მერაბ მამარდაშვილი:,,ჩვენ მხოლოდ მაშინ გვექნება მოდერნულობა, თუ გამოვრიცხავთ ყველა პრივილეგიას”

0
333

ხშირად ლაპარაკობენ კულტურაზე და თანაც ისე, რომ იმის თქმა, ფული კულტურის ფენომენიაო, იქნებოდა პარადოქსი. დეფინიციის თანახმად, კაცი რომელმაც იცის ფულის გამოყენება, არ არის კულტურული, ის არ შედის კულტურაში! ყოფით მეტყველებაში კულტურის სახით ჩვენ გვესმის რაღაც უფრო მაღალი, დიდებული, ამაღლებული, სულიერი; ეს სავსებით მცდარია.

ფულის მაგალითი, რომელსაც მე ვიყენებ, არის კულტურული ინსტიტუციის მაგალითი. ენა, როგორც ასეთი, არის მხოლოდ ნიშანთა სისტემა, მაგრამ აქ (ენაში) არსებობს სიმბოლური საგნები. ფული არის სიმბოლური საგანი, რომელიც ინფორმაციას აზუსტებს, ადგენს კულტურის წარმოსახვით პროდუქტს, რომელიც ქმნის არა ფიზიკური, არამედ კულტურული დროის ველს და არა ფიზიკური, არამედ კულტურული სივრცის ველს. ამ დრო-სივრცეში გადის ინფორმაცია, კომუნიკაცია, ხდება ენერგიების გაცვლა-გამცვლა.

მინდა, ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ჩვენთვის, ქართველებისათვის, შავი ზღვის სანაპიროს პრობლემა ზუსტად ფულს ეხება. რა აზრით? ვაცხადებ, რომ ამ ზღვის სანაპირო არის ქონება, დოვლათი, რომელიც ეკუთვნის კორპორაციებს. ეს კი შენიღბულია პატერნალიზმით, კლიენტელიზმით, პრივილეგიებით, პატარა კერძო ბაღებით, რაც კორპორაციის წევრებს აქვთ შავი ზღვის სანაპიროზე. ეს არის პრივილეგიები მათ აბსოლუტურ განზომილებაში, მინიმალურში, მინიმალურზე მცირედში, მაგრამ მაინც რეალური პრივილეგია, – შეფარდებითი მნიშვნელობით, – იმათთან მიმართებით, ვისაც არ გააჩნია იგივე პრივილეგია. მე ვიტყოდი, რომ აქ ეს არის კერძო საკუთრების ყველაზე ცუდი ფორმა: პრივილეგია.

თვით პოლიტიკური პრობლემაც, რომელიც დგება ჩვენს წინაშე, ეს გახლავთ შემდეგი: როგორ დაისაკუთრონ ზღვის სანაპირო როგორც დემოკრატიული ქონება, რომელიც მიეკუთვნებოდა რესპუბლიკას, რესპუბლიკის მოსახლეობას და რასაც იგი დაესაკუთრებოდა დემოკრატიულად. აღნიშნულის განსახორციელებლად ერთ-ერთი საშუალება სანაპირო ზოლისათვის ფულისაკენ გზის გახსნაა იმ პრივილეგირების გავლის სანაცვლოდ, რომლებიც მაიძულებენ მოსკოვი გავიარო, – თბილისიდან გამგზავრების ნაცვლად, რომელიც სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრზეა – რათა ავიდე ჩემ საკუთარ კუთხეში, რომელიც მე არ მეკუთვნის, იმიტომ რომ ის კორპორაციების კუთვნილებაა!

ეს არის თანამედროვე საზოგადოების მთელი პრობლემა. ჩვენ მხოლოდ მაშინ გვექნება მოდერნულობა, თუ გამოვრიცხავთ ყველა პრივილეგიას, რომელიც უძღვის და აპრიორი ურთიერთქმედებაშია იმ ნივთთან, რომელიც კეთდება, მზადდება. სწორედ ამიტომ იყვნენ პირველი ევროპული დემოკრატიები, საქმისა და წამოწყების, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, დემოკრატიები და აზრით, რომ ერთადერთი კრიტერიუმი იყო თავად იმ ნივთის კრიტერიუმი, რასაც აკეთებდნენ, რომ გარეგანი კრიტერიუმები, მაგალითად, პრივილეგიები, პირადი ურთიერთობები და ა.შ., – არ მიიღებოდა მხედველობაში, ხდებოდა მხოლოდ თითოეულის შრომის გათვალისწინება.

სწორედ ეს არის თავად დემოკრატიის საფუძველი და მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ამ აზრით ფული არის ერთადერთი დემოკრატიული ინსტიტუტი, რაც ჩვენ გვაყენებს თანასწორობის მდგომარეობაში და სპობს პრივილეგიათა არსებობას. ენის ამ ფუნქციის გასაგებად, საჭიროა თავიდან მოვიშოროთ ის სურათი, გონებაში რომ გვაქვს აღბეჭდილი. ასეთი სურათია, მაგალითად, როდესაც ამბობენ – ფული, და ხედავენ ისეთ ადამიანს, რომელიც ქაღალდის ფულის დასტებს ატრიალებს, არის ღიპიანი, ან ისეთ ქუდს ატარებს, როგორც ბიძია სემის კარიკატურებზეა წარმოდგენილი – ქუდს ამერიკული დროშის ვარსკვლავებით.

ეს არის სუფთა იდიოტიზმი! ვიდრე ამგვარი სურათები აქვთ ადამიანებს თავში, ყოველთვის სხვების სამართავნი, საბრალო სულელები, ნამდვილი კრეტინები იქნებიან. ძალზე ხშირად ეს არის სოციალისტური აზროვნების შემთხვევა, აზროვნებისა, რომელშიც სიმბოლური მხარე, არა მხატვრული თვალსაზრისით, – მთელი ადამიანური ქცევისა და მთელი ადამიანური აზროვნებისა – მთლიანად გამორიცხულია ხოლმე.

ჯერ კიდევ მარქსმა ჩაუყარა საფუძველი ამგვარ აზროვნებას, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას განიხილავდა. ეს უკანასკნელი ის გამოთქმაა, რომელსაც მარქსი ძალზე ხშირად იყენებს, თანაც, საკმაოდ უცნაური ფორმით, მე ვიტყოდი, თითქმის გერმანული და რომანტიკული ფორმით, – იმ ფორმით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კონტექსტიდან საერთოდ გამორიცხავს კერძოს, როგორც მოვლენას.

კერძო ეს არის რაღაც ერთგვარი შინაგანი დაბეჯითებით მოთხოვნა ნივთისა, საგნისა და ადამიანისა, გარეგანი მზერით აღქმული არაკუმშვადი დისტანცია და ამიტომაც, საშიში სოციალისტური, კომუნისტური თუ რაციონალისტური ცნობიერებისათვის, რომელმაც ყველაფერი იცის, სხვების ნაცვლად ხედავს, თუ რა არის სასიკეთო და ამ სიკეთეს ქმნის დანარჩენებისათვის.

ეს დისტანცია არის ერთობ გამძლე, იგი შინაგანი დისტანციაა და ადამიანი მას საკუთარ თავში გადის; ეს სწორედ დისტანციის დუმილი, მისტერიული გავლენაა, რომელიც პიროვნებას აშორებს თავისსავე თავთან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი