მერაბ მამარდაშვილი – აზროვნებისა და ენის განსაბჭოება

0
373

როგორც საბჭოთა ადამიანთა მთელი ერთობლიობა, ჩვენც იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისაგან, ოცნებისა – რეალობისაგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა, ენერგიადაშრეტილებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოება იქმნება კერძო პირთა ავტონომიურობის საფუძველზე, ავტონომიურობისა – ამ სიტყვის ონტოლოგიური მნიშვნელობით. საბჭოთა კავშირის სინამდვილეში ჩამოყალიბდა გამჭვირვალობის ისეთი მეტაფიზიკური გრძნობა, რომ კერძო პირთათვის დამახასიათებელი ხელშეუხებელი სიღრმე, ეს უკუმშვადი სიღრმე, რომელიც ჩემშია, რომელიც არსებობს „მე-სა“ და „ჩემს“ შორის და რჩება მარად შეუვალი, დაინგრა სამოქალაქო საზოგადოების ნგრევასთან ერთად. ნივთთა ფანტომურობა და ადამიანთა ფანტომური, ზომბის ხასიათი ცხოვრების წესად იქცა. რაციონალური კრიტიკით ამის დანგრევა შეუძლებელია. ცხოვრების ასეთი ფორმა ისევე, როგორც ნებისმიერი პათოსი, დაყოფას არ ექვემდებარება; ზემოქმედება უშედეგოა. საჭიროა, შეიქმნას ერთი „გვერდითი“ ცენტრი, ფიზიკურ ძალთა მიზიდულობის სხვა ცენტრი, საითკენაც უნდა იქნეს მობილიზებული მთელი საზოგადოება. საქართველოში და სხვაგანაც ვერ დააფუძნებენ სამართლებრივ სახელმწიფოს, თუ საკუთარ თავს არ გამოცდიან, თუნდაც ეს გამოცდა გადიოდეს სიძულვილზე საკუთარი თავის მიმართ. საჭიროა, საკუთარი თავის წინაშე აღმართო ღირსებისა და პატივის იდეალი და გეყოს ვაჟკაცობა, გაიარო საკუთარი თავის მიმართ უკიდურესი სიძულვილის გზაზე. აი, ისტორიული აუცილებლობა მილიონობით ადამიანისათვის. თუ პიროვნებებს არ შესწევთ უნარი, წინ სარკე დაიდგან და საკუთარ ანარეკლს გულის არევამდე უყურონ, საკუთარ თავში ვერ აღმოაჩენენ აუცილებელ შინაგან ძალას რაიმე ცვლილებისათვის; კვლავ გააგრძელებენ ცხოვრებას ლანდების სამყაროში, რომელიც სისხლით საზრდოობს. საკუთარი თავისა და წარსულის მკაცრი გამოცდის დრო ჯერ არ დამდგარა, ჯერ ისევ სურთ ურთიერთობის განახლება რუსულ აზროვნებასთან, მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან, მაგრამ რუსულმა აზროვნებამაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანობამაც ჩვენ უფსკრულში გადაგვჩეხა. კვლავ აგრძელებენ პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნას: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. მაგრამ თავად გლეხობის ნაწილმა მოსპო ნამდვილი გლეხები. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები – ჯოჯოხეთში.

დღეს თბილისში მეტისმეტად აღგზნებული ადამიანები ჩანან მანიფესტაციებზე, დამოუკიდებლობის საკითხზე გაღიზიანებით რომ ლაპარაკობენ. ზოგი მიელტვის სიმბოლოებს, ლოზუნგებს და არ ფიქრობს, რომ ყველაფრის მოპოვებას სწავლა სჭირდება. ჩვენში არსებობს საფრთხე, რომ ეროვნულმა მოძრაობებმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძების ერთ-ერთმა ფორმამ, ჩვენი ხალხი ჩაძიროს განუვითარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მორევში და ხელახლა დაუბრუნოს მას მიწისა და სისხლის მძაფრი ვნებები, რომლებიც წარმოქმნიან ყველაზე ულმობელ მხეცს ადამიანურ მხეცთაგან. ქართველი ახალგაზრდობა, ყოველ შემთხვევაში, ერთი ნაწილი მაინც, ორ ცეცხლს შუაა – ერთი მხრივ, ისინი სწავლისაკენ ისწრაფვიან, რეფლექსიისთვის დროს ელიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ვეღარ იტანენ მოზრდილებს, უარს ამბობენ მათ საღ აზრზე; ახალგაზრდობას ეს აზრები არ მიაჩნია არც ვაჟკაცურად, არც ჰეროიკულად – ისინი ხომ რაინდობის იდეალებით არიან შეპყრობილნი და ჰგონიათ, რომ ისტორიას მხოლოდ ლეგენდები ქმნიან. ასეთ დროს არავის ძალუძს მათი დახმარება, არც რაიმეს გაკეთება მათ მაგივრად. ამგვარი დახმარების ილუზიიდან გამოსვლა კი აუცილებელია, რადგან მას ტოტალიტარული შედეგები მოჰყვება. რა არის ტოტალიტარიზმი თუ არა პატერნალიზმი?!

დახმარება ჩვენი არსების ნაწილია

ჩვენ გვეხმარებიან, დახმარება ჩვენი არსებობის ნაწილია. ჩვენ ხომ არასოდეს გვიგემია „განმანათლებლობა“, რეალური ძალა საკუთარი აზროვნებით აზროვნებისა, როცა ფლობ შინაგან უნარს, თავად გაერკვე და გაუძღვე საკუთარ თავს ჩირაღდანის, ან იმ ხელების გარეშე, რომლებსაც დავეყრდნობოდით.

XVI საუკუნიდან მოყოლებული, ფრანგებს შესწევთ გახსნილი ცხოვრების უნარი, ისინი გამბედავი, მოქმედი და ძლიერი ადამიანები არიან. გერმანელებს კი ამ ტიპის ცხოვრება ძალზე გვიან დაუდგათ. ყველა დაგვიანებული მოვლენა საშიშია. დიდი ხნის განმავლობაში გერმანელებმა იცხოვრეს ინტენსიური ცხოვრების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებელი გრძნობით. სწორედ ამიტომ წარმოიშვა ფაშიზმი, რომელიც გერმანელებს ჰპირდებოდა დიად, სისხლსავსე ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოში და, საზოგადოდ, რუსეთშიც, იგივე დრამა გათამაშდა, განსაკუთრებით – ახალგაზრდობისათვის. ამ უკანასკნელთ როგორც კი უჩნდებათ კითხვა, თუ სად ცხოვრობენ, რას აკეთებენ, ამჩნევენ, რომ მათ ირგვლივ ფეხზე მდგომი გვამების უღრანია, სული ეხუთებათ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც, თითქოს, ცოცხლობენ, მაგრამ მკვდრები არიან – სიცრუით, ფანტომებით, ჩაგვრა-შევიწროებით, უაზრობითა და უვიცობით.

ჩემთვის თავისუფლება არის შემდეგი: ადამიანმა უნდა მოიპოვოს თავისი შინაგანი თავისუფლება საკუთარ თავთან და ადამიანთა საზოგადოებასთან ბრძოლაში. ამას მე ვხედავ დეკარტთან და პრუსტთან, რომლებიც უფრო მეტს მასწავლიან, ვიდრე მონობის მწარე თუ ნაღვლიანი მხილებაა. აი, ამიტომ არის ფილოსოფიის სწავლება ჩემთვის ის იშვიათი შესაძლებლობა, რომ მივაღწიო იმას, რასაც ამბობს მონტენი: „ყველაზე უმაღლესი – ეს არის იცხოვრო დროის შესაბამისად“. ადამიანები არსებობას ფიზიკური დაწოლით აღიქვამენ, რეაგირებენ სწორედ იმ ბიძგებზე, თავად არსებობის რისკით რომ არის გამოწვეული. როდესაც შენ რაიმეს წერ, შეგიძლია დაუბრუნდე ამ სამუშაოს, მოსაფიქრებელი დრო მისცე საკუთარ თავს, დროის კვალდაკვალ იმუშაო. მაგრამ ლაპარაკის დროს ეს გამორიცხულია; შენ ამ დროს მოქმედებ, არ შეგიძლია, ხელახლა დაიბრუნო, რამე შეცვალო ამ მომენტში; შენ უნდა ძალ-ღონე მოიკრიბო და ეს მოცემული წამი დაიჭირო. სწორედ ამიტომ, პეგი წერდა დე არტზე: ის იყო რაინდი, რომელიც ქვეყნად მტკიცე ნაბიჯით დადიოდა.

საჭიროამიაღწიოთ სწავლებას სწავლების გარეშეუშუალოდ

ლექციის დროს ფიზიკურად არ შემიძლია ტექსტის წაკითხვა, ენა მებმის, ვიბნევი, თავს ვგრძნობ სრულ იდიოტად. თქვენ იცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პლატონმა მიატოვა ტირანი, რომელიც ჩემულობდა მის მოწაფეობას და ავრცელებდა მის მოძღვრებას. პლატონს – ისევე როგორც დეკარტს ან კანტს – ამ ჭეშმარიტ მებრძოლ მოაზროვნეს, ახასიათებდა საოცარი ვაჟკაცობა, სხვათა წინაშე ემხილებინა საკუთარი თავი, დაენებებინა თავისი პირადი არსებობა სხვისი განსჯისათვის ისე, რომ თავი არ დაეცვა.

პლატონი ეუბნება ტირანს: არავინ შეიძლება იყოს ჩემი მოწაფე, რადგან მე არასდროს არაფერი დამიწერია, არც ვინმესთვის მისწავლებია რაიმე.

აი, უდავო ამოცანა! პლატონმა ხომ ბევრი რამ დაწერა, მაგრამ დახეთ, – არავის შეუძლია იქონიოს პრეტენზია, რომ იგი მისი მოწაფეა, მაშინაც კი, თუ პლატონი მას ასწავლის. საჭიროა, ვასწავლოთ სწავლების გარეშე, შიშვლად, უბრალოდ და უშუალოდ.

დეკარტი და რასტინიაკი

მეტყველებისეულ ცდაში უნდა გავბედოთ არავერბალური არსებობა, უშუალოდ და უბრალოდ – სიტყვის გარეშე. თუ ფლობთ მხოლოდ ლოგიკურ კონსტრუქციებს გარკვეული ნაპერწკლის გარეშე, შესაძლებელია ნებისმიერი რამის მტკიცება. მაგრამ რა გამბედაობაა საჭირო, გჯეროდეთ ამ პატარა, ცთომილი ნაპერწკლისა, – რაც, თითქოს, არც არაფერია – რათა ისაუბროთ რაიმე ნიღბის გარეშე, ისე, რომ ბრძენთა აზრები მოწიწებით არ წარმოაჩინოთ და გაიმეოროთ. ყოველთვის შეიძლება დარბაისლური, შთამბეჭდავი ხმით ცოდნის სხაპა-სხუპით, გზნებით დეკლამირება, როგორც ამას კარგი მოწაფე აკეთებს; შეიძლება სხვისი აზრების, მოძღვრებისა და ტრადიციის პატივისცემის გამოხატვა. მაგრამ განა ფილოსოფია მხოლოდ კარგი მოწაფეების შექმნას ემსახურება? ის, რაც მე მიზიდავს ფრანგული აზრის ისტორიაში, ეს გახლავთ მოაზროვნეთა დიდი რაოდენობა, რომელთაც გაბედეს საკუთარი ნაჭუჭის გამომსხვრევა და გამოსვლა და შეიცნეს სიცოცხლის საფრთხე. მათ გაბედეს, ესწავლათ უმალ სამყაროს წიგნიდან, ვიდრე ელაპარაკათ იმ წიგნების მიხედვით, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. იცით, როდესაც მე ვკითხულობ ლექციებს რუსეთში ან საქართველოში დეკარტის მედიტაციების შესახებ, ყოველთვის ვიმოწმებ რასტინიაკს, რომელმაც, როცა დაინახა ბორცვიდან პარიზი, წამოიძახა: „ან მე, ან – შენ, პარიზო!“ აქ მნიშვნელოვანია არა პირადი ამბიცია, არამედ „მე“-ს გაბედული, არავერბალური სიცხადე.

მე მონაწილეობა მივიღე საქართველოს სახალხო ფრონტის შექმნაში, ვარ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, თუმცა, არ ვმონაწილეობ მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ფილოსოფია გამორიცხავს პოლიტიკურ ხმაურს, მას ესაჭიროება მარტოობა და სიჩუმე – აი, რა აუცილებლობა მკარნახობს ჩემი ვალდებულებისა თუ სამსახურის საზღვრებს. საჭიროა, რომ ფილოსოფია თავის თავთან კონფრონტაციაში იყოს მარადიულად განახლებადი. პასკალი ამბობდა, რომ სიყვარულს ასაკი არა აქვს და არსებობს მუდმივად წარმოშობის მდგომარეობაში. ფილოსოფიას შესწევს უნარი, გამოთქვას ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც ეწინააღმდეგება ყოფით მეტყველებას. მეტყველება სასრულია, მაგრამ, რადგან კაცობრიობის თვითქმნადობაში არის ისეთი განზომილება, რასაც მე ვუწოდებ უსასრულობას და უხილავს, ეს უნდა იქნეს განმარტებული. როგორ გადმოვცეთ სასრული სიტყვებით უსასრულობა? სწორედ ეს არის ფილოსოფიის უნარი: გამოიყენოს სიტყვები იმგვარად, რომ წარმოაჩინოს გარდუვალი სასრულობები. თუ თქვენ გესმით, რომ სიყვარულს არა აქვს ასაკი, თქვენ ფილოსოფოსობთ და ეხებით სულის სიჯანსაღეს – ეს აქტი აუცილებელია; სხვაგვარად – კისერს მოიტეხთ, გადაგვარდებით, დაიბნევით, შეიცნობთ ფარულ სიკვდილს და, მაშასადამე, არ შეგეძლებათ ერთად ცხოვრება, ე.ი. საზოგადოება არ იარსებებს. უფრო ნათლად და უფრო შორს ხედვას აღწევენ მას შემდეგ, რაც სიტყვების წიაღში, სიტყვების შუაგულში გადალახავენ იმ წერტილს, რომლის იქითაც ხდება სიტყვის პოვნა, გამოგონება. ფილოსოფია გაქვავებულსა და უძრავს გარდაქმნის დინებად, მოძრაობად, რათა იგი დაუბრუნოს თავისივე გაუხევებელ მდგომარეობას. კავკასიონზე სიკვდილმისჯილი პრომეთე არის ფილოსოფიის სიმბოლო, პირველი ფილოსოფოსი; იგი ცნობიერების მგზნებარე მდგომარეობაა, რომელიც შეუძლებელია, დაიჭიროთ ან ჩაიდოთ ჯიბეში, ელვარებაა, რომელიც ხელებს გიდაღავს; იგი აგიზგიზებული ყოფიერებაა!

არაფერი დიდი არ იბადება არქივებიდან

ფილოსოფოსად ჩემი ჩამოყალიბების დროს რუსული აზროვნება უკვე აღარ არსებობდა და მრავალი ჩემი თანამედროვის მსგავსად მეც აღმოვჩნდი წარსულის უწყვეტი გაგრძელების, თუნდაც ფარულის, მიღმა. 1917 წელს რუსეთმა განიცადა დიდი ანთროპოლოგიური კატარსტროფა. დაიმსხვრა შინაგანი მიმართება წარსული დროის მოაზროვნეებთან. ორმა დიდმა პოეტმა, მანდელშტამმა და პასტერნაკმა – ეს ისეთი სახით გამოხატეს, რომ დამეხმარნენ, მეცხოვრა ამ უბედურებაში. განგებამ დამიცვა იმ დროს, როდესაც სიცოცხლე საშიში იყო, იმდენად საშიში, რომ სიფრთხილეს აზრი არ ჰქონდა. საუკეთესო გზა იყო, ყოფილიყავი უგუნური, რათა ნორმალურად დარჩენილიყავი, გეცინა, გყვარებოდა, რაღაც გაგეგო. იმისათვის რომ გეარსება, საჭირო იყო განდობოდი, გული გაგეხსნა სხვებისათვის, თუნდაც ისინი დამსმენები ყოფილიყვნენ.

მანდელშტამი და პასტერნაკი ამბობდნენ, რომ, თუ რაღაც დიდი უნდა დაიბადოს, მას აღმოაჩენენ არა არქივებში, არამედ იმ ადამიანებში, ჩვენს ირგვლივ რომ არიან. მანდელშტამი წერდა: „სწორედ წითელი არმიის ამ ჯარისკაცებიდან, რომელთაც მე მივყავარ, ამ უბირი, გულქვა და მონურად მორჩილი ჯარისკაცებიდან, რომლებიც მე მიკრძალავენ პუშკინის კითხვას, შეიძლება იშვას რაღაც დიდი რამ. ყოველ შემთხვევაში, უმალ მათგან, ვიდრე პუშკინისაგან, რადგან ძაფები, რომლებიც დიდ პოეტს გვაკავშირებდა, ამიერიდან გაწყვეტილია“.

დღეს ვხედავთ, თუ რაოდენ მართალი იყო იგი: ცენზურა მოხსნეს და ბევრს ჰგონია, რომ გადაილახა 1917 წლის კატასტროფა, რომ შეიძლება განახლდეს კავშირი, მაგალითად, ბერდიაევთან; ეს ყველაფერი უპრობლემოდ მოხდეს და თავს საერთოდ არ დაუსვან კითხვა – რატომ დასრულდა ყველაფერი ასე ცუდად. დღეს, ენისა და მეტყველების სოვიეტიზაციის შემდეგ, ჩვენ გვესაჭიროება, ხელახლა ვიპოვოთ თიოეული სიტყვის მნიშვნელობა. კვლავ მანდელშტამს მოვიხმობ – იგი განმარტავს ჩაადაევის ერთ-ერთ ფრაზას, რომელშიც ნათქვამია: რუსეთი ისტორიის მიღმაა, მაგრამ არსებობს ენა, დიდი რუსული ენა. ის, თითქოს, წინასწარ გრძნობდა საფრთხეს. მანდელშტამი დასძენს: „თუ ამას დაივიწყებენ, თუ ენის ისტორიულობა შეილახება, ნიჰილიზმის უფსკრულში ჩაიძირებიან“.

ამრიგად, დღეს ძალზე ძნელია გადმოსცე ყველა ტექსტი, რის გაცნობასაც ჩვენ გვიკრძალავდა ცენზურა. ეს იყო კატასტროფის შედეგი. ეს არ არის ცოდნისა თუ ნიჭის საკითხი, არამედ ეს სივრცის კანონია – სამყაროები შორდებიან ერთმანეთს, საგნები იცვლებიან და ძაფი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა ამ თხზულებებთან, საბოლოოდ გაწყვეტილია. ამჟამად ამ ტექსტებს არაფრის თქმა არ ძალუძთ ჩვენთვის.

არ მოკვდე სიკვდილამდე

როდესაც დასავლეთში ჩამოვდივარ, ვამჩნევ, რომ ყველაფერი, რაც მე მაწუხებს, ეს არის ის, რაც აწუხებს სიცოცხლეს. ისეც ხდება, რომ კვდებიან სიკვდილამდე. ვინც საკუთარ სულს უფრთხილდება, მას მაინც დაკარგავს და ვინც მას გაიღებს, შემდეგ მოიპოვებს. ჩვენში ისეთი მდგომარეობაა, გეგონებათ, ცოცხალი ადამიანები ქმნიდნენ შენობის წყობას. მსგავსი მიდის მსგავსთან და სიცოცხლე – სიცოცხლესთან. მაგალითად, ვინმე სახაროვისათვის არსებითი არის აზრის ამბოხი ისეთი საზოგადოების წინააღმდეგ, სადაც ადგილი არ არის აზროვნებისათვის; სადაც აზროვნებისა და პატიოსნების, ღირსების სანაცვლოდ, ცხოვრების წესად უგუნურება დადგენილა. ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება მეცნიერები, რომლებიც ფუტკრებივით თავიანთი პატარა საქმით იქნებიან დაკავებული და მეცნიერს სჭირდება დიდი სიმამაცე, რათა გახდეს მოაზროვნე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი