ალბერ კამიუ:,,სიზიფეს მითი”

0
458

“სიზიფეს მითი” ალბერ კამიუს ფილოსოფიური ესეა, რომელიც 1942 წელს გამოიცა. სიზიფე განუდგა ღმერთებს და როდესაც მისი სიკვდილის დრო დადგა გაქცევა გადაწყვიტა. ამის გამო ის ღმერთებმა დასაჯეს და მიუსაჯეს მარადიულად ეთრია მძიმე ლოდი მთის კენწერომდე, საიდანაც ის მომენტალურად გორდებოდა და ყველაფრის თავიდან დაწყება იყო საჭირო.

ღმერთების აზრით,სამყაროში არაფერი იყო იმაზე საშინელი, ვიდრე მძიმე და უაზრო სამუშაო. კამიუ სიზიფეს აბსურდულ გმირად თვლის, რომელიც ცხოვრობს სავსე ცხოვრებით, ეზიზღება სიკვდილის ცნება და განწირულია უაზრო სამუშაოსთვის.

სიზიფე მეტ ინტერესს აღუძრავს კამიუს, როდესაც ის მთის კენწეროდან ეშვება ლოდის კვალდაკვალ. ეს არსობრივად ტრაგიკული მომენტია, რომლის დროსაც გმირი აცნობიერებს თავის გამოუვალ მდგომარეობას. მას არაფრის იმედი არ აქვს, და მძიმე ხვედრი ვერ გადაილახება მის მიმართ ზიზღით. თუმცა სიზიფეს აქვს ქვა, რომელიც მთავარ ღირებულებად გვესახება. შრომის თითოეული ანარეკლი გმირისთვის-მთელი სამყაროა.

კამიუ ამბობს, რომ “ყველაფერი კარგადაა” და რომ  “სიზიფე, ბედნიერი უნდა წარმოვიდგინოთ”. ავტორი წარმოგვიდგენს სიზიფეს განუწყვეტელ და უაზრო შრომას, როგორც თანამედროვე ცხოვრების მეტაფორას, რომელიც ფაბრიკებსა და ოფისებში უსარგებლო შრომაში იხარჯება. “დღევანდელი მუშა,თავისი ცხოვრების ყოველ დღეს მუშაობს ერთი და იგივე საკითხზე, და ეს ყოფაც არანაკლებ აბსურდულია. მაგრამ ეს ტრაგიკული მხოლოდ იშვიათ მომენტებშია,მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი გაცნობიერება ხდება”.

ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს აბსურდი წარმოიქმნება კონფლიქტისგან, რომელიც ადამიანის მისწრაფებებსა და ობიექტურ რეალობას შორის არსებობს. გამოსავალს ზოგი იმედში ხედავს, ზოგი – რელიგიაში, ზოგიც – თვითმკვლეობაში.

კამიუ თვითმკვლელობას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ყველა ჯანსაღ ადამიანს უფიქრია ამაზე. მას მოჰყავს გალილეოს მაგალითი, რომელმაც ფილოსოფიური ჭეშმარიტება მაშინვე უარჰყო, როგორც კი საქმე მისი სიცოცხლის ხელყოფას შეეხო და დასძენს, რომ სწორადაც მოიქცა. თვითმკვლელობა აღიარებაა იმისა, რომ ინდივიდის ცხოვრება აუტანელი ან გაუგებარი გახდა, ე.ი. ცხოვრება აღარ ღირს.

კამიუ თვითმკვლელობას უპირისპირებს საღ აზრს, აბსურდის შეცნობასა და აღიარებას, რასაც ამბოხი მოჰყვება. აბსურდის შეცნობის მაგალითია სიზიფე. მან იცის, რომ ქვა ყოველთვის ისევ დაგორდება, მაგრამ მაინც ააქვს. სიზიფე თავს აღწევს აბსურდულობას იმით, რომ შეცნობილი აქვს იგი.

კამიუ აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც შეიცნობს აბსურდს, უნდა შეეცადოს გარდაქმნას იგი აზრებად და დააფიქსიროს მხატვრულ შემოქმედებაში. სწორედ ხელოვნებაა ხსნის ერთადერთი გზა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი