ნონა ხიდეშელი:,,ადამიანური ურთიერთობები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული  საკითხია ჩვენს ცხოვრებაში”

0
537

ბლეზ პასკალი თავის “აზრებში” წერდა, რომ  ადამიანის სიდიადე და უბადრუკობა ყოველთვის აშკარა და თვალში საცემია, ამიტომ ჭეშმარიტი რელიგია აუცილებლად უნდა გვასწავლიდეს, რომ ადამიანში არსებობს როგორც სიდიადის, ისე უბადრუკობის მკვეთრად გამოხატული ორი საწყისი. ან აგვიხსნას ამ განსაცვიფრებელი ურთიერთსაპირისპირო საწყისთა თანაარსებობა ადამიანის სულში.

ადამიანის ტრაგედია, სწორედ რელიგიის არსის გაუაზრებლობაშია, მისი გონება, მთლიანად მოცულია მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემებითა და რიტუალების აღსრულებით, ადამიანმა საკუთარ თავში თუ ვერ მოახერხა ამ სიდიადის, ანუ ღმერთის განცდა,  თავის თავში თუ ვერ იპოვა სიმშვიდე და უსაფრთხოება, მუდამ ასე იქნება შეძრწუნებული საკუთარი უმწეობითა და უბადრუკობით, მსგავსად გოლიათების ქვეყანაში მოხვედრილი ქონდრისკაცისა, რომელსაც ისღა დარჩენია, რომ მხოლოდ თვითგადარჩენაზე იფიქროს.

სწორედ ამიტომაა ადამიანი ასე მიბმული ფსიქოლოგიურ დროს, სულ ცუდადაა, იტანჯება, მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს და ერთადერთი რაც მოახერხა, შეიქმნა ილუზია იმის შესახებ, რომ  ოდესმე ეს მოსაწყენი და დრამატული ყოფა თავისით დასრულდება და აღთქმული ქვეყანაც გამოჩნდება.

ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობს ასე კაცობრიობა, ჩაჭიდებულია საკუთარ წარმოსახვებს, ოცნებებსა და ილუზიებს. რაიმე ამბიციის ან შემაწუხებელი განცდის დღეს გააზრებას, ურჩევნია დროში გადადოს იგი და დაელოდოს იქნებ ოდესმე რაიმე სასწაულმა მისი სურვილები აასრულოს. იმის მაგივრად, რომ აწმყო მივიღოთ და გამოვიყენოთ ჩვენი არსებობის შესაცნობად, შევიგრძნოთ მთელი მისი მშვენიერება და სიახლე, გზააბნეული ცხვრებივით ხან წარსულში დავეხეტებით და ხან მომავალში და ასე ჩაგვივლის და ხელიდან გამოგვეცლება ის, რასაც სიცოცხლე ჰქვია.

ადამიანური ურთიერთობები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული  საკითხია ჩვენს ცხოვრებაში.

ურთიერთობა ინდივიდებსა და ერებს შორის,   სოციალურ ფენებსა და რელიგიებს შორის და სხვადასხვა  იდეისა თუ მიმდინარეობების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს შორის. ესაა დაუსრულებელი კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების მთელი სერია, რომელიც  სათავეს ალბათ ჯერ კიდევ იქიდან იღებს, ადამიანი პირველად რომ იშვა დედამიწაზე და გრძელდება დაუსრულებლად.

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი მარტივადაა, ერთად ვცხოვრობთ, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ერთად ვქმნით და ვაშენებთ ყველაფერს, ერთმანეთს ვეხმარებით, ერთად ვლოცულობთ, თითქოს თანაარსებობა ასე თუ ისე გამოგვდის, ერთმანეთის გარეშე, იზოლაციაში ვერავინ გაძლებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა მოგვარებულია და ამაზე სიღრმისეულად აღარავინ ფიქრობს. მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას, ყოველდღიურ ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, იმ უამრავ სტრესს, დაძაბულობას, ნერვოზს, კომპლექსებსა და შიშებს, რაც ასე აღავსებს ადამიანის ყოფას.

სინამდვილეში კი ეს  ე.წ ,,დაბალანსებული” ურთიერთობები შედგება მუდმივი კონფლიქტის, დაპირისპირებისა და ტკივილისგან. შეუძლებელია ადამიანმა მოახერხოს ნორმალური, ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება, სანამ მისი “მე”  გამუდმებით ითხოვს საკუთარი სურვილების, ამბიციებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას, სანამ გონება ასეა დამძიმებული და განპირობებული  ათასგვარი იდეითა და თეორიით, ტრადიციითა და წეს-ჩვეულებით, იდეოლოგიით, რელიგიითა და ნაციონალიზმით.

ჩვენი გონება გამუდმებით დაკავებულია ადამიანთა  დაყოფით, დანაწევრებითა და შეფასებით, თუ კაცმა შეძლო და  მოაგვარა გარკვეული პიროვნული ურთიერთობები, საზოგადოების ერთ რომელიმე ჯგუფთან და მათი თანამოაზრე გახდა, შემდეგ ადგილს იკავებს არა მარტო ინდივიდუალური, არამედ უფრო გლობალური,  კოლექტიური დაპირისპირება, რაც შესაძლებელია ერებთან მიმართებაში ისეთ მასშტაბებში გაიშალოს, რომ შედეგად ომიც მივიღოთ, რისი მაგალითიც არა ერთი აქვს კაცობრიობის ისტორია.

სამყარო, რომელიც ერთ ღმერთს, ერთ მთლიანობად შეუქმნია, რომელშიც ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, სადაც შეუძლებელია პირადი ბედნიერების მოპოვება კოლექტიურის გარეშე და პირიქით, კოლექტიურის- პირადის გარეშე, ადამიანმა თავის გონებაში ისე დააქუცმაცა რომ თავსა და ბოლოს ვეღარ უპოვი.  რა მოუტანა კაცობრიობას ასეთმა დაყოფამ – ომები, კონფლიქტები, დაპირისპირება, ქაოსი, უიმედობა, ტკივილი და უბედურება. 

თითოეულმა ჩვენგანმა, კარგად ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს და შემდგომ უკვე ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს. დაყოფა იწყება სულ მცირედიდან, სახელებითა და გვარებით, სქესით და  აღწევს წარმოუდგენელ მასშტაბებს: ინდივიდი, ოჯახი, გვარი და ე.წ. გვარიშვილობა, რელიგიური მრწამსი, პოლიტიკური შეხედულებები, სოციალური ფენები, ეროვნული იდენტობა და რა ვიცი კიდევ რამდენმა იდეამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში   შინაგანი დაყოფა, რაც შემდგომ აუცილებლად  აისახება ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში.

ცხადია,  მე არ ვარ არც ოჯახის, არც რელიგიის და არც ეროვნულობის წინააღმდეგი, ლაპარაკია მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაყოფაზე, რაც ნაკარნახევია ჩვენი ამბიციითა და გადამეტებული თვითშეფასებით, თორემ დაყოფა მარტო ფაქტობრივი რომ იყოს და პრაქტიკული მიზნები ქონდეს, ვერასოდეს მოიტანდა ასეთ ქაოსს სამყაროში. ის რომ მე ვარ X პიროვნება, მაქვს ჩემი ეროვნული კუთვნილება, შესაბამისად პასპორტი, რითიც ხდება ჩემი პიროვნული იდენტიფიკაცია, რაც მიადვილებს პრაქტიკულ ცხოვრებას, და ა.შ. ეს მენტალურ დაპირისპირებას არასოდეს არ გამოიწვევს, თუ შინაგანად, ფსიქოლოგიურად არ ვარ ჩაჭიდებული ამ იდენტიფიკაციას. ანუ ის ფაქტი, რომ ვარ ქრისტიანი ან ბუდისტი, ჩინელი ან ფრანგი, მთელი თავისი ტრადიციებით, იდეოლოგიებითა და იდეალებით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აპროექტებს მთელს ჩემს დამოკიდებულებას გარესამყაროსთან.

ჩემთვის მეორე ადამიანი იმდენად არის ღირებული, რამდენადაც იზიარებს ჩემს ხედვას, რელიგიას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, პრინციპებს და ასე შემდეგ,  თითქოს ჰარმონიაში ვცხოვრობ ყველა სხვა ერის წარმომადგენელთან ჩემს სამშობლოში, თავს ვდებ ტოლერანტობაზე, მაგრამ თუ რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე სხვა  ეროვნების ადამიანი დაინიშნა, თუნდა სამი ან რვა საუკუნე ცხოვრობდეს ჩემს ქვეყანაში, მაინც განგაშს ვტეხ და პირდაპირ ეროვნულ ტრაგედიად მივიჩნევ,  ან პირიქით, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, მაქვს კარგი სამსახური, მდგომარეობა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია მაინც ჩემი საკუთარი ტრადიციები და ცხოვრების სტილი რომ მუდმივ წინააღმდეგობაში ვარ ჩემს ირგვლივ არსებულ საზოგადოებასთან.

არანაირად არ მსურს მათი, ანუ მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნილებები  მივიღო, და თუ იქაური კანონმდებლობა რაიმეს შეცვლას მომთხოვს,  თავს უაღრესად შეურაცხყოფილად და შეზღუდულად მივიჩნევ.

მაშასადამე,  მე ერთი უბრალო ადამიანი კი არ  ვარ, რომელიც მარტივად და თანხმიერად უნდა ვცხოვრობდე სამყაროსთან, არამედ ჩემს უკან ღირებულებათა მთელი კასკადია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის, და რომელთა დასაცავად დაუფიქრებლად ჩავერთვები ნებისმიერი ტიპის კონფლიქტში, რადგანაც  მათ გარეშე ჩემს არსებობას არავითარი აზრი არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი