ნონა ხიდეშელი:,,ჩვენ ყველა  ვამჩნევთ სხვის ნაკლს, მაგრამ საკუთარს იშვიათად, ისიც შელამაზებული ფორმით”

0
808

რამდენადაც  იზრდება და ფართოვდება ადამიანის ცნობიერება, მით უფრო კარგად ხედავს იგი მთელი ამ დაყოფისა და იდენტიფიკაციების აბსურდს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მაინც შეზღუდული გონების ადამიანები ვართ, ამისგან გათავისუფლება წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში მიჩვეული ვართ ასეთ ვიწრო და შეზღუდულ აზროვნებას და ყველა დაპირისპირება მისგან მოტანილი, კანონზომიერებად მიგვაჩნია.

ვფიქრობ, მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც დაიღალა ასეთი ქაოსური ყოფით და სურს გათავისუფლდეს ამდენი სიმძიმისგან. ასეთი ადამიანი უდაოდ ჩაუფიქრდება თავის ცხოვრებას, აზროვნებას, დამოკიდებულებებს, ფიქრებს, ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან, განსხვავებული წესებისა და ტრადიციების მატარებელ ხალხთან, განსხვავებული ეროვნული და რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრებთან და სავარაუდოდ ბევრ რამეს გადააფასებს და შეცვლის თავის თავში.

მოდით უფრო კონკრეტულად  განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები,  ყველაზე ადრეული ასაკიდან, როცა ჯერ კიდევ წარმოდგენაც არ გაქვს არანაირ იდენტიფიკაციაზე, ეროვნულ ან რელიგიურ კუთვნილებაზე.  ჩვენი ურთიერთობები იწყება ოჯახით, შემდეგ საბავშვო ბაღი, შედარებით ცნობიერი ასაკია უკვე სკოლის პერიოდი და ასე შემდეგ, სანამ არ მივაღწევთ სრულ, ჩამოყალიბებულ ასაკამდე, როცა მოგვეთხოვება გააზრებული ქმედება და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება.

ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში შეუძლებელია ადამიანს გაცნობიერებული ქონდეს რაიმე პრინციპები ან იდეალები, აქ თითქოს განვითარება  ბუნებრივი გზით მიდის და ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით  საკითხს, რეალობა ცოტა სხვაგვარია. ის უამრავი კომპლექსი და შიშები რაც ადამიანს შემდგომ, თითქმის მთელი ცხოვრება აწუხებს, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს,  პიროვნული “მეს” გამოვლინება  ყველაზე ადრეული ასაკიდან იწყება, რაც აისახება ყოველდღიურ დაპირისპირებებსა და წინააღმდეგობებში, რომელთა გამოვლინება მართალია შედარებით რბილად ხდება, მაგრამ მათი არსებობა რეალობაა, ანუ ადამიანს აქვს თანდაყოლილი  სწრაფვა, ყველგან და ყველაფერში საკუთარი ინტერესები ეძებოს, თუნდაც სხვისი ინტერესის შეზღუდვის ხარჯზე.

ჩვენ მუდამ ვიბრძვით, ჩვენი პირადი სურვილებისა  და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ნებისმიერი კონფლიქტის პირველმიზეზი სწორედ ესაა. ძნელია ალბათ ბავშვს მოსთხოვო ამის გააზრება, მაგრამ ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს ხომ შეგვიძლია ამ საკითხს ღრმად ჩავუფიქრდეთ და ანალიზი გავუკეთოთ, თუ მე ყველგან და ყველაფერში საკუთარ ინტერესს ვეძებ, ეს ხომ გარდაუვლად მოიტანს კონფლიქტს, რადგანაც თუ მე მსურს ვიყო უზრუნველი, მქონდეს ყველაფერი რაც მინდა, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ რამდენიმე მილიარდ ადამიანსაც იგივე სურვილები და ინტერესები გააჩნია, ანუ ისეთივე ტიპის იმპულსები აქვს როგორც მე, და რადგანაც ეს მოთხოვნილებები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა, მეტიც, ისეც ხდება რომ ერთი ადამიანს ისეთი სურვილები უჩნდება, რომლის დაკმაყოფილებაც სხვა ათ ადამიანს პირდაპირ დააზარალებს.

მადლობა ღმერთს, რომ სამყაროს კანონზომიერება ასე არ არის მოწყობილი და მას თავისი ბრძნული სამართალი გააჩნია. მთავარია სერიოზულად მივუდგეთ ცხოვრებას, დავაკვირდეთ და სიღრმისეულად გავიაზროთ ყველაფერი. ადამიანი როგორც კი თვალებს გაახელს, იმ წუთიდან იწყება მისი თვითდამკვიდრების სურვილი და შესაბამისად წინააღმდეგობა გარესამყაროსთან.

დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის, ცოლსა და ქმარს შორის, მეგობრებს შორის, წინააღმდეგობა იმ საზოგადოებასთან სადაც ვცხოვრობთ. ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება ლოგიკურად თითქოს  ჰარმონიული და სასიამოვნო უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება რეალურად, რატომ ვერასოდეს ახერხებენ ადამიანები ნორმალურ თანაცხოვრებას, არ მგონია ვინმე ერთხელ მაინც არ დაფიქრებულიყო ამაზე, მაგრამ ვინ მოახერხა ამ პრობლემის გადაჭრა?

ალბათ მთელს სამყაროში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ადამიანმა, ვინც იშრომა, იღვაწა და საკუთარი თავი შეიცნო. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი ერთმანეთს გავს, იგივე მოწყენილობა, რუტინა და გაქცევა  რეალობიდან.  ერთადერთ დასკვნას რასაც ვაკეთებთ ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობებიდან,  არის ასეთი_ რა ცუდია სამყარო, რა სასტიკია ადამიანი და რა კარგი და კეთილი ვარ –მე!  ეს რეალობაა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს, ჩვენ ყველა  ვამჩნევთ სხვის ნაკლს, მაგრამ საკუთარს იშვიათად, ისიც შელამაზებული ფორმით.

გვაქვს კი რეალური კომუნიკაცია ერთმანეთთან? რა დამოკიდებულება გვაქვს იმ ხალხთან  ვისაც ვეძახით მეგობარს, მოძღვარს, მასწავლებელს ან თანამოაზრეს, რას ველოდებით მათგან, რა ინტერესი გვაქვს ამ  ურთიერთობებში. კარგი იქნება თუ თითოეული ადამიანი ჩაიხედავს საკუთარ სულში და იქიდან გასცემს პასუხს ამ შეკითხვას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი