მერაბ მამარდაშვილი„დემოკრატია ნაციონალისტურ ლოზუნგებს ვერ დაეფუძნება”

0
183

7 ივნისი, 1990. საუბარს უძღვებოდა ჟურნალისტი ფრანსუა შლოსერი

საქართველო ემზადება თავისი მომავლის გადამწყვეტი არჩევნებისათვის. თქვენი აზრით, არის იგიმზად დამოუკიდებლობისათვის და დემოკრატიული რეჟიმის დასამყარებლად?

– ყველა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა სურს და ყველა თავს დემოკრატად აცხადებს. მაგრამ ჯერ სანახავია, რა იფარება ამ სიტყვების უკან. სამოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენში საბჭოთა რეჟიმი ბატონობდა. ამ ფაქტის გამო, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ფენა ბევრად უფრო კორუმპირებულია, ვიდრე, მაგალითად, ბალტიის პირეთის ქვეყნებში. ჩვენს პოლიტიკურ, სოციალურ და, განსაკუთრებით, მენტალურ სივრცეში საბჭოური ყოფა – სოვიეტიზმი – როგორც ცხოვრების, წარმოების, აზროვნების წესი, კვლავ გაბატონებულია.

ჩვენ ვიქეცით ორსახოვან ხალხად: ერთი მხრივ, ნიადაგ უკმაყოფილო, კრიტიკული ვართ, საკუთარი ღირსების დამფასებელი, საკუთარი ნაციონალური კულტურის გადასარჩენად შეფარვით მებრძოლი. მეორე მხრივ კი, თვით გადარჩენის მძაფრმა სურვილმა ქართველებს კარგად შეაძლებინა სისტემით სარგებლობა, საკუთარი მიზნებისადმი მისი მისადაგება, რის შედეგადაც ისინი გაებნენ ხსენებული წყობისათვის და მახასიათებელი კორუფციის, ქრთამის, მაქინაციების ხაფანგში.

მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობისაკენ სწრაფვა მთელი საზოგადოებრივი სივრცის ნგრევით სრულდება. სისტემასთან შეგუების ასეთი ფორმა ერთდროულად იწვევს მკვეთრ ზნეობრივ დაცემას და იოლი გზის ძიების კონსერვატიზმს – ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. ასე კი ძნელია დემოკრატიისაკენ გზის გაკვლევა.

– და მაინც, თბილისის გამოსვლებმა, ნაციონალისტურმა მოთხოვნებმა, პროტესტებმა ხომ ნათელყო, რომ ეს იყო პოლიტიკური აქტივობის ერთგვარი აღორძინება?

– ამგვარი ნაციონალიზმის სახით გვიბრუნდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაანგრია ტოტალიტარიზმმა. ეს სოციალური ავტონომიის ერთგვარი აღორძინებაა. სამწუხაროდ, ზოგიერთებისათვის პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ ეროვნული ლოზუნგებით შემოიფარგლება, რაც არ არის საკმარისი ნამდვილი დემოკრატიული მოძრაობისათვის. „სოვიეტიზმს“ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ვინაობა არ უარუყვია. მისგან თავსმოხვეულმა ცხოვრების წესმა ღრმა ჭრილობა მიაყენა ჩვენს პიროვნულ ღირსებას. ეს იარები უნდა განიკურნოს, ხოლო ღირსება – აღდგეს.

ყოველივე ამის დაყვანა ეროვნული გრძნობების მარტივ მანიპულაციამდე საკმარისი არ არის დემოკრატიული მოძრაობისათვის. ამასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის ერთი პლატფორმა კარგად აყალიბებს იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც, საძირკველშივე უნდა მოიკვეთოს ყოველგვარი მცდელობა, რომ ეროვნულმა მოძრაობამ, დამოუკიდებლობის თუ ეროვნული ინტერესის სახელით, ჩაგვრის ერთი ფორმა სხვა ფორმით შეცვალოს.

– ეს გაფრთხილება საქართველოში რომელიმე გარკვეული ჯგუფისკენაა მიმართული?

– ცხადია, დემოკრატიული მოძრაობიდან ჩვენ არავის გამოვრიცხავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ არიან ნერვულად აღგზნებულ ადამიანთა ჯგუფები და პიროვნებებიც, რომლებიც ზედმეტ ყურადღებას იქცევენ ხოლმე. მაგალითად, ისეთი პიროვნება, როგორიცაა ზვიად გამსახურდია, არც საქართველოს წარმოადგენს და არც ქართული ოპოზიციის ძალთა რჩეულს. იგი პრიმიტიული აგრესიული ნაციონალიზმის წარმომადგენელია. მართალია, იგი ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფიდან მოდის, მაგრამ იყენებს დაუშვებელ მეთოდებს ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ, აცხადებს რა მათ „ქართველი ერის მოღალატეებად“ და ა.შ. მე განსაკუთრებით გამაოგნა იმ სიძულვილმა და აგრესიამ, რაც ზოგიერთ მის ზეპირ თუ წერილობით გამოსვლებში ვლინდება. როდესაც მოვლენებს გარედან ვუყურებთ, ნაციონალისტური აფეთქების მხოლოდ ეს უკიდურესი ფორმები იკვეთება.

– გსურთ თუ არა, რომ საქართველომ ძირეულად გაწყვიტოს კავშირი საბჭოთა კავშირთან?

– ის, რაც ჩვენ გვინდა, თავისუფლებაა. ჩვენ გვინდა, რომ თავი დაგვანებონ, რათა ვიმუშაოთ ჩვენებურად, ცენტრიდან განკარგულებების გარეშე. ჩვენ გვინდა, ეკონომიკურ ორგანიზაციაზე კონტროლი დავიბრუნოთ. ეს არ ნიშნავს ავტარკიას ანუ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა არ ესაჭიროება. რაკი ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელნი ვიქნებით, ჩვენ თვითონვე დავამყარებთ საჭირო გაცვლა-გამოცვლასა და თანამშრომლობას ჩვენ მოსაზღვრე სამყაროსთან: რუსებთან, უკრაინელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან… და ეს მოხდება ორივე მხარის ურთიერთ ინტერესების შესაბამისად. ტოტალურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად ქართველებს, ისევე როგორც ლიტველებს, ამჟამად არაფერი გააჩნიათ. მე არ ვიცი, როგორი ფედერაციული მოწყობა დაგვაკავშირებს მოსკოვსა თუ ლენინგრადთან, – ამას დრო გვიჩვენებს. გეგმებმა, რომლებიც ამჟამად მუშავდება, სხვა, ყოფილ რესპუბლიკებთან კავშირების დასამყარებლად თითოეულ მათგანს მოქნილი მექანიზმები უნდა შეუქმნას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი