მაიაკოვსკის სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცა

0
461

პოეზიის ყველა მოყვარულმა იცის ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ლილია ბრიკის შლეგი მიჯნურობის ამბავი, რომელიც პოეტის დაღუპვის მერე თვით ბრიკის ხელშეწყობით საოცარ ლეგენდად იქცა.

მან ერთგვარად გადაფარა მაიაკოვსკის არანაკლებ ლეგენდარული სიყვარულის ისტორია, რომელიც პარიზელ ემიგრანტ ტატიანა იაკოვლევასთანაა დაკავშირებული. (Я все равно тебя когда-нибудь возьму, одну или вдвоем с Парижем!) იაკოვლევამ უარჰყო პოპულარული საბჭოთა ავანგარდისტის ტრფობა, არ მოიწონა მისი ლექსები, არ დათანხმდა მასთან ურთიერთობას.

პარიზიდან გამომგზავრების წინ მაიაკოვსკიმ იქ ჩატარებული საღამოებისთვის მიღებული მთელი თავისი ჰონორარი ჩაურიცხა ერთ სოლიდურ საყვავილე ფირმას, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად კვირაში სამჯერ იაკოვლევასთვის მდიდრული თაიგული უნდა მიერთმია.

ასე შეიჭრა ამაყი ემიგრანტი ქალის ცხოვრებაში ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომელიც მას საბედისწერო გასროლის მერეც განუწყვეტლივ უგზავნიდა ძვირფას თაიგულებს. ეს გრძელდებოდა ფაშისტური ოკუპაციის წლებშიც, როცა იაკოვლევას საარსებო სახსრები უკვე აღარ ჰქონდა და თავს იმით ირჩენდა, რომ ამ თაიგულებს ჰყიდდა.

პოეტის თანხა, ალბათ, დიდი ხნის ამოწურული იყო, მაგრამ ფირმა პრესტიჟის გამო 1991 წლამდე ანუ იაკოვლევას გარდაცვალებამდე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იაკოვლევას, მისდა საბედნიეროდ, არასოდეს გაჭირვებია… მისი მეორე მეუღლე, ალექს ლიბერმანი ყოველთვის გავლენიანი პიროვნება იყო და გარდა მხატვრობისა, ოფიციალურ მაღალ თანამდებობებსაც იკავებდა ყოველთვის… მოკლედ, ალექსი იმდენს ახერხებდა, რომ მის მეუღლეს ჯერ გართობის მიზნით ემუშავა, მერე კი საერთოდ ბოჰემურ ყოფაში ეცხოვრა სიცოცხლის ბოლომდე. სხვათა შორის, სწორედ ალექს ლიბერმანის იდეა იყო, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ორსული დემი მურის სკანდალური შიშველი ფოტო “ვოგის” გარეკანზე…

ავტორი:რაულ ჩილაჩავა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი