ჰერმან საბოს ფილოსოფია

0
1441

სახელის გამო სკოლაში ხშირად დასცინოდნენ. გარდატეხის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა – სწრაფად გაიზარდა და ამის გამო გული და ფილტვები აწუხებდა. არ ახსოვს, როდის მიხვდა უკვე ზრდასრული რომ იყო, რადგან ყველა ასაკში დარწმუნებული იყო, რომ უკვე დიდი იყო. ბავშობიდან ყველაზე მეტად ზაფხული, სოფელი და დეიდაშვილებთან ერთად თამაში ენატრება.

მესიჯის სტუმარია გორგასლის მეორე ცოლის მესამე შვილის, ხოსროიდების  შთამომავალი, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი,  30 წლის ჰერმან საბო.  

ქართველ-უნგრელი, ფორმალური განათლებით – პოლიტოლოგი, არაფორმალურით კი ცოტ-ცოტა თითქმის ყველაფერი – ჰერმან საბო – ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია და სწორედ ამის დამსახურებაა, უამრავ, ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულ სფეროზე მიღებული ინფორმაცია. საბო ფიქრობს, რომ ცოტაა, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს აზრიანი კითხვები დავუსვას – უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად.

გამოკვეთილი სახასიათო თვისება:

ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, არადა იცის, რომ ეს პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისებაა, უყვარს თავსატეხები, რთული სიტუაციებიდან გამოსავლების ძიება და პოვნა: „მიყვარს, როდესაც რაიმე პრობლემის სტრუქტურას წარმოვიდგენ და შემდეგ გამოსავალზე ვფიქრობ“ – გვიყვება ჰერმან საბო. ბოლო 3-4 წელია ცხოვრების უდიდეს ნაწილს „გირჩს“ უთმობს. მეგობრები ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად თვლიან, რადგან ემოციებს არასოდეს ყვება და იშვიათად ბრაზდება.

მოსწონს მასწავლებლობა. დარწმუნებულია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ახსნა ყველაზე უკეთ გამოუვა. მასწავლებლობისთვის ემზადება გირჩის სკოლაშიც, რომლის შექმნა-ჩამოყალიბებაც პერსპექტივაში იგეგმება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ადამიანებმა მეტად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და გარემოზე, რადგან, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრობენ ისინი, თავად არიან პასუხისმგებლები – „3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ნარმანიას მიერ გამწვანებული თბილისს არ დავლოდებოდი და ჩემს მეგობრებთან ერთად, თბილისში, ოთახისა და ბაღის მცენარეების პირველი მაღაზია გავხსენით – Plant Shop, გვეწვიეთ ნინოშვილის 8-ში. 🙂

ისურვებდა ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელშიც ამომრჩეველი პარტიებს და ადამიანებს აირჩევდა არა ვინმეს შიშით და მტრის ხატის ზემოქმედებით, არამედ შინაარსით, იდეებით, გულწრფელობით: „პოლიტიკოსს სულ მცირე სამი რამ სჭირდება – გულწრფელობა, მორალურობა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საკითხებში და წარმოდგენა სამყაროს მოწყობის სხვადასხვა შესაძლებლობებზე. აუცილებელია ეკონომიკის ცოდნა, რადგან ამის გარეშე პირველი ორი შინაარსს კარგავს.“

მიაჩნია, რომ ქართველი პარლამენტარების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ჩამონათვალიდან მინიმუმ ერთი მაინც აკლია, ისევე როგორც მის კონკურენტებს.,კიდევ რამდენი წელი უნდა ვისმინოთ – შენ ხომ ის ქენი და შენ – ეს. რაღაცას ხომ უნდა გავცდეთ, არა? ადამიანები, რომლებიც ყველგან იყვნენ, სადაც ყოფნა შეეძლოთ, ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.”

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ძალიან ბევრი ჯგუფია წარმოდგენილი, ერთად ერთი ჯგუფი, რომელსაც ახალგაზრდობის და მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს და ამის პარალელურად, პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, არის „გირჩი“.

ფიქრობს, რომ „გირჩის“ პარლამენტში მოხვედრა ბევრი ასპექტით იქნება საინტერესო. თუნდაც, იმ მხრივ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისთვის „გირჩის“ ხმა პარლამენტში აუცილებლად უნდა ისმოდეს, რაც მნიშვნელოვნად აკლია დღევანდელ რეალობაში ქართულ პარლამენტს. დარწმუნებულია, რომ მისი არჩევა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის: მიზანი მარტივია, პარლამენტარებს შიგნით აურევს სიტუაციას და ეცდება კმაყოფილებაში ჩაძირულებს კომფორტის ზონა დაურღვიოს. მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ის იქნება ახალგაზრდების განსხვავებული ხმა პარლამენტში.

„ბატონო და ქალბატონო ამომრჩევლებო, თქვენი პარტიები აგდებით გექცევიან და თქვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ – ვისაც დავასახელებთ კანდიდატად, იმას აირჩევთ, თითქოს, თქვენ შინაარსს, აზრს არ გეკითხებიან. თქვენს ადგილზე ცოტა მეამბოხე გამოვლინებას გავაკეთებდი და თქვენს პარტიებს „გირჩის“ მხარდაჭერით დავსჯიდი“, – ასე მიმართა ერთ-ერთ ტელე ინტერვიუში ამომრჩეველს.

მის ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს ეძლევა.

ყველაზე მეტად ნანობს, უფრო ადრე რომ არ დადგა „დღევანდელ ჭკუაზე“ და ათას რამეს „მიედ-მოედო“. თუმცა მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა აქვს ცხოვრების  საუკეთესო მონაკვეთი, რადგან საშუალება ეძლევა ბევრ ადამიანს მიაწვდინოს ხმა და აუხსნას, რა არის, მისი აზრით, სწორი და არასწორი.

ცხოვრების დევიზი არ აქვს, არც არასდროს უფიქრია და არც მიაჩნია, რომ უნდა ჰქონდეს. ფიქრობს, რომ დღეს ბევრად უფრო წარმატებული ადამიანი იქნებოდა საქმის გადადება რომ არ სჩვეოდეს და ხასიათის ეს შტრიხი ყველაზე მეტად ისევე აღიზიანებს საკუთარ თავში, როგორც სხვებში – „ადამიანებს სხვებში ყველაზე მეტად ის თვისებები გვეზიზღება, რომელსაც საკუთარ თავშიც ვერ ვიტანთ, – ამბობს საბო.

ღირსება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებს მამაკაცშიც და ქალშიც, გულწრფელობაა. თუმცა მიაჩნია, რომ ღირსებას, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაჭარბებულად მაღალი შეფასება ეძლევა, სხვა ასპექტში გვხვდება –  ეს არის სხვებზე ზრუნვა:ადამიანი ეგოისტი, ეგოცენტრული არსებაა და სხვების მიმართ უანგარო ქმედებებს ხშირად (არა ყოველთვის) ისევ ეგოიზმი უდგას ხოლმე უკანგვინდა, რომ უფრო კარგები გამოვჩნდეთ, ანდაც გარშემომყოფებისგან ჩვენი საჭიროება ვიგრძნოთ“.

ისტორიული პიროვნება, ვისთანაც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მოახდენდა, არ ჰყავს, თუმცა ჰყავს თავისი გმირები რეალური ცხოვრებიდან:ადამიანები, რომლებსაც რაღაცის ეშინიათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ სხვანაირად ვერ იცხოვრებენ. მათ სჯერათ, რომ რასაც აკეთებენ სწორია და სწორედ ამაშია მათი გმირობა. მთავარია, ადამიანის ქმედებაში ძალადობა არ ერიოს, რადგან მოძალადე გმირი ვერ იქნება“. რაც შეეხება ცოცხალ პიროვნებას, რომელსაც ჰერმანი აღტაცებაში მოჰყავს, ეს ილონ მასკია:საოცარი ადამიანია, რამხელა პროექტები იხარშება მის თავში და თან რომ გამოსდის კიდეც, სასწაულია!“.

მეტი თავისუფლებისთვის

„ვიცხოვრო ისე, როგორც სწორად მიმაჩნია (თუ სხვას არაფერს ვუშავებ). ისე გავზარდო ჩემი შვილები, როგორც სწორად მიმაჩნია (ისე, რომ არ დავაზიანო), თანამოაზრეები შემოვიკრიბო და ვაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია. ეს გამოიწვევს იმას, რომ სხვებიც ისე იცხოვრებენ, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. შეიძლება ბევრი მათგანის ცხოვრების წესი ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი თავისუფლებისთვის, მათი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ვიბრძოლებ მათი თავისუფლებისთვის. მინდა, რომ – ჩემი საკუთრება, ჩემი სხეული და ჩემი დრო – იყოს მხოლოდ ჩემს განკარგულებაში და არავის შეეძლოს ჩემთვის ამ სამი რამის წართმევა – რა დიადი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეს მათ.

აბსოლუტური ბედნიერება

„არ ვიცი. როდესაც რამით ბედნიერი ხარ, იმ წამს ეს ბედნიერება აბსოლუტური გგონია და ასეთი წამების ღირებულება სწორედ მათი იშვიათობა და კონტრასტულობაა. სულ რომ ბედნიერი იყო, ბედნიერების მდგომარეობა აზრს დაკარგავდა და ყოველდღიური რუტინა გახდებოდა“.

ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნია

„ალბათ, დაბადება. თუ დაფიქრდები, რამდენად მცირე შანსი იყო იმის, რომ შენ დაბადებულიყავი, ყველაზე დიდი მიღწევა ეგ გამოდის. (იცინის) ყველაფერს რომ თავი დაანებო, დღეს შენი დაბადებისთვის აუცილებელი იყო, რომ ყველა წინაპარს შთამომავლობა დარჩენოდა მთელი ისტორიის მანძილზე, არადა, ადრე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელიც არ იყო, ხალხი ბუზებივით იხოცებოდა ომების, დაავადებების, ანტისანიტარიის, შიმშილის, სიცივის და ათასი უბედურების გამო“.

ყველაზე დიდი შიში

„სულ მეგონა, რომ სიკვდილის არ მეშინოდა, სანამ ახლოს არ მომიწია მისვლა.  ეს მოხდა ორჯერ და ორჯერვე ძალიან შემეშინდა. შეიძლება ამ გამოცდილებით ეს შიშიც გადავლახო, ყველაფერს თავისი დრო აქვს“.

ყველაზე ღრმა ტანჯვა

„უმწეობის განცდა, როდესაც იცი, რატომ იტანჯები, სრულად ხედავ სიტუაციას, მაგრამ ვერაფერს ახერხებ მის გამოსასწორებლად“.

რა მოხდება, თუკი

„ადამიანებს რომ შეეძლოთ ერთმანეთის ტვინებთან და შეგრძნებებთან სინქრონი, ბევრად ნაკლებ ტყუილს, ძალადობას და ტანჯვას მივიღებდით დედამიწაზე. თუ შეგიძლია შენი მსხვერპლის ტანჯვის სრული თანაგანცდა გქონდეს, ბევრად ნაკლები შანსია, რომ იძალადო“.

საყვარელი ცნობილი ფრაზა

„ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, იყოს *ლე“.

რომ შეგეძლოს ერთი რამის შეცვლა საქართველოსთან მიმართებაში, რა იქნებოდა ეს?

„საქართველოს მთელს ტერიტორიას, მიწებს, წიაღისეულს – ყველაფერს გავანაწილებდი თანაბრად საქართველოს მოქალაქეებზე“.

სად ისურვებდი ცხოვრებას?

„ნორფოლკის კუნძულია ასეთი, ავსტრალიასთან ახლოს. ოდესმე გადავცხოვრდები, სიბერეში“. (იცინის)

რას შეცვლიდი, ხვალ სამყაროს დასასრული რომ დგებოდეს?

„არაფრის შეცვლას არ ექნებოდა აზრი. ისეთი რამეების გაკეთებას მოვასწრებდი, რაზეც ახლა ან გამბედაობა არ მყოფნის ან საღი აზრი მაკავებს“.

რა გამოცდილებამ გაგაძლიერა პიროვნულად ყველაზე მეტად?

„ცალკე ცხოვრებამ. ვიდრე ქართველი შვილები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, გაუჭირდებათ სრულიად დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბება“.

 რა კითხვაზე ისურვებდი, პასუხი რომ გქონდეს?

„რა კავშირიც არსებობს მასასა და ენერგიას შორის, იგივე კავშირი ხომ არაა ენერგიასა და სივრცეს შორის“?

თავის შექცევა ყველაზე მეტად რით გიყვარს?

„იუთუბზე“ ახალი, საინტერესო სამეცნიერო არხების აღმოჩენით და მათი კონტენტის ყურებით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი