თამაზ ბუთხუზი:,,ურთულესია ამ უწესრიგობიდან წესრიგში გადასვლა და ჩვენს ცხოვრებას აუტანლად სწორედ ეს უწესრიგობა აქცევს” 

0
226

მართლაც, უკეთესი რა უნდა ინატროს მშრომელმა ადამიანმა, გააზრებული, რაციონალური ცხოვრების დასაწყებად. დიახ, ამ ავანტიურისტების ჯგუფმა პირველი კოლონია კი დააარსა, მაგრამ არც ადმირალსა და არც მის მეგობრებს, ამ სიმდიდრის ასათვისებლად, არავითარი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. მათ მთელი ცხოვრება ერთმანეთის ძარცვას, პრიმიტიული წესით არყის გამოხდა-სმას და მახლობელ ტყეში ინდიელი ქალების დევნას და ნადირობას შეალიეს. ასე, ერთმანეთის შუღლით, იქმნებოდა და ნადგურდებოდა კოლონიები. 

ეს პროცესი 1620 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა, იქამდე, სანამ გემმა “My Flower” ინგლისელ პურიტანელთა 122 კაციანი ჯგუფი არ ჩამოიყვანა. ისინი ინგლისიდან განდევნილი ქრისტიანული სექტის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც საკუთარ თავს ღვთის რჩეულებად თვლიდნენ. ისინიც, მოსეს ებრაელთა მსგავსად, საკუთარ თავს მისიონრებად მიიჩნევდნენ; მათი აზრით, ღვთისგან მინიჭებული მისია ახალი სახელმწიფოს ცივილიზაციის შექმნა-განვითარებაში მდგომარეობდა; სწორედ ეს წარმოადგენდა სამშობლოდან მათი განდევნის ძირითად მიზეზს. 

ჯერ კიდევ გემბანზე ყოფნისას, ვიდრე მათი გემი ახალ მიწაზე ღუზას ჩაუშვებდა, მათ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ ერთმანეთის გატანით იცხოვრებდნენ, პატივს სცემდნენ თითოეულის ღირსებას, არ შეზღუდავდნენ სხვა რწმენის ადამიანებს. ეს ის ოცნება იყო, რაც მათ ევროპაში ვერ აიასრულეს. 

გემი _ “My Flower” სანაპიროს მიადგა და მასაჩუსეტში დაარსდა ახალშენი, სადაც ურთიერთგატანის მკაცრი დისციპლინა დამკვიდრდა და რომლის ყოველდღიური ცხოვრების არსს ლოცვა და მუხლჩაუხრელი შრომა წარმოადგენდა. 

აი, ეს იყო ის პირველი კეთილგონივრულ იდეოლოგიაზე, მატრიცაზე დაფუძნებული ჩანასახი, რაზედაც ამერიკელი ერის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის აუცილებელი მონოლითი წარმოიქმნა. 

ამ თვალთახედვიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოთა წარმოშობის თეორიების შესახებ მუდმივი დისკუსია, შესაძლოა პირიქით იქნას განხილული, ანუ ჩამოყალიბებული საზოგადოების, ქვეყნის სტრუქტურიდან გამომდინარე შეიძლება გავიაზროთ თუ მისი ჩანასახი რა მატრიცაზე ჩამოყალიბდა. 

თუ აშშ-ს სახელმწიფოს შექმნის პირველსაწყისად გემ _ “My Flower”-ის გემბანზე 122 კაცის მიერ დადებულ ფიცს გავაანალიზებთ, მაშინ ცხადად დავინახავთ, რომ მათ არც ფსიქოლოგიური, არც ორგანული, არც პატრიმონიული, არც ძალმომრეობითი, არც პატრიარქალური თეორია აურჩევიათ; ალბათ, ეს თეორიები არც გახსენებიათ, ეს ფიცი, მათი იდეოლოგია, ანუ საწყისი მატრიცა, სხვა არაფერია თუ არა ხელშეკრულებითი თეორია, რასაც სპინოზა თავგამოდებით იცავდა. 

ახალშენს მოსახლეობა უწყვეტად ემატებოდა და მათ საფუძვლად ზემოაღწერილი ცხოვრების წესი ხვდებოდათ. ჩანასახი სიმტკიცეს ავლენდა და ახალჩამოსულ ჯგუფებს სხვა ცხოვრების წესის შანსს არ უტოვებდა; იქ დამკვიდრებული ცხოვრების წესის უგულებელყოფა არსებულ კონკურენციაში მყისიერად დამარცხების საწინდარი იყო; ამრიგად, მხოლოდ პატიოსანი, რაციონალური ცხოვრების გზა რჩებოდა. ნებისმიერი, სხვა პრინციპის საფუძველზე შექმნილი ჩანასახი, სწრაფად იშლებოდა და იმ ჯგუფების წარმომადგენლებს მოჯამაგირეობის, ან ცხენების ქურდობის გარდა, აღარაფერი რჩებოდათ. ემიგრანტთა ამგვარი ბუნებრივი, იდეოლოგიური მრწამსით შერჩევა 150 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. 

აქ უმთავრესია გავითვალისწინოთ, რომ იმ პერიოდში ევროპას ძირითადად ტოვებდა ის ხალხი, რომელიც იმდროინდელ ევროპაში არსებულ მდაბალ სულიერ მდგომარეობას და თავისი შესაძლებლობის შეზღუდვას ვერ ეგუებოდა. ცხადია, ემიგრანტთა შორისაც მრავლად იყვნენ ავანტიურისტები და კრიმინალები, მაგრამ ჩანასახი ამგვარ ემიგრანტთა აღზევებისთვის თავისუფალ არეალს არ ტოვებდა. უბრალოდ, პურიტანული საზოგადოებრივი ჩანასახისთვის მათი ცხოვრების წესი მიუღებელი იყო. ყოველგვარი ავანტიურული ქმედება და იდეა, თვითმმართველობის მკაცრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წინაშე, საკუთარ სიმყიფეს ავლენდა და მყისიერად იფშვნებოდა. 

მართლაც, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი 150 წლიანი სელექცია, ბუნებრივი შერჩევა. ამრიგად, ჩამოყალიბდა მძლავრი ჩანასახი, რომელმაც პურიტანული ცხოვრების არსისა და წესის მქონე ლიდერები აირჩია. 

საზოგადოებამ, რომელსაც ზნეობა და რაციონალიზმი მართავდა, სახელმწიფო ლიდერები პოპულისტებიდან და აფერისტებიდან კი არ ამოირჩია, არამედ ტიპოგრაფიული მუშებიდან (ბენჟამენ ფრანკლინი), მიწისმზომელებიდან (ჯორჯ ვაშინგტონი), ტყის მჭრელებიდან (აბრაამ ლინკოლნი). აი, მათი გმირები: რომელთაც ჩანასახი აქციეს იმ მონოლითად, რასაც დღევანდელი აშშ ჰქვია.

ამ ახალმა ერმა დაიწყო მსოფლიო კულტურის ათვისება-შესწავლა, პროფესია შემოქმედებად აქცია, პროფესიონალიზმი კი, უმაღლეს ფასეულობამდე, სიყვარულამდე აიყვანა. ეს მათ გენებით ჩამოყვათ და ეს გენები განავითარეს. 

ამრიგად შეიქმნა დიდი, შრომისმოყვარე ოჯახი, მოყვარული შვილებითა და მშობლებით, სადაც ჯანმრთელი პატივმოყვარეობა განვითარდა და არა ნარცისიზმი. აქ დამკვიდრდა კეთილი საქმის დასრულებით გამოწვეული სიამაყე, სხვისი წარმატების სიხარულით მიღება, და ყველაზე მთავარი, ცხოვრება რელიგიური რწმენით. 

ფრანკლინისა და ლინკოლნის ოჯახებს საკმაოდ ხანგრძლივი რელიგიური ისტორია ჰქონდათ. ინგლისში, ვაშინგტონის გვარიც სწორედ მეფისა _ კარლ პირველი, და სარწმუნოების _ კათოლიციზმი, ერთგულების გამო იდევნებოდა. 

მართლაც, როცა იაზრებ ამ ჩანასახზე, მატრიცაზე აღმოცენებულ წმინდა კაპიტალიზმს, რომელიც ამ ხალხმა ჩრდილო-ამერიკაში შექმნა, კარლ მარქსის შრომებში _ “საქონელი ფულის ფეტიშიზმზე”, გამოთქმული აზრები, უბრალოდ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევს. აქ, მგონი, ბატონ კარლს ჩრდილო-ამერიკული კაპიტალისა და ფინიკიელების, არაბების, სპარსების, ინდოელების “საქონელ-ფულის ფეტიშიზმი” ერთმანეთში აერია. სწორედ “საქონელ-ფულის ფეტიშიზმი” იყო ის, რაც ჯვაროსნული ომის მონაწილეებმა ამ ქვეყნებიდან ჩამოიტანეს და ევროპაში გარკვეული სოციალური ფენების გათახსირება გამოიწვიეს. სწორედ ამას ვერ შეეთვისა ის სოციალური ფენა, რომელმაც ჩრდილო-ამერიკაში ახალმოსახლეთა ჩანასახი შექმნა.

პროტესტანტული შრომის ეთიკის ფეტიშიზმის შემქმნელმა _ ახალი ტიპის წარმოებითმა კაპიტალიზმმა, ევროპა დაღუპვას გადაარჩინა. შრომის ეთიკის ფეტიშიზმმა, თანამედროვე სოციოლოგიისა და ისტორიოსოფიის შემქმნელი მაქს ვებერიც აღაფრთოვანა (ამაში ბატონი კარლიც მორცხვად გამოტყდა). ნეტავ ბატონი კარლი ამ საკითხზე უფრო ღრმად დაფიქრებულიყო, მაშინ ხომ ჩვენც გვეშველებოდა და ამ იდეას შეწირულ, ათეულობით მილიონ ადამიანსაც. 

მხოლოდ ზემოაღწერილ ჩანასახზე იზრდება ის სოციალური მონოლითი, რომლის გაკაწვრაც, ალმასივით, შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ეს, ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის. გადის ასი წელი, იზრდება მონოლითი, სტრუქტურა კი, უცვლელია. შეუძლებელია ის შეიცვალოს! ამერიკა იცვლება, მისი არსი უცვლელია! იმარჯვებს დამოუკიდებლობა, არნახულად იზრდება მეურნეობის სიმძლავრე, რა თქმა უნდა, იქ არსებობდა მეორე, დესპოტური ჩანასახიც და იწყება ამ ჩანასახთან ბრძოლა, იწყება ბრძოლა დესპოტური მეტროპოლის წინააღმდეგ. 

1775 წელს ამ ბრძოლაში ებმება 3,5 მილიონი ადამიანი. მონოლითი წესიერ ადამიანებს იზიდავს. 1860 წელს ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს 22 მილიონი ადამიანი, სამხრეთში მხოლოდ 9 (დაუკვირდით ჩანასახთა ზრდის სიჩქარეს მიუხედავად კლიმატური კომფორტისა.) შემდგომი ასი წელი კვლავ იზიდავს მშრომელ ადამიანებს, ჩრდილოეთი უკვე 40 მილიონია. ჩამოყალიბდა ის მატრიცა, რომლის საზოგადოებასაც აღაფრთოვანებს მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანები, მათი პროფესიული ოსტატობა და საკუთარ ლიდერებზე ხალხი მითებს ქმნიდა. 

სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას, თუ ამ საზოგადოებამ, რატომ აიყვანა უმაღლეს რანგში ტყისმჭრელი ლინკოლნი, ის ვინც შემდგომში იტყვის: ”შრომა კაპიტალის წინაპირობაა, და არ არის მასზე დამოკიდებული; კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და ვერასოდეს იარსებებდა, შრომა მასზე ადრე რომ არ ყოფილიყო, შრომა კაპიტალზე უფრო მაღლა დგას და შეუდარებლად მეტ პატივისცემას იმსახურებს.” 

ეს სიტყვები რომ ფასეულობას წარმოადგენს, აშშ-ს ისტორიაში, ლინკოლნისთვის, ვაშინგტონის გვერდით, მიჩენილი ადგილით მტკიცდება. თვით ვაშინგტონი აღზევდა არა იმიტომ, რომ ის მდიდარი პლანტატორი იყო, არა როგორც ომის გმირი, (როგორი გენერალი იყო, ეს ჩვენზე კარგად ამერიკელმა ხალხმა იცის), არამედ ეს ის პიროვნებაა, რომლის წარმოებულ თამბაქოს შემოწმება არ სჭირდებოდა, რადგან ის უმწიკვლო შრომის პროდუქტი იყო. 

აი, ეს აღაფრთოვანებდა პურიტანებსა და კვაკერებს. მისი, როგორც პრეზიდენტის, როლი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ის, თავისი არსით, ამ მონოლითის მატრიცას იმეორებდა; ეს მატრიცა კი, დამფუძნებელმა პლიგრიმმა მამებმა შრომის რესპუბლიკის მორალურ-იურიდიულ ბაზაზე შექმნეს. ესაა დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები _ ყველა მშრომელის, მეცნიერის, ინტელექტუალისთვის მისაღები სისტემა. 
აი, ამიტომ აღაფრთოვანებდა ხალხს ვაშინგტონი, ფრანკლინი და ლინკოლნი, ეს ის გმირები იყვნენ, რომლებსაც ენდობოდნენ და მიჰყვებოდნენ არა მხოლოდ ზოგადში, არამედ წვრილმანშიც. 

ჩრდილო-ამერიკის განვითარების მაგალითში, იმ კონკრეტულ პირობებსა და სივრცეში, სწორედ 122 კაცი იყო ის კრიტიკული რაოდენობა, რომელზედაც ჩანასახი განვითარდა. მასზე მცირე რაოდენობა, სამწუხაროდ, ალბათ, ჩანასახს ვერ შექმნიდა. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩანასახის შემადგენელ ნაწილაკთა კრიტიკული რაოდენობა, არამედ იმ დეფექტთა რიცხვიც, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ჩანასახს.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩანასახური ზრდის მექანიზმის მიმდინარეობისას, დეფექტთა მართვა ურთულეს პრობლემას წარმოადგენს.

განვიხილოთ, რა როლს ასრულებს ბუნებაში დეფექტი და შესაძლებელია თუ არა მათი მართვა, რათა მონოლითი ჩამოყალიბდეს? 

როგორც აღვნიშნეთ, ბუნებამ კრისტალი იმიტომ შექმნა, რომ ეს ამ პირობებში მისთვის ყველაზე შეუშფოთებელი, კომფორტული მდგომარეობაა. თუ ბუნების ლოგიკას მივყვებით, იგი, მთელი არსით, ამ მდგომარეობის შენარჩუნებას შეეცდება; ანუ თუ ის კრისტალია, შეეცდება კრისტალად დარჩეს. ნუ დავივიწყებთ, რომ კრისტალი, ეს მონოლითური სისტემა, ქაოსის პირობებში, ანუ უაზრო ძალადობის პირობებში შეიქმნა და ის, ამ გარემოსგან, სასტიკ ზეგავლენას განიცდის, მას ხომ შეუჩერებლივ ეჯახებიან ქაოსურად მოძრავი ნაწილაკები. 

წარმოვიდგინოთ, დედამიწის ქერქის სიღრმეში, ლავაში მიმდინარე პროცესებისას წარმოქმნილი მონოლითი და ამ დროს, კრისტალზე მოქმედი სითბო, ენერგია. მონოლითში ამ ენერგიის თანაბრად გადანაწილება რომ მომხდარიყო, ანუ ყველა შემადგენელი ნაწილაკი თანაბრად აღგზნებულიყო, მონოლითი მდგრად სტრუქტურას ვერ შეინარჩუნებდა და უბრალოდ, დაიშლებოდა.

ბუნების უდიადესი, ენერგიის მინიმუმის, კანონიდან ე.წ. ლე-შატელიეს პრინციპიც გამომდინარეობს, რომლის არსიც შემდეგშია: თუ სისტემაზე, რაღაც სტრუქტურაზე, გარე ზემოქმედება ხდება, მაშინ სისტემა (ჩვენს შემთხვევაში მონოლითი) ამ ზემოქმედებას, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით, ეწინააღმდეგება. 

რა საშუალებები გააჩნია მონოლითს ამ პრინციპის შესასრულებლად?

არსის შესანარჩუნებლად კრისტალი უნიკალურ, გონებამახვილურ ხერხს მიმართავს. იმისთვის, რომ კრისტალი მთლიანად არ დაიშალოს, სისტემას ურჩევნია ყველა ატომის აღგზნების ნაცვლად მხოლოდ ზოგიერთი აღაგზნოს. მას ურჩევნია აღგზნებულმა ატომმა, მისთვის განკუთვნილი ადგილი დატოვოს და გაეჩხიროს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, ანუ მცირე დეფექტები შექმნას, ვიდრე კრისტალი მთლიანად დაიშალოს. ამრიგად, ბუნება არსის შესანარჩუნებლად მცირე დათმობაზე მიდის. 

არსის შესანარჩუნებლად საზოგადოებას, ან სახელმწიფოსაც, მრავალ დათმობაზე წასვლა უხდება, ალბათ, ამიტომ ითმენს ცივილიზებული საზოგადოება ყოველივე იმას, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია: “პანკებს”, “როკერებს” და ა.შ. 

შესაბამისად, სოციალური მონოლითის შექმნისას, გარკვეული რაოდენობის დეფექტების არსებობა დასაშვებია, რადგან ეს ბუნების კანონს არ ეწინააღმდეგება. 

ამ ხედვის კუთხით, ბუნება უფლებას გვიტოვებს _ დეფექტთა წარმოქმნა საზოგადოებრივი მონოლითის არსებობის თანმდევ მოვლენად განვიხილოთ. 

იმ შემთხვევაში, როდესაც დეფექტთა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, იშლება როგორც კრისტალური მონოლითი, ასევე სახელმწიფო თუ საზოგადოება. აქედან გამომდინარე, როგორც კრისტალი, ასევე საზოგადოება ცდილობს დეფექტთა რაოდენობის კონტროლისა და მართვის გზით შეეწინააღმდეგოს მონოლითის დაშლას.

ამჟამად, საქართველოში საზოგადოების ნაწილი უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობაშია, ნაწილს კი, საღათას ღრმა ძილით სძინავს, ანუ ერთნიცა და მეორენიც, იმ თავისუფალი ენერგიის არეალიდან გადიან, სადაც შესაძლებელია მონოლითი ჩანასახური გზით წარმოიქმნას, ეს ერთის მხრივ; მეორეს მხრივ კი, განუსაზღვრელია ის შეშფოთება, რასაც ჩვენ გარე ზემოქმედებით განვიცდით, ანუ დღეს საქართველოს იზოლირებულ სისტემად განხილვა, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გამორიცხულია. 

შესაბამისად, ჩვენს პირობებში საზოგადოების მონოლითის ჩანასახური მექანიზმით წარმოქმნა შეუძლებელია; და თუ ვინმე, რაიმეს სასიკეთოდ შეცვლას, ამ გზით ცდილობს, ალბათ, ავიწყდება, რომ უსტრუქტუროდ, უპრინციპოდ, სუბიექტური სურვილით გაერთიანებული, წარმონაქმნების ჩანასახად განხილვა, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, შეუწყნარებელი შეცდომაა.

ჩვენ არაწონასწორულ, მეტასტაბილურ, არაადამიანურ მდგომარეობაში ვიმყოფებით; რაც შეეხება ჩვენს არშემდგარ სახელმწიფოს, მისი ბაზისური მატრიცა შიგა ძალმომრეობის თეორიის განივთებას მოგაგონებთ. 

დასკვნის სახით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩანასახური მოდელით მონოლითური სახელმწიფოს შექმნა-განვითარება განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. საწყისი მომენტი, როდესაც ჩანასახი ფორმირდება, ანუ სანამ კრიტიკულ ზომას მიაღწევდეს, მკაცრად განსაზღვრულ კომფორტულ პირობებს საჭიროებს, ანუ მინიმუმამდე უნდა დავიდეს გარეშე ძალების ზემოქმედება. კრიტიკულ ზომაზე მეტი ნაწილაკების დაკავშირების შემდეგ კი, პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. აქ უმნიშვნელოვანესია, რომ მონოლითის მშენებლობა თავისთავად, თვითრეგულაციით მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე გარემო პირობების მცირე ცვლილებაც კი, (გარე აგრესია, შიდა აშლილობა, ეკონომიკური დონის დაქვეითება) ჩანასახის ჩამოყალიბება-განვითარების პერიოდს მკვეთრად ზრდის. 
კაცობრიობის ისტორიიდანაც ნათლად ჩანს, რომ აგრესიული გარემოს არსებობა მდგრადი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ხელს უშლის და ეს პროცესი, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ან უფრო მეტ ხანს მიმდინარეობს. 

თავისთავად ცხადია, ეს ჩვენში გულისტკივილს იწვევს, რადგან ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა იზოლირებული სისტემის შექმნისა და ჩვენს საზოგადოებაში არსებული დეფექტების, ზღვარს გადასული რაოდენობის, შემცირების იმედს არ იძლევა. 
აქედან გამომდინარე, ჩანასახური მოდელით მდგრადი სახელმწიფოს მატრიცის ჩამოყალიბება საქართველოსთვის არარაციონალურ გზად მიგვაჩნია.
და სწორედ ეს მდგომარეობა გვაფიქრებს! 

აქ ჩნდება დამთრგუნველი აზრი, რომ განწირულები ვართ და ვერასდროს შევქმნით ისეთ ჩანასახს, მატრიცას, რაც სახელმწიფოს საფუძვლის _ მონოლითის წარმოსაქმნელადაა საჭირო. 

ნუთუ ზუსტ მეცნიერებაში არ არსებობს ის მოვლენა ან თეორია, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენთან არსებულ მკაცრ, დეფექტურ, არაწონასწორულ პირობებში, სოციალური მონოლითის შექმნას შევძლებდით? 

ნუ იჩქარებთ, შეგვახსენოთ, რომ ადამიანები ატომები არ არიან.
დიახ, გეთანხმებით, ადამიანი ატომი არ არის!
მართლაც, ადამიანი უსიცოცხლო ნაწილაკი – ატომი, არ არის და შესაბამისად, საზოგადოება გაცილებით მაღალი ხარისხის უწესრიგობით ხასიათდება, ვიდრე ატომთა უწესრიგობაა. 
ურთულესია ამ უწესრიგობიდან წესრიგში გადასვლა. და ჩვენს ცხოვრებას აუტანლად სწორედ ეს უწესრიგობა აქცევს. 
ერთის მხრივ, თითქოს, ჩვენს საზოგადოებას ყველა ის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი გააჩნია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ელემენტარული წესრიგის დამკვიდრება. ერთი შეხედვით, მშვენივრად გაფორმებული და მრავალტირაჟიანი კონსტიტუციაც გვაქვს, ასევე _ მისი აღსრულების მექანიზმიც _ პოლიცია შინაგანი ჯარით, უშიშროების სამსახურიც, სასამართლო ხელისუფლება და ა. შ. არ არსებობს მხოლოდ წესრიგი. და ეს დეფიციტი ყველა ზემოაღნიშნულ სტრუქტურას პაროდიულ ორგანიზაციად აქცევს.
გვაქვს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსი, მაგრამ არ არსებობს ის ფენომენი, რასაც სამართალი ეწოდება და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან არა გვაქვს ის “მესამე”, რაც სამართალს ზნეობასთან ჰარმონიაში მოიყვანდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი