ნონა ხიდეშელი:,,კრიტიკა, განსჯა, განკითხვა,  სტერეოტიპები და ჩარჩოები  არასოდეს მოგვცემს ერთმანეთის გაცნობისა და გაგების საშუალებას”

0
1214

ამბიციითა და ეგოიზმით აღსავსე გონებას ერთადერთი რაც ყველაზე მეტად სურს, საკუთარი უსაფრთხოება და პირადი კმაყოფილებაა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იგივე იმპულსები ჩნდება მშობლებსა და შვილებს შორის. ვინც  ფსიქოლოგიას კარგად იცნობს, მისთვის აქ ახალი არაფერია. ჩვენ ყველგან, ყველა ურთიერთობაში, საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ვისწრაფვით, ადამიანს იმის მიხედვით ვარქმევთ მეგობარს, რამდენადაც მისგან გარკვეული ტიპის კმაყოფილება და სიამოვნების მიღება შეგვიძლია, ამიტომაა, თუ ე.წ. მეგობარი რაღაც მომენტში ვეღარ ახერხებს ჩვენი ინტერესების გატარებას, უბრალოდ თავისი უპირატესად მიაჩნია, ვბრაზდებით და ხშირად ურთიერთობას ვწყვეტთ.

საინტერესოა ჩვენ როგორი ვართ იმ მეგობრის თვალში, საერთოდ რამდენად შეგვიძლია გაცემა, ინტერესების დათმობა, შეწუხება სხვისი გულისათვის. სულ სხვისგან რომ მოვითხოვთ, ჩვენ როგორი ვართ სინამდვილეში.  მაგალითად როდესაც რაიმე კარიერული აღმასვლა გვაქვს და საზოგადოებაში გარკვეულ ადგილს ვიკავებთ, საერთოდ თუ გვახსენდება ვინმე საკუთარი თავის გარდა,  განსაცდელში მყოფი მეგობარი,  ნათესავი ან საერთოდ როგორი დამოკიდებულება გვიჩნდება ე.წ. “დაბალ” პოზიციებზე მდგომ ადამიანებთან.  

პატარა წარმატებაც კი, ხანდახან ისე ბინდავს ადამიანის გონებას და ისე ახვევს თავბრუს, რომ საერთოდ ვეღარავის ამჩნევს ირგვლივ და თავი სამყაროს ცენტრი გონია. ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ, ერთნაირად ვიწრო და შეზღუდული აზროვნების, ერთნაირად ამბიციური, ეგოისტი, საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირებული ადამიანები ვართ და ამიტომაც ვერ ვახერხებთ ნორმალურ ურთიერთობებს. 

ჩვენს გონებაში ღრმად გაუდგია ფესვები შურს,  ეჭვიანობასა და ანგარებას, რაც თავისთავად სიყვარულის ნაკლებობის შედეგია. ვსაუბრობთ რაღაც იდეალებზე, სინამდვილეში იოტისოდენა სიკეთესაც არ ვაკეთებთ თუ ჯილდოს არ ველით.  კარგად  თუ ჩავუფიქრდებით ჩვენს რეალურ, შინაგან დამოკიდებულებებს, დავინახავთ რომ მთელი ეს საუბრები მეგობრობაზე, თავგანწირვაზე, იდეალებზე, სიყვარულზე, სიკეთესა და კაცთმოყვარეობაზე, უმეტესად გართობაა და მეტი არაფერი.

ამით ერთობიან ყველგან, ოჯახში, სკოლაში, ტელევიზიაში, სამსახურში, საზოგადოებრივ თუ სასულიერო დაწესებულებებში.  ამდენ უაზრო საუბრებს აჯობებდა კარგად ჩაგვეხედა საკუთარ სულში, შეგვესწავლა ჩვენი გონება, ფიქრები, განცდები, ემოციები და ქმედებები. ჩვენი რეალური მდგომარეობისა და დამოკიდებულებების გაცნობიერება აუცილებლად შეგვიცვლის ხედვას და თვალებს აგვიხელს. სანამ სხვის განსჯასა და შეფასებას დაიწყებ, ჯერ შენი თავი შეიცანი და იქნებ სხვისი განსჯის სურვილი აღარც გაგიჩნდეს.

ჩვენს ურთიერთობებში, უდიდესი ადგილი უჭირავს კრიტიკას. საინტერესოა რატომ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს მუდმივად და რა უდევს ამას საფუძვლად. მაგალითად მე ვაკრიტიკებ ჩემს მეგობარს რაიმე ქმედების გამო და ვთვლი რომ ჩემი მიზნები ფრიად კეთილშობილურია.

რას შეცვლის ეს კრიტიკა მასში და რას მოიტანს კონკრეტულად ჩვენს ურთიერთობაში _ გაგებას? რა თქმა უნდა არა. ჩვენი მთავარი მიზანი თუ ერთმანეთის გაგება და არა -ზედაპირული ურთიერთობის დამყარებაა, ამისათვის კრიტიკა და განსჯა კარგი დამხმარე ვერასოდეს იქნება, პირიქით, ალბათ დაპირისპირებას და უსიამოვნებას უფრო მოიტანს. თუ ნამდვილად გვსურს ერთმანეთს გავუგოთ, აუცილებელია მშვიდი და წყნარი დაკვირვება, ყოველგვარი ემოციის  წინასწარ შექმნილი აზრებისა და შეხედულებების გარეშე,

რეალურად გავიცნოთ და გავარკვიოთ სხვა პიროვნების თვისებები, აზრები, ქმედებები, ცხოვრების შინაარსი და სხვა. როდესაც ამბობ რომ კრიტიკას საფუძვლად უდევს ჭეშმარიტად ადამიანური ფასეულობები, მიგაჩნია,  რომ შენი მეგობარი შეცდომას ჩადის, არასწორად ცხოვრობს ან მოქმედებს და გული შეგტკივა მასზე, ეს ნიშნავს რომ შენ უკვე იცი რა არის ცუდი და მართებული ამ სამყაროში, უკვე გაცნობიერებული და ნაპოვნი გაქვს რაღაც გზა ხსნისა და ახლა სხვასაც მოუწოდებ ამის გაზიარებისკენ. ეს მორიგი ილუზიაა მხოლოდ, ჩვენ იმიტომ კი არ ვაკრიტიკებთ, რომ უნივერსალური გზა ვიპოვეთ, არამედ შექმნილი გვაქვს ჩვენი სტანდარტები, ნიმუშები, პრინციპები და შეხედულებები, მორალი და ზნეობრივი ნორმები და მიგვაჩნია რომ ვინც ამ ჩარჩოში არ ექცევა, ის უკვე არასწორი გზით მიდის და ამიტომ ვაკრიტიკებთ.

ცხადია ეს გაგებს ვერ მოიტანს ურთიერთობებში. როდესაც მოქმედებ რაიმე იდეიდან, სტანდარტიდან ან იდეალიდან, უკვე აიძულებ შენს თავს, გარკვეული ნიმუშის მიხედვით იმოქმედო, ეს თავისთავად ხელს შეგიშლის აღიქვა ფაქტი ისეთი როგორიც ის  სინამდვილეშია. ნებისმიერი  იდეა ან სტერეოტიპი რაღაც შეზღუდვებს გიწესებს და შენ მოქმედებ ამ შეზღუდულობის ფარგლებში.  როდესაც მეცნიერი რაიმე გამოკვლევას ატარებს თავის ლაბორატორიაში,  როგორ იქცევა,  უბრალოდ ზის და აკვირდება რაღაც მოვლენას, ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე, სხვანაირად მის აღმოჩენას არავითარი ფასი არ ექნება.

როდესაც მუდამ საკუთარ ღირებულებებსა და ფასეულობებს ეძებ სხვა ადამიანში, ვერასოდეს მოახერხებ მის გაგებას და მიღებას. ამის შედეგია, რომ სულ მარტოობას ვუჩივით და რეალურად ერთ მეგობარსაც ვერ ვპოულობთ.

კრიტიკა, განსჯა, განკითხვა,  სტერეოტიპები და ჩარჩოები  არასოდეს მოგვცემს ერთმანეთის გაცნობისა და გაგების საშუალებას. კრიტიკა არც კონსტრუქციულია და არც დესტრუქციული, ის უბრალოდ ზედმეტია ჩვენს ურთიერთობებში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი