„დევიდ გეილის ცხოვრება“ ანუ რას დათმობდით თქვენი უზენაესი იდეალისთვის?

0
271

ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად რაღაც იდეალები გვამოძრავებს. რას დათმობდით თქვენი უზენაესი იდეალისთვის? დროს? კარიერას? ოჯახს? სიცოცხლეზე რას იტყვით?

უნდა გამოვტყდე, რომ ფილმების ყურება არ მიყვარს. თუ მაინც დავიწყებ, პარალელურად ათას საქმეს ვაკეთებ და ფილმს ასჯერ ვახვევ, რომ მალე დამთავრდეს. იმ დღესაც 304-ე აუდოტორიაში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოვცხადდი, რადგან პარასკევობით კინოჩვენებები კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ნაწილია. „დევიდ გეილის ცხოვრების“ ყურების დროსაც მინდოდა, გადამეხვია. აუტანელი სურვილი მქონდა, მაუსი გამემოძრავებინა და დამენახა, რამდენი წუთი იყო დარჩენილი, თუმცა არა იმიტომ, რომ ფილმი მოსაწყენი იყო, უბრალოდ, ასე ვარ მიჩვეული.

ეს ფილმი ცხოვრება“ სიკვდილით დასჯის თემაზეა. დევიდ გეილი, რომელსაც კევინ სპეისი ანსახიერებს, სიკვდილმისჯილი პატიმარია და აღსასრულს ტეხასში ელოდება. ტეხასი იმ 33 შტატთაგან ერთ-ერთია, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. თავად დეილი მსგავსი სასჯელის მოწინააღმდეგეა და მოვლენების ირონიული განვითარების შედეგად აღმოჩნდება მსჯავდებულის სკამზე. მას ბრალად მისი თანამოაზრე ქალის მკვლელობა ედება, რომელიც ასევე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ საქმით ახალგაზრდა ჟურნალისტი, ბითსი ბუმია (ქეით უინსლეტი) დაინტერესებული. ბითსი დევიდის მონათხრობით რწმუნდება, რომ ის უდანაშაულოა და მის გადარჩენას ცდილობს, თუმცა ბოლო მომენტში ბედ-იღბალი (უფრო სწორად, მანქანა J) უმტყუნებს და დევიდ გეილს სიკვდილით სჯიან.

ფინალი საოცარია. ისედაც საკმარისად „დაგასპოილერებთ“ და არ გეტყვით, ზუსტად როგორ სრულდება ფილმი, მაგრამ გეტყვით, რომ გაორებული ვიყავი. ერთის მხრივ, აღვფრთოვანდი, მეორეს მხრივ კი თავი მოტყუებულად ვიგრძენი, რაც არ მომეწონა. აღფრთოვანება რომ დევიდისა და მისი თანამოაზრის სიმამაცემ გამოიწვია და კიდევ იმან, რომ მათმა მცდელობამ რაღაც შედეგი მაინც გამოიღო, ხოლო რაც შეეხება საპირისპირო გრძნობას, მოვიშველიებ კინოკრიტიკოს როჯერ ებერტის მოსაზრებას ამ ფილმის შესახებ „დარწმუნებული ვარ, ამ ფილმის ავტორებს სჯერათ, რომ ფილმი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგაა. მე მჯერა, რომ ის პირიქით, მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას და ახდენს ასეთი სასჯელის ოპონენტების დისკრედიტაციას, როგორც უპრინციპო თაღლითებისას.“ არ მომეწონა აგრეთვე ფილმის ისეთი დეტალები, როგორებიც იყო მოქმედი გმირების არაადეკვატური რეაქციები სხვადასხვა მოვლენებზე, მაგალითად, იმაზე, რომ მათ მთელი ფილმის განმავლობაში ვიღაც უთვალთვალებდათ და მანქანის გაფუჭების სცენა, რამაც ძალიან იაფფასიანი გახადა ყველაფერი.

ეს პირველი განცდა იყო. უფრო საფუძვლიანად გაანალიზება მოგვიანებით ვცადე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ადამიანი ყოყმანობს, მხარი დაუჭიროს თუ არა სიკვდილით დასჯას, ამ ფილმის ყურების შემდეგ დიდად სავარაუდოა, რომ არა-სკენ გადაიხაროს. მას, ვინც საპატიმროს შეხვედრების ოთახში  შუშის მიღმა ზის, არავინ უყურებს, როგორც ადამიანს, არამედ – როგორც მკვლელსა და მოძალადეს, რომელსაც სამი დღე დარჩენია სიკვდილამდე, მაგრამ რა გრძნობა უნდა დაეუფლოს საზოგადოებას, თუ გაირკვა, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა? როგორც მემარჯვენე იდეების მომხრეს, ყოველთვის მეცინება, როცა ყველაფერში სისტემას ადანაშაულებენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა მეც ანტაგონიზმით განვეწყვე მის მიმართ.

როგორც აღვნიშნე, ფილმში მოქმედება ტეხასში მიმდინარეობს. როცა ჯორჯ ბუში უმცროსი ტეხასის გუბერნატორი იყო, მან განაცხადა, რომ თითოეული სიკვდილმისჯილის საქმეს დაწვრილებით და გულმოდგინედ განიხვილავდა, როცა, რეალურად, თითო საქმეზე ის 15 წუთზე მეტს არ ხარჯავდა. საინტერესოა, ამ მცირე 15 წუთიდან რამდენს უთმობდა ის საქმის გაცნობას და რამდენს – ყავის სმას? ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ უნდა იყოს ასე ადვილი.  მართალია, მოსაზრება, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, სხვას წაართვას ის, რაც მას არ უბოძებია მისთვის, სოფისტური ლოგიკის ნიმუშია, თუმცა ვფიქრობ, სიკვდილით დასჯის თემას კარგად მიესადაგება, მითუმეტეს, თუ ეს წასართმევი „რაღაც“ სიცოცხლეა. არავინ არის დაზღვეული, რომ სიკვდილმისჯილი უდანაშაულო აღმოჩნდეს და მსგავსი ფაქტები უხვადაა, ამიტომ დაფიქრება გვმართებს, სანამ ვიტვყით, რომ სასიკვდილო განაჩენს ვემხრობით.

ნინო დემურია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი