ცნობილი ადამიანების შესწავლა

0
310

ფსიქოლოგებისა და სოციალური მეცნიერების მიერ წარმოებული კვლევების უმეტესობის მონაწილეები შედარებით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთები, როგორიც მე და თქვენ. მაგალითად, მკვლევარს შეიძლება სტრესში ქცევის სტრატეგიებისა და კონკრეტული პიროვნული ნიშნის, ვთქვათ, პატიოსნების, ურთიერთმიმართება აინტერესებს ბაკალავრიატის მეორე კურსელების 150-კაციან შერჩევაში. კვლევის მიზნებისთვის, კეთდება დაშვება, რომ მონაწილეები ანუ ცდის პირები ურთიერთშენაცვლებადნი არიან. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ თითოეული პიროვნება უნიკალურია, მაგრამ კვლევის ნომოთეტური და სტატისტიკური მიზნებისთვის თითოეული ინდივიდი დანარჩენების ანალოგიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რათა შერჩევაში, როგორც მთლიანში, კონკრეტული ტენდენციების ან მიმართებების კვლევა შევძლოთ.

თუმცა, ფსიქოლოგები ზოგჯერ ისეთ ინდივიდებს სწავლობენ, რომლებსაც სწორედ იმიტომ ირჩევენ კვლევისთვის, რომ ძალზე განსხვავებულნი არიან ყველასგან. ზოგჯერ კვლევის სუბიექტი ბეთჰოვენი, ალექსანდრე მაკედონელი, ლეონარდო და ვინჩი, ელვის პრესლი, შექსპირი და სხვა ცნობილი ადამიანები შეიძლება იყვნენ. ისინი, როგორც კვლევის სუბიექტები, ჯგუფის მიღმა, განცალკევებულად დგანან.

ფსიქოლოგმა დინ კეით სიმონტონმა მთელი თავისი კარიერა, მისი თქმით, „მნიშვნელოვანი შერჩევის“ კვლევას მიუძღვნა. კოლეჯის სტუდენტებისა და შუახნის საქმიანი ადამიანების ნაცვლად, სიმონტონი კვლევისთვის ისეთ მონაწილეებს ირჩევს, როგორებიც არიან კლასიკოსი კომპოზიტორები, ნობელის პრემიის ლაურეატები, აშშ პრეზიდენტები და ცნობილი ფსიქოლოგებიც კი. ცხადია, ამ ადამიანთა უმრავლესობა უკვე გარდაცვლილია და შეუძლებელია მათთან ინტერვიუს ან სტანდარტული ტესტირების ჩატარება, თუმცა ბევრი რამის გაგება შეიძლება მათ მიერ დატოვილი დღიურების, მემუარების, შემოქმედებითი ნაწარმოებებისა და სხვა არტეფაქტების შესწავლით, რაც ბევრ ღირებულ ინფორმაციას მისცემს პიროვნების ფსიქოლოგს. გარდა ამისა, ასეთი გამოჩენილი ადამიანები საჯარო და საზოგადო მოღვაწეები არიან და მათ შესახებ ისტორიკოსებისა და სხვა სახის ექსპერტების ნაშრომები, ასევე, ღირებულ წყაროს წარმოადგენენ ფსიქოლოგიური კვლევისთვის.

სიმონტონი გამოჩენილი ინდივიდების შესწავლის ოთხ ტრადიციას განასხვავებს ერთმანეთისგან

კვლევის ტრადიცია და მოკლე აღწერა

ისტორიომეტრული –  ისტორიული მონაცემებიდან რაოდენობრივი და არაპირდაპირი შეფასებების ამოკრეფა.
ფსიქომეტრული – ცოცხალი ცნობილი ადამიანებისთვის გაზომვის ისეთი საშუალებები მიწოდება, როგორიცაა გამოკითხვები და ინტერვიუები. 

ფსიქობიოგრაფიული – ერთი კონკრეტული ცხოვრების იდეოგრაფიული, თვისებრივი, დროში გახანგრძლივებული კვლევა.
კომპარატიული – სხვადასხვა შემთხვევის ერთმანეთთან დაპირისპირება და შედარება.

პირველ და უძველეს ტრადიციას სიმონტონი ისტორიომეტრულ კვლევას უწოდებს. ასეთ კვლევებში მკვლევრები რაოდენობრივ და არაპირდაპირ შეფასებებს ისტორიული მონაცემებიდან იღებენ. ისტორიომეტრული კვლევის ადრეული მაგალითია კვლევა, რომელსაც „სამასი გენიოსის ადრეული მენტალური ნიშნები“ ეწოდება. მასში მკვლევარი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და პიროვნული ტენდენციების შეფასებისთვის სამასი განსაკუთრებით ნიჭიერი ისტორიული ფიგურის შესახებ საარქივო ჩანაწერებს ეყრდნობა. ისტორიომეტრული კვლევების გამოყენება ჰიპოთეზების შემოწმებისთვის არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი შერჩევის მონაწილეობით კვლევის მეორე ტრადიციას ფსიქომეტრულ მიდგომას უწოდებენ. ასეთ კვლევებში მკვლევარი უშუალოდ ხვდება ჯერ კიდევ ცოცხალ გამოჩენილ ადამიანებს და მათ გამოკითხვას ან ინტერვიუს უტარებს. ასე მაგალითად, სწორედ ასეთი მიდგომით შეისწავლეს მარეისდროინდელ ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში გამოჩენილი არქიტექტორები, მწერლები და მეცნიერები. მკვლევრებმა ის ქალები და მამაკაცები შეარჩიეს, რომელთა შემოქმედებითი ან მეცნიერული წვლილი მათი მოღვაწეობის სფეროში უკვე კარგად ცნობილი და აღიარებული იყო. მათ, ძირითადად, ცხოვრების განმავლობაში კრეატულობის განვითარებისა და პიროვნების სხვა ასპექტებთან მისი ურთიერთმიმართების საკითხები აინტერესებდათ.

მესამე ტრადიციას სიმონტონი ფსიქობიოგრაფიულ კვლევას უწოდებს, რომელიც ფროიდის ნაშრომებში იღებს სათავეს და ლეონარდო და ვინჩის შეეხება. ფსიქობიოგრაფიული კვლევები რადიკალურად განსხვავდება ისტორიომეტრული და ფსიქომეტრული კვლევა-ძიებისგან (Elms, 1994). თუ ისტორიომეტრული და ფსიქომეტრული კვლევები, როგორც წესი, რაოდენობრივი და ნომოთეტურია, ფსიქობიოგრაფია ერთი კონკრეტული, იდეოგრაფიული შემთხვევის დროში გახანგრძივებულ თვისებრივ კვლევა-ძიებას მოიცავს. გარდა ამისა, ფსიქობიოგრაფია, ჩვეულებრივ, ფართო თეორიული ჩარჩოს გამოყენებას მოიაზრებს. ეს, ტრადიციულად, ფროიდისეული ან ფსიქოდინამიკური მიდგომაა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა პოლიტიკური ფიგურების ფსიქობიოგრაფიები, როგორიცაა ჰიტლერის, ნიკსონისა და სხვების ფსიქობიოგრაფიული ანალიზის სხვადასხვა ვარიანტი.
მეოთხე, კომპატარატიული ტრადიცია ფსიქობიოგრაფიას უახლოვდება გამოჩენილი ადამიანების თვისებრივი და არაპირდაპირი/გაშუალებული შეფასების გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა მისი კვლევის ფოკუსში არა ერთი, არამედ ბევრი შემთხვევა ხვდება, რომელთაც მკვლევარი ადარებს და უპირისპირებს ერთმანეთს. კომპარატიული კვლევის ბრწყინვალე მაგალითია ჰოვარდ გარდნერის „კრეატული გონება“,26 რომელშიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები შვიდი

განსაკუთრებულად კრეატული მამაკაცისა და ქალის ცხოვრება და შემოქმედებაა გაანალიზებული. გარდნერმა სრულიად გააზრებულად და არგუმენტირებულად აირჩია ეს შვიდი ადამიანი: ისინი შვიდ განსხვავებულ „სფეროს“ და კრეატულობის შესატყვის ტიპს წარმოადგენენ. ესენი არიან: ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოლოგიიდან, ალბერტ აინშტაინი ფიზიკიდა, ელიოტი ლიტერატურიდან, პაბლო პიკასო მხატვრობიდან, იგორ სტრავინსკი მუსიკიდან, მართა გრაჰამი ქორეოგრაფიიდან და მაჰათმა განდი კრეატული სოციალური ლიდერობის სფეროდან. გარდნერმა შემოქმედებითი კარიერი განვითარებაში საინტერესო მსგავსებები აღტმოაჩნია, როგორიც იყო ათწლიანი სწავლების/მომზადების პერიოდი, როდესაც თითოეული მათგანი დისციპლინის ტრადიციებს ეუფლებოდა და პიროვნებათშორისი ურთიერთობების შემცირების ხარჯზე სამუდამოდ უძღვნიდა თავს კრეატულ საქმიენობას. ამ ადამიანების შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული პიროვნული ცვლადებისა და მენტალური და სტრუქტურული განსხვავებების შესწავლის შედეგად, გარდნერმა მათ შორის არსებული განსხვავებებიც გამოავლინა.

ამრიგად, გამოჩენილი ადამიანების შესწავლით შესაძლებელია, რომ ნათელი მოეფინოს პიროვნების ისეთ მახასიათებლებსა და ფუნქციონირების თავისებურებებს, რომლებიც საერთოა ყველა ჩვენგანისთვის და, ასევე, იმ განსხვავებებსა და უნიკალურ პატერნებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს (McAdams, D. P., 2006).

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი