ბენჯამინ ფრანკლინი:თვითნასწავლი გენიოსი

0
473
ბენჯამინ ფრანკლინი, თვითნასწავლი გენიოსი, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, იყო ამერიკული განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ორიგინალური და თვითმყოფადი ფიგურა. მან მხოლოდ ორი წელი ისწავლა დაწყებით სკოლაში, მაგრამ მთელი ცხოვრება მიზანმიმართულად ეწეოდა თვითგანათლებას. სახელი გაითქვა როგორც სერიოზული სამეცნიერო ნაშრომების ავტორმა. მიიჩნევა აშშ-ის სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებლად.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი “ავტობიოგრაფიიდან”.
ზნეობრივ სათნოებათა შესახებ კითხვისას აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ჩამონათვალში მათი რიცხვი სხვადასხვაა, რადგან სხვადასხვა მწერალი ერთი და იმავე სათნოების დასახელებისას უფრო მეტ ან ნაკლებ იდეას მოიაზრებს. მაგალითად, თავშეკავებას ზოგი ჭამასა და სმას უკავშირებს, ზოგიერთის აზრით კი იგი გულისხმობს თავშეკავებას ყველა სხვა სიამოვნების მიმართ: მადისა, მიდრეკილებებისა და ვნებებისა, ფიზიკური იქნება ეს თუ გონებრივი, თვით სიხარბისა და პატივმოყვარეობის მიმართაც კი. მე ვამჯობინე, მეტი სიცხადისთვის გამომეყენებინა უფრო ვრცელი ჩამონათვალი და ყოველ ცნებაში ჩამედო კონკრეტული აზრი, ვიდრე ნუსხა ყოფილიყო მცირერიცხოვანი და მრავალი აზრის მომცველი. ამრიგად, მივიღე ცამეტი სათნოება – ყველაფერი, რაც კი მაშინ აზრად მომივიდა ან სასურველად მივიჩნიე – და ყოველ მათგანს დავურთე მცირე განმარტება, რაც მიანიშნებდა, რას ვგულისხმობდი თითოეულ მათგანში.
სათნოებათა სახელები და განმარტებები ასე ჩამოყალიბდა:
1. თავშეკავებანუ შეჭამ სიმაძღრემდე და ნუ დალევ სიმთვრალემდე.
2. დუმილითქვი მხოლოდ ის, რაც გარგებს შენ ან სხვას. ერიდე უსაგნო საუბარს.
3. წესრიგიმიუჩინე ყოველ საგანს თავისი ადგილი და შენი საქმიანობის ყოველ ასპექტს – თავისი დრო.
4. მიზანდასახულობამიზნად დაისახე, განახორციელო, რაც შენი ვალია. გაუცუდებლად აღასრულე დასახული მიზანი.
5. მომჭირნეობანუ დახარჯავ, უკეთუ ეს არას გარგებთ შენ ან სხვას, ესე იგი ნუ გაფლანგავ.
6. შრომისმოყვარეობა – უქმად ნუ დაკარგავ დროს. მუდამ დაკავებული იყავი რაიმე სასარგებლო საქმიანობით. თავი არიდე უსარგებლო ქმედებებს.
7. გულწრფელობა – ნუ იცრუებ მავნედ. იფიქრე ალალად და სამართლიანად და თუ იტყვი, თქვი შესაბამისად.
8. სამართლიანობა – ნურავის ავნებ ავის ქმნით ან იმ სიკეთეზე უარის თქმით, რაც შენი გასაკეთებელია.
9. ზომიერებაერიდე უკიდურესობებს.
10. სისუფთავე – ნუ შეეგუები სახლის, ტანსაცმლის ან საცხოვრისის უსუფთაობას.
11. სიმშვიდე – ნუ გამოეკიდები წვრილმანებს ან ავბედითობას, რაც ჩვეულებრივი ან გარდაუვალია.
12. ზნეობრივი სიწმინდე – იშვიათად მიმართე ხორციელ ტკბობას, თუკი ის აუცილებელი არ არის ჯანმრთელობისა ან შთამომავლობისთვის. არასოდეს – მოყირჭებამდე, დაუძლურებამდე, ანდა შენი ან სხვისი სიმშვიდისა და რეპუტაციის შელახვამდე.
13. თავმდაბლობა – ემსგავსე იესოს და სოკრატეს.
მსურდა, გამეთავისებინა ყველა ეს სათნოება და მივიჩნიე, რომ ერთბაშად ყველას გამოდევნებას სჯობდა, მთელი გულისყური ჯერ ერთი მათგანის ათვისებისთვის მიმეპყრო და მერეღა გადავსულიყავი მომდევნოზე, სანამ არ დავეუფლებოდი ცამეტივეს. ვინაიდან ყოველ წინა მონაპოვარს ხელი უნდა შეეწყო მომდევნოს ათვისებაში, დავალაგე სათნოებები იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ზემოთ იხილეთ: თავშეკავება პირველია, რადგან იგი ხელს უწყობს ცივი და ნათელი გონების შენარჩუნებას, ეს კი აუცილებელია მუდმივი სიფხიზლისთვის, რათა შეურიგებელი იყო ძველი ჩვევების ცდუნებისადმი. ამის ათვისების შემდეგ დუმილი უფრო ადვილი მისაღწევია და ვინაიდან მე, ამასთანავე, ცოდნის მოპოვებასაც ვესწრაფოდი, განვავითარე ეს სათნოება და გადავწყვიტე, რომ ეს მიიღწევა საუბრისას მეტწილად ყურის გამოყენებით და არა ენისა, და განვაგდე ჩვევა ლაქლაქისა, ყალბი ენამზეობისა და ოხუნჯობისა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისაღებ კაცად მხდიდა უმაქნისთა საზოგადოებაში.
დუმილმა მეორე ადგილი დაიკავა. ეს და მომდევნო, წესრიგი, იმედი მქონდა, მეტ დროს დამიზოგავდა ჩემი პროექტებისა და სწავლისათვის. მიზანდასახულობა, გავითავისებდი თუ არა ამ სათნოებას, შემმატებდა სიმტკიცეს ყველა დანარჩენი სათნოების დასაუფლებლად. მომჭირნეობა და შრომისმოყვარეობა მიხსნიდა დარჩენილი ვალებისაგან, მომანიჭებდა კეთილდღეობასა და დამოუკიდებლობას, ეს კი, თავის მხრივ, გამიადვილებდა გულწრფელობასა და სამართლიანობას და ა. შ. მაშინ მივხვდი, რომ, პითაგორას რჩევების შესაბამისად, აუცილებელი იყო ყოველდღიური თვითშემოწმება და ამისთვის შევიმუშავე ასეთი მეთოდი: ავიღე პატარა რვეული და ყოველ სათნოებას დავუთმე თითო გვერდი. დავხაზე ყოველი გვერდი წითელი მელნით ისე, რომ გამოსულიყო შვიდი სვეტი კვირის შვიდი დღისათვის და აღვნიშნე ისინი დღეების საწყისი ასოებით; გადავკვეთე ეს სვეტები ცამეტი წითელი ხაზით და აღვნიშნე თითოეული შესაბამისი სიქველის სახელწოდების პირველი ასოთი. ამ ხაზებზე, შესაბამის სვეტში, შავი წერტილით ვინიშნავდი ყოველ გადაცდომას, რომელსაც შემოწმებისას გამოვავლენდი იმ კონკრეტულ დღეს შესაბამის სათნოებასთან მიმართებით.
გადავწყვიტე, თითო კვირის განმავლობაში მკაცრად მეკონტროლებინა თითო სათნოება და ასე მივყოლოდი. ამრიგად, პირველ კვირას ზედმიწევნით გამეცადინებული ვიყავი, თავი ამერიდებინა თავშეკავებიდან თუნდაც უმცირესი გადაცდომისთვის და სხვა სათნოებებს ჩვეულ დინებას მივანდობდი, მხოლოდ ყოველ საღამოს აღვნუსხავდი განვლილი დღის ნაკლოვანებებს. ამგვარად, თუ პირველი კვირის თავზე შევინარჩუნებდი პირველ სვეტს ნიშნით “მ” (მართალი), წერტილების გარეშე, ვივარაუდებდი, რომ ეს სათნოება იმდენად დავძლიე, შემეძლო, ყურადღება მომდევნოსთვისაც გამეწვდინა, მომდევნო კვირას კი ორივე სვეტი სუფთად შემენარჩუნებინა. თუ ასე გავაგრძელებდი, ცამეტ კვირაში მთელ კურსს გავივლიდი და, მსგავსად კაცისა, რომელსაც ბოსტანი აქვს გასამარგლავი და მთელ ბაღში სარეველას ერთბაშად ამოთხრას კი არ ცდილობს, რადგან ეს მის ძალას აღემატება, არამედ ჯერ ერთ კვალს გამარგლავს და მერეღა შეუდგება მეორეს, მეც ვიმედოვნებდი, რომ წამახალისებდა საკუთარი წინსვლისთვის თვალის მიდევნება და იმის ხილვა, როგორ იწმინდებოდა ჩემი სვეტები ლაქებისგან.
რვეულს ეპიგრაფად წავუმძღვარე სიტყვები ედისონის “კატონიდან”:
“აქ შევჩერდები; თუ არსებობს ზეგარდმო ძალა, – 
და ის არსებობს, ბუნება ხმით ღაღადებს ამას
(ყოველ ნაბიჯზე), – სათნოება ჰგვრის მას სიამეს
და რაც სათნოა ბუნებისთვის, ის თვით არის ბედნიერება”.
და კიდევ – ციცერონიდან;
“ო, ფილოსოფიავ, ცხოვრების წარმმართველო! ო, სათნოების მაძიებელო, მანკიერების განმდევნელო! დღე ერთი, გასრულებული კარგად, შენთა შეგონებათამებრ, სჯობია მარადისობას, ცოდვებში გატარებულს”.
აი, კიდევ ერთი – გამონათქვამი სოლომონისა, რომელიც სიბრძნეზე ანუ სათნოებაზე ლაპარაკობს;
“ხანიერება დღისა უპყრია მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი; კეთილგანწყობაა მისი ზრახვა და გზა მისი არის სიმშვიდე”.
რამდენადაც მჯეროდა, რომ თვით ღმერთია სიბრძნის წყარო, მართებულად მივიჩნიე, მეძია მისი შემწეობა სიბრძნის დაუფლებაში. ამიტომაც შევადგინე მცირე ლოცვა, რომელიც წავუმძღვარე ყოველდღიური შემოწმების ცხრიელებს:
“ო, ყოვლისშემძლე უფალო, ხვავრიელო მამაო, მოწყალე წინამძღოლო, ამრავალკეცე ჩემში სიბრძნე, რაც ჩემს ჭეშმარიტ მოწოდებას მაპოვნინებს. განამტკიცე ჩემი მისწრაფება, რათა აღვასრულო ის, რასაც სიბრძნე მკარნახობს. მოახმარე ჩემი კეთილი მსახურება შენს დანარჩენ შვილებს, რაც ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი მისაგებელია ჩემდამი შენი დაუშრეტელი სიკეთისთვის”.
გარდა ამისა, ზოგჯერ ვიყენებდი პატარა ლოცვას, რომელიც ტომსონის პოემიდან ავიღე: 
“სინათლისა და ცხოვრების მამაო, სიკეთევ უზენაესო, ო, მასწავლე, რა არის კარგი, მაზიარე შენს წიაღს! მიხსენი უგუნურებისგან, ამპარტავნებისა და ბოროტებისგან, ყოველი მდაბალი ზრახვისგან და აღავსე ჩემი სული ცოდნით, შეგნებული სიმშვიდითა და წმინდა სათნოებით, სპეტაკო, ნამდვილო, ჩაუქრობელო ნეტარებავ”.
წესრიგთან დაკავშირებული მითითებისამებრ, რომელიც მოითხოვდა, რომ ჩემი საქმიანობის ყოველ ნაწილს განკუთვნილი ჰქონოდა თავისი დრო, ჩემი რვეულის ერთ გვერდზე გაწერილი იყო ჩემი საქმიანობა დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში.

შევუდექი ამ გეგმის განხორციელებას თვითშემოწმების დახმარებით. დროდადრო ვისვენებდი. გამაოცა იმის აღმოჩენამ, რაოდენ ვცოდავდი ამ მხრივ, თუმცა კმაყოფილებით ვადევნებდი თვალს, როგორ მცირდებოდა ეს შეცდომები. რამდენიმე ხნის შემდეგ წელიწადში მხოლოდ ერთ კურსს გავდიოდი, უფრო მოგვიანებით – რამდენიმე წელიწადში ერთს, ბოლოს კი სულ მთლად მივანებე თავი, რადგან ბევრს ვმოგზაურობდი, ვსაქმიანობდი საზღვარგარეთ და უამრავი რამ მიშლიდა ხელს, მაგრამ ჩემს რვეულს მაინც მუდამ თან დავატარებდი. წესრიგის დაცვა ძალიან გამიჭირდა და მივხვდი, რომ თუმცაღა მისთვის, ვინც იმგვარ საქმიანობას ეწევა, რომ თავის დროს თვითონ განკარგავს, იგი შესაძლოა სავსებით გამოსადეგი იყოს, ხელმძღვანელისთვის, რომელსაც უწევს საქმიან ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მიღება მათთვის ხელსაყრელ დროს, ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია. ჩემი ნივთების, მაგ., ქაღალდების, მოწესრიგებაც კი უკიდურესად გამიჭირდა.მეთოდურობას ადრიდანვე არ ვიყავი ჩვეული და ვინაიდან კარგი მეხსიერება მქონდა, მეთოდის უქონლობა დიდაც არც მიშლიდა ხელს. ეს ნაწილი დიდ, მტკივნეულ დაძაბულობად დამიჯდა. ჩემი ნაკლულოვანება ისე მაწამებდა, წინ ისე ტაატით მივიწევდი, ისე მცირედის გამოსწორება მოვახერხე და იმდენი ჩავარდნა მქონდა, ლამის მზად ვიყავი, მცდელობისთვის თავი დამენებებინა და ჩემს ამ ნაკლს შევგუებოდი. იმ კაცივით, ნაჯახს რომ ყიდულობდა ჩემი მეზობელი მჭედლისგან და ისურვა, მთელი ნაჯახი ისევე ყოფილიყო გაპრიალებული, როგორც ნაჯახის პირი. მჭედელი დათანხმდა, იმ პირობით, რომ ბორბალს მუშტარი თავად დაატრიალებდა. კაცი ბორბალს ატრიალებდა, ხოლო მჭედელი ნაჯახის ფართო ზედაპირით მთელი ძალით აწვებოდა მას, რაც ბორბლის ტრიალს ძლიერ აძნელებდა. კაცი წამდაუწუმ მოირბენდა, რომ დაეხედა, როგორ მიდიოდა საქმე და ბოლოს ის ნაჯახი ისე წაიღო, როგორც იყო, გაუხეხავად. “არა, – უთხრა მჭედელმა, – ატრიალე, თანდათან სულ გაპრიალდება, ახლა აჭრელებულია”. “ეგრეა, – დაეთანხმა კაცი, – მაგრამ, მე მგონი, ასეთი აჭრელებული უფრო მომწონს”.

და, დარწმუნებული ვარ, ასე ემართება ბევრს, ვისაც არ გააჩნია ის საშუალება, მე რომ მივაგენი, კარგი ჩვევების შესაძენად და მანკიერებათა დასაძლევად, თავს ანებებენ ბრძოლას და დაასკვნიან, რომ “აჭრელებული ნაჯახი ჯობია”. რაღაც, რაც ზოგჯერ მიზეზად მეჩვენებოდა, გამუდმებით ჩამჩიჩინებდა, რომ უკიდურესი სიკეთე, რასაც ასე ვესწრაფოდი, იყო ზნეობრივი კეკლუცობა და თუ ეს გაცხადდებოდა, ხალხის საქილიკო გავხდებოდი, და რომ კეთილმოსურნე კაცმა კი უნდა მიუტევოს თავს პატარ-ატარა გადაცდომები, რათა მეგობრები არ დაკარგოს. სინამდვილეში კი გაირკვა, რომ წესრიგთან მიმართებით გამოუსწორებელი ვიყავი. ახლა კი, როცა მოვხუცდი და მეხსიერებამაც მიღალატა, მწარედ განვიცდი ამ თვისების უქონლობას. მაგრამ მთლიანობაში, თუმცა ვერაფრით მივაღწიე სრულყოფილებას, რომელსაც ვესწრაფოდი და ბევრიც დამაკლდა იქამდე, მაინც ამ ძალისხმევის შედეგად მე შევიქენი უკეთეს და უფრო ბედნიერ კაცად, ვიდრე უამისოდ ვიქნებოდი.

კარგი იქნება, თუ ჩემს შთამომავლებს ეცოდინებათ, რომ ამ პატარა მოხერხებას, უფლის შეწევნით, მათი წინაპარი უმადლის ცხოვრებისეულ ბედნიერებას აგერ უკვე სამოცდაცხრამეტ წლამდე, როცა ეს სტრიქონები იწერება. რა დატრიალდება ამის შემდეგ ჩემს თავს, ეს მხოლოდ განგების ნებაა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობ, განვლილი ბედნიერი ცხოვრების მოგონება მას ყველა ბედუკუღმართობას შეუმსუბუქებს. თავშეკავებას მიაწერს ის თავის ხანგრძლივ ჯანის სიმრთელეს და ჯერ კიდევ შემორჩენილ კარგ აღნაგობას; შრომისმოყვარეობასა და მომჭირნეობას უმადლის ადრიდანვე მდგომარეობის დამკვიდრებას, ქონების შეძენასა და იმ ცოდნის დაუფლებას, რამაც სასარგებლო მოქალაქედ აქცია და გარკვეული სახელიც დაუმკვიდრა სწავლულთა შორის; გულწრფელობამ და სამართლიანობამ მოაპოვებინა თავისი ხალხის ნდობა და ის საპატიო თანამდებობები, რაც მისმა ქვეყანამ მას ანდო; ხოლო ყველა ამ სათნოებამ ერთად – ის გაუმრუდებელი გუნება-განწყობა და ხალისიანი საუბრის უნარი, რაც მასთან ურთიერთობას თვით უმცროსი ნაცნობებისთვისაც კი ჯერ კიდევ სასურველსა და მისაღებს ხდის. ამდენად, მე ვიმედოვნებ, ნაწილი ჩემი შთამომავლებისა გაიზიარებს ჩემს გამოცდილებას და მოიმკის მიღებულ სარგებელს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ჩემი სქემა მთლიანად არ იყო მოკლებული რელიგიას, მასში არსად ყოფილა რაიმე ნიშანი რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობისა. ამას საგანგებოდ ვარიდებდი თავს, რადგან მინდოდა, ჩემი მეთოდი სრულყოფილი და გამოსადეგი ყოფილიყო სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებისთვის. ჩაფიქრებული მქონდა, გამომექვეყნებინა იგი და არ მინდოდა ყოფილიყო იქ რაიმე, რაც ცრურწმენით განაწყობდა რომელიმე აღმსარებლობის ადამიანს. ვაპირებდი, თითოეულ სათნოებაზე დამეწერა კომენტარი, რომლითაც ნათელვყოფდი მისი დაუფლებით მიღებულ უპირატესობას და იმ სიავეს, მათ საპირისპირო ბოროტებას რომ ახლავს. ამ წიგნს ვუწოდებდი “სათნოების ხელოვნებას”, რადგან იგი გვიჩვენებდა ამ სათნოებათა დაუფლების გზასა და ხერხებს, ეს კი ამ წიგნს გამოარჩევდა ფუჭი დამოძღვრისაგან “იყავი კარგი!”, რომელიც არ გვარიგებს და არ გვიჩვენებს გზას, მსგავსად იაკობ მოციქულის მიერ აღწერილი კაცისა, რომელიც სათნოჰყოფდა ოდენ სიტყვით და მოუწოდებდა, რომ შემოსილიყვნენ და დაპურებულიყვნენ უპოვარნი, არ კი მიუთითებდა მშიერსა და შიშველს, სად უნდა ეპოვათ სამოსი ან საზრდო.
ისე კი მოხდა, რომ ჩემი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. დროდადრო დიახაც ვაკეთებდი მოკლე ჩანაწერებს, რომელთა გამოყენებასაც შემდგომში ვაპირებდი, მაგრამ, ვიანიდან ეს მიმაჩნდა დიდ და ყოვლისმომცველ პროექტად, რომელიც მთელ ჩემს ყურადღებას მოითხოვდა და, ჩემი საქმიანობის გამო, ვეღარ მოვახერხე დროის გამონახვა, დარჩა ეს აქამდე დაუმთავრებელი.
ამ ნაშრომში ვაპირებდი დამესაბუთებინა დოქტრინა, რომ ბოროტი ქმედება გვვნებს არა იმიტომ, რომ ის გვეკრძალება, არამედ ის სწორედ იმიტომაა აკრძალული, რომ ვნების მომტანია თვით ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომაც ყველა, ვისაც სურს იყოს ბედნიერი ამქვეყნად, უნდა ესწრაფოდეს სათნოებას.
სათნოებათა ჩემეული სია თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ 12 სათნოებას, მაგრამ ერთმა კვაკერმა მეგობარმა კეთილ ინება და მაცნობა, რომ საზოგადოება ამაყ კაცად მიმიჩნევდა და ჩემი სიამაყე წამდაუწუმ იჩენდა თავს ჩემს საუბრებში, ფიქრობდნენ, რომ ვთრგუნავდი ჩემს ოპონენტებს და ვიყავი მოჭარბებულად მბრძანებლური და ქედმაღალი. ამაში მან დამარწმუნა რამდენიმე მაგალითის მოყვანით და მე გადავწყვიტე, განმეკურნა საკუთარი თავი ამ ბოროტებისა თუ უგუნურებისგანაც. ასე რომ, დავამატე თავმდაბლობა ჩემს სიას და ამ სიტყვას ფართო მნიშვნელობა მივანიჭე. ვერ დავიტრაბახებ ამ სათნოების ნამდვილად დაუფლებით, მაგრამ თავმდაბლური მანერები ასე თუ ისე გავითავისე. წესად გავიხადე, თავი შემეკავებინა სხვათა შეხედულების ხელაღებით უარყოფისა და საკუთარი მოსაზრებების თავგამოდებით მტკიცებისაგან.
საკუთარ თავს ავუკრძალე ყველა იმ სიტყვისა თუ გამოთქმის გამოყენება, რომელიც შეუვალ შეხედულებაზე მეტყველებდა – “ნამდვილად”, “უეჭველად” და ა. შ.; მათ ნაცვლად დავამკვიდრე “მე ვფიქრობ”, “მეჩვენება”, “ასე წარმომიდგენია” ან “ამ წუთას ასე მესახება”. როცა ვინმე ამტკიცებდა რაღაცას, რაც, ჩემი აზრით, მცდარი იყო, თავს არ ვაძლევდი უფლებას, სიამოვნება მიმეღო მოწინააღმდეგის გაცამტვერებისგან და მისი აზრის აბსურდულობის დაუყოვნებლივ ჩვენებისგან. ნაცვლად ამისა, ვიწყებდი იმის აღნიშვნით, რომ განსაზღვრულ შემთხვევაში ან პირობებში მისი აზრი მართებული იქნებოდა, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, “მეჩვენებოდა” ან “ჩანდა”, რომ განსხვავებული იყო და ა. შ. მე მალევე აღმოვაჩინე ჩემი შეცვლილი მიდგომის უპირატესობა: საუბარი, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, უფრო სასიამოვნო ვითარებაში მიმდინარეობდა, უფრო მეტიც – თავმდაბალი მანერა, რომლითაც ჩემს შეხედულებებს ვთავაზობდი, აადვილებდა მათ მიღებას და ოპონენტები ნაკლებ წინააღმდეგობას მიწევდნენ. როცა თვითონ აღმოვჩნდებოდი მცდარ პოზიციაზე, ნაკლებად დამცირებულად ვგრძნობდი თავს, ხოლო თუ მართალი აღმოვჩნდებოდი, ოპონენტები უფრო იოლად ელეოდნენ თავიანთ მცდარ შეხედულებებს და იზიარებდნენ ჩემსას.
ეს მეთოდი, რომელიც თავდაპირველად ბუნებრივ მიდრეკილებებზე ერთგვარი ძალდატანებით დავამკვიდრე, დროთა განმავლობაში ისე შევისისხლხორცე, რომ ალბათ ვერავინ დამწამებს, ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში დოგმატური მტკიცებულება დამცდენოდეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩვევას უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემს სიტყვას ასეთი ფასი მიეცა ჩემი თანამოქალაქეების თვალში და ასეთი გავლენა მოვიპოვე საბჭოში, როცა მისი წევრი გავხდი. მე ხომ უხეირო მოუბარი ვიყავი, არ გამოვირჩეოდი მჭევრმეტყველებით, დიდი გაჭირვებით ვარჩევდი სიტყვებს, ენასაც არ ვფლობდი სათანადოდ და მაინც, მეტწილად ვახერხებდი ჩემი აზრის გატანას.
სინამდვილეში ალბათ ჩვენს ვნებათაგან სიამაყე ყველაზე ძნელი დასაძლევია; დამალე იგი, ებრძოლე, დათრგუნე, მოხუთე, რამდენიც გინდა – ის მაინც ცოცხალია და წამდაუწუმ წამოყოფს თავს და გამომზეურდება. ალბათ ამ ისტორიაშიც არაერთხელ წააწყდით მის კვალს, რადგან, რომც მეფიქრა, სიამაყე მთლიანად მოვსპე-მეთქი, ალბათ საკუთარი თავმდაბლობით ვიამაყებდი.
თარგმნა მზია ტუღუშმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი