სტერეოტიპი – კულტურული ფენომენი

0
279

თავდაპირველად აზროვნების მეტაფორულ დამოკიდებულებას წარმოაჩენდა ამა თუ იმ მოვლენისადმი. სტერეოტიპი ბერძნული სიტყვაა და მყარ ანაბეჭდს ნიშნავს. სტერეოტიპი ტიპოგრაფიულ საქმეში ის მყარი და უცვლელი ფორმაა, რომელიც მრავალტირაჟიანი გამოცემებისათვის იქმნება და რომლის შეცვლაც არ ხდება. თანამედროვე სოციალურ თეორიასა და ფსიქოლოგიაში არსებობს სტერეოტიპის სხვადასხვა განმარტება და გააზრება, თუმცა ყველგან ის გაქვავებულ, მყარ შეხედულებადაა აღქმული.

სტერეოტიპს როგორც ფენომენს იკვლევენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები – ლინგვისტები, სოციოლოგები, ეთნოგრაფები, ფსიქოლოგები… თითოეულ მათგანს აინტერესებს მისი ის მხარე, რომელიც საყურადღებოა კონკრეტული მიმართულებისთვის ან კვლევისთვის. ამის კვალობაზე, გამოყოფენ სოციალურ, მენტალურ, კულტურულ, ეთნოკულტურულ და სხვა სტერეოტიპებს. ეთნოკულტურული სტერეოტიპია, მაგალითად, ამა თუ იმ ერისთვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნების განზოგადებული წარმოდგენა (იტალიელები ტემპერამენტიანი და ხმაურიანი ხალხია, იაპონელები – მოწესრიგებული და უემოციო და ა.შ.).

სამეცნიერო სივრცეში ეს ტერმინი ამერიკელმა სოციოლოგმა უოლტერ ლიპმანმა შემოიტანა და დაამკვიდრა. თავის წიგნში “საზოგადოებრივი აზრი” (“Public Opinion”), რომელიც 1922 წელს გამოიცა, ლიპმანი მიმოიხილავს საზოგადოებრივი აზრის სისტემაში სტერეოტიპების ადგილსა და როლს. ის წერს, რომ გარე სამყაროს აღქმის, შეცნობის, შესწავლის მიზნით ადამიანი საკუთარ აზროვნებაში განსაზღვრულ წარმოდგენებს იქმნის ისეთი მოვლენების შესახებ, რომლებთანაც უშუალო კავშირი არ ჰქონია, მაშასადამე, რომელთა შესახებაც პირადი გამოცდილება არ გააჩნია. ასეთი წარმოდგენები იმ კულტურული გარემოს გავლენით ყალიბდება, რომელშიც ადამიანი იზრდება და ცხოვრობს.

საინტერესოა, რომ თავისი წიგნის ეპიგრაფად ლიპმანმა აირჩია ცნობილი “გამოქვაბულის იგავი” პლატონის თხზულებიდან “სახელმწიფო”.

ნაწარმოების პერსონაჟი, სახელად სოკრატე, ჰყვება გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანების ამბავს, რომლებიც ბავშვობიდან ბორკილებში არიან ჩაჭედილები, გამოქვაბულის შესასვლელისკენ ზურგშექცევით სხედან და მხოლოდ წინ შეუძლიათ ცქერა. მათ ზურგს უკან, შორს, ცეცხლი ანთია, ცეცხლსა და გამოქვაბულს შორის კი გზა გადის. როცა ამ გზაზე ვინმე ჩაივლის, ტუსაღების წინ, გამოქვაბულის კედელზე, უცნაური ჩრდილები ჩნდება. ბორკილდადებული ადამიანები ხედავენ ამ ჩრდილებს თუმცა არ იციან, საიდან ან როგორ წარმოიქმნება ისინი. სოკრატე ამბობს, რომ თუ რომელიმე ტუსაღი გათავისუფლდა და ნახა, რა ხდება გამოქვაბულის გარეთ, ძალიან გაუჭირდება გამოქვაბულის სხვა მცხოვრებთათვის ნანახის აღწერა, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტება მათთვის ის ჩრდილებია, რომლებსაც ხედავენ, ხოლო ამ ჩრდილებს მიღმა არსებული სამყარო, შეიძლება ითქვას, არც კი არსებობს.

სტერეოტიპს კულტურულ ფენომენად მიიჩნევენ მეცნიერები ჯეკ ნაჰბარი და კევინ ლაუზეც. წიგნში “მასობრივი კულტურა: შესავალი” (“Popular Chulture: An introductory text”), რომელიც ასევე 1922 წელს გამოიცა, ის მასობრივი კულტურის ნაწილადაა მოხსენიებული. სტერეოტიპია, მაგალითად, ის, რომ დღევანდელი ახალგაზრდები არაფერს კითხულობენ, რომ ახალი თაობა აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს ძველს, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ყველა იაპონელი ერთმანეთს ჰგავს, ყველა შავკანიანი კრიმინალია, ყველა გერმანელი –  პუნქტუალური, ყველა ადვოკატი –  გაიძვერა, ყველა ებრაელი –  ძუნწი და ფულისმხვეჭველი. ამრიგად, არსებობს ასაკთან, სქესთან, ეროვნებასთან, რასასთან, პროფესიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები.

მკვლევართა დაკვირვებით, სტერეოტიპები უმეტესად ნეიტრალურია, თუმცა ერთი ადამიანიდან მთელ სოციალურ ჯგუფზე გადატანისას უარყოფით შეფერილობას იძენს. სწორედ სტერეოტიპებს ეფუძნება ისეთი მოვლენები, როგორებიცაა რასიზმი, ისლამოფობია და სხვა.

სტერეოტიპების უარყოფითი მხარეები

ნაჰბარი და ლაუზე შენიშნავენ, რომ სტერეოტიპი ისე მყარად გადაეცემა თაობებს, ხშირად რეალობად, ბიოლოგიურ ფაქტად, მეცნიერულ ჭეშმარიტებად აღიქმება. ეს ხელს უშლის ადამიანს თვალსაწიერის გაფართოებაში, კრიტიკულ აზროვნებასა და მოქნილი, სხვადასხვა მოცემულობას მორგებული ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში. ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც არ სურს საკუთარი მტკიცე (თუმცაღა მცდარი) შეხედულებების შეცვლა, უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საზოგადოება გაცილებით სწრაფად იცვლება და ვითარდება, ვიდრე სტერეოტიპები. მაგალითად, დღესდღეობით იმის მტკიცება, რომ მამაკაცების გონებრივი შესაძლებლობები აღემატება ქალებისას, რბილად რომ ვთქვათ, არამეცნიერულია. გენდერული სტერეოტიპები ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ისინი, სხვა სტერეოტიპების მსგავსად, ხელს უშლის საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებას.

სტერეოტიპის ნაკლია ისიც, რომ სტერეოტიპული აზროვნების შემთხვევაში ადამიანი გაუცნობიერებლად, ზოგჯერ შეგნებულადაც კი, ეწინააღმდეგება საღ აზრს, კრიტიკული გააზრების გარეშე უარყოფს საპირისპიროს, არ იღებს განსხვავებულ აზრს, რეალობას, მოცემულობას.

სტერეოტიპული აზროვნება იმითაა საშიში, რომ მის საფუძველზე ადამიანი განსხვავებული ჯგუფების დისკრიმინაციას ეწევა. როგორც უკვე ითქვა, რასიზმი, ნაციზმი და ფაშიზმი ხშირად სწორედ სტერეოტიპებით საზრდობს.

ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური სტერეოტიპები, როგორც ვხედავთ, ამახინჯებს რეალობის აღქმას. ის, რაც საზოგადოებაში მიღებულია, “კარგად” აღიქმება, ხოლო რაც არა – “ცუდად”.

სტერეოტიპული აზროვნების დაძლევაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია განათლებას. სასურველია, ბავშვებს სკოლამდელ ასაკშივე გამოვუმუშაოთ კრიტიკული აზროვნების უნარი. როდესაც ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას, დაინტერესდებიან გარე სამყაროთი, გაუჩნდებათ საკუთარი მოსაზრებები – მოუსმინეთ მათ. უპასუხეთ კითხვებზე, არ მოგერიდოთ “არ ვიცის” თქმა, შესთავაზეთ ამა თუ იმ საკითხზე ინფორმაციის ერთად მოძიება, აუხსენით, რომ ზოგიერთ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, შეაჩვიეთ სხვადასხვა თვალსაზრისის გაცნობას და დასკვნის ამის შემდეგ გამოტანას. წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე თაობის აღზრდაში განათლების სისტემამაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი.

სტერეოტიპების დადებითი მხარეები

სტერეოტიპი მხოლოდ ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა არ არის. უოლტერ ლიპმანი შენიშნავს: “სტერეოტიპების სისტემა შესაძლოა ჩვენი პირადი ტრადიციის ღერძი იყოს, რომელიც იცავს ჩვენს ადგილს საზოგადოებაში. სტერეოტიპი საშუალებას გვაძლევს, უფრო მარტივად და, რაც მთავარია, უფრო სწრაფად აღვიქვათ სამყარო”. ეს ნიშნავს, რომ სტერეოტიპები ადამიანს ეხმარება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მთლიანობაში აღიქვას სიტუაციები, რომლებსაც ცხოვრებაში აწყდება.

ამრიგად, სტერეოტიპი პიროვნულ თუ საზოგადოებრივ დონეზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. სწორი მიმართების შემთხვევაში ის ერთგვარი ფუნდამენტია, რომელიც შესაძლოა კონსტრუქციული, ჰარმონიული ურთიერთობის საფუძვლადაც იქცეს. მაგალითად, სტერეოტიპები გვეხმარება, არ გადავიტვირთოთ გონება უსარგებლო დეტალებით, ყოველწამიერი კვლევითა და ანალიზით. ჩვენს ცნობიერებაში არსებული უძველესი წარმოდგენების საფუძველზე ის საზოგადოებაში ორიენტირების საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას “უფროსებს პატივი უნდა ვცეთ” ცნობიერება ავტომატურად იღებს და ადამიანი დაწვრილებით აღარ განიხილავს, რატომ უნდა ვცეთ პატივი უფროსებს, უბრალოდ, მის მსოფლაღქმაში უკვე არსებობს მყარი სქემა, რომლის მიხედვითაც მოქმედებს. სწორედ ეს არის სოციალური სტერეოტიპის დადებითი მხარე – ჩვენ აღარ გვიხდება ყოველგვარი ინფორმაციის ანალიზი. სხვაგვარად ადამიანი მოვლენებისა და დეტალების ქაოსში ჩაიძირებოდა.

“გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში, პირველ რიგში, დიდია კულტურული როლი, გასათვალისწინებელია ისტორიული და რელიგიური ფაქტორებიც. საგულისხმოა ისიც, რომ როდესაც საუბარია გენდერზე, ზუსტად უნდა განიმარტოს, რას ნიშნავს ის, რა განსხვავება და საერთო აქვს სქესთან. მარტივად რომ ვთქვათ, სქესი ფიზიოლოგიურადაა დეტერმინირებული, გენდერული მახასიათებელი კი სოციუმისთვის შექმნილი შეხედულებებისაგნ. გენდერულ უთანასწორობას მივყავართ მოძალადე, მსხვერპლის პოზიციამდე ისევე, როგორც ნებისმიერ უთანასწორობას. დომინანტი ხშირ შემთხვევაში ხდება აგრესორი, მჩაგვრელი” – განაცხადა არტთერაპევტმა ირმა კვაჭაძემ.

დასკვნის სახით

ამრიგად, სტერეოტიპს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენას ვერ ვუწოდებთ. ინდივიდზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. სტერეოტიპი დინამიკური მოვლენაა, დროსა და სივრცეში იცვლება. ადამიანს უნდა შეეძლოს განსხვავებული თვალსაზრისების, პოზიციების, შეხედულებების მოსმენა და გააზრება. მართალია, ეს ინდივიდუალური პროცესია, თითოეული ჩვენგანი საკუთარი მსოფლშეგრძნებისა და გამოცდილების შესაბამისად იღებს და იზიარებს ახალ თვალსაზრისს, მაგრამ ამას წინ უნდა უძღოდეს სწორედ გააზრება და არა ბრმად მინდობა, ბრმა რწმენა.

ნინო ლომიძე

რატომ ქმნის და რაში სჭირდება საზოგადოებას სტეროტიპები, ნუთუ ამის მიზეზი მხოლოდ შიშია და ასე გვეშინია შეცდომების დაშვების? ამ და სხვა საკითხებზე კლინიკური ფსიქოლოგი, არტთერაპევტი ირმა კვაჭაძე გვესაუბრა: “ადამიანები არ იბადებიან სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით, მაგალითად, სოციალური ჯგუფებისადმი სიძულვილის განცდით, მათი დისკრიმინაციის სურვილით ან გენდერული მკაფიო სტიგმატიზაციით. ეს მოგვიანებით შეძენილი ფენომენია. პროცესში კი დომინირებს მშობლისა და საზოგადოების როლი. მათი არსებობის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს, მაგალითად, ქცევის ოდესღაც ადაპტირებული, მისაღები სტრატეგია, რომელიც დღეს არააქტუალურია, ან ვიღაცის მიერ გამოტანილი დასკვნა და განზოგადებული შეხედულება. სტერეოტიპებიდან თავის დასაღწევად პირველ ნაბიჯი კრიტიკული აზროვნება, საკითხისადმი ცოდნის გაფართოება და “მოწინააღმდეგე ბანაკთან” პირდაპირი კონტაქტია, ხოლო რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებისადმი მიკერძოებულობის სურვილი შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ თავდაცვით რეფლექსად”.

რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებს, 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ქალსა და მამაკაცს თანაბარ პირობებში აქცევს. მთავარია, მიღებული რეგულაცია პრაქტიკულად განხორციელდეს.

“გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში, პირველ რიგში, დიდია კულტურული როლი, გასათვალისწინებელია ისტორიული და რელიგიური ფაქტორებიც. საგულისხმოა ისიც, რომ როდესაც საუბარია გენდერზე, ზუსტად უნდა განიმარტოს, რას ნიშნავს ის, რა განსხვავება და საერთო აქვს სქესთან. მარტივად რომ ვთქვათ, სქესი ფიზიოლოგიურადაა დეტერმინირებული, გენდერული მახასიათებელი კი სოციუმისთვის შექმნილი შეხედულებებისაგნ. გენდერულ უთანასწორობას მივყავართ მოძალადე, მსხვერპლის პოზიციამდე ისევე, როგორც ნებისმიერ უთანასწორობას. დომინანტი ხშირ შემთხვევაში ხდება აგრესორი, მჩაგვრელი” – განაცხადა არტთერაპევტმა ირმა კვაჭაძემ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი