კ.გ.იუნგი ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები (ნაწილი I)

0
395

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

ung, C. G.: Studien zur analytischen Psychologie.

Zürich, Rascher Verlag, 1955.

თავმჯდომარე, დოქტ. ჰ. კრიხტონ-მილერი

ლექცია პირველი

როგორც იცით, ჩემი ამოცანაა ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხის მოკლე მიმოხილვა. ამასთან, რაკი ჩემს პრინციპებსა და თავალსაზრისს წამოვწევ წინა პლანზე, ნუ იფიქრებთ, რომ მე არ ვაფასებ მკვლევართა მიერ ამ სფეროს შესწავლაში შეტანილი დიდი წვლილის მნიშვნელობას. საკუთარ დამსახურებას როდი ვაზვიადებ; უბრალოდ, ვგულისხმობ, რომ ფროიდისა და ადლერის ღვაწლის შესახებ თავადაც ჩინებულად მოგეხსენებათ.

ახლა შევუდგეთ საქმეს. უწინარეს ყოვლისა, ორიოდ სიტყვით გაგაცნობთ პროგრამას. ჩვენ ყურადებას შევაჩერებთ ორ ძირითად სფეროზე: ჯერ ერთი, არაცნობიერის სტრუქტურასა და შინაარსებზე და, მეორე, მეთოდებზე, რომელთაც მივმართავ ხოლმე არაცნობიერი ფსიქიკური პროცესიდან გამოვლენილ შინაარსთა კვლევისას. მეორე სფერო, თავის მხრივ, სამ ნაწილად იყოფა: 1. ასოციაციის ექსპერიმენტი; 2. სიზმრის ანალიზი; 3. აქტიური წარმოსახვა.

რასაკვირველია, ჩემთვის სრულიად შეუძლებელია ახლა ყოველივე ის გადმოგცეთ, რაც შეიძლება ითქვას ისეთი რთული თემების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი დროის კოლექტიური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ფილოსოფიური, რელიგიური, ეთიკური და სოციალური, ანდა კოლექტიურ არაცნობიერში მიმდინარე პროცესებისა და მათ ნათელსაყოფად საჭირო კვლევების შესახებ შედარებითი მითოლოგიისა და ისტორიის სფეროში. რაც უნდა განყენებული გვეჩვენებოდეს ეს თემები, ისინი მაინც ინდივიდთა შინაგანი მდგომარეობის წარმოქმნის, რეგულაციისა და დარღვევის უძლიერეს ფაქტორებს წარმოადგენენ, და სწორედ ისინი განაპირობებენ დივერგენციებს ფსიქოლოგიურ თეორიათა სფეროში. თუმცა მე ექიმი ვარ და, ამიტომ, უმთავრესად ფსიქოპათოლოგიაა ჩემი საქმიანობის სფერო, დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოლოგიის სწორედ ეს დარგი საბოლოო ჯამში მოგებას ნახავს, თუკი ნორმალური მშვინვიერი ცხოვრების შესახებ გაიღრმავებს და გაიფართოვებს ცოდნას. ექიმს, მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ავადმყოფები ნორმალური პროცესების დარღვევებია და არა entia per se,* მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიით. Similia similibus curantur** ძველი მედიცინის ყურადსაღები ჭეშმარიტებაა და, ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტება, ისიც შეიძლება უდიდეს უაზრობად იქცეს. ასე რომ, სამედიცინო ფსიქოლოგია ფრთხილად უნდა იყოს, თვითონ არ დაავადდეს. ცალმხრივობა და ჰორიზონტის შეზღუდვა ხომ ნევროზის საყოველთაოდ ცნობილი მახასიათებელია.

რა ვქნა, რაზეც უნდა გესაუბროთ, – ტყუილია, დასრულებით ვერაფერს დავასრულებ. სამწუხაროდ, ვერ შევძლებ შევეხო მრავალ ახალ თეორიას, ვინაიდან ბუნებით უფრო ვეტანები, ვიდრე მათ შესახებ სპაკულაციას, თუმცაღა, ვაღიარებ, რომ ეს უკანასკნელი სასიამოვნო ინტელექტუალური გასართობია.

ყოველი ახალი შემთხვევა ჩემთვის თითქმის ახალი თეორიაა, და იქნება ჩემი თვალსაზრისი არც ისე უვარგისი აღმოჩნდეს, თუ კაცი დაუფიქრდება, რა ახალგაზრდაა ჯერ კიდევ თანამედროვე ფსიქოლოგია. მე რომ მკითხოთ, ის ჯერ აკვანს არ ასცილებია. ასე რომ, ზოგადი თეორიების ხანა დღესდღეობით ნამდვილად არ მომწიფებულა. ხანდახან ისიც მეჩვენება, რომ ფსიქოლოგიას ჯერაც ვერ გაუცნობიერებია ვერც თავისი ამოცანის გიგანტური მასშტაბები და ვერც თავისი ობიექტის – ფსიქიკის შემაცბუნებლად და დამთრგუნველად რთული ბუნება. ეტყობა, ეს აზრი ჯერ კიდევ მძიმედ შემოდის ჩვენს ცნობიერებაში და წესიერად ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ რას ნიშნავს ის, რომ სამშვინველი, ერთის მხრივ, მეცნიერული კვლევისა და დაკვირვების ობიექტია და, ამავე დროს, მეორე მხრივ, მისი სუბიექტიცაა, ე.ი. საშუალება, რომლითაც ეს დაკვირვება იწარმოება. ამ საშიში მოჯადოებული წრის გაცნობიერებამ უკიდურეს წინდახედულებას მიმაჩვია და შეხედულებათა ჭეშმარიტობის ფარდობითობის აღიარებამდე მიმიყვანა, ეს კი გაუგებრობას იწვევს ხოლმე.

არ მინდა ჩემი თხრობა კრიტიკული შენიშვნებით გადავტვირთო, – ეს მხოლოდ ხელს თუ შეგვიშლის. მე, უბრალოდ, წინასწარ ბოდიშს ვიხდი ერთი შეხედვით ზედმეტი გართულებებისთვის. თეორიები მე ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ფაქტები. ამრიგად, გთხოვთ გახსოვდეთ: ჩემს განკარგულებაში არსებული მცირე დროის განმავლობაში არ შემიძლია გადმოგცეთ მთელი ის მასალა, რომელსაც ჩემი დასკვნები ეფუძნება, – უპირველეს ყოვლისა, აქ ვგულისხმობ სიზმრის ანალიზის ვრცელ განშტოებებსა და არაცნობიერ პროცესთა კვლევის შედარებით მეთოდს. აქ მე თქვენი გამგებიანობისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს; თუმცა, ცხადია, პირველ რიგში ჩემზეა დამოკიდებული ამ საკითხების შეძლებისდაგვარად მარტივად გადმოცემა.

ფსიქოლოგია, უწინარეს ყოვლისა, არის მეცნიერება ცნობიერების შესახებ. შემდგომ, იგი არის მეცნიერება იმის პროდუქტთა შესახებ, რასაც ჩვენ არაცნობიერ მშვინვიერ ცხოვრებას ვუწოდებთ. უშუალოდ არაცნობიერის კვლევა ჩვენ არ ძალგვიძს სწორედ იმიტომ, რომ ის არაცნობიერია და ამის გამო ჩვენ მასთან მისადგომი არ გაგვაჩნია. ჩვენ მხოლოდ ცნობიერ მოცემულობებს შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, რომელთა შესახებაც ვვარაუდობთ, რომ მათ ფესვები იმ სფეროში უნდა ჰქონდეთ გადგმული, ჩვენ რომ არაცნობიერს ვუწოდებთ, – ,,ბნელ წარმოდგენათა” სფეროში, რომელნიც, ფილოსოფოსის კანტის ანთროპოლოგიის 1 მიხედვით, სამყაროს ნახევარს შეადგენენ. რაც არ უნდა ვთქვათ არაცნობიერის შესახებ, ყველაფერს ხომ ცნობიერი სული გამოთქვამს. არაცნობიერი მშვინვიერი ცხოვრება აბსოლუტურად უცნობი ბუნებისაა. მაგრამ ის გამოხატულებას პოულობს ცნობიერებასა და ცნობიერების წანამძღვრებში, – ეს არის და ეს, ამაზე შორს ვერ მივდივართ, და ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ესაა ჩვენი განსჯის უკანასკნელი კრიტერიუმი.

ცნობიერება უცნაური რამაა. ის წყვეტილი ფენომენია. ადამიანის ცხოვრების მეხუთედი თუ მესამედი ან, იქნებ, ნახევარიც კი სანახევროდ არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ჩვენი ბავშვობის პირველი ხანა არაცნობიერად გადის, ყოველ ღამით არაცნობიერში ვიძირებით, და მხოლოდ განსაზღვრულ შუალედებში სიფხიზლესა და ძილს შორის ვფლობთ მეტ-ნაკლებად ნათელ ცნობიერებას. კაცმა რომ თქვას, ისიც საკითხავია, რამდენად ნათელია ეს ცნობიერება. ასე, მაგალითად, ათი წლის ბავშვი თითქოსდა უკვე ცნობიერად მოქმედებს, მაგრამ ადვილი საჩვენებელია, რომ აქ რაღაც უცნაურ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, კერძოდ, ეტყობა, ცნობიერებასთან, ოღონდ ყოველგვარი ,,მე”-ცნობიერის გარეშე. რამდენი ბავშვი ვიცი, რომ თერთმეტი, თორმეტი, თოთხმეტი წლის ასაკში, ან უფრო გვიანაც კი, უეცრად განიცდიან: ,,მე ვარ”. ცხოვრებაში პირველად გრძნობენ ისინი, რომ თვითონ განიცდიან, რომ შეუძლიათ ჩაიხედონ წარსულში, რომელიც შეიცავს მოგონებებს ნივთების, მაგრამ არა მათი საკუთარი თავის შესახებ.

უნდა ვაღიაროთ, რომ როცა ვამბობთ: ,,მე”, არ გაგვაჩნია აბსოლუტური კრიტერიუმი, ყოველგვარი ვიცით ამ ,,მე”-ს შესახებ თუ არა. შესაძლებელია, ჩვენი ცოდნა ,,მე”-ს შესახებ ჯერ ისევ ფრაგმენტულია, და შემდგომში შეიძლება ადამიანებმა გაცილებით მეტი რამ იცოდნენ ამის შესახებ, თუ რას ნიშნვს ,,მე” ადამიანისთვის, ვიდრე ჩვენ ვუწყით დღესდღეისობით. მართლაც, ჩვენ ხომ წარმოდგენაც არა გვაქვს, თუ რა შედეგებს მოიტანს კიდევ ეს პროცესი.

ცნობიერება წააგავს ზედაპირს ან აპკს, გადაჭიმულს იმ ვრცელ არაცნობიერ სფეროზე, რომლის ტევადობა ჩვენთვის უცნობია. რამდენადაც ჩვენ არაფერი ვიცით არაცნობიერის შესახებ, ამდენად არც მისი სამფლობელოს შემოფარგვლა ძალგვიძს. რაც არ ვიცით, რა არის, იმაზე რა უნდა ვთქვათ. როდესაც ვამბობთ: ,,არაცნობიერი”, ხშირად გვგონია, რომ ამით რაღაც კონკრეტულს გამოვხატავთ, სინამდვილეში კი, უბრალოდ, იმას გამოვთქვამთ, რომ არ ვიცით, რა არის არაცნობიერი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არაპირდაპირი საბუთები მოგვეპოვება იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ცნობიერების ზღურბლს ქვემოთ არსებობს ფსიქიკური სფერო; აგრეთვე რამდენიმე მეცნიერულად გამძლე არგუმენტებიც გაგვაჩნია. შინაარსებიდან, რომლებიც არაცნობიერს ამოაქვს, ზოგი რამ შეგვიძლია დავასკვნათ მისი არსის შესახებ. მაგრამ დასკვნების გამოტანისას საქმეს მეტისმეტად ანთროპომორფულად არ უნდა მივუდგეთ, რადგან სავსებით შესაძლებელია, ნივთები სინამდვილეში სულ სხვაგვარი იყოს, ვიდრე მათ ჩვენი ცნობიერება ხედავს.

ასე, მაგალითად, თუ კონკრეტულ სინამდვილეს შევადარებთ იმას, რასაც მისგან ჩვენი ცნობიერება ქმნის, ნაირგვარ შინაგან ხატებებს წავაწყდებით, რომლებიც ,,ობიექტურად” სრულიადაც არ არსებობენ. ასე, მაგალითად, ვხედავთ ფერებს და გვესმის ტონები, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ რხევები არსებობს. ჩვენ გვესაჭიროება ლაბორატორიები ურთულესი აპარატურით, რათა შევძლოთ წარმოდგენა შევიქმნათ იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო ჩვენი შეგრძნების* ორგანოებისა და ფსიქიკისაგან დამოუკიდებლად, და ვფიქრობ, არაცნობიერის საქმეც ასეა – არ გვაწყენდა ლაბორატორია, სადაც ობიექტურ მეთოდთა გამოყენებით დავადგენთ, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში ნივთები არაცნობიერ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს, რასაც ამ ლექციებზე არაცნობიერის შესახებ ვიტყვი, ამ თვალით უნდა შეხედოთ. ყოველთვის საქმე გვაქვს ,,თითქოს”-თან, და გთხოვთ, ეს მუდამ იქონიოთ მხედველობაში.

გარდა ამისა, ცნობიერება ერთგვარად შეზღუდულია. ყოველ მოცემულ მომენტში ის მხოლოდ მცირეოდენ თანადროულ შინაარსებს იტევს. ყველაფერი დანარჩენი ამ მომენტში არაცნობიერია. ამიტომ ცნობიერი სამყაროს უწყვეტი ერთიანობის წარმოდგენა, საყოველთაო ურთიერთკავშირის აღქმა და გაგება ასეთ ცნობიერ ,,ნაწყვეტ-ნაწყვეტ ასახვათა” თანმიმდევრობის საფუძველზე გვეძლევა. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანობის ხილვა, – ამისათვის ჩვენი ცნობიერება მეტისმეტად შეზღუდულია. ჩვენ საჭიროებისამებრ ვხედავთ მხოლოდ იმას, რასაც პროჟექტორი მოცემულ მომენტში ანათებს. სამყაროს თითქოს ვიწრო ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებით, საიდანაც მისი მხოლოდ პატარა მონაკვეთი ჩანს. დანარჩენი ყველაფერი წყვდიადშია შთანთქმული და ჩვენი აღქმისათვის მიუწვდომელია. არაცნობიერის სამფლობელო თვალუწვდენელია და უწყვეტი, მაშინ როცა ცნობიერის სამეფო მარად ცვალებად, წამიერ წვდომათა შემოფარგლულ ველს წააგავს.

ცნობიერება ფართოდ ეყრდნობა აღქმასა და გარე სამყაროში ორიენტაციას. ის, ალბათ, ტვინშია ლოკალიზებული, რომელიც ექტოდერმული წარმოშობისაა და ჩვენს უშორეს წინაპართა ჟამს, ალბათ, კანის ფიზიკურშეგრძნებით ორგანოს წარმოადგენდა. ცნობიერების ასეთი ლოკალიზაცია ტვინში, საფიქრებელია, მისი უპირატესად შეგრძნებითი* (ფიზიკურშეგრძნებითი**) და მაორიენტირებელი ასპექტის საფუძველია. შემთხვევითი არაა, რომ ადრეული მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი და ფრანგი ფსიქოლოგები ცდილობდნენ, ცნობიერება შეგრძნებებიდან გამოეყვანათ, – თითქოს ის მხოლოდ მათგან შედგებოდა. ეს გამოხატულია ცნობილ გამონათქვამში: ,,Nihil est in intellectu non fuerit in sensu”. თანამდროვე ფსიქოლოგიაში, სამწუხაროდ, არსებობს ამგვარი წარმოდგენები. ასე, ფროიდს თუმცა ცნობიერება შეგრძნებებიდან არ გამოჰყავს, მაგრამ არაცნობიერი კი გამოჰყავს ცნობერებიდან. ეს იმავე რაციონალისტური მიდგომის გამოძახილია.

მე კი ყველაფერი პირიქით წარმომიდგება. ჩემის აზრით, სავსებით აშკარაა, რომ საწყისი არაცნობიერია, და ცნობიერება არაცნობიერი მდგომარეობიდან ვითარდება. ადრეულ ბავშვობას ჩვენ არაცნობიერად ვატარებთ; უმნიშვნელოვანესი ინსტინქტური ფუნქციები არაცნობიერად ხორციელდება, ცნობიერება კი შემდეგღა წარმოიშობა არაცნობიერიდან.

ეს პროცესი ძალთა უდიდეს დაძაბვას მოითხოვს. ცნობიერად ცხოვრება ძნელია, ქანცის გამომცლელია. ცნობიერების განვითარება თითქმის არაბუნებრივი ძალისხმევაა. ამაში პრიმიტივების მაგალითზეც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომელთაც სულ უმცირესი საბაბიც ყოფნით (ანდა ისიც არ სჭირდებათ) – და უეცრად ,,აქ აღარ არიან”. მათ შეუძლიათ საათობით ისხდნენ უსაქმოდ, და თუ შეეკითხებით: ,,რას ფიქრობ?” – განაწყენდებიან, რადგან მათ მიაჩნიათ: ,,მხოლოდ გიჟი ფიქრობს – მხოლოდ მას აქვს თავში ფიქრები. ჩვენ არ ვფიქრობთ”. და თუ ოდესმე ფიქრობენ, ისინი უფრო მუცლით სჩადიან ამას, ანდა გულით. ზანგთა ზოგიერთი ტომი დარწმუნებულია, რომ ფიქრები მუცელშია, რადგან ისინი მხოლოდ იმ ფიქრებს ამჩნევენ, რომლებიც ღვიძლის, კუჭის ან ნაწლავების ფუნქციას არღვევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მხოლოდ ემოციური ფიქრებია ცნობილი. ემოციებსა და აფექტებს ყოველთვის შესამჩნევი ფიზიოლოგიური ცვლილებები ახლავს. პუებლოს ტომის ინდიელები მარწმუნებდნენ, ყველა ამერიკელი შეშლილიაო. როცა მე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა, მიზეზი ვკითხე, მიპასუხეს: ,,გაიძახიან, თავით ვფიქრობთო. ნორმალური ადამიანი თავით როდის ფიქრობს! ჩვენ გულით ვფიქრობთ”. ეს ხალხი ჯერ კიდევ ჰომერულ ხანაშია, – მაშინ ხომ დიაფრაგმა (Diaphragma, phren – სული, სამშვინველი) ფსიქიკური აქტივობის ადგილად იყო მიჩნეული. ეს ფსიქიკური ლოკალიზაციის ნაირსახეობაა. ჩვენებური წარმოდგენა ცნობიერების შესახებ აზროვნების მის აღმატებულება თავში ათვსებს; პუებლოს ტომის ინდიელები კი ცნობიერების არსებობას გრძნობის ინტენსივობის მიხედვით ასკვნიან. აბსტრაქტული აზროვნება მათთვის უცხო ხილია. რაკი პუებლოს ტომის ინდიელები მზის თაყვანისმცემლები არიან, მე მათ ავგუსტინესეული არგუმენტი მოვუყვანე: ღმერთი მზე კი არ არის, არამედ მზის შემქმნელი.3 მაგრამ ეს გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, ვინაიდან მათ არ ძალუძთ გასცდნენ თავიანთ შეგრძნებებსა და გრძნობებს; ამიტომაცაა, რომ ცნობიერება და აზროვნება მათთვის გულშია ლოკალიზებული. ხოლო ჩვენთვის ეს ფსიქიკური აქტივობა არაფერს ნიშნავს. ჩვენი გაგებით, სიზმრებსა და ფანტაზიებს ადგილი აქვს ,,სადღაც დაბლა”; ამიტომაც ვლაპარაკობთ ,,ქვე-ცნობიერის”, ცნობიერის ქვემოთ არსებულ ნივთთა შესახებ.

ასეთი ლოკალიზაციები, ჩვენ რომ უცნაურად გვეჩვენება, დიდ როლს ასრულებს ე.წ. პრიმიტიულ ფსიქოლოგიაში, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ყველაფერია, გარდა პრიმიტიულისა. ტანტრა-იოგასა და ჰინდუს ფილოსოფიაში, მაგალითად, შეგვიძლია ფსიქიკურ შრეთა უაღრესად დახვეწილი სისტემა აღმოვაჩინოთ, დაწყებული ცნობიერების ლოკალიზაციით პერინეუმში და დამთავრებული ლოკალიზაციით თავში..4 ეს ,,ცენტრებია” ე.წ. ჩაკრები. მათ მარტო იოგას მოძღვრებაში როდი ვაწყდებით; მსგავსი წარმოდგენები გვხვდება ძველ გერმანულ ალქიმიურ ნაწარმოებებშიც, 5 რომელთა შესახებ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იოგას ცოდნის გარეშე არიან შექმნილი.

ცნობიერებისათვის არსებითია ის, რომ არაფერი შეიძლება ცნობიერი იყოს ,,მე”-ს გარეშე, ურომლისოდაც ცნობიერება წარმოუდგენელია. რაც ,,მე”-ს არ უკავშირდება, არც არის ცნობიერი. ამიტომ ცნობიერება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ფსიქიკურ ფაქტთა კავშირი ,,მე”-სთან. მაგრამ რას წარმოადგენს თვით ,,მე”? ,,მე” არის კომპლექსური მოცემულობა, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, სხეულის, ,,მუნყოფიერის” ზოგადი აღქმისაგან შედგება; აგრეთვე მის შემადგენლობაში შედის მეხსიერების შინაარსები; ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ვიყავით, და ვფლობთ მოგონებათა გრძელ ჯჭვს. ეს ორი ფაქტორია დედაბოძი იმისა, რასაც ჩვენ ,,მე”-ს ვუწოდებთ. ამიტომ ,,მე”-ს შეგვიძლია ფსიქიკურ ფაქტთა კომპლექსი ვუწოდოთ. ამ კომპლექსს მიზიდულობის დიდი ძალა აქვს, როგორც, ვთქვათ, მაგნიტს. ის მიიზიდავს შინაარსებს არაცნობიერიდან, იმ ბნელი სფეროდან, რომლის შესახებაც არაფერია ჩვენთვის ცნობილი, აგრეთვე იზიდავს შთაბეჭდილებებს გარე სამყაროდან, და ყოველივე აქედან რაც ,,მე”-ს დაუკავშირდება, ის ცნობიერი გახდება, ხოლო რაც ასეთ კავშირს არ დაამყარებს – არ გაცნობიერდება.

ამრიგად, ჩემის აზრით, ,,მე” ერთგვარი კომპლექსია. რა თქმა უნდა, ,,მე” ჩვენი უახლოესი და უსაყვარლესი კომპლექსია, ყოველთვის ჩვენი ყურადღებისა და სურვილების ცენტრშია, და ცნობიერება მის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ,,მე” გაიხლიჩა, – ვთქვათ, შიზოფრენიის შემთხვევაში, – ღირებულებათა მიმართება სულ მთლად დარღვეული იქნება; ნების ძალით რაიმეს აღდგენაც შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ცენტრი გახლეჩილია და ზოგი – მეორესთან. ამიტომაცაა, რომ შიზოფრენიით დაავადებული ამ წუთში რომ ერთი პიროვნება, მეორე წუთში მეორეა ხოლმე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი