მერაბ მამარდაშვილი – აზროვნების სტატუსი და ინტელექტუალები

0
329

მსურს, წინასწარ გამცნოთ ორი ვარაუდი, რომლებიც არ ეხება ჩემი თემის შინაარსს. მე მათ ვაცხადებ ცოტა „არაოფიციალურად“. ვიმედოვნებ, რომ არ ჩამითვლიან ბოძებული დროის ფუჭ გამოყენებად იმას, რომ უნდა ვისაუბრო აზროვნების სტატუსზე ორი სისტემის კონფრონტაციისა და შედარების სავარაუდო, დასაშვებ ჩარჩოებში. მაშ ასე, ჩემი პირველი წინასწარდაშვება იქნება ის, რომ თავად ამ კონფრონტაციას არ შეიძლება ახასიათებდეს კონცეპტუალური მეტყველება, ანდა შეეძლოს ამგვარი მეტყველების აგება, – სწორედ ამას ვაცხადებ ჩემს წინასწარდაშვებად – პრესუპოზიციად, რადგან არ არსებობს ორი შესადარებელი ან დასაპირისპირებელი სისტემა.

კაპიტალისტური სისტემა არ არსებობს, სოციალისტური სისტემა არსებობს. კაპიტალისტური სისტემა არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომელიც ჩვენს წინაშეა: მოვლენა, რასაც ეწოდება კაპიტალიზმი, – რაც არის თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი სახე, – დაიბადა რენესანსის მწვერვალზე. მკაცრად დეფინირებული კაპიტალიზმის, როგორც მოვლენის, გვერდით არსებობს სხვა მოვლენებიც, სხვა ფორმები, სხვა ინსტიტუციური მოწყობანი, რომლებიც თავიდან კაპიტალიზმთან ერთად კი არ წარმოქმნილან, არამედ დროსა და სივრცეში კაპიტალიზმისაგან დამოუკიდებლად გაჩნდნენ. ეს უკანასკნელნი საზოგადოებრივ არსებობაში კაპიტალიზმის წყალობით შიგნიდან არ ჩანერგილან და ისინი არც კაპიტალიზმს „გადაუყლაპავს“ ან შეუცვლია.

თანამედროვე მოდერნულ საზოგადოებაში კაპიტალიზმთან გადახლართულია დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების მრავალი ელემენტი, მრავალი ფორმა, რომლებიც ასიმილირებას ახდენენ ან ცვლიან კაპიტალიზმს. ამ უკანასკნელმა ანგარიში უნდა გაუწიოს მოდერნული საზოგადოების სხვა ელემენტებსა და ფორმებს, რომლებიც არ არიან შეთვისებული კაპიტალიზმის მიერ.

სოციალისტური სისტემა არსებობს, იმიტომ რომ შეიძლება დანახვა ყველა სოციალური ელემენტისა, რომელთა არსებობაც კანონიერია სოციალისტურ საზოგადოებაში, სადაც ყველა ფორმა შიგნიდან არის გაჟღენთილი სოციალისტური შინაარსით; ისინი თავიანთ კანონიერ არსებობას სოციალისტურ სინამდვილეში ხარჯავენ. სწორედ რუსეთის ისტორიული ამოცანა არის, კვლავ ააშენოს სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი ელემენტი იქნება სოციალიზმი.

მეორე წინასწარდაშვება – ხშირად სოციალიზმზე ან სოციალისტურ სისტემაზე ლაპარაკობენ იდეალურსა და რეალურს შორის მიმოქცევადი შედარებებით, შედარებისათვის გამოსადეგი სიტყვებით. ჩვეულებრივი სამეტყველო ენით ყოველთვის გამოითქმის, რომ რეალურად არ არსებობს სოციალიზმი, ე.ი. არ არსებობს სოციალიზმის იდეალი და სოციალისტური თეორია.

აქ მე მინდა თქვენ გაგაცნოთ ერთი შენიშვნა ამ თვალსაზრისთან და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით: რუსეთში ააშენეს, ზუსტად განახორციელეს ის, რისი განხორციელებაც უნდოდათ, შექმნეს ის, რაც რუსეთში თავიანთ თავს შესთავაზეს განსახორციელებლად – ე.ი. სოციალიზმი. სხვაგვარად – ჩნდება იდეოლოგია, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა მარად გამეორება, თავიდან შექმნა სოციალისტური სიწმინდისა, რისთვისაც აუცილებელია რეალურად მოსალოდნელი სოციალიზმის დეფორმაციების მოშორება, მათი ლიკვიდაცია, ეს ცოტაოდენ ჰგავს სამხედრო თეორიას, რომელიც ძალაში იყო ნაპოლეონის დროს. ავსტრიელი და გერმანელი გენერლები ეყრდნობოდნენ თეორიას, რომელსაც თვლიდნენ სწორ, მართალ თეორიად, რისი უკუგდების, გაბათილების შესაძლებლობაც კი გამორიცხული იყო. მაგრამ, რაკი რეალობა არ დაემთხვა აღნიშნულ თეორიას, მათ წააგეს ბრძოლა. ჩვენი რეზიუმე სოციალიზმზე ან არასოციალიზმზე, ნამდვილ სოციალიზმზე ან მცდარ სოციალიზმზე გვახსენებს სწორედ ამ გერმანულ სამხედრო თეორიას.

ახლა ვუბრუნდები თავად თემას, ჩემი თემის არსს. რა არის ჩვენი პრობლემა? პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ახლა ცდილობენ, ეს არის დიალოგის პრობლემა (ცხადია, თუ აქვთ გაცნობიერებული… თუმცა, ასეთი მოსაზრება არსებობს), ან სხვაგვარად – ეს არის პრობლემა, რასაც სახელმწიფო იწვევს. არადა, მიჩქმალვის და პრობლემის გაღრმავების ნაცვლად უნდა ხდებოდეს დიალოგი საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ სოციალურ ძალებთან, რომლებიც სახელმწიფოს მეშვეობით არ ეწევიან თავიანთი არსებობის მედიაციას. ეს არის დიალოგის მცდელობა სახელმწიფოსი საზოგადოებასთან და სახელმწიფოს პარტნიორობისა საზოგადოების რეალურ და ავტონომიურ ძალებთან, საზოგადოების დამოუკიდებელ ძალებთან, იმ ვარაუდით, რომ ამ გზით მოახერხებენ სამოქალაქო საზოგადოების აშენებას.

ჩვენი მხრივ – დიალოგი დასავლეთთან ან ევროპასთან, ეს არის ამ მცდელობის შემადგენელი ნაწილი. თითქმის ერთი და იგივეა: საბჭოთა სახელმწიფოს დიალოგი რუსულ ან საბჭოთა საზოგადოებასთან და საბჭოთა კავშირის დიალოგი დასავლეთის ან ევროპულ ქვეყნებთან.

მეორე მხრივ – ეს არის აზროვნების სტატუსისა და განათლების ან კულტურული აზროვნების პრობლემა, მოაზროვნე ინიციატივისა საბჭოთა საზოგადოებაში. აზროვნების ელემენტი, კულტურული რეფლექსიის ელემენტი, მოაზროვნე ინიციატივის ელემენტი იყო სწორედ ის, რაც უფრო და უფრო შეავიწროვა ხელისუფლებამ, გვერდი აუქცია მას, რის გამოც ვეღარ ახერხებდა თავისი განვითარების კვალდაკვალ წარემართა საზოგადოებაში არსებული მოაზროვნე ელემენტი. ეს ელემენტი კი არსებობდა, რადგან სიცოცხლე გრძელდება და ვიდრე სიცოცხლე არსებობს, არავის შეუძლია ის ჩაკლას: სიმღერებს მაინც იმღერებენ, პოემებს დაწერენ, იფილოსოფოსებენ, იაზროვნებენ… ე.ი. ხდება ხელისუფლების მიერ უკუგდებული, შევიწროვებული აზროვნების დაგროვება, აკუმულაცია პასუხისმგებელ მოხელეთა მიღმა, იმ ოფიციალურ მოხელეთა მიღმა, რომლებიც სულ უფრო და უფრო დაჩლუნგებულან და იდიოტებად ქცეულან; ეს არის გათიშვა, ერთი მხრივ, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, მეორე მხრივ, გათიშვა ოფიციალურ სტრუქტურებში, თვით ოფიციალურ მოხელეთა აზროვნებაში. არსებობს, აგრეთვე, ოფიციალურ იურისდიქციის გარეთ არსებული აზროვნება არაოფიციალურ სტრუქტურებში.

აქ ხდება მიწიდან მოწყვეტა, რომელიც ყოველ წამს იზრდება და აფეთქებისათვის ქმნის დასაბამს; ძალებმაც სწორედ ამ უკანასკნელში იჩინეს თავი. ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოს, – თავისი ატომური ბომბებით და ა.შ., – არ ძალუძს თავის წიაღში კიდევ აიტანოს ისეთი დეფორმირებული, მოუქნელი, სინათლისათვის შეუღწევადი რამ, რაც საბჭოთა სახელმწიფოებრივი ძალაუფლებაა, – ნაპრალი სწორედ ამ სუსტ, ნახსენებ დასაბამში ჩნდება.

ვიმეორებ, ერთმანეთს სცილდებიან, ერთი მხრივ, ძალაუფლება და არაოფიციალური კულტურა, ხოლო, მეორე მხრივ – სახელმწიფო და დამოუკიდებელი სოციალური ძალები. ამ დაცილებისაკენ, ამ ნაპრალისაკენ სვლა ქვეყნის ინფანტილიზმიდან გამოსვლის ტოლფასია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ განმანათლებლობის ძალზე ძველ დეფინიციას (მოვლენა, რომელიც ასომთავრულით აღინიშნება ინდოევროპულ ენებში). კანტის განსაზღვრების თანახმად, „განმანათლებლობა კაცობრიობის მოწიფულობის მდგომარეობაა, ე.ი. ეს არის რეალური უნარი, რეალური ძალა დამოუკიდებელი აზროვნებისა, – გარეგანი ავტორიტეტების გარეშე გაძლების რეალური უნარი, ძალა უყავარჯნოდ, სხვათა დაუხმარებლად, საკუთარ კიდურებზე დაყრდნობით სიარულისა; უნარი იმისა, რომ აღარ დაგვჭირდეს, ხელჩაკიდებული გაგვიძღვეს ვიღაც, რომ აღარ გვმართონ სხვებმა. ეს არის მოწიფულობის მდგომარეობა“. ჩვენ არ ვიმყოფებით მოწიფულობის ამ მდგომარეობაში, ჩვენი ყოფიერება უფრო ბავშვობის ასაკის მსგავსია.

მეორე მხრივ, გამოსვლა ინფანტილიზმიდან, რომელიც ჭარბად აგროვებს პიროვნებაში ძლიერ აგრესიას, რადგან თქვენ ძალზე კარგად გესმით, რომ ბავშვი, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას მოწიფულ ეტაპზე, ე.ი. ვერ გახდა ძლიერი (იმ აზრით, როგორც მე განვსაზღვრე), ხდება აგრესიული, მზად არის მსოფლიოს ასაფეთქებლად – ინფანტილიზმიდან სხვა სახით გამოსვლა ეს არის დაბრუნება წარმოსახვითი, წარმოდგენილი სიცოცხლიდან რეალურ სიცოცხლესთან, ნივთიერ სიცოცხლესთან. ჩვენში ევროპულ სიტყვებს: „სახელმწიფო“, „საზოგადოება“, „დემოკრატია“, „ცენტრალიზაცია“, „დეცენტრალიზაცია“, „ეკონომიკა“, „სარგებელი“ და ა.შ. აქვთ (აქ ფრანსუა ვიონს დავესესხები) – „სიცოცხლის გარეშე წარმოდგენებით ცხოვრება“. ხსენებული ევროპული სიტყვები მხოლოდ ხატებია, რომლებიც ცხოვრობენ, არსებობენ, არსებობენ სიცოცხლის გარეშე. მაგალითად, მე ამ ხატებში თავს არ ვგრძნობ ცოცხლად, ეს უფრო სიზმარში ყოფნას ჰგავს.

ახლა დავუბრუნდეთ აზროვნების (აზრის) საკითხს, მის მიმართებას რეალობასთან. ეს არის ყველაზე რთული ნაწილი ჩემი თხრობისა, რომლის თაობაზეც ფილოსოფოსობენ. სათქმელთან ძალზე ახლოს, ორიოდე ნაბიჯზე ვარ და ვგრძნობ, ვკარგავ კონტაქტს (თუკი მქონდა) თქვენთან. სწორედ ამიტომ მოვიშველიებ იმ ავტორს, რომელიც ძალიან უყვარს მაქსიმილიან რუბლს და ხშირად მიმართავს ხოლმე მის ციტირებას. ეს ავტორი გახლავთ სიმონა ვეილი. თავისი ცხოვრების ერთ მომენტში მან თქვა: „სიცოცხლე, როგორც Sensus strictus, შეუძლებელია“. Sensu stricto2 – ეს ფილოსოფიური ნათქვამია, ეს არის ის, რაც ემპირიულად არ არის გაცხადებული. მაგრამ თუ თქვენ ეს გესმით ან თუ მე თავადაც მესმის (თავად მეც მიჭირს იმის გაგება, რასაც ვამბობ) – სიცოცხლე შეუძლებელი რამ არის, იგი Sensu stricto – აზრიც (აზროვნებაც) ასევე შეუძლებელია.

აზრი ყოველთვის არის ფიქრი „შესაძლო შეუძლებლის შესახებ“, ამის ილუსტრირებას მეორე მხრიდან მოვახდენ. მართლაც, ეს არის რთული და ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელთაც მე თქვენ მიყენებთ ჩემს მოხსენებაში და რომელიც ობიექტურად არსებობს ინტელექტუალთა წინაშე. ეს არის ინტელექტის, აზროვნებისა და ა.შ. პრობლემები. მე მივმართავ მონტენის სიტყვას. იგი ამბობდა, რომ ყველაზე ძნელი და ყველაზე უმაღლესი, ეს არის ცხოვრება დროულად, ცხოვრება ვითარების, დროის, ადგილის შესაბამისად.

სწორედ ეს გახლავთ ის, რისი თქმაც მსურს სიტყვით, „შეუძლებლობა აზროვნებისა და სიცოცხლისა“. აზროვნება ყოველთვის აზროვნებაა, ის არის აზრის დროულობა და შესაბამისობა; და ეს არის გაუგონარი კომბინაცია, ერთობლიობა გარემოებებისა, რომელიც დასტურდება, აღმოჩნდება აზროვნების ანუ აზრის დაბადების შემთხვევაში; ესაა შეხამება გარემოებებისა, რაც არ გამეორდება; შეუძლებელია აზროვნების დადგენა, როგორც რაიმე ნივთისა, მისი ქონა და ჯიბეში დება; აზრი არის რაიმეზე ფიქრი, რაც შეუძლებელია რეალობაში, ნოსტალგიურად შეუძლებელი და რაც არის თავადრეალობა. ე.ი. რაიმეს შესახებ აზრს, აზროვნებას არა აქვს ძალაუფლება რეალობაზე. და მხოლოდ მაშინ ხდება! აზრი რეალობაზე, – სხვაობა აზროვნებასა და ზმანებას შორის, – გადის სწორედ ამ ზღვარზე.

მე რეალურად ვაზროვნებ, როდესაც არ შემიძლია რეალობის ხელახლა შედგენა, ნოსტალგიის გამორიცხვა, როცა შეუძლებელია აზრის შინაარსის ხელახლა დახატვა. სხვათა შორის, ეს იყო დეკარტის პოზიცია. cogito-ს საწყისი ეს არის გონებაჭვრეტით ნიშნის მანამდე არქონა ნივთის მდგომარეობის შესახებ მინიშნებებში, ვიდრე ადამიანში არ გაიღვიძებს წარმოსახვის ძალა, ვიდრე ადამიანის აზროვნებაში არ წარმოიქმნება – აზრი არსებობის არავერბალური მდგომარეობა სამყაროში, რომელიც არასოდეს ემთხვევა ვერბალურ გამოხატვას.

მოდერნული საზოგადოების დასაწყისში ყოველთვის სწორედ ამიტომ იყო განსაზღვრული „ცოდნა“, როგორც ძალა; სრულიადაც არ იყო ეს დეფინიცია უტილიტარული ან მესაკუთრის აზრი ბუნების მიმართ, როგორც ეს ესმით ახლა. მე ვიცნობ ამ ინტერპრეტაციას. დღეს ამბობენ, რომ ევროპულ აზროვნებას სურდა ბატონობა მსოფლიოზე, ბუნებაზე და ამ სურვილს სწორედ ამ ფორმულით გამოხატავდა. ცოდნა და შესაძლებლობა. მე მინდა მოგაწოდოთ ის ინტერპრეტაცია, რაც ძევს ამ ფრაზის შინაარსში რეალურად: ცოდნა არის ის, რაც თავად თავის თავში შეიცავს განხორციელების ძალას, როგორც რეალურ მდგომარეობას მოაზროვნე სუბიექტში, სამყაროში. ე.ი. აზრი ეს არის შემთხვევითობა, შესაძლებლობა, რომელიც თავად თავის თავში შეიცავს თვით რეალიზაციის, საკუთარი შესაძლებლობის განხორციელების ძალას; თვითრეალიზაცია კი არის რეალური მდგომარეობა სუბიექტისა, რომელიც ფიქრობს იმასრასაც ფიქრობს. ლუთერის ფრაზა აზროვნების ამ აქსიომის ილუსტრაციაა. იგი ამბობს: „მე ვარ იქ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. ეს არის ცოდნა, რომელიც იმავდროულად არის ძალა, უნარი და მხოლოდ ამ აზრით სიტყვა „შესაძლებლობა“, ანუ ძალა და უნარი გამოყენებულია აზროვნების მიმართ; აზროვნება ყოველთვის არის ძალა შესვლისა, შეღწევისა ცოდნის რეალურ მდგომარებაში; აზროვნება ადამიანისათვის არის გარდამქმნელი ძალა. ადამიანი არის ისრაცმანამ ადამიანმა იცის. მაგალითად, ბუდიზმის მიხედვით: „თუ მე თავად ვიცი ჩემი თავი, როგორც ცხოველი ღმერთის წინაშე, მე ვარ ცხოველი; თუ ვიცი, რომ მე ძალმიძს ყველაფერი, მე ვარ ღმერთი“. ე.ი. მე ვარ ისრაც მე ვიცირომ ვარ. ე.ი. ცოდნაა თავად პიროვნების გარდამქმნელი – პიროვნული ცოდნა, ინდივიდუალური ჭეშმარიტება იმავდროულად უნივერსალურია იმიტომ, რომ, თუკი ადამიანები აზროვნებენ, ისინი იმყოფებიან იმ აზრის ველში, რომელსაც აქვს თვით რეალიზაციის ძალა.

მოდერნული აზროვნების რაციონალობა ნიშნავს იმას, რომ სუბიექტის წინაშე მდგარ ყველა საკითხთან მიმართებით თავად სუბიექტს შეუძლია შექმნას ხელახლა „ცოდნა“, როგორც ძალა, როგორც ძალაუფლება. ე.ი. მას შეუძლია შექმნას საკუთარი პიროვნული არავერბალური არსებობა, რაც არ არის აბსტრაქცია ან იდეა, არამედ არის არსებობა, აქტიური ყოფიერება და არც ერთი წერტილი, – ყურადღება მიაქციეთ ამას, – არ არის რომელიმე სხვა მთლიანობის შემადგენელი ნაწილი.

მაშ ასე, ვიმეორებ, – რაციონალური ან უნივერსალური არის ის, რაც არ არის სხვა მთლიანობის, სხვა ფინალობის (როგორც მთლიანობის) შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, მე მაქვს რაღაც აღქმა, რომელიც ჩემია, მაგრამ ის ღმერთის მიერაა ჩემში შემოტანილი. ამ შემთხვევაში მე კმაყოფილი ვარ რაღაც ისეთით, რაც ჩემშია, მაგრამ, იმავდროულად, ეს სხვა ფინალობის მქონე მთლიანობის შემადგენელი ნაწილია. იმასაც დავსძენ, რომ რუსეთში აზროვნების, მასის ცნობიერების რეალური ფუნქციონირება სწორედ ამგვარ სიტუაციაში ხდება: თითქმის ყველა ჩვენი აზრი, ყველა ჩვენი სულიერი მდგომარეობა სხვა მთლიანობის შემადგენელი ნაწილია – ის, შეიძლება, შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ისეთი მოვლენა, რომელზეც ვერანაირ კონტროლს ვერ ვახორციელებთ, ან ისე, რომ ამ მოვლენას არანაირი კავშირი არ ჰქონდეს რომელიმე წინა მოვლენასთან.

ამგვარ შემთხვევაში მიზეზებისა და შედეგების ჯაჭვი გაწყვეტილია სწორედ „ირაციონალური რაციონალობის“ ძალის ზეწოლით. ეს სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც არსებობენ ჩემს ველში და იმავდროულად არიან ნაწილები, ელემენტები სხვა მთელისა, რომელთაც მე არ ვიცნობ. რომლებიც მე არ მემორჩილებიან, მისხლტებისან და ჩემში შემოდიან. აი, ამ შემთხვევაშია აზროვნების ხელოვნება სწორედ კონტროლი და შეუძლებლის შესაძლებლობის მდგომარეობის შექმნა.

ცხოვრება მიდის. რას ვგულისხმობ, როდესაც მე ვამბობ: „სიცოცხლე შეუძლებელია?“ – ცხოვრება არის სიცოცხლე როგორც მთელი. არსებობს ჩემი ცხოვრების მრავალი მომენტი, როდესაც მე არ მეკუთვნის სრულად თავად ჩემი თავი. მაგალითად, აუცილებელია, ახლა გავიხსენო რაღაც გარკვეული რამ, მაგრამ მე იგი დამავიწყდა ე.ი. მე არ ვარ სრული, – ცხოვრების დინება შეჩერებულია. ან, მე მსურს დავეხმარო მეგობარს, იგი ჩემგან ერთი-ორი მეტრის მოშორებითაა… სწორედ ეს ორი მეტრი მიშლის, რომ მე მეგობარს ხელი გავუწოდო და გადავარჩინო; გადარჩენის აქტის შესრულება შეუძლებელია, – არადა, ჩემთვის სასიცოცხლო აქტია მეგობრის გადარჩენა, რომელიც მე მიყვარს.

მაშ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც არც სიცოცხლისეული ძალები და არც ჭეშმარიტი აზრი რაციონალური ზრახვებით კონტროლს არ ექვემდებარება. საქმე ისაა, რომ აზრის გამოგონება ან შეთხზვა შეუძლებელია. აზრი იბადება და ეს არის მისი ბუნებრივი დაბადება ან დამოუკიდებლად იღვიძებს იმ ცალკეული სასიცოცხლო ანუ ორგანული ფორმებისაგან, რომლებიც არასდროს არიან რეალობასთან იდეის კონსტიტუციური მისადაგების შედეგი.

მაშასადამე, ამ აზრით აზროვნების ონტოლოგია, რომელსაც მე ვაგებ თქვენს თვალწინ, ლოგიკურად გამორიცხავს ყოველგვარ სოციალურსა და სულიერ კონსტრუქტივიზმს. არსებობს აკრძალვები. ჯერ ერთი, თავად აკრძალვა არის შემდეგი ფაქტი: როდესაც უკვე აქვთ ნაფიქრი, რომ ორი მეტრით არიან დაცილებული მეგობრისაგან, რომლის ხსნაც უნდოდათ (საფრთხეში თავის ჩაგდების სურვილი ძალზე, ძალზე გვიან ჩნდება), რომ არსებობს ორი მეტრი და ხელს კი გაწვდენა შეუძლია მხოლოდ ერთ მეტრზე. და მეორე აკრძალვა გახლავთ ის, რომ არც ერთ თავში აზრს არ შეუძლია შესვლა გარედან; ეს ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია ცხოვრების მოწყობა სხვისთვის მხოლოდ იმ აზრის საფუძველზე, რაც მის შესახებ მაქვს. ეს ორი აკრძალვა ლოგიკურად გამორიცხავს სოციალურსა და სულიერ, სპირიტუალურ, კონსტრუქტივიზმს. მე ვსაუბრობ იმ სოციალურსა და სულიერ კონსტრუქტივიზმზე, რითაც რუსული და ევროპული ინტელიგენცია თითქმის საუკუნის განმავლობაში ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

მაშასადამე, თუ ადამიანები უღირსებო და არალოკალიზებადი ცოდვის სამყაროში ცხოვრობენ, ე.ი. – ღირსების გარეშე ცოცხლობენ. მე ხაზს ვუსვამ, რომ სამყაროში, რომელსაც აღვწერ (რაკი წილად მხვდა ეს ბედნიერება, თუმცა, არა იმიტომ, რომ მე ამას ვიმსახურებ), ჩემი ღირსება არ არის ჩემი ბედნიერების მიზეზი, – მე შეიძლება ვიყო მხოლოდ იმ ბედნიერების ღირსი, შეიძლება გავხდე ან ვაქციო საკუთარი თავი იმ ბედნიერების ღირსად, რაც წილად მხვდა (ასევეა უბედურების შემთხვევაშიც). სამყაროში არ არსებობს ლოკალიზებადი უბედურების გამომხატველი ნიშანი. მაგალითად, ის არ არსებობს კლასებში, ან – ადამიანურ აგენტებში, რომელთაც ჩემთვის, გინდა თუ არა, ბოროტების მოტანა სურთ.

საჭიროა, იცოდე ცხოვრება ქვეყანაში, სადაც არ შეუძლიათ ლოკალიზება და მიზეზებად გარდაქმნა არც ღირსებისა და არც ნაკლისა, სადაც თავადვე შეგიძლია, შექმნა საკუთარი თავი უბედურების მატარებელ კერპად. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმის თქმას, რომ აზროვნება არის ხელოვნება ან, სხვაგვარად, აზროვნება არის შეუძლებლის მამაცობა. საჭიროა თავის შენარჩუნება (შეკავება) აზროვნებაში, რადგან იგი არ ბატონობს რეალობაზე, ვერ შეიქმნება ხელახლა იმიტომ, რომ ის არის შეუქცევადი და აზროვნების ელემენტებიც ასევე შეუქცევადი არიან; მიზეზების ჯაჭვის კრისტალიზებაც ასევე შეუქცევადია, – როგორც რეტროაქტიული ქმედების ძალა. რაიმე ფორმის გაჩენა ქმნის, აყალიბებს ამ ფორმის წარმოქმნის მიზეზებს. ამ შემთხვევაში მოაზროვნენი, ფილოსოფოსები უნდა დარჩნენ მარადისობაში, მათ უნდა შეაჩერონ თავიანთი თავი სიცოცხლის, ადამიანური არსებობის ტრაგიკულობაში. მათ აზრადაც არ მოსდით, არ ძალუძთ წარმოიდგინონ, რომ შეუძლიათ მაგიურად შეაერთონ ერთმანეთს გარემოებები და წარმოშვან ის, ვინც შეძლებს შეუძლებელი აზრის რეალიზაციას.

მაშ, მე ვინარჩუნებ შეუძლებლის ძალაუფლებას – ეს არ არის რაიმე ხრიკის ძიება თავის დასაძვრენად, არც მიხვედრის მოშველიება რაიმეს გასაგებად, არც აღგზნება-აღფრთოვანების გამოყენება და არც ოჯახისა თუ ნათესაობის კეთილმოსურნეობის მოპოვება. როდესაც არ გააჩნიათ შეუძლებლის ვაჟკაცობა, ხან ოჯახის მარწუხებში ვარდებიან, ხან – პარტიის, ხან – რა ეწოდება ისლამურ ერთობას? – ჰო, უმა – ან უმას მარწუხებში. ასეთი ქცევა თავის დაძვრენაა. მე ვიტყოდი, რომ ამ ტიპის რევოლუციონერები არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არ შესწევთ მარტო ყოფნის, მარტოობის უნარი, – მარტო ყოფნისა აზროვნებაში, ღირსებაში, მარტო ყოფნისა პატიოსნებაში.

„მე, მე მსურს ვიყო პატიოსანი, ოღონდ, სხვებიც პატიოსანნი უნდა იყვნნენ!”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი