დიმიტრი უზნაძე – ჯანმრთელობის გაუმჯებესება და განწყობა

0
294

ჩვენთვის აქ საჭირო არაა სხვა პათოლოგიურ შემთხვევათა განხილვა. უეჭველია, რომ განწყობა მართლა არსებითი მნიშვნელობის ფაქტს წარმოადგენს. ამის უდაო საბუთს შიზოფრენიის, ეპილეფსიისა და ისტერიის შემთხვევებში განწყობის მოქმედების სპეციფიკური გადახრის ფაქტები იძლევიან.

მაგრამ ამავე პათოლოგიურ შემთხვევებში განწყობის თავისებურების კვლევის დროს ჩვენ წავაწყდით მეორე ფაქტსაც, რომელიც კიდევ უფრო დემონსტრაციულად ამტკიცებს ჩვენი დებულების სისწორეს. თუ პიროვნების ქცევის თავისებურება მისი განწყობის მოქმედების შესატყვის თავისებურებას გულისხმობს, მაშინ უდაოა, რომ ყველგან, სადაც პათოლოგიური პიროვნება გაჯანსაღების გზას დაადგება, სადაც მისი ქცევა ნორმალურთან დაახლოებას დაიწყებს, იქ სათანადო ცვლილება განწყობის მოქმედების სფეროშიც უნდა მოხდეს: იქ განწყობის მოქმედების ტიპი ნორმალურს უნდა დაუახლოვდეს. პათოლოგიური განწყობის ექსპერიმენტალური შესწავლის პროცესში სწორედ ამ ფაქტმა იჩინა თავი:ყველგან, სადაც ავადმყოფი გაუმჯობესების გზას ადგებოდა, განსა კუთრებით იქ, სადაც მართლა გაჯანსაღების შესახებ შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ ხშირად იქაც, სადაც იგი დროებით მაინც კარგად გრძნობდა თავს, მისი განწყობის ტიპი თვალსაჩინოდ იცვლებოდა და გარკვევით იმას უახლოვდებოდა, რაც ამ სუბიექტისთვის, როგორც გარკვეული ხასიათის პატრონისთვის, ჯანმრთელობის დროს იყო ან უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი.

არსებობს მთელი რიგი ცდები, რომელთა შედეგებიც უდაოდ ხდის ამ დებულებას. საგულისხმოა, რომ ეს არა მარტო ერთი რომელიმე ავადმყოფობის შესახებ ითქმის, მაგალითად, არა მარტო ისტერიის, ან ეპილეფსიის შესახებ, არამედ შიზოფრენიის შესახებაც. ექ. ი. ბჟალავას ცდების მასალებიდან, რომელიც მან ქაფურით წარმატებით მკურნალობის შემდეგ ჩაატარა შიზოფრენიკებზე, ნათლად ჩანს, რომ განკურნების შემდეგ შიზოფრენიკიც განწყობის ნორმალურ ტიპს უბრუნდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი