ვინ იყო მიხეილ ბულგაკოვის რეალური მარგარიტა

0
507

„სიყვარული ისე გამოგვიხტა, როგორც ბნელი ქუჩის კუთხეში დამალული მკვლელი და ორივე ერთბაშად მოგვცელა…“ – ეს ამონარიდი გენიალური „ოსტატი და მარგარიტადან“ თავისუფლად შეიძლება თავად ბულგაკოვს დავუკავშიროთ. მწერალსა და მის რეალურ მარგარიტას სიყვარულისთვის ბევრი ტანჯვის გადატანა მოუწიათ. მათ, ერთად ყოფნის გამო, საზოგადოებასთან დაპირისპირება და საკუთარი ოჯახების დანგრევა გაბედეს…

ელენა ნიურბერგი 1893 წელს რიგაში დაიბადა. როგორც კი გოგონამ გიმნაზია დაამთავრა, მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
ელენა პირველად 1918 წელს გათხოვდა და ცოლად იური ნეიოლოვს გაჰყვა. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა – ორი წლის შემდეგ ქალმა ქმარი მიატოვა.

1920 წელს ელენა ისევ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული გენერალ-ლეიტენანტი ევგენი შილოვსკი იყო. შორიდან მათი ოჯახი ბედნიერი ჩანდა – მატერიალურად არ უჭირდათ და მეუღლეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იყო. ერთი წლის შემდეგ ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა, თუმცა დისთვის გაგზავნილ წერილებში ელენა წუხდა, რომ ოჯახური იდილია მისთვის მძიმე ასატანია, რომ მეუღლე მთლიანად სამსახურითაა დაკავებული, მას კი რომანტიკა, შეხვედრები, შთაბეჭდილებები, ხმაური და ქაოსი სჭირდება.

1929 წლის 28 თებერვალი ელენას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ დღეს მან მიხეილ ბულგაკოვი გაიცნო. ელენას გაცნობის დროისთვის, ბულგაკოვი ორჯერ დაქორწინებული გახლდათ. მისი მეორე ცოლი ლიუბოვ ბელოზერსკაია მოსიყვარულე და ყურადღებიანი ქალი იყო. ქმარს ეხმარებოდა და მის ყველა წამოწყებას მხარს უჭერდა. თავად ბულგაკოვს კი, როგორც მოგვიანებით მეგობრებთან აღიარა, ცოლი არასოდეს ჰყვარებია.

ოსტატმა თავისი მარგარიტა მხატვარ მოისეენკოს სახლში გაიცნო. მოგვიანებით,
ელენამ აღიარა, რომ ეს იყო სიყვარული, რომელიც მოულოდნელად მოვიდა და მთელი ცხოვრება გაგრძელდა.

შეყვარებულებს უამრავი დაბრკოლება ელოდათ. ელენა ორი ვაჟის დედა იყო, მეუღლეს პატივს სცემდა და მის მიტოვებას ვერ ბედავდა. ქალს სიყვარულსა და მოვალეობას შორის არჩევანის გაკეთება იმდენად გაუჭირდა, რომ სცადა, ბულგაკოვი მეხსიერებიდან ამოეშალა. ისინი ერთმანეთს 20 თვის მანძილზე აღარ შეხვედრიან…

ელენამ უარი თქვა ქუჩაში მარტო სეირნობაზე, ბულგაკოვთან ტელეფონით საუბარზე და მისი მუდარით სავსე წერილების მიღებაზე. თუმცა, ბედს ვერ გაექცევი… როგორც კი ელენა ნებაყოფლობითი პატიმრობიდან ქუჩაში გავიდა, პირველივე, ვინც შეხვდა, სწორედ ბულგაკოვი იყო. „შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“, – უთხრა მწერალმა ქალს. ეს შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. შეყვარებულებმა, ყველაფრის მიუხედავად, ერთად ყოფნა გადაწყვიტეს და შეხვედრები განაახლეს.

1931 წლის თებერვალში შილოვსკიმ ცოლის რომანის შესახებ შეიტყო. განრისხებული გენერალი ბულგაკოვს სახლში იარაღითა და მუქარით მიუვარდა და კატეგორიულად მოსთხოვა, მისი ცოლისთვის თავი დაენებებინა. ელენას კი განუცხადა, რომ განქორწინების შემთხვევაში შვილები მამასთან დარჩებოდნენ და მათი ნახვის უფლებას არასოდეს მისცემდა.

შეშინებული ელენა ქმარს დაუბრუნდა, თუმცა წელიწად-ნახევრის შემდეგ, ბედმა ბულგაკოვს ისევ შეახვედრა და ორივე მიხვდა, რომ კიდევ ერთი განშორება ბოლოს მოუღებდათ.
შილოვსკის აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ბედს შერიგებოდა…

1932 წლის 3 ოქტომბერს ორი განქორწინების პროცესი გაიმართა – ბულგაკოვსა და ბელოზერსკაიას და შილოვსკისა და ნიურბერგის. მეორე დღესვე ოსტატი და მარგარიტა დაქორწინდნენ.
მათ ერთად რვა წელი გაატარეს. ეს უსაზღვრო სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის წლები იყო.
1936 წლის შემოდგომაზე ბულგაკოვმა თავისი ყველაზე ცნობილი რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ დაასრულა, რომელშიც მთავარი გმირის პროტოტიპად საყვარელი ქალი გამოიყვანა.

1939 წელს ცოლ-ქმრის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მწერლის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა. ის ნელ-ნელა კარგავდა მხედველობას და საშინელი თავის ტკივილებით იტანჯებოდა. ტკივილების გასაყუჩებლად მწერალი იძულებული იყო, მორფი მიეღო.
1940 წლის 10 მარტს მიხეილ ბულგაკოვი გარდაიცვალა.

მარტო დარჩენილ ელენას ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. თავი რომ ერჩინა, იძულებული იყო, სახლიდან ნივთები გაეყიდა და მბეჭდავად და მთარგმნელად ემუშავა. ქალმა განსვენებული ქმრის ჰონორარების მიღება მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოახერხა.
ელენა ნიურბერგი ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, 1970 წლის 18 ივლისს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი