცირებას “მტკიცე ნებისყოფის მართველს უკავშირებს, შესაბამისად ჩნდება ნოსტალგია, მაგალითად იოსებ სტალინზე. 
ჩვენში არის ის, რასაც, ხელით ვერ შეეხებით. ესაა ჩვენი შინაგანი სამყაროს უცნაური მოვლენა, რომლის ანალოგი ბუნებაში არ არსებობს. არა, ოცნება არა გვაქვს მხედველობაში, ის ისეთი უნიკალური, ინდივიდუალური, ფაქიზი ფენომენია, რომ მისი გააანალიზების უფლებაც კი არავის აქვს. ეს არც სიზმარია, სიზმარი, ცხოველებსაც ახასიათებს. არა ეს მხოლოდ ადამიანის მახასიათებელი უნიკალური თვისებაა, იცხოვროს სიზმრით, ფხიზელ მდგომარეობაში, გამოიგონოს არარეალური სამყარო და მასში ან ტანჯვით, ან ნეტარებით იარსებოს; ანუ ეს რეალობის სიზმრისეული ჭვრეტაა. 
სწორედ ამ არარეალურ მდგომარეობაში მყოფნი ვთვლით, რომ ის რაშიაც ვცხოვრობთ არასრულყოფილია; და გვავიწყდება, რომ ეს მან შექმნა სამყარო, რომლის სრულყოფილების გასააზრებლად ფანტაზია არ გვყოფნის. 

სამყაროს გასააზრებლად, დილით ლოგინიდან ადგომა, თავის წესრიგში მოყვანა და სამუშაოზე წასვლა არაა საკმარისი; აუცილებელია ძილიც შევწყვიტოთ, და ალბათ, მაშინ მივხვდებით, რომ ის, რაც “არასრულყოფილად” გვეჩვენება, მან ჩვენს გასაზრდელად შექმნა, რათა “არასრულფასოვნებაში” უდიადესი ჭეშმარიტების აღმოჩენის უდიადესი ბედნიერება განვიცადოთ; ანუ “არასრულფასოვნება” _ სრულყოფილებად აქციო და საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ ამ სამყაროში ზედმეტი არა ხარ. საკუთარი ცხოვრება შენვე უნდა შექმნა და სხვისი ცხოვრებით ცხოვრება გამორიცხო. 

დავფიქრდეთ, ჩვენს გარდა, ვინ შექმნის ჩვენს ცხოვრებას? 

როდის მივხვდებით, რომ მან მართლაც უდიადესი ბედნიერება _ საკუთარი ცხოვრების მართვის უფლება, მოგვანიჭა? 

რატომ ვეძებთ გაშმაგებით ალექსანდრე მაკედონლებს, ცეზარებს, სტალინს, სიზმრისეულ რეალობაში, რათა ჩვენი ბედნიერება მათ გადავაბაროთ?

რატომ ვაძლევთ მათ ჩვენი ცხოვრების მართვის სადავეებს, და ბოლოს, რატომ გამოგვაქვს დასკვნა _ არასრულყოფილია ჩვენი ცხოვრება?

და როდესაც, ნაპოლეონისა და ჰიტლერის პოვნა გვიჭირს, ჩვენი ცხოვრების მართვის უფლების მისანიჭებლად, ისეთი ვინმესკენ ვიშვერთ ხელს, ისეთ პიროვნებას ვთავაზობთ ჩვენი ბედის მართვას, რომ თვითონ მასაც კი, შოკში ვაგდებთ და იგი ჩვენზე უფრო ღრმა რეალურ საღათას ძილში გადადის; მას საკუთარი პერსონა უკვე კვარცხლბეკზე, ცხენზე მახვილითა და გვირგვინით წარმოუდგენია.

გადახედეთ ისტორიას, ვინ რა მოიგო ამით? _ ასეთებმა მხოლოდ ნგრევა, სისხლით მორწყული და ძვლებით მოკირწყლული ველები დაგვიტოვეს. 

ყველა საღად მოაზროვნე ხვდებოდა და ხვდება, რომ ასეთი პიროვნებებისადმი აღტკინება, ტოტალური აღფრთოვანება და პათოლოგიური სიყვარული, მხოლოდ სიზმრისეულ რეალობაში მყოფ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. მხოლოდ ზიგმუნდ ფროიდი თუ განიცდიდა ნეტარებას ამგვარი პათოლოგიური რეალური სიზმრების ახსნისას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი