ნონა ხიდეშელი – ადამიანები და ურთიერთობები

0
1509

ბედნიერებისკენ სწრაფვა და შესაბამისად უბედურების აცილება კაცობრიობის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ადამიანი გამოსავალს ეძებს ყველგან _წიგნებში, ხელოვნებაში, მეცნიერებში, რელიგიაში და არასოდეს საკუთარ თავში, საკუთარ აზროვნებაში და რაც მთავარია ადამიანებთან ურთიერთობებში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სიამოვნების მიღების საშუალებები, ხშირად გადის სხვისი უსიამოვნების ზღვარზე, ანუ ერთი ადამიანის ე.წ ბედნიერება, მიზეზი ხდება მრავალი ადამიანის უბედურებისა.

ცხადია თვით “ბედნიერება”, ძალიან პირობითია  და გონიერი ადამიანი ალბათ არასოდეს ისურვებდა ასეთი საშუალებებით მის მოპოვებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც სამყაროს კანონზომიერება შეიძლება ვუწოდოთ.  კაცობრიობის გრძელი და არცთუ სასახელო ისტორიის მანძილზე, ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ ზოგადად ერის ცხოვრებაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჩვენი დღევანდელი დღე სხვა არაფერია, თუ არა შედეგი ჩვენი გუშინდელი ყოფისა და შესაბამისად ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიცაა დღევანდელი ფიქრები და ქმედებები. ეს იგივეა რასაც აღმოსავლეთში კარმას უწოდებენ. როგორც დიდი ინდოელი მოაზროვნე და რეფორმატორი სვამი ვივეკანანდა განმარტავს, კარმა თავისთავში გულისხმობს როგორც ქმედებას, ასევე მის შედეგებს. ხოლო მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ეს, ურიგო არ იქნებოდა საფუძვლიანად გადაევლო თვალი კაცობრიობის ისტორიისთვის და რაც მთავარია კარგად დაკვირვებოდა საკუთარ ცხოვრებას.

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენი გონება დამძიმებული და  განპირობებულია უამრავი ფაქტორით, იქნება ეს ნაციონალიზმი, რასიზმი, რელიგია, საზოგადოებრივი შეხედულებები, სხვადასხვა იდეები, იდეალები თუ იდეოლოგიები. ის სირთულე და ქაოსი, რაც ამჟამად ჩვენს გონებაშია, მიზეზია ჩვენი მოუწესრიგებელი და ჩამოუყალიბებელი ურთიერთობების. სამყარო არ არის ჩვენგან განსხვავებული, ის ისეთია, როგორიც ჩვენ ის შევქმენით. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული თვით-შემეცნებისკენ, საკუთარი თავის შეცნობისა და გააზრებისკენ. ადამიანის ცნობიერებაში შინაგანი ტრანსფორმაცია თუ მოხდება, მაშინ გარესამყარო ავტომატურად შეიცვლება.

არქაული ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანმა პირველად დაიწყო სამყაროს გაცნობიერება და გააზრება, მისეული ხედვა მთლიანად აისახა მითებსა და სიმბოლიკებში. როგორც ფრანგი ეთნოლოგი და ანთროპოლოგი კლოდ გუსტავ-სტროსი განმარტავდა, არქაულ ეპოქაში, მითი სამყაროს გაგების, მისი გააზრების და ახსნის, მოვლენათა არსში ჩაწვდომის ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც მთლიანად მოიცავდა ადამიანის მთელ ცნობიერებას.

მაშასადამე, ადამიანი სამყაროს მუდამ აღიქვამდა საკუთარი ცნობიერებიდან და ხედვიდან გამომდინარე და ამიტომაც მისი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, ისევე როგორც სამყაროს შემოქმედისადმი, მუდამ ცვალებადი იყო. რელიგიური შეხედულებები, სხვადასხვა იდეები და იდეალები ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა ადამიანის აზროვნების ფორმირებასა და შესაბამისად მის განვითარებაზე.

ადამიანმა, თავისი ლიმიტირებული გონების საზღვრებში, შეუძლებელია მოახერხოს იმის დანახვა, რაც მისი ცნობიერების მიღმაა, ანუ _უცნობია. როგორც იუნგი ამბობდა, ადამიანს სჭირდება ნათლად გაიგოს, რომ იგი მტკიცედაა ჩაკეტილი თავისი გონების კედლებში და არ შეუძლია გავიდეს მისი საზღვრების მიღმა, თვით შეშლილობის მდგომარეობაშიც კი, და რომ სამყაროს და მისი ღმერთების ხატება, ბევრადაა დამოკიდებული მის საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

აუცილებელია გონების ყოველგვარი შეზღუდულობის საზღვრების დანგრევა და მის მიღმა გასვლა, რათა ადამიანმა იმის განჭვრეტა შეძლოს, რასაც ჭეშმარიტებას უწოდებს. დიდი ინდოელი მოაზროვნე  ჯ. კრიშნამურტი წერდა,  “რწმენა უარყოფს და აბრკოლებს ჭეშმარიტებას, გწამდეს ღმერთი, არ ნიშნავს იპოვო ღმერთი. ვერც მორწმუნე და ვერც არამორწმუნე ვერ იპოვის ღმერთს, რადგანაც ჭეშმარიტება უცნობია, ხოლო შენი რწმენა ან არ-რწმენა უცნობის, უბრალოდ თვითდაპროექტებულია და შესაბამისად არარეალური.”

მილიონობით ადამიანს სწამს ღმერთი, მაგრამ ეს სულაც არ უშლით ხელს იყვნენ მოძალადენი, უსამართლონი, სასტიკნი და ანგარებიანი. ადამიანს ყველა ეპოქაში სწამდა თავისი შემოქმედის, მაგრამ რატომღაც ამას არასოდეს შეუშლია ხელი უსასტიკესი ომებისა და ხოცვა–ჟლეტისათვის. იმისათვის, რომ ადამიანმა მოახერხოს ამ შეზღუდული ცნობიერების საზღვრების დანგრევა, აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა ცნობიერისა და არაცნობიერის ყველა დონეზე, სანამ არ იქნება სრული გაგება და გააზრება ჩვენი სულის სიღრმეებში არსებული მდგომარეობის, იქ მუდამ იმეფებს წყვდიადი, რაც უმთავრესი მიზეზია ჩვენი მარადიული ტანჯვისა და ტკივილის.

ადამიანის  გონება განპირობებულია არა მარტო მისი, როგორც  კონკრეტული ინდივიდის პირადი გამოცდილებითა და მეხსიერებით, არამედ მსოფლიო ისტორიული მეხსიერებითაც. ეს იგივეა რასაც კარლ გუსტავ იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს. იგი წერდა “კოლექტიურ არაცნობიერში  არაფერია მისტიკური _ ის მხოლოდ მეცნიერების ახალი დარგია. მართალია ადამიანი ისე იბადება, რომ არ გააჩნია ცნობიერება, მაგრამ მისი გონება არ არის სუფთა დაფა, მას საკუთარი ისტორია აქვს, გონება მილიონობით წლების მანძილზე ვითარდებოდა, ამიტომ იგი აღადგენს იმ ისტორიას, რომლის შედეგსაც თვითონ წარმოადგენს.”

ამ შეხედულებას მთლიანად იზიარებდა კლოდ ლევი-სტროსიც, იგი მიიჩნევდა, რომ ცნობიერებაში არსებობს ღრმად დამალული არაცნობიერი სტრუქტურები, რომელთა მოქმედება ადამიანისთვის მთლიანად არის დაფარული. იგი მკვეთრად მიჯნავდა არაცნობიერ და ქვეცნობიერ აზროვნებას. ქვეცნობიერს უწოდებდა ინდივიდის პირადი გამოცდილების, მოგონებების თუ ხატების საცავს, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. ხოლო არაცნობიერს მიიჩნევდა, პირველ რიგში სიმბოლური ფუნქციის მატარებლად, რაც ყველა ადამიანისთვის საერთოა.   სწორედ ეს არის მსოფლიო ისტორიული მეხსიერება, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელი კაცობრიობისთვის საერთო და საყოველთაოა.

მაშასადამე, თუ ადამიანის ფსიქიკა, როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, ცნობიერისა და არაცნობიერის ერთობლიობაა, და როგორც პიროვნულ, ისე მსოფლიო ისტორიულ მეხსიერებასაც ინახავს, მაშინ ალბათ გასაგებია, რაოდენ რთული და ბუნდოვანი იქნება იქ მიმდინარე პროცესები ჩვეულებრივი, შეზღუდული ცნობიერების ადამიანისთვის, რომელიც ეყრდნობა მარტო თავის ე.წ. ინტელექტუალურ ცოდნას და მთლიანად მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ‘მე”-ს (კ.გ. იუნგმა “მე” განსაზღვრა, როგორც ცნობიერების ცენტრი) ინტერესებიდან გამომდინარე.

დაკვირვებული და ღრმად მოაზროვნე ადამიანი, აუცილებლად შეამჩნევს, რომ გარესამყაროში  მიმდინარე მოვლენები, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს გონებაში არსებული მდგომარეობის გარეგნული გამოხატულება. ამიტომაც ყველაზე უმთავრესი და შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ადამიანისთვის არის საკუთარი თავის, საკუთარი ცნობიერისა თუ არაცნობიერის შესწავლა, გარკვევა და გააზრება. ჩვენი ზედაპირული და სრულიად არასერიოზული დამოკიდებულება საკუთარი  ცხოვრებისადმი, მიზეზია ჩვენი უიმედო და დრამატული ყოფის. იშვიათია ადამიანი, რომელიც აკვირდება და იკვლევს საკუთარ ფიქრებს, აზრებს, გრძნობებს, ქმედებებს, დამოკიდებულებებს და ზოგადად ურთიერთობებს, როგორც ადამიანებთან, ისე ნივთებთან, ბუნებასთან, საკუთრებასთან, ფულთან, რელიგიასთან, იდეალებთან, სტერეოტიპებთან და ა.შ. იმისათვის რომ გავიგოთ და გავიაზროთ  ჩვენი ბედნიერი თუ უბედური ყოფის მიზეზები, აუცილებელია საფუძვლიანი დაკვირვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე, თუნდაც ყველაზე წვრილმანზე, რასაც, როგორც წესი, არასოდეს ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ  რასაც წვრილმანსა და უმნიშვნელო დეტალს ვეძახით, შესაძლოა ძალზედ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტი იყოს, და ზუსტად ასახავდეს ჩვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას.  სვამი ვივეკანანდა წერდა: ”თუ გსურთ რეალურად ჩასწვდეთ ადამიანის ხასიათს, ყურადღება მიაქციეთ არა მის დიად საქმეებს, რამეთუ ყოველი ბრიყვი შესაძლოა შემთხვევამ გმირად აქციოს, არამედ დააკვირდით მის ყველაზე ჩვეულებრივ ქმედებებს, რადგანაც სწორედ მათში ვლინდება ნამდვილი სიდიადე ადამიანისა.”

ადამიანი, რომელიც ასეა შეჩვეული მექანიკურ აზროვნებას და ასე ვთქვათ, მთლიანად ცხოვრების ფერხულშია ჩაბმული, თავისი ეგოისტური და ამბიციური მისწრაფებებით, უაღრესად რთულია შინაგანში ჩაღრმავდეს და სიღრმისეული დაკვირვება დაიწყოს თავისი თავზე, რადგანაც ეს უპირველეს ყოვლისა მოითხოვს მშვიდ და ფხიზელ გონებას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი განსჯისა და განკითხვისგან, იდენტიფიკაციისა და თვითშეფასებისგან. იმისათვის რომ ობიექტური რეალობა დაინახო, აუცილებელია ყოველგვარი წინასწარი განწყობისა და მოლოდინისგან გათავისუფლდე, ილუზია და წარმოსახვა, რაც ასე აქტიურია ჩვენს გონებაში, მუდამ დაბრკოლებას გვიქმნის, დავინახოთ და მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომაა რომ მუდამ ერთ წრეზე ვტრიალებთ, და შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს ვერასოდეს ვაღწევთ.

ჩვენ არათუ ვიკვლევთ ჩვენს მენტალურ სფეროს, ფიქრებს, განცდებსა თუ შთაბეჭდილებებს,  არათუ ვაკვირდებით ჩვენს ქმედებებს, არამედ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გასართობი და თავშესაქცევი ვნახოთ, რათა მარტო არ აღმოვჩნდეთ საკუთარ არასრულფასოვნებასთან, და წლების მანძილზე შექმნილი და შეკოწიწებული იმიჯი, საპნის ბუშტივით არ გასკდეს და გაუჩინარდეს.

თუმცა, მოსწონს ადამიანს ეს თუ არა, ადრე თუ გვიან მოუწევს საკუთარ თავთან პირისპირ დგომა და სინამდვილის დანახვა, თუ რა თქმა უნდა სურს, რომ ოდესმე მაინც დააღწიოს თავი ამ შეშლილ და უაზრო ყოფას, ვითომ ცხოვრება რომ ჰქვია და ოდნავი სიმშვიდე მაინც მოიპოვოს. გარეთ მიმართული მზერა, თუნდაც განპირობებული იყოს ღვთისადმი დიდი სასოებით, რეალურ, ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ მოიტანს, თუ ადამიანმა თავად არ გაიცნო, გაიგო, გამოიკვლია და გააცნობიერა საკუთარი არასრულფასოვნება, არ დაინახა თავისი რეალური სახე, ყოველგვარი წინასწარ შექმნილი  შეხედულებებისა და იმიჯის გარეშე.

რეალობის დანახვა ეს ძალიან რთული  და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის ჯანსაღი და სრულფასოვანი განვითარებისთვის. ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა  ილუზიურ სამყაროს თავი დააღწიო და ერთხელ და სამუდამოდ სწორი მიმართულება მივცეთ ჩვენს გონებას. ის უამრავი იმედგაცრუება, ტკივილი და ტანჯვა,  ასე რომ აღავსებს ჩვენს ცხოვრებას, სწორედ ამ არასწორი, ილუზიური ხედვის ბრალია, რომელიც მთლიანად განპირობებულია ჩვენი სურვილებითა და წარმოსახვებით და არა სინამდვილითა და შესაბამისად ჩვენი რეალური შესაძლებლობებით. ჩვენ, საკუთარ თავს ვხედავთ არა ისეთს როგორებიც ვართ რეალურად, არამედ როგორიც გვსურს რომ ვიყოთ და სწორედ ეს შეუსაბამობა წარმოშობს ჯერ შინაგან და შემდგომ უკვე სოციალურ კონფლიქტებს. მთავარი ის კი არ არის, რა გინდა, როგორი გსურს რომ იყო, რა მოგწონს ან არ მოგწონს, რა იდენტიფიკაცია და თვითშეფასება გაქვს, რაც მხოლოდ ამბიციის ნაყოფია, არამედ ის, თუ როგორი ხარ სინამდვილეში და როგორია შენი რეალური შესაძლებლობები.

საკუთარი თავის საფუძვლიანი გაგება და გაცნობიერება, თავისთავად მოიტანს უდიდეს გარდაქმნას ადამიანში, არა იძულებითა და დისციპლინით, არამედ მშვიდი და ნებაყოფლობითი დაკვირვებითა და გააზრებით. ყოველი გაცნობიერებული ფაქტი ადამიანის გონებაში, უდიდესი პროგრესია, რაც აუცილებლად მოიტანს როგორც შინაგან, ისე გარეგან სიმშვიდეს. მთავარია არ შეგვეშინდეს საკუთარი არასრულფასოვნების დანახვა და არ გავექცეთ მას, არამედ პირისპირ შევხედოთ  და კარგად გავიაზროთ იგი. შეუძლებელია ადამიანს მოსწონდეს ასეთი კონფლიქტებითა და დაპირისპირებით აღსავსე ცხოვრება, შეუძლებელია დიდხანს შეძლოს ამის ატანა, ისე, რომ თავად არ დასნეულდეს სულიერად ან ფიზიკურად.

ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ მექანიკურ არსებობას, რომ არც კი გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი თავისა და ზოგადად ადამიანების წინაშე. ჩვენ, ჩვენი აზროვნებითა და ქმედებით, თვითონ ვქმნით საკუთარ ცხოვრებას, გნებავთ ბედს და ზოგადად მომავალს, თვითონ ვირჩევთ მიმართულებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, სიკეთესა და  ბოროტებას შორის. თავისუფალი ნება, რაც ნაბოძები აქვს ადამიანს, გამოიხატება ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებში. მაშინაც კი, როცა გვგონია რომ არაფერს ვირჩევთ, მაინს არჩევანს ვაკეთებთ სიკეთის ან ბოროტების სასარგებლოდ, და შემდგომ ამ ქმედებათა ჯამი განსაზღვრავს მთელს ჩვენს მომავალს. ერიხ ფრომი თავის ნაშრომში “იყავი ადამიანური” აღნიშნავდა: ერთ-ერთი სიმპტომი ჩვენი კოლექტიური პათოლოგიისა, არის მუდმივი სწრაფვა ვშთანთქოთ  ყოველგვარი `ნაგავი~. ჩვენ ხარბად ვისრუტავთ ყველაფერს – ლიქიორს, სიგარეტს, კინოს, ტელევიზიას, ლექციებს, წიგნებს, გამოფენებს, სექსს, ყველაფერი მოხმარების საგნად ვაქციეთ. ამ ყველაფრის უკან დიდი შინაგანი სიცარიელეა, უუნარობა ადამიანისა – იყოს ავტონომიური, ნამდვილად პროდუქტული მოქალაქე და უნიკალურად თვითმყოფადი.

ის ქაოსი რაც ასე აღავსებს ჩვენს ყოფიერებას, სწორედაც რომ ჩვენი ბრალია, თითოეული ჩვენგანის, რადგანაც საერთოდ არ ვიცნობთ საკუთარ სულიერ სამყაროს. ეს ისეთი პრობლემაა რომელსაც ვერც რელიგია გადაჭრის, ვერც ფილოსოფოსები და ვერც პოლიტიკოსები. ეს არის პრობლემა, რომელიც თავად ადამიანმა უნდა მოაგვაროს. ადამიანია  მთავარი ფიგურა ამ სამყაროში, რომელიც  თვითონ  უნდა აცნობიერებდეს საკუთარ არსებობასა და ადგილს, რათა რეალურად იკისროს პასუხისმგებლობა თავისი ცხოვრებაზე.

რელიგიის არსი, სწორედაც სულიერი ადამიანის რეგენერაცია-აღდგენაში მდგომარეობს. ვინაიდან ჩვენ არც ღმერთის ნება ვიცით რა არის და ვერც მაინცდამაინც შინაგან ხმას დავეყრდნობით, სჯობს ჩვენს ცხოვრებას სრული სერიოზულობით მივუდგეთ, ვიყოთ ცნობიერი და გარკვეული ჩვენს შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენების, გავიგოთ და გავარკვიოთ რეალურად როგორი დამოკიდებულებები გვაქვს ერთმანეთთან, რამდენად ვახერხებთ კონფლიქტებისა და გაუთავებელი დაპირისპირებების მოგვარებას, რამდენად ვთმობთ პირად ამბიციებსა და ინტერესებს, რით არის განპირობებული ჩვენი ე.წ. ეროვნული და რელიგიური იდენტობები, რა უდევს საფუძვლად ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებს ასე რომ ვალამაზებთ სხვადასხვა კეთილშობილური  იდეალებით. გქონდეს ინტერესი – წერდა ფრომი – ნიშნავს იყო აქტიური, მოქმედი, მაგრამ არა თანამედროვე გაგებით, როცა ადამიანი მუდამ რაღაცას აკეთებს გარეგნულად, არამედ მოქმედი იმ მნიშვნელობით, როგორიც იყო არისტოტელე ან სპინოზა. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ძალუძს ერთი ან ორი საათი იჯდეს ყოველგვარი გარეგნული მოქმედების გარეშე, ალ-ბათ გაცილებით ბევრს საქმიანობს, ვიდრე ის, ვინც მუდამ რაღაცას აკეთებს. ყველაზე რთული სწორედ ასეთი აქტივობაა, რეალური, შინაგანი აქტივობა. ეს ნიშნავს შეგეძლოს საკუთარი ეგოს დაძლევა, მისი შეზღუდულობის დანგრევა, მთელი თავისი ამბიციით, სიამაყითა და საკუთრებით (მესაკუთრეობით).

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი