მითხარი რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ

0
665
მითხარი რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ, დიახ ფერები იმაზე მრავლისმეტყველნი არიან ადამიანის გუნება-განწყობის, სულიერი მდგომარეობისა თუ  შინაგანი სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს:
ფერთა სიმბოლიკას შეისწავლის ფუნქციონალური ფსიქოლოგია. ეს მიმართულება წარმოიშვა ამერიკაში მე-19 საუკუნის ბოლოს. ამ სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია მაქს ლუშერი. ლუშერმა შეიმუშავა ფერთა აღქმის ფუნქციონალური ფსიქოლოგია და მის ბაზაზე შექმნა ამჟამად ფსიქოდიაგნოსტიკაში ფართოდ გამოყენებული “ფერადი” ტესტი.
იდეალებისა და ქცევითი ორიენტირების მიხედვით ლუშერმა გამოყო ოთხი ტიპი.
_წითელი ტიპი წარმოადგენს აგზნებას, აქტიურობას, მიზანმიმართულობას, წარმატებას.
_ლურჯი ტიპის იდეალია სიმშვიდე, ჰარმონია, სულიერი სიახლოვე და მისწრაფება ერთობისკენ.
_მწვანე ტიპი_სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ, მდგრადობა, სტაბილურობა და მომავალი დღის იმედი.
_ყვითელი ტიპის უმაღლესი ღირებულებაა თავისუფლება და შემოქმედება. განცდათა ჰორიზონტების დალაშქვრა. ცვლილებებისთვის მზაობა.
ეს ოთხი ფერი ქმნის ერთიან ფერად წრეს_მთლიანობისა და ჰარმონიის სიმბოლოს. ლუშერის განმარტებით ჰარმონიული ადამიანი არის “ოთხფეროვანი” ანუ ისეთი, რომელიც ფიქრობს, გრძნობს, ცოცხლობს ოთხ ძირითად შეგრძნებაზე დაყრდნობით, შესაფერისად ოთხ ძირითად ფერთან:
საკუთარი თავის პატივისცემა (მწვანე)
თავდაჯერებულობა (წითელი)
თვითკმაყოფილება (ლურჯი)
შინაგანი თავისუფლება (ყვითელი)
ვრცლად თითოეული ფერის დატვირთვისა და ადამიანზე მისი გავლენის შესახებ:

ლურჯი
 სიმბოლურად  შეესაბამება წყლის სიმშვიდეს, ფლეგმატურ ტემპერამენტს, ქალურ საწყისს, მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურ მიმართულებას. მისი გემოვნებითი შეგრნება სიტკბოა (ამიტომაც ძველად შაქრის ნატეხები იფუთებოდა ლურჯად).
ლურჯის დადებითი პოლუსია სიმშვიდე, კმაყოფილება, ჰარმონია. უარყოფითი_მიდრეკილება მელანქოლიისადმი, აგზნებადობა და ფორიაქი.
ამ ფერის მგრძნობელობითი აღქმაა სინაზე, მისი შესატყვისი ორგანოა კანი.
ის განასახიერებს სიმშვიდესა და აბსოლუტურ თავისუფლებას გაღიზიანებადობისაგან, რის ფონზეც დგება ვეგეტატიური სიწყნარე.
ლურჯი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ფერი ოთხთაგან, რამდენადაც ფიზიოლოგიურად შეესაბამება სიმშვიდეს, ამდენად ფსიქოლოგიურად დაკმაყოფილების შესატყვისია.
იგი გამოხატავს მარადიულობას, და ამიტომ ტრადიციულობასაც.
ლურჯის სიახლოვისას პულსი, სისხლის წნევა, სუნთქვის სიხშირე ტროფოტროპულად რეგულირდება. ორგანიზმი გადაეწყობა დასვენების რეჟიმში. ლურჯის უარყოფა ნიშნავს, რომ მოთოვნილება სიმშვიდისა და ნდობაზე დამყარებული კავშირებისა დაუკმაყოფილებელია და უარყოფილი. პიროვნება თვლის, რომ ამ ეტაპზე არ აქვს უფლება მოდუნდეს და დატკბეს სიმშვიდით. ასეთ ადამიანებს არ აქვთ ფსიქო-ფიზიკური ერთიანობს შეგრძნება, ამავდროულად მათ ეს ძალიან სჭირდებათ, შედეგად კი დგება მშფოთვარე და დაძაბული მოუსვენრობა.
ლურჯი ასახავს სიმშვიდის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას.

ყვითელი
 ყველაზე ნათელი შეფერილობაა, ამიტომაც ის ზემოქმედებს მსუბუქად და ცოცხლად. წითელი გეჩვენება უფრო მკვრივი და მძიმე ვიდრე ყვითელი, ამიტომაც წითელი აღმგზნებია, ხოლო ყვითელი, რამდენადაც მსუბუქი და უწონოა, ამდენად მასტიმულიებელი ეფექტის მატარებელია. გამომდინარე აქედან, ის ააქტიურებს ვეგეტატიურ ფუნქციებს_ მაღლა სწევს სისხლის წნევას, ახშირებს პულსს და სუნთქვას, მხოლოდ არა იმდენად, რამდენადაც წითელი. ყვითელს არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები, რაც ბადებს თავისუფლების და რელაქსაციის შეგრძნებას. ძირითადი ფერია, ის გამოხატავს ბაზისურ ფსიქიკურ მოთხოვნილებას იყოს გახსნილი. განვითარებასა და გახსნილობაში ჩადებულია ყველა ცვლილების ინდივიდუალური აზრი. იგი მოიცავს იმედს, სუხარულისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვას. ყვითელს უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ შეცვლილ, თავისუფალ ურთიერთობებს, რათა შეძლონ ღია კომუნიკაციის დამყარება და მიაღწიონ სასურველ ეფექტს. ყვითელი ფერის მოყვარულ ადამიანებს იტაცებთ მოგზაურობა. ხოლო, ამ ფერისაგან გაქცევა ნიშნავს იმედების გაცრუებას “ადამიანი დგას სიცარიელეში და თავს გრძნობს იზოლირებულად.”
თუ პიროვნებას უყვარს ყვითელი ფერი, მაგრამ ამავდროულად გაურბის მას, ეს ნიშანია პათოლოგიური დამოკიდებულებების და მტკივნეული მიჯაჭვულობის, რომლითაც მრავალი იტანჯება. სიყვარულის ეს ფორმა ხშირად გამოხატულია მაზოხისტური ნიშნებით.

ოქროსფერი
 თუ ყვითელი გათავისუფლების და ბედნიერების გამომხატველია, ოქროსფერი ანუ ყვითლის პოლირებული და გაძლიერებული გამოხატულება კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ თვისებებს და სხვივმფენი ბედნიერების სიმბოლოა.

თეთრი
 განასახიერებს სრულყოფილებას, როგორც სიკაშკაშის უკიდურესი წერტილი. იგი სიმბოლოა აბსოლუტური თავისუფლებისა და დაბრკოლებებისაგან ხსნის. ახდენს ყველა შესაძლებლობის რეალიზებას.
თეთრი ეს სუფთა ფურცელია, რაღაც ახლის დასაწყისი და სირთულეების დასასრული, თუმცა ეს ფერი ასევე ითვლება ფიზიკური აღსასრულის სიმბოლოდ.
ის, ვინც უპირატერსობას ანიჭებს თეთრს, საჭიროებს გათავისუფლებას უსიამოვნებებისაგან.
თეთრი საწყისისა და ჰარმონიის საზღვარია.

შავი
 სიბნელის უკიდურესი ზღვარია. ამ ფერის არჩევა ნიშნავს საბოლოო და აბსოლუტურ გადაწყვეტილებას.
შავი, როგორც მაქსიმალურად კონცენტრირებული ფერი, ასახავს აგრესიულ შეუპოვრობას.
ის ნიშნავს გაჩერებას. ამგზნები გავლენებისაგან სრულ დაცვას და მათ განდევნას.
ის, ვინც პირველ ადგილზე აყენებს შავს, ჯიუტად და შეუდრეკლად წინ აღუდგება საკუთარ ბედს;
მათ, ვინც ვერ ღებულობს ამ ფერს, არ ძალუძს აკრძალვების მიღება და დაკარგული თავისუფლების სანაცვლოდ აყენებენ ავტორიტარულ მოთხოვნებს.

წითელი
 ესაა სიმბოლო ერთი მხრივ ბრძოლისა და მძვინვარების, ხოლო მეორე მხრივ დაუშრეტელი ენერგიის.
ამ ფერის მისტიკური გამოხატულებაა ანტიკური ელემენტი, ცეცხლი.
წითლის მოყვარულთა ძირითადი მახასიათებლებია სწრაფვა გავლენის მოპოვებისკენ, ხარბი წყურვილი წარმატების, და ყველაფერ იმის, რაც ცხოვრების სისავსის შეგრძნებას ქმნის. ასეთ ადამიანებს სურთ საკუთარ საქმიანობაში გადაიტანონ ამგზნები ენერგეტიკა.
წითელი ორპოლუსოვანია, დადებითი და უარყოფითი. მისი დადებითი პოლუსია სიყვარული, სურვილი და ძალა. უარყოფითი_ სიძულვილი და ჰიპერაგზნება.
წითელი სასიცოცხლო ძალების, ქოლერიკული ტემპერამენტისა და ვეგეტატიური აგზნების გამოხატულებაა. იგი მაღლა სწევს სისხლის წნევას, ახშირებს პულსს და გულისცემას.
წითლის სიძულვილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ორგანული სისუსტით, ანდაც ფსიქო-ფიზიკური გამოფიტვით.
წითელი ფერის მოძულეები არიან ადამიანები, რომლებმაც გადააბიჯეს აგზნების ზედა ზღვარს. ისინი ადვილად ღიზიანდებიან, განიცდიან შიშს ემოციისადმი, რომელსაც ეს ფერი მათში აღძრავს.

მწვანე
, ეს არის მდგრადობის, ურყევობის და განსაკუთრებით კი ცვლილებების წინაშე შეუპოვრობის სიმბოლო, ამიტომ ის თავისთავად წარმოადგენს მუდმივობის გამოხატულებას და საკუთარი თავის რწმენას თვითშემეცნებაში.
ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მწვანეს, ისწრაფვიან შეინარჩუნონ იდეალიზირებული “მე” თვითდამკვიდრების გზით.
მწვანის მოყვარულები გამოირჩევიან საკუთარი შეხედულებების რეალიზების მძაფრი სურვილით. მათთვის აუცილებელია აღიარება, რადგან მწვანე გამოხატავს შინაგან “მეს”, ანდაც ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან.
მწვანე როგორც დაძაბულობა, იგროვებს აგზნებას და ქმნის ამაყი უპირატესობის, ძალმოსილების შეგრძნებას.
მწვანელურჯი ელფერით გახდა ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამოვლენის ინდიკატორი.
ფსიქოლოგიური დაძაბულობა უნდა გავიგოთ, როგორც ნების ძალა მდგრადობასა და შეუპოვრობაზე.
მწვანის უარყოფა ნიშნავს საკუთარი ძალის რწმენის, მოთმინების დაკარგვას და თითქმის შიშსაც კი საკუთარი უძლურებისადმი. გათავისუფლებას იძულებისა და ზეწოლისგან.

ვარდისფერი
 დამოუკიდებელი, ვალდებულებებისაგან თავისუფალი აგზნებადობაა, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი შარმი და მომხიბვლელობა. ეს ფერი ათავისუფლებს მიზანმიმართული ენერგიისაგან.
რამდენადაც ის წარმოადგენს თეთრისა და წითელის სინთეზს, ამდენად ეს არის წითლის განეიტრალებული აგრესია შერწყმული თეთრის თავისუფლებასთან.
წყარო:dendroni.ge

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი