სამართალი და ზნეობა – თამაზ ბუთზუხი

0
320

რთული და საერთოდ წარმოუდგენელია სამართალი ისეთ მუდმივ ფასეულობებს გავუთანაბროთ, როგორიცაა ზნეობა, რელიგია, სიყვარული.  ზნეობამ შემნა სამართალი და არა პირიქით.

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და სახელმწიფო სტრუქტურის, ეკონომიკისა და სოციალური პირობების მიხედვით იცვლება. მაგ: ჩვენ კანონი შეგვიძლია მივუსადაგოთ არჩევნებს და არა პირიქით. სახელმწიფო სამართლის ამგვარი ცვალებადობა მიგვანიშნებს, რომ ის მხოლოდ იძულების წყარო, ეთიკური მინიმუმია. 

ამრიგად, კანონმდებლობას მეორეხარისხოვნად მივიჩნევთ და ამავე დროს, ჩვენს საზოგადოებაში უსამართლობის გაბატონებით გაოცებულნი ვართ. ამ ფონზე ერთმანეთს ვეკითხებით _ რატომ ხდება კანონის იგნორირება?!

ჩვენს ცხოვრებაში მრავალი ფასეულობაა, რომელსაც დაუფიქრებლად ვანიჭებთ ჭეშმარიტების სტატუსს; ხშირად კი, რეალური ფასეულობა ყურადღების მიღმა გვრჩება. 
გეთანხმებით, ერთი შეხედვით, სიტყვა ”ჭეშმარიტების” დევალვაცია მიუღებელია, მაგრამ რა ვუწოდოთ იმას, რაც ადამიანის არსის ერთ-ერთ საწყისს _ ნებისყოფას, ავითარებს? _ მეორეხარისხოვანი ჭეშმარიტება? რა ხდის ადამიანს ორგანიზებულს? _ ხელოვნება, მეცნიერული მეთოდოლოგია თუ ნებისყოფის მუდმივი წრთობა, ანუ შინაგანი წესრიგის სისტემა _ სამართალი, რომლის გარეშეც, სულიერი განვითარება საერთოდ წარმოუდგენელია. 

ზოგად კითხვაზე _ რატომ ვართ ამ დღეში? პასუხი ერთია _ იმიტომ, რომ როგორც ცალკეულ ინდივიდში, ასევე მთელ საზოგადოებაში, დისციპლინის აუცილებლობის შეგრძნება, თითქმის, უმდაბლეს დონეზეა დაყვანილი. 

ჩვენს ყოფაში თვალში საცემია ზნეობასა და სამართალს შორის დისპროპორცია; ისტორიულად, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ზნეობის, სიყვარულის, გმირობის ფენომენი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. მიუხედავად ამისა, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, ამ საფუძველზე აღზრდილი, უმაღლესი ზნეობის მატარებელი _ 300 არაგველი, ბრძოლის ველზე დაგვიანებას მაინც ახერხებს.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება გავიაზროთ, ჯერ კიდევ 1000 წლის წინ შექმნილ, ვახტანგ VI-ის ფრაგმენტებად შემონახულ ”სამართლის წიგნთა კრებულში”, ბაგრატ კურაპალატის, ან ბექა-აღბუღას ”სამართლის წიგნების”, ”ძეგლთა დადების” თუ ”დასტურლამალის” ზეგავლენა ჩვენს ყოფიერებაზე; მაგრამ თუ რა როლი ითამაშა ქვეყნის გადარჩენაში რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულმა 15 მუხლისგან შემდგარმა დადგენილებამ, ამას ყველა ხვდებით. 
სწორედ ამ ძეგლთა მიმართ მეორეხარისხოვანმა მიდგომამ გამოიწვია ჩვენი სახელმწიფო სამართლის აღმოცენებისთვის აუცილებელი იმ უდიადესი საგანძურის საფუძვლის ჩაფერფვლა. 

გვაქვს ხანძთელის ცხოვრება და შუშანიკის წამება, ვეფხისტყაოსანი და მერანი, მაგრამ არა გვაქვს ტომ ჰობსის ტრაქტატი ”მოქალაქეებზე” და ”ლევიაფანი”, ფილმერის ”პატრიარქი” და მილტონის ტრაქტატი ”სიტყვის თავისუფლებაზე”, ლილბორნის ”პანფლეტები” და ”სამართლებრივი იდეები”, ლოკის ნაშრომი ”ხელისუფლებაზე”, მონტესკიეს ”კანონთა სული”, რუსოს ”საზოგადოებრივი ხელშეკრულება”. 

– რამდენი ვთარგმნეთ ამ საგანძურთაგან?

ალბათ, მეტყვით _ რაში გვჭირდება სამართლის ჩვენებური გააზრება, როცა კაცობრიობამ ამდენი რამ შექმნა, როცა არსებობს ამდენი ჩამოყალიბებული სამართლებრივი იდეა და თანაც, უკვე დახვეწილი და აპრობირებულია; ჩვენ კი, მხოლოდ მათი მითვისება გვრჩება.
მხოლოდ ერთი რამ გვავიწყდება, რომ იდეის მითვისება შეუძლებელია, თუ იდეით არ იცხოვრე, თუ ამ იდეით შეპყრობილი არა ხარ, თუ იდეის შემეცნებას შემოქმედებად არ აქცევ, არაფერი გამოვა. თუ პიროვნებამ და მითუმეტეს საზოგადოებამ, იდეა არ გაითავისა, სხვისი იდეების ზეგავლენით, ნების აგზნება და აქტიური ქმედება, გამორიცხული და წარმოუდგენელია. 

სოციალიზმისა თუ კაპიტალიზმის იდეებიც, იმ ხალხის ელფერს ატარებდა, სადაც ის განვითარდა. რთულია მძლავრ იმპერიებს სამართლებრივი დონით შევედაროთ, მაგრამ როგორ ავხსნათ ჩვენთან რიცხობრივად სადარი ისეთი მოწესრიგებული სახელმწიფოს არსებობა, როგორიცაა ნორვეგია. მას ბაგრატ მესამის სამართალი არ ჰქონია, მარტო ვაჟას ზნეობა და ფილოსოფია ათეულობით ნორვეგიას ეყოფა, მაგრამ ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მთელს ევროპაში.

ნორვეგიაში ჯერ კიდევ 1814 წელს მიიღეს ის უმთავრესი კანონი _ კონსტიტუცია, რომელიც გერმანიისთვისაც კი, შესაშური აღმოჩნდა. ამ პერიოდში, განათლება ისეთ დონეზე იქნა აყვანილი, რომ მთელი ევროპისთვის მისაბაძი გახდა. ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც XVIII საუკუნიდან სავალდებულოა საშუალო განათლება, რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ვისაც ოდნავი სურვილი გააჩნია ყველასთვის ხელმისაწვდომია. მათ ამირანის მსგავსი მითიური გმირი არ ჰყავთ, მაგრამ ამ ერმა სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე, სიტყვიერი შეთანხმების დაურღვევლობა უმაღლეს ფასეულობად, ჭეშმარიტებად გამოაცხადა. 

არსებობს უძველესი ნორვეგიული საგა ზღვის მეფე გიოგენზე, რომელიც მძლავრ სიორლის შეებრძოლა, სძლია და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ ხმალი თან არ ჰქონდა. მან მოწინააღმდეგეს მიმართა: “მე შემიძლია ყელი კბილებით გამოგღრღნა, მაგრამ ეს არც მე მეკადრება _ არც შენ, სიტყვა მომეცი, რომ უძრავად იწვები, სანამ ხმალს არ მოვიტან და თავს არ მოგჭრი”. მოწინააღმდეგე სიტყვას აძლევს და დანაპირებს ასრულებს, ელოდება. 
სიტყვის, მოვალეობის, კანონის უზენაესობა ამ ერისთვის უმთავრესია. 

შედეგი _ გაეროს ჰუმანური განვითარების, ანუ “მისაღები ცხოვრების დონის” 2002 წლის მონაცემებით, ნორვეგია მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამავე ცხრილში აშშ მეექვსე, იაპონია მეცხრე, გერმანია მე-17 ადგილზეა, ჩვენ კი, რა თქმა უნდა, 76-ე ვართ, ყაზახეთის შემდეგ. 

სამართლის საფუძველი _ ადამიანის თავისუფლება, მისი ხელშეუხებლობაა.
ქართულ ინტელიგენციას, ამ განმარტებიდან გამომდინარე, სამართლისადმი ამაღლებული ინტერესის გამომჟღავნების სურვილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ პირიქით ხდება. დაუკვირდით, ჩვენში ადამიანთა დახასიათების მრავალფეროვნებას _ შეგნებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ყოველმხრივ განათლებული, რელიგიური, კარგი თამადა, სექსუალური. . . ეს ჩამონათვალი უსასრულოა, აქ ყველაფერია, რაც შეიძლება ადამიანმა მოისაზროს, არ არის მხოლოდ კანონმორჩილი ქართველი. ამ სიტყვას, შეურაცხოყის ელფერიც კი, გადაჰკრავს. 
უპირველესია, გავიაზროთ ყველა ის მიზეზი, რაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლისადმი უნდობლობას იწვევს. 

როგორი წარმოშობისაც უნდა იყოს ძალაუფლება, საბოლოო ჯამში, ის, საზოგადოებაში უმაღლეს ავტორიტეტად აღიქმება; და აქედან გამომდინარე, ის საზოგადოების ყველა წევრისთვის მისაღები უნდა იყოს. შესაბამისად, მთავარია ავტორიტეტული ძალაუფლების მატარებელი პიროვნული, ან ორგანიზაციული ინსტანცია შეიქმნას და სულერთია რა სახისაა მისი შექმნის საფუძველი, ემპირიული თუ ფსიქოლოგიური.  ცხოვრება იცვლება, ძალაუფლების არსი უცვლელია. 

ის, რაღაც ”ზეადამიანური”, ყველასგან კატეგორიულ მორჩილებას ითხოვს. სამართალსა და ძალაუფლებას შორის თანაფარდობა მრავალგვარია. მონარქიულ თუ რესპუბლიკურ სახელმწიფოში შესაძლოა ძალაუფლება სამართალს ეყრდნობოდეს, ან პირიქით; შეიძლება ძალაუფლება სპონტანურ ავტორიტარიზმზე _ ცეზარიზმი, ან სამართლის არსით შეზღუდვაზე _ სამართლებრივი სახელმწიფო, იყოს დაფუძნებული. ან ერთპიროვნული _ დესპოტური სახის იყოს, მაგრამ ძალაუფლება, ყველგან და ყოველთვის მაინც ავტორიტეტის ფორმას საჭიროებს. 

სამართალი და ძალაუფლება, ეს ორის ერთობა, ადამიანის ნების არაიმმანენტური (შინაგანად თანდაყოლილი) გამოხატულებაა. ადამიანის ბუნებრივი შინაგანი მოთხოვნილება არა მარტო თავნებობა, არამედ სიმართლის აღქმა, შეგრძნებაა. დაუკვირდით, როგორი ემოციით ითხოვს ის საკუთარი აზრის სიმართლის დადასტურებას _ ”ხომ მართალი ვარ!”, ”ასეა არა?”. 

იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი საქციელი, ან აზრი ჭეშმარიტებისგან შორსაა, მას ”ავტორიტეტი, ანუ სიმართლის ინსტანცია” ჰაერივით სჭირდება. 

ამრიგად, როდესაც აქტიური საზოგადოების შექმნა გვსურს, სულიერ თუ ფსიქოლოგიურ ძალასთან ერთად, აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის მიერ სიმართლედ, საწყისად აღიარებულ ფასეულობას დავეყრდნოთ. 

მხოლოდ სიმართლისადმი მსახური პიროვნება ან ჯგუფი შეიძლება იყოს ავტორიტეტი, ყველა სხვა, უბრალოდ, რეგრესია.

სპინოზას განმარტებით _ ყოველი ძალაუფლება, საბოლოოდ, სულებზე პირდაპირი ბატონობაა, რაც საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის მაპროვოცირებელია. ამ წინააღმდეგობის შესუსტება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებაში უფლება-მოვალეობის გრძნობათა პროპორცია არაა დარღვეული; როდესაც მოვალეობის გრძნობა საზოგადოების თითოეული წევრისთვის შინაგანი მოთხოვნილებაა; როცა აღნიშნული თანაფარდობა დაცული არ არის, ავტორიტეტიც ქრება და მიუხედავად იმისა, სოციუმი რესპუბლიკაა, თუ მონარქიული სახელმწიფო _ სტრუქტურა აუცილებლად ირღვევა.
ჩვენი ტრაგედიის საფუძველს სწორედ მართვის ბერკეტების მფლობელ ”ავტორიტეტთა” მიმართ, საზოგადოებაში გამეფებული აბსოლუტური უნდობლობა წარმოადგენს; რადგან ამ ”ავტორიტეტებს” სიმართლისა და ზნეობის ნატამალიც კი, აღარ შემორჩათ.
სამართალი და ზნეობა კი, ცივილიზებული სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი საფუძველია. 

ამრიგად, ადამიანი ორ განსხვავებულ ქცევის წესს _ სამართალსა და ზნეობას უნდა დაემორჩილოს. ესაა საზოგადოების არსებობის ორი საწყისი, რომელთა განცალკევებაც დაუშვებელია; საკმარისია კანონი ზნეობას დასცილდეს _ ირღვევა სახელმწიფო; სამწუხაროდ, ზნეობრივი ნორმაც, კანონის გარეშე, რაღაც ცხოვრებისეულ ბრმა აუცილებლობას, ადამიანთა არასრულფასოვნებას, მიემსხვრევა. ამ შემთხვევაში, მთელი სიმძლავრით, ცივი და მკაცრი სამართლის სამყარო იჩენს თავს, დაკანონებული ეგოიზმითა და უხეში იძულებით, ზნეობისგან მკვეთრად განსხვავებული საწყისით. ზოგჯერ, სამართალი მკვეთრად ეწინააღმდეგება თავისუფლებას, სიყვარულს, ანუ ყოველივე იმას, რაც ზნეობრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. 

საზოგადოებრივი ყოფის მახასიათებელ უთვალავ ტრაგიკულ კონფლიქტამდე სწორედ ამას მივყავართ. ესაა ”რეფორმების”, რევოლუციების უშრეტი წყარო. ეს წინააღმდეგობა დამღუპველი გაორების საწინდარია. და თუ, ამ ცივი რეალობის აუცილებლობას არ ვაღიარებთ, სამწუხაროდ, შედეგი უსასტიკესი იქნება.

იკვეთება პრობლემა _ რა შევარჩიოთ იმ მესამედ, რაც ამ ორის ჰარმონიულობას დაამკვიდრებს? 

რა თქმა უნდა, ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრას, ყველა ბრწყინვალე გონება ცდილობდა; იყო ამ ორი საწყისის განცალკევების მცდელობაც. 
მაგალითად, კანტსა და ჰეგელს, მეტ-ნაკლები სიმკვეთრით, აქვთ გამოთქმული მოსაზრება, რომ სამართლის ნორმები საზოგადოებრივ ურთიერთობებში უნდა გამოიყენებოდეს, ხოლო კონკრეტულ ადამიანთა ურთიერთობა კი, მათმა შინაგანმა სამყარომ _ ზნეობამ, უნდა მართოს.

ჩვენი აზრით, ვაჟასეული, საყოველთაოდ ცნობილი _ “სტუმარ-მასპინძელის”, “ალუდა ქეთელაურის” და მთელი შემოქმედების აღქმა, ამ საკაცობრიო პრობლემის გადაჭრის პროგრამას წარმოადგენს.

ალბათ, ჭეშმარიტება ისაა, რომ ცივილიზებული საზოგადოების არსებობა ისეთი კანონზომიერების დამკვიდრებას ითხოვს, რომლის არსი სამართალიცაა და ზნეობაც. 
ამიტომ ცდილობდნენ, ყველა დროსა და სივრცეში, ამ ფასეულობათა შორის ჰარმონიულობის დამკვიდრებას. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ამ პრობლემის გადასაჭრელად, სპონტანურად მრავალი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, სრულყოფილი სახით კი, ინგლისში გამოიკვეთა _ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. პირველ ეტაპზე მას მეფის თანხმობა სჭირდებოდა. ამ ინსტიტუტმა აპრობაცია თავდაპირველად, სამოქალაქო საქმეებზე გაიარა, შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეებიც მოიცვა და საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ამ საკითხზე გამოთქმულ აზრთა არაერთგვაროვნება და ხშირად, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებიც კი, პრობლემის სირთულესა და სერიოზულობაზე მეტყველებს. 
ერთის მხრივ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს განიხილავენ როგორც ცივილიზებულ ლინჩის წესს, მეორეს მხრივ, ის აღიარებული სასამართლო ინსტანციაა და ნაციის ცივილიზებულობის დონეს განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ რომანოვების რუსეთის იმპერიამ აღნიშნული ინსტიტუტი საკუთარ ტერიტორიაზე დაამკვიდრა. საქართველოში კი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოტანა აიკრძალა, რადგან ჩვენს ქვეყანაში აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება მის ინტერესებს არ შეესაბამებოდა.

საინტერესოა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული არგუმენტები, რაც, საბოლოო ჯამში, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ ის უფრო ახლოა პოლიტიკურ ინსტიტუტთან, ვიდრე სამართალთან, ეს ხალხის სახელმწიფო მმართველობაში დაშვებაა. ამიტომ ურჩევდნენ მმართველ ელიტას მის აკრძალვას. მეორე მხარე კი, ამტკიცებდა, რომ ეს ინსტიტუტი საერთო განათლების, კულტურის, ანუ ცივილიზაციის აუცილებელი შედეგია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მასში პოლიტიკურ ინსტიტუტს ორივე მხარე ხედავდა. აქ უმთავრესია, რომ ნაფიც მსაჯულთა არჩევა საზოგადოების ყველა ფენიდან ხდება. შესაბამისად, საზოგადოების ყველა წევრი გრძნობს, რომ მეორე, ანუ სხვა, მისი პოტენციური მსაჯულია და პირიქით, აქედან მისი პოლიტიკური ხასიათი. ნაფიც მსაჯულთა და ძირეული სამართლის ინსტიტუტები პარალელურად, ურთიერთკონტროლის პრინციპით მოქმედებენ.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დამკვიდრებული პოლიტიკური წყობა დემოკრატიულიდან ჯერ კიდევ შორსაა; ერთადერთი, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირება წარმოუდგენელია, ეს დესპოტური ქვეყნებია, რადგან იქ სამართალი საერთოდ უარყოფილია.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მთელი არსით, მთავრობას აძლიერებს და არა პირიქით. საზოგადოება ნაფიც მსაჯულთა ინსტანციას და მის სამართალს, არა გაუცხოვებით, არამედ საკუთრად აღიქვამს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთავრობას საშუალება ეძლევა ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა მოიხსნას, ტვირთი შეიმსუბუქოს, რადგან განაჩენი საზოგადოებას გამოაქვს და არა სახელმწიფოს. გარდა ამისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამართლის კანონების კორექტირების საუკეთესო საშუალებაა, ე.ი. მართლმსაჯულება საზოგადოების მოთხოვნათა, ზნეობის, მიხედვით ორიენტირდება.
რა თქმა უნდა, ეს ზეციური სამართალი არ არის, არამედ მისი მიწიერი გააზრების მცდელობაა; და ის, ხალხის ისტორიული ცხოვრების მოცემულ ეტაპზე, სულიერი მემკვიდრეობის საფუძველზე ჩამოყალიბებულ იდეებს ჰარმონიულად უახლოვდება. 
რა საოცარიც უნდა იყოს, ძირეული სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სამართალზე მეტად პირფერულია, რადგან ძირეული სამართალი თავის “უზენაესობაში” დასარწმუნებლად ხალხის ქვენაგრძნობებსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციას ითვალისწინებს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს კი, საზოგადოებისთვის თავის მოწონება არ სჭირდება, რადგან ის თვით საზოგადოებაა, ანუ სამართალს უმაღლესი ხარისხით _ დემოკრატიულად და დამოუკიდებლად ახორციელებს.

თავდაპირველად, გაჩნდა აზრი, რომ ნაფიცი მსაჯულები სამართალში საზოგადოების სიმპათია-ანტიპათიას შემოიტანდნენ. ცხოვრებამ აჩვენა, რომ ნაფიც მსაჯულებს გულთან და გონებასთან ისე ახლოს მიაქვთ პრობლემა, რომ შეხედულებებსაც კი, იცვლიან. ხალხი ენდობა ნაფიც მსაჯულთა სამართალს, რომელიც ბრალდებასა და დაცვას შორის, უფრო მაღალი ხარისხის წონასწორობის დამყარების საშუალებას იძლევა. ნაფიც მსაჯულთა სამართალი საზოგადოებას სამართლის სამსჯავროსგან იცავს, რათა უდანაშაულო ადამიანი არ გაიწიროს. ამრიგად, ამით სრულდება ის უმაღლესი მისია, რაც სამართალს ეკისრება.
ძირეული სამართლის ინსტანციაში, საზოგადოების მონაწილეობით, მისსავე სასიკეთოდ, დამოუკიდებლობის ხარისხიც მატულობს და ცხოვრებისეული გამოცდილებაც შემოდის. 
ცხადია, რაც დაბალია საზოგადოების განვითარების დონე, ამ ინსტიტუტის ამოქმედება, მით მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ის საზოგადოების აღზრდის მძლავრი იარაღია და საზოგადოების სამართალ-შემეცნების პერმანენტულ განვითარებას უწყობს ხელს. 
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ინსტიტუტის შემოტანა _ თამამი ნაბიჯი იქნება, მისი გამარჯვება _ ყოველგვარ შიშს დაჩრდილავს. 

ჩვენში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება საერთო განხილვა-მსჯელობის საგნად მიგვაჩნია. ჩვენ ეს, ცივილიზებული საზოგადოების არსებობის აუცილებელი ელემენტი, სხვა თვალთახედვით გვაინტერესებს, რასაც მოგვიანებით შევეხებით.

აბსოლუტური აზრით, ადამიანთა თანასწორობა, სამწუხაროდ, აუხდენელი ოცნებაა და მსგავსი რამ, ისტორიას არ ახსოვს; ამიტომ ყველა ისტორიულ თუ თანამედროვე რეფორმატორთა გაუაზრებელი ლოზუნგი თანასწორობაზე, საბოლოო ჯამში, უკვე დამკვიდრებულ იერარქიაში პირთა და ჯგუფთა ცვლაა. ამრიგად, ერთი სახის უთანასწორობა მეორეთი იცვლება.

საზოგადოება, ეს რთული მთლიანობაა, რომლის ფუნქციონირება უცილობლად ზნეობრივ-რაციონალური ცენტრალური მმართველი ორგანოს არსებობას მოითხოვს. 
მთავარია გავერკვეთ _ როგორი შეიძლება იყოს თანასწორობის ხარისხი.
რა თქმა უნდა, თანასწორობა _ თანასწორუფლებიანობას, დემოკრატიას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საზოგადოებასა და ოლიგარქიას შორის, კონფლიქტი წარმოიქმნება. 
დემოკრატია _ ყველას ძალაუფლება კი არა, ყველას ღვაწლის გაღების თანასწორუფლებიანობა, თითოეულის საერთო სამსახურში მონაწილეობის უფლებაა. სიმართლის სამსახური _ არა ვინმეს პრივილეგია, არამედ ყველას მოვალეობა უნდა იყოს.
ცხადია, უფლება-მოვალეობის განსაზღვრა ერთია, მისი აღსრულება კი, სხვა; შესაბამისად, ამოცანა ისეთი მმართველობის შექმნაზე დადის, სადაც, ზნეობა-რაციონალობის თვალსაზრისით, წევრთა მკაცრი შერჩევა იწარმოებს; უმთავრესი სწორედ აღნიშნული კრიტერიუმები და კონტროლის მექანიზმების ეფექტურობაა. ეს სოციალურად უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საზოგადოება არა მხოლოდ სულიერად ამაღლებული, მოაზროვნე ადამიანებისგან, არამედ არასმქონე, არასმცოდნე, ასევე ყველაფრისმქონე და არასმცოდნე ავანტიურისტი სუბიექტებისგანაც შედგება. 

ქვეყნის ბედის სამართავად, ურთულესი და გადამწყვეტია უკეთესთა შორის უკეთესის ამორჩევა. 

“სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება, და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით” (I კორ. 15. 41).
სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, “ვარსკვლავებს” ჭაობში ეძებენ, რადგან ვარსკვლავის აღმოჩენას ცისკენ ახედვა სჭირდება. 

“მესამე” _ იდეა, რაც საზოგადოებას, მის საფუძველს ქმნის; მისი რეალიზაცია ზეცასთან კონტაქტს მოითხოვს; თუ ერს ზეცასა და მიწას შორის დესპანი არა ჰყავს, ის საზოგადოებას ვერასდროს შექმნის. 

ჩვენ შესაძლოა ბევრი რამ გვაკლდეს, მაგრამ ღვთის მადლით, თანდაყოლილი, გენეტიკური ზნეობის გაქრობაზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია. 
ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ საუკუნეთა მანძილზე, დესპანის როლი, სამშობლოს ბედის მართვაში, ბოროტებით იყო შეზღუდული. 

მხოლოდ ზეცასთან ნაზიარებმა დავით აღმაშენებელმა შეძლო სამშობლოს ბედი ზნეობრივი ადამიანებისთვის ჩაებარებინა; სწორედ ამან გადაგვარჩინა, ათასი წელი გვეყო დავითისა და მისი თანამებრძოლების ზნეობა; და თუ როგორმე, ჩვენც არ შევეხმიანეთ, პასუხის გაცემა მოგვიწევს სულის შემძვრელ კითხვაზე
_ საქართველო დასრულდა _ შემდეგ რა? 
გამოსავალი ერთია, შეიქმნას ის სუპერარბიტრი, ის მტკიცე მონოლითური ფენა, რომელიც ზნეობისა და სამართლის პალადიუმი იქნება, რათა საქართველო განახლდეს. 
შესაბამისად, უპირველესი ამოცანა მყარი სუპერსაფუძვლის შექმნაა, რომლის გარეშეც, რაიმე კონსტრუქციის აგება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

პაროდიული სახელმწიფოდან _ უწესრიგობიდან, რაციონალურ სახელმწიფომდე _ წესრიგამდე, მისვლის ერთადერთი საფუძველი ეფექტური სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაა. 

ფაქტიურად, სახელმწიფოს მმართველი ადმინისტრაცია სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზატორია; პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ქმედითუნარიანობა და ეფექტურობა, არაწონასწორულ პირობებში სახელმწიფოს მშენებლობისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ადმინისტრაცია ან შემოქმედებით, კანონმორჩილ, რაციონალურ ინსტიტუტად, ან დამანგრეველ, ირაციონალურ კოშმარის მუდმივ წყაროდ ყალიბდება. 

სახელმწიფო ადმინისტრაციული მმართველობის აპარატი, ჩამოყალიბებულ, მძლავრ სახელმწიფოებშიც კი, მაქსიმალურ საზოგადოებრივ კონტროლს ექვემდებარება, და ცხადია, ქაოსური პირობები, საზოგადოებრივი კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს.

დიდი ხანია, რაც ადმინისტრაციული ძალაუფლების ~პიგმეიდან” ~გიგანტამდე” სწრაფვის ანატომია გაიშიფრა. არაფრით გამორჩეული სუბიექტის მიერ, ხელმძღვანელი პოსტის დაუმსახურებლად დაკავების მომენტიდან, ძალაუფლების მითვისება იწყება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი