იცხოვრე აწმყოში ნონა ხიდეშელი

0
894

…საერთოდ დასაფიქრებელია ამდენი უაზრო საუბრები  ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სრულიად უშინაარსო და ზედაპირული ე.წ. ჭორაობა, რაც ასე ავსებს ჩვენს ცარიელ ყოფას. ვჭორაობთ ყველგან, პირად საუბრებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში, გლობალურად უკვე  პრესასა და ტელევიზიაში.  რას გვაძლევს ეს ზედაპირული საუბრები, იქნებ ერთხელ მაინც დავფიქრდეთ ამაზე.  იმის მაგივრად რომ ნებისმიერი ჩვენი პრობლემა საფუძვლიანად  გავიაზროთ, გავრბივართ მისგან და მასზე ზედაპირული საუბრებით, ილუზიას ვიქმნით, თითქოს მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ.

ეს ნაწილია ჩვენი ზერელე და უშინაარსო ცხოვრების. უაზრო საუბრებით უბრალოდ დრო გაგვყავს, თვალს ვარიდებთ რეალობას, რათა პირისპირ არ შევხედოთ ჩვენს არასრულფასოვნებას, ჩვენს მოსაწყენ და უშინაარსო ცხოვრებას. პრობლემის პირისპირ დანახვა, მუდამ ტკივილს გვაყენებს და არ ვიცით ამ ტკივილს რა მოვუხერხოთ. ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ,  რომ როგორმე ზედაპირული ქმედებებით ჩვენი არასრულფასოვნება დავივიწყოთ. 

ნახეთ რა ხდება, როდესაც ხუთი პოლიტიკოსი ან ეგრეთ წოდებული ექსპერტი შეიკრიბება, ბრძნული სახეებით სულ ჭკუას გვარიგებენ, რაღაც მითითებებს გვაძლევენ,  ვიღაცას აკრიტიკებენ, გვიხსნიან როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები და თან ამას სერიოზული სახეებით გვიყვებიან. დრო გაყავთ, ამბიციებს იკმაყოფილებენ, აქვთ რაღაც პოზა და იმიჯი საზოგადოებაში და ბოლოს ალბათ თვითონაც იჯერებენ რომ ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაჭრა ძალუძთ.  ცხადია ლაპარაკი ლაპარაკად რჩება, ჩვენი პრობლემები კი, იქნება ეს პირადი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ისევ მოსაგვარებელია.  რეალურად არაფერი იცვლება, მხოლოდ გაქცევა და თვალის არიდება…..

როდესაც რაიმე სირთულეს შეეჯახები შენს თავში, ნუ გაექცევი მას, პირიქით, სცადე მასთან დარჩენა და მასზე დაკვირვება, ნუ აფასებ ყველაფერს, ნუ არქმევ კარგს ან ცუდს, უბრალოდ დარჩი ამ პრობლემასთან და შეეცადე დაინახო ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. გონება ისეა მიდრეკილი მუდმივი თვითშეფასებისა და იდენტიფიკაციისკენ, განსჯისა და განკითხვისკენ, რომ არ გვაძლევს ფაქტის რეალურად აღქმის საშუალებას და სწორედ ესაა მიზეზი, გამოსავალს რომ ვერასოდეს ვპოულობთ.

ნებისმიერ შემაწუხებელ განცდას თავისი სათავე  აქვს, საიდანაც ის მომდინარეობს, ამის გასაგებად საჭიროა დაკვირვება და მისი პრაგმატული დანახვა,  სხვანაირად მისგან ვერასოდეს გათავისუფლდები, გარედან ვერავინ მოაგვარებს შენს პრობლემებს. რაც არ უნდა ბევრი წიგნი წაიკითხო და ჭკვიანურად ილაპარაკო, თუ შენს თავში, შენს გონებაში, შენს ცნობიერსა თუ არაცნობიერში არ ჩაღრმავდი და მშვიდად არ შეხედე იქ მიმდინარე პროცესებს, მუდამ ცუდად იქნები და გაქცევაზე იფიქრებ.

დაპირისპირების გარდა ადამიანურ ურთიერთობებში ხშირად იკვეთება ერთი ძალიან სახიფათო რამ, მეორე უკიდურესობა _ ფსიქოლოგიური მიჯაჭვა და მიბმა კონკრეტულ პიროვნებაზე. ეს უფრო იკვეთება ე.წ. ავტორიტეტებთან ( იგულისხმება ფსიქოლოგი, მოძღვარი, მასწავლებელი, გნებავთ ბელადი ან წინამძღოლი) დამოკიდებულებებში.  ეს პრობლემა ფსიქოანალიზში ცნობილია როგორც ტრანსფერი.

ტერმინი პირველად ზიგმუნდ ფროიდმა შემოიტანა და შემდგომ უფრო ფართოდ განივრცო და გაიშალა, თუ ფროიდისეული  ტრანსფერი  მხოლოდ ეროტიულ შინაარს ეხებოდა, კ.გ. იუნგმა ეს უფრო კომპლექსურ პრობლემად დაინახა, იგი ერთ-ერთ ლექციაში ამბობდა:” მე დავადგინე, რომ ყველაფერი შეიძლება პროეცირდეს და ეროტიული გადატანა მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა მრავალთა შორის. ადამიანის არაცნობიერში კიდევ მრავალ სხვა შინაარსია, აგრეთვე ემოციური ბუნებისა და არაცნობიერში არსებულ ყველა გააქტიურებულ შინაარსს აქვს პროექციაში გამოვლენის ტენდენცია”.

ფსიქოანალიზის მიხედვით, როგორც კი რაიმე ხატების პროეცირებას ახდენს ადამიანი, მაშინვე იმის მონა ხდება, ვისშიც  იდეალის გადატანას ახდენს და ეჩვენება, რომ იმ ადამიანს მაგიური გავლენა აქვს მის ნებელობაზე, სინამდვილეში  ხდება ჩვენს არაცნობიერში არსებული სექსუალური, ემოციური თუ სხვა რაიმე ტიპის ხატების პროეცირება კონკრეტულ ინდივიდში,  სწორედ ეს არის ფსიქოლოგიური მიჯაჭვა, რომელიც გარდაუვლად მოიტანს შეფერხებას მენტალურ განვითარებაში.

ასეთი ტიპის  ტრანსფერი  შესაძლებელია მოხდენს ნებისმიერ ინდივიდზე, მაგრამ უფრო ხშირად ხდება ე.წ. სულიერი მკურნალობის შემთხვევაში, (ფსიქოლოგთან,    სულიერ მოძღვართან, ან ნებისმიერ ადამიანთან ვინც ავტორიტეტად და მასწავლებლად მიგაჩნია).

როდესაც მთელი შენი იდეალები ერთ ადამიანში გადაგაქვს, ლოგიკურია, რომ მისგან უკვე სასწაულების მოხდენას ელოდები, იმის მაგივრად რომ დამოუკიდებლად იშრომო და იღვაწო, ერთ ადამიანს აჰკიდებ მთელს შენს ტვირთს და თან არც ფიქრობ, შეუძლია თუ არა მას ამის ტარება. ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური მიჯაჭვა, წესით თვითონ სულიერმა მკურნალმა უნდა გააცნობიეროს და მოგიხსნას, თუ მას მართლაც შესწევს უნარი დახმარების, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად სულიერი მკურნალებისა და “პაციენტების” ცნობიერებას შორის დიდი განსხვავება არ არის და ეს ორმხრივი გაუცნობიერებლობა, როგორც ავტორიტეტისთვის ისე “პაციენტისთვის”  დამაბნეველია და შესაძლებელია მკურნალობის პროცესი კატასტროფულად დამთავრდეს.

მიზეზი, რისთვისაც ჩვენ ასე ძალიან გვესაჭიროება ე.წ. სულიერი მკურნალი, ჩვენი გულწრფელი და სრულფასოვანი ურთიერთობების არარსებობაა. ჩვენი დაძაბული, ეჭვიანი და ქაოსური ყოფიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან გახსნას, გულის გადაშლას,  ამიტომ ყველა დადებითი და უარყოფითი ემოცია ჩვენში რჩება,  ქვეცნობიერში გადადის და გროვდება. ავტორიტეტი ამ შემთხვევაში ის ნათელი წერტილია, ვისთანაც მეტ-ნაკლებად ვახერხებთ სულის “გაშიშვლებას” და იმედი გვაქვს რომ ყველა სიმძიმისგან გაგვათავისუფლებს  და გამოსავალს გვიჩვენებს, მაგრამ ნაკლებად ვუფიქრდებით რამდენად შესწევს ამის ძალა ჩვენს “რჩეულს”, იმისათვის რომ ჩვენი გონება დაალაგოს და დააბალანსოს.  თვით  ამ “სულიერ მკურნალებსაც” ხშირად პროფესიულ საქმედ გაუხდიათ ადამიანის სულის მკურნალობა და ისე მარტივად იდებენ თავს ასეთ სერიოზულ საქმეს, რომ მის სიღრმესა და სიმძიმეს ვერ აცნობიერებენ. შედეგად ვიღებთ უამრავ აგრესიულ, ნევროზულ,  ფანატიკოს მორწმუნეს თუ არა-მორწმუნეს, რომელთაც  საკუთარი „მხსნელები“ პირდაპირ კერპებად გაუხდიათ და ვერც წინ მიდიან და ვერც რაიმე პროგრესი აქვთ.

არსებობს შემთხვევები, როდესაც იდეალების პროეცირება ხდება საპირისპირო სქესის ადამიანზე, რაც ხშირად სიყვარულში გვერევა. ერთ ადამიანს გააიდეალებ და გგონია რომ ეს ისაა ვისაც მთელი ცხოვრება ელოდი და ვინც უწყვეტი ბედნიერება და სიმშვიდე უნდა მოგიტანოს.

ამ ყველაფრის უკან იმალება ე.წ. “მხსნელის” კომპლექსი, ანუ მარადიული მოლოდინი არსებისა, რომელიც ოდესმე მოვა და ამ უბადრუკი და დრამატული ყოფიდან გვიხსნის. ჩვენი ზედაპირული და ეგოისტური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვაქვს და ქვეცნობიერად სულ ვიღაცას ველოდებით გარედან, ვინც ჩვენს სულიერ სიცარიელეს შეავსებს.  რეალობას თუ შევხედავთ, სამწუხაროდ ამ “იდეალს” ვერავინ პოულობს და ცხოვრებაც მუდმივი იმედგაცრუებებისა და სენტიმენტალიზმის ფონზე გრძელდება. მიზეზი შესაძლოა არც ისე ძნელი მისაგნები იყოს, თუ ადამიანი ღრმად ჩაუფიქრდება პრობლემის არსს. რასაც ჩვენ სხვა ადამიანში  ვეძებთ, სინამდვილეში ჩვენივე თავში უნდა ვიპოვოთ, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სრულფასოვანი ბედნიერებისა და უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მოახერხებ ერთ მთლიანობად იქცე, ერთ სრულფასოვან პიროვნებად, ანუ  ფსიქოლოგიურად დაყოფილმა და დანაწევრებულმა ადამიანმა უნდა დაიბრუნოს თავისი პირვანდელი სახე, ამისათვის საჭიროა შინაგანში ჩაღრმავება და პირველ რიგში იმ იდეალების გააზრება, რაც ასე აქტიურად გადაგვაქვს სხვა ადამიანში.

ჩვენს მიერ, კონკრეტულ პიროვნებაში გადატანილი  დადებითი და უარყოფითი თვისებები, ჩვენივე ნაწილია, რომელიც არაცნობიერშია მოთავსებული. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ მათი არსებობა და დადებითი თვისებები განვავითაროდ ჩვენივე სასიკეთოდ, ხოლო უარყოფითის შემთხვევაში მათგან გათავისუფლებაზე ვიღვაწოთ. როდესაც პოზიტიურ ღირებულებებს მიაწერ სხვა ადამიანს, რომელიც მას სინამდვილეში საერთოდ არ გააჩნია, ეს ღირებულებები რეალურად შენია და თვითონ უნდა გამოიყენო შენივე სრულყოფისთვის, ხოლო როცა უარყოფითს აპროეცირებ და დასანახავად ვერ იტან მას, ვისშიც ეს გადაგაქვს, ესეც შენი არასრულფასოვანი მხარეა – რომლის გადატანასაც სხვა ობიექტში ახდენ, რადგანაც ასე უფრო ასატანია საკუთარი მანკიერების ყურება. ამიტომაც საჭიროა დავაკვირდეთ და გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, ვიყოთ ცნობიერი ჩვენი რეალური შინაგანი მდგომარეობის, რათა შევძლოთ მთელი იმ პოტენციალის კეთილგონივრული გამოყენება რაც ჩვენშია. რაც უფრო მაღალი ცნობიერებისაა ადამიანი, მისი ხედვა გარეგნულისკენ მიმართული, ნელ-ნელა შინაგანისკენ ტრიალდება, იგი ცდილობს თავის მენტალური არსის შესწავლას და მის სრულყოფას, ერთ მთლიანობად ქცევას. ხოლო რაც უფრო დაბალი და შეზღუდულია ცნობიერება, იგი მუდამ გარეთ იმზირება და გარეთ ეძებს ბედნიერებისა და უბედურების მიზეზებს, ხან პიროვნებებში და ხან მოვლენებში. მუდამ იდეალები და მტრები ყავს, ხილული თუ უხილავი, გამომდინარე თავისი გაუცნობიერებელი სუბიექტური ღირებულებებიდან.

მთავარია გამოვიდეთ გულუბრყვილო აზროვნებიდან, რაც ბრმა ბედისწერასთან შეგუებულობას გულისხმობს. როგორც კ.გ.იუნგი ამბობდა, ნევროზი გიჩვენებს რომ არასწორად მიდიხარ, ხოლო შენს ფსიქიკას სურს სრულფასოვან პიროვნებად გაქციოს, შენ კი მსხვერპლის როლი აგირჩევია და ბრმად მიყვები. შენს ჭეშმარიტ ბუნებას სურს, რომ შენი არსება შეიცნო მთელი შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და შემდგომ თვითონ იკისრო პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე.

რელიგიის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, ადამიანი დაუბრუნოს თავის ბუნებრივ წიაღს, საიდანაც იგი გამოვიდა, ანუ ღმერთს. ამის მაგალითია იგივე ქრისტიანული ნათლობა, ანუ ადამიანის სულიერად შობა, შობა ქრისტეში, ზე-ცნობიერში. მთავარია ეს მარტო გარეგნული რიტუალების დონეზე არ დარჩეს და შინაგანი, ჭეშმარიტი სულიერი შობა მოხდეს, ადამიანი ცნობიერად ეზიაროს ღმერთს -სრულქმნილებას- და თვითონაც სრულქმნილი გახდეს.

რელიგიურობის განცდა ფსიქიკური პროცესია, დიდმა ინდოელმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ შრი აურუბინდომ, თავის წიგნში “ფსიქიკური არსება” ვრცლად და საფუძვლიანად განმარტა ფსიქეს არსი. ფსიქეა ანუ ფსიქიკური არსი, წერდა იგი, სულის ცნობიერი ფორმაა, რომელიც წარმოსდგება ღვთაებრივიდან, მაგრამ არ არის სრულყოფილი, უძრავი როგორც ატმანი (აბსოლუტური სული). იგი მუდმივად ევოლუციას განიცდის, რათა საბოლოოდ შეერწყას ღვთაებრივს, ანუ ისეთივე სრულყოფილი გახდეს, როგორც ღმერთი და სამუდამო სიმშვიდე ჰპოვოს.

ქრისტიანობის ფარული სიღრმეების გაგების გარეშე, რელიგიის მიღება უბრალო ფორმალობაა, ზედაპირული ქმედება, რაც საბედისწერო აღმოჩნდება ხოლმე ადამიანისთვის. ქრისტეს იმიტაცია, უბრალოდ გარეგნული მიბაძვა მისი ქმედებებისადმი, არასოდეს არაფერს შეცვლის ადამიანის სულში, პირიქით, ალბათ სიცარიელეს უფრო მოიტანს. მხოლოდ რელიგიური პროექცია წერდა კ.გ.იუნგი, სულს ღირებულებას ართმევს. გამოფიტული სული განვითარების უნარს კარგავს და არაცნობიერ მდგომარეობაში ვარდება. ამასთან ექმნება ილუზია, რომ ყველა უბედურების მიზეზი მის გარეთაა და ერთი წუთითაც კი არ ფიქრობს თავად ვინღაა.

ღმერთი სადმე გარეთ კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ საკუთარ სულებში. ნებისმიერი გაუცნობიერებელი დეტალი ცნობიერებაში, ღია ჭრილობაა, გნებავთ იგივე ეშმაკი, რომელიც შენი სიბრმავის გამო ათას ოინს გიწყობს და მსუბუქად რომ ვთქვათ, მუდამ უხერხულ სიტუაციებში გაყენებს.

მაშასადამე, მთავარია ისევ და ისევ საკუთარი გონების კვლევა-ძიება და იქ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, რათა შევძლოთ ნორმალური, სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარება, სადაც არც დავითრგუნებით და აღარც შიში და ეჭვი დაგვიმძიმებს გულს. საჭიროა კარგად გავიაზროთ და გავაცნობიეროთ საკუთარი არსებობა, სულ სადღაც კი ნუ ვიყურებით სასწაულის მოლოდინში, არამედ ჩვენს სულში ჩავიხედოთ და იქ აღმოვაჩინოთ ყველა ჩვენი უბედურების სათავე, ვიყოთ გაცნობიერებული ჩვენს ფიქრებსა და შესაბამისად ქმედებებში. თუ გაუცნობიერებელი არ დაგვრჩება არც ერთი მოვლენა, არც ერთი ფიქრი და ოცნება, სურვილი და სწრაფვა, მუდამ შეიარაღებული ვიქნებით შინაგანადაც და გარეგნულადაც.  არც ასე ვიქნებით დამოკიდებული სულიერ მკურნალებზე და ავტორიტეტებზე, რადგანაც თვითონ ვიქნებით საკუთარი გონების სრულფასოვანი მფლობელი, საკუთარი ემოციებისა და გრძნობების  გამგებელი.  ჩვენში იარსებებს თავისუფალი ნება, რაც გულისხმობს არჩევანის არარსებობას, რადგანაც იქ სადაც ყველაფერი გაცნობიერებულია, სადაც რეალური შესაძლებლობები დანახულია და შესაბამისად საკუთარი ბუნებრივი განვითარების გზა ნაპოვნია _ ასარჩევიც არაფერია, მთელი სამყარო თანხმიერია შენთან, არც არსად გარბიხარ და არც არსად იმალები, არამედ ცხოვრობ ყოველდღიური მშვენიერებითა და უბრალოებით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი