ნონა ხიდეშელი:,,ადამიანის სულში მიმდინარე პროცესებია მარადიულ „ახლაში“ და ამ დაპირისპირებულობის გადალახვაც მხოლოდ აწმყოშია შესაძლებელი”

0
495

იოანეს გამოცხადების ოცდამეერთე თავში, აღწერილია ხილვა წმინდა ქალაქ იერუსალიმისა, რომელიც ციდან ეშვებოდა. მას ქონდა თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეზე თორმეტი ანგელოზი. ქალაქის გალავანს ქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო თორმეტი მოციქულის სახელი. ქალაქი ოთხკუთხედად  იყო მდებარე და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი იყო. ტაძარი კი არ იყო მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია. ქალაქს არ სჭირდებოდა არც მზე და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე(გამოცხ22.გვ 519)

ზეციური იერუსალიმი, რომელიც იოანემ იხილა,  სიმბოლურად გამოხატავს ახალ ადამიანს, ტრანსფორმირებულს,  სადაც სიმბოლური თორმეტსაფეხურიანი სისტემა, იგივე თორმეტი ინიციაცია, ანუ ყოფიერების ბორბალი დაძლეულია. ცნობიერსა და არაცნობიერს შორის გამოყოფილი უფსკრული გადალახულია, სუბიექტ- ობიექტად გახლეჩილი ადამიანი გამთლიანებულია და ღვთაებრივი ნათლითაა განათებული, ამიტომაც ვერ იხილა იოანემ ტაძარი, რადგანაც თვით ადამიანი გამხდარა ტაძარი ღვთისა, იგი თავად ზეციურ ნათელს, ჭეშმარიტებას გაუნათებია.

ზოროასტრიზმის მიხედვით, როდესაც ბავშვი თორმეტ წელს გადააბიჯებდა, უსრულდებოდა ინიციაცია, ანუ ხდებოდა მოზარდის ზიარება ზოროასტრიზმთან. სიმბოლურად ამის გამოხატულება იყოწელზე,  ძაფისგან შეკერილი  ე.წ. “წმინდა ქამრის” შემორტყმა, რაც აღნიშნავდა ადამიანის რელიგიასთან შერწყმას.

ზოროასტრიზმის მიხედვით (რომლის ფუძემდებელიც ზარათუშტრაა) სამყაროში გამეფებულია მკვეთრი დუალიზმი, რაც გამოიხატება სინათლისა და სიკეთის სამეფოს გამგებლის, ღვთაება აჰურამაზდასა (`სიბრძნის ბატონი), და ბოროტებისა და წყვდიადის სამეფოს მმართველ, ღვთაება ანჰრა მანიუს  (აჰრიმან) მარადიულ ურთიერთდაპირისპირებაში. ადამიანმა კი თავად უნდა გააკეთოს არჩევანი თუ ვის მხარეს დადგება იგი. აჰურამაზდას ღვთაებები ადამიანებს ეხმარებიან და იცავენ, რათა ისინი არ მოექცნენ დემონების გავლენის ქვეშ, რადგანაც აჰრიმანი, იგივე ანჰრა მანიუ,იკვებება ადამიანში არსებული ნეგატიური ემოციებით. მისი დემონები ვლინდებიან ისეთი ვნებების სახით, როგორიცაა სიძუნწე, შური, რისხვა, სიბილწე, შურისძიება, სიზარმაცე, ცთომილება, ცილისწამება და ა.შ. სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს ამ ვნებებთან  გამკლავებას, აჰრიმანს ჯოჯოხეთში მიჰყავს, თუმცა გონება არის ძალა, რითაც შესაძლებელია მათი დამარცხება.

აქ, ბოროტებისა და სიკეთის ღვთაებები თანაბარძალოვან საწყისად გვევლინებიან, თუმცა აჰურამაზდა, ანუ სიკეთის ღვთაება მარადიულია, ხოლო აჰრიმანი, იგივე ბოროტება სასრული, რომელიც ოდესღაც დამარცხდება, მასზე ამბობენ, რომ ის იყო და არის,  მაგრამ არ იქნება. საინტერესოა ამ ღვთაებების წარმოშობის ისტორია, ანუ სანამ მოხდებოდა ერთიანობის გათიშვა სინათლედ და სიბნელედ, როგორც ვუწოდებთ ფსიქოლოგიაში ცნობიერად და არაცნობიერად.

მოგვიანებით, როდესაც ზოროასტრიზმი შეერწყა ზარვანიზმს (ზარვანა_ ნიშნავს დროს. იგი ძველ ირანულ წარმოდგენებში აბსტრაქტული და განუსაზღვრელი დროის ღვთაება იყო), მათი დოქტრინის მიხედვით, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი არსებობდა, იყო მხოლოდ ზარვანი, რომელიც ათასი წლის განმავლობაში მსხვერპლს სწირავდა, რათა შესძენოდა ძე, რომელიც სამყაროს შექმნიდა. ბოლოს როდესაც შეეჭვდა, ანუ ეჭვი შეეპარა, ჩაესახა ტყუპები, აჰურამაზდა მსხვერპლშეწირვის შედეგად, ხოლო აჰრიმანი ეჭვის შედეგად. ზარვანმა აღთქმა დადო, რომ ვინც პირველი წარსდგებოდა მამის წინაშე, ის მიიღებდა მეფობას. აჰურამაზდამ განჭვრიტა მეფის აზრები და ძმას გულუბრყვილოდ გაუმხილა. აჰრიმანმაც არ დააყოვნა და პირველი ეახლა მამას. ზარვანა მიხვდა, რომ იგი ბნელის წილი იყო,  ბოროტების ქმნა ეყვარებოდა და უარყო იგი. როდესაც ბუნებრივი წესით აჰურამაზდა დაიბადა, ნათელი და კეთილსურნელოვანი იყო. მეფე მიხვდა რომ ის იყო ჭეშმარიტი ძე, რომელსაც სამყარო უნდა შეექმნა, თუმცა თავისი აღთქმიდან გამომდინარე, იძულებული გახდა ორივე შვილისთვის მიეცა შემოქმედების ნიჭი, თუმცა იცოდა, რომ მათ შორის მარადიულად იქნებოდა დაპირისპირება, ვიდრე აჰურამაზდა საბოლოოდ არ დაამარცხებდა აჰრიმანს. ამიტომაა ყოველი ქმნილება ორივე ძალის ანარეკლი. თუ აჰურამაზდამ შექმნა ცეცხლი, აჰრიმანმა  კვამლი. მისცა, თუ აჰურამაზდამ შექმნა ცხოველები, აჰრიმანმა მათ სისატიკე უბოძა, აჰურამაზდა სიმართლის შემქმნელია, ხოლო აჰრიმანი სიყალბის და ა.შ

ასეთია ზოროასტრიზმის გადმოცემა ნათელი და ბნელი საწყისის წარმოშობაზე, ხოლო ადამიანი მარადიულად დგას ცენტრში,  და თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ ვის მხარეს წავა იგი და ვის აირჩევს, ვისი საუფლო გახდება მისი გული. მთელი ეს დრამა სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების, ადამიანის სულში (ფსიქე) მიმდინარე პროცესებია მარადიულ „ახლაში“ და ამ დაპირისპირებულობის გადალახვაც მხოლოდ აწმყოშია შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი