თამაზ ბუთხუზი: უწესრიგობიდან – წესრიგისკენ

0
882

რა მართავს სამყაროს? ბუნების რა ფუნდამენტურ კანონს ემორჩილება ის, რასაც ჩვენ სისატიკედ ან მშვენიერებად აღვიქვამთ? არსებობს თუ არა ბუნებაში უზენაესი კანონი, რომელიც ყველაფერს, და მათ შორის, ჩვენს სურვილს, ნებისყოფას, სიკეთეს მართავს?
და ჩვენთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი:

ვრცელდება თუ არა ეს უზენაესი კანონი სახელმწიფოს, საზოგადოების ჩამოყალიბება-მართვაზე? 

და თუ ეს ასეა, რა კანონია ეს? შეძლებს თუ არა ადამიანის გონება ჩასწვდეს მას და რაციონალურად გამოიყენოს?

უხსოვარი დროიდან, ყველა მოაზროვნე, აქტიური ადამიანი ბუნების ამ უდიდეს კანონზომიერებაში გარკვევას ცდილობდა. 

ძველი ეგვიპტის, ანტიკური პერიოდის, შუასაუკუნეებისა თუ თანამედროვეობის აქტიური გონების ადამიანები, დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ, რათა ამ უსაზღვრო ჭეშმარიტებაში გარკვეულიყვნენ. 

ერთნი, საზოგადოებას მექანიკურ სისტემად, მექანიზმად, მანქანის მოდელად მიიჩნევდნენ და სახელმწიფოს მართვას მექანიკის კანონებით ცდილობდნენ; მეორენი კი, სახელმწიფოს ბიოლოგიურ სისტემად წარმოიდგენდნენ და მის მართვას გულის, ფილტვების, კუჭისა და თირკმელების მუშაობის პრინციპზე დაყრდნობით ცდილობდნენ. იყო ატომისტური თეორიების გამოყენების მცდელობაც.

კიდევ მრავალი განსხვავებული მოდელი არსებობდა და ყველა მათგანს, ერთიდაიგივე პრინციპი ედო საფუძვლად. მათ სწამდათ, რომ საზოგადოების განვითარების მოდელი ბუნების კანონებიდან უნდა გამომდინარეობდეს; ამას ამტკიცებდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიცა და ჩინელებიც. და თუ ვინმე, ამას უარყოფს, შედეგად იმას იღებს, რასაც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ჰქვია. 

კიდევ ერთხელ ლაო ძი:
ადამიანის მიერ დადგენილი წესები არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს, აუცილებელია ჩავწვდეთ ბუნების კანონებს, რათა გავიგოთ როგორ ცვლის აწმყოს მომავალი.” 

ამას გვირჩევდა სპინოზაც:
“სანამ ბუნების ნაწილი ხარ, დაემორჩილე მის კანონებს!”
და თუ, ამ რჩევებს არ გავითვალისწინებთ, არ ავმაღლდებით, ამ კანონზომიერებაში გასარკვევად განათლება არ გვეყოფა, დავიღუპებით, რადგან:
“ყველაფერი ამაზრზენი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, გაუნათლებლობის ბრალია!” (კონფუცი).
ყველა საზოგადოებრივი კანონი, თუ ის ბუნების უდიადესი კანონიდან არ გამომდინარეობს, არაბუნებრივი, ანუ ხელოვნურია და შესაბამისად, განწირულიც.

რა გვტანჯავს ჩვენ?
უწესრიგობა!

ჩვენი ყველა სხვა ტრაგედია _ სულიერი თუ მატერიალური სიღატაკე, უსუსურობა, ბოროტება უწესრიგობისგან წარმოებული, მეორადი რეფლექსია. 
წესრიგის დამკვიდრება _ ყველა იმ პრობლემის გადაჭრის საწინდარია, რაც ჩვენს მრავალ-ტანჯულ მიწაზე, სიკეთისა და ბედნიერების ზეობას ხელს უშლის.
ამიტომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა: 
უზნეობიდან _ ზნეობისკენ!
უწესრიგობიდან _ წესრიგისკენ! 

შევეცადოთ და გავიაზროთ, როგორ ახერხებს ბუნება უწესრიგობიდან წესრიგზე გადასვლას?

გარე სამყაროსა და ადამიანთა საზოგადოებას ერთი რამ აქვთ საერთო _ ორივე იმ ელემენტების, ანუ ნაწილაკებისგან შედგება, რასაც პირველ შემთხვევაში ატომს, მეორეში კი, ადამიანს უწოდებენ; ერთსაც და მეორესაც მრავალფეროვნება ახასიათებს, როგორც ადამიანები, ასევე ატომებიც, აღგზნებულ და დეპრესიულ, დაქვეითებულ, “საღათას ძილის” მდგომარეობაში მყოფებად იყოფიან; მათ შორისაც არიან დონორები _ გამღებნი და აქცეპტორები _ მიმღებნი, მიმტაცებელნი; არიან გულგრილნიც, რომელთაც არაფერი აინტერესებთ და არაკონტაქტურობით გამოირჩევიან (ჰელიუმი, არგონი); არიან მოუხეშავი, მძიმეცა და მსუბუქიც, ისეთი ცნობისმოყვარე ატომებიც, რომელნიც ყველგან და ყველაფერში ძვრებიან, ეჩხირებიან იქ, სადაც მათ არავინ ეპატიჟებათ. ქაოსური, უწესრიგო მოძრაობა, ყველა ჩამოთვლილი მდგომარეობის ატომებისთვის საერთოა, ანუ ისინიც, ჩვენსავით თავქარიანები არიან. 

როგორ ახერხებს ბუნება ამგვარი უწესრიგობისგან ისეთი წესრიგი შექმნას, რასაც კრისტალი, მონოლითი ჰქვია, ანუ იმ წესრიგისა და სიმეტრიის შექმნას, რომელიც ბრწყინვალე მშვენიერებაში გადადის? 

შესაძლებელია კი, ამ კანონებით საზოგადოებაში წესრიგის დამყარება?
დავუკვირდეთ თოვლის ფიფქს, და აუცილებლად ჩაგვაფიქრებს მისი განუმეორებელი სილამაზე, რაც მის სიმეტრიულობასა და მოწესრიგებულ ფორმაში გამოიხატება; ნუთუ შევძლებთ იმის გააზრებას, თუ რატომაა ამ პატარა, ბრწყინვალე, თეთრი ვარსკვლავის ყველა ქიმი აბსოლუტურად ერთნაირი? საიდან იცის ფიფქის ერთმა ქიმმა, როგორ იზრდება მეორე? მართლაც, როგორ ახერხებს ბუნება ერთიდაიმავე ატომებისგან უდიადესი სიმტკიცის, გამჭვირვალე _ ალმასისა და ფხვიერი, მტვრადქცევადი გრაფიტის შექმნას? უბრალოდ ვთქვათ, რომ ალმასი მტკიცეა, ეს არაფრის თქმას ნიშნავს. 

წარმოიდგინეთ, უმტკიცესი ფოლადისგან შექმნილი გრდემლი და ფოლად-საჭედი ურო, აიღეთ, წყლის წვეთივით მბრწყინავი, ალმასის კრისტალი, დადეთ გრდემლზე და ურო მძლავრად დაარტყით, შედეგი საოცარია, თქვენ უმტკიცეს ფოლადში შეჭრილ ალმასს იხილავთ. მიკროსკოპით დაათვალიერეთ, თქვენ მხოლოდ ფოლადის ნამსხვრევებს აღმოაჩენთ და თუ ძალა და მოხერხება გეყოფათ, ამოგლიჯეთ, უფრო სწორად, ამოანგრიეთ ფოლადიდან მბრწყინავი კრისტალი და ისიც მიკროსკოპით დაათვალიერეთ, მასში ჩამონატეხსა და ბზარს კი არა, ნაკაწრსაც ვერ აღმოაჩენთ, ის ისეთივე ბრწყინვალე დამთრგუნველი მშვენიერება იქნება, როგორიც ამ ბარბაროსული ცდის ჩატარებამდე იყო. ე.ი. ბუნება ნაწილაკებისგან, ატომებისაგან ისეთი მტკიცე მონოლითის შექმნის საიდუმლოს ფლობს, რომელსაც ჩვენი ფანტაზიაც კი ვერ შესწვდება. 

გავერკვეთ ამ უდიადეს კანონებში, რათა ყველა დროის მოაზროვნე ქართველის ოცნება აღვასრულოთ და ისეთი მტკიცე მონოლითი შევქმნათ, რომელიც ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხს დადებითად გადაწყვეტს, რათა გრაფიტივით რბილნი არ ვიყოთ და პირველსავე ვიგინდარას წინაშე, მტვრად არ ვიქცეთ. 

მართლაც, როგორ ქმნის ბუნება ქაოსიდან წესრიგს? 

დედამიწის ქერქში ყველა სახის ატომები, ნაწილაკები ერთმანეთშია არეული. ვულკანური პროცესები, ქარი, წყალი, ამ ნაწილაკებს დაუნდობლად და შეუსვენებლად ურევს ერთმანეთში; სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვატრიალებს ცხოვრების მორევი. მიუხედავად ამისა, რაღაც საოცრებით, ამ უსასრულო, ქაოტურ მასაში, ქლორის ატომი, რატომღაც, მაინცდამაინც ნატრიუმს პოულობს, უერთდება და ქმნის კრისტალს, რომელსაც სუფრის მარილს ვუწოდებთ. 

რა მოსაზრებით ეძებს, ალმასის შექმნისას, ნახშირბადის, სხვა ატომებისგან არაფრით გამორჩეული, ატომი, მეორე თავის მსგავსს? ან უფრო უცნაური, იგივე ატომებიდან რა ძალა წარმოქმნის გრაფიტს? 

რატომ იერთებს ერთი ნაწილაკების ატომთა ჯგუფი მაინცდამაინც გარკვეული სახის ნაწილაკებს, ატომებს და გააფთრებით ეწინააღმდეგება, თავიდან იშორებს, ყველა სხვას? 

დავუკვირდეთ, რატომ ვირჩევთ ერთს მეგობრად და გავურბივართ მეორეს?

რატომ ვქმნით საზოგადოებას, ჯგუფს, ბანდას, რომელშიც ერთს სიხარულით ვიღებთ, ხოლო მეორეს დაუნდობლად ვიცილებთ თავიდან? 

არის თუ არა რაღაც მსგავსება ამ პროცესებში? ერთიდაიგივე კანონი ხომ არ მართავს ამ პროცესებს? 

დიახ, მართავს და შევეცდებით ამაში დაგარწმუნოთ. 

კაცობრიობას, ამ უდიადესი კანონის აღმოსაჩენად, დიდი ძალისხმევა დასჭირდა. სამყაროს მამოძრავებელ ძალას, უმცირესი ქმედების პრინციპის საფუძველზე შექმნილ, ამ უნივერსალურ კანონს, თავისუფალი ენერგიის მინიმუმის კანონი უწოდეს. აქ ცოტა დაკვირვება გვჭირდება, რათა ამ კანონის რაციონალური მშვენიერება შევიცნოთ. 
ეს კანონი მარტივად შეიძლება შემდეგნაირად გავიაზროთ.

ბუნებაში წესრიგი მხოლოდ იმიტომ იქმნება, რომ ერთი ნაწილაკი ისეთ მეორე ნაწილაკს ეძებს, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს, რადგან ის დაწყნარებისკენ, ანუ ენერგიის მინიმუმისკენ მიისწრაფის. ის მესამე ატომსაც ამ მოსაზრებით იერთებს, შემდეგ კი, დანარჩენებს და საინტერესო ეფექტი იწყება; წარმოიქმნება მცირე რაოდენობის ატომებისგან შექმნილი ჩანასახი, ის თავიდან არამდგრადია და ნებისმიერი გარე ზემოქმედება მას შლის. მაგრამ, თუ ასეთი ჩანასახი, საწყის მომენტში, მისდამი მტრულად განწყობილ ძალებს გადაურჩა, ანუ იმ ზომას მიაღწია, რასაც მეცნიერები კრიტიკულს უწოდებენ, მაშინ ის უკვე მდგრადი სისტემაა, ის სიცოცხლეს იწყებს და მისი დაშლა უკვე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთი ჩანასახის შემდგომი ზრდა ენერგიას აღარ საჭიროებს და პერმანენტული ზრდის პროცესი მიმდინარეობს. 

აქ მთავარი ის არის, რომ თავდაპირველი ჩანასახის წარმოქმნაში სიცოცხლის წყურვილით ზომიერად აღგზნებული ატომები იღებენ მონაწილეობას. წყნარი, გულგრილი, დაუნურ მდგომარეობაში მყოფი ატომები კი, შორიდან, მთქნარებით უმზერენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, იქვეა ზომაზე მეტად აღგზნებული, შიზოფრენული აქტიურობით შეპყრობილი ატომებიც, რომლებიც ამ ჩანასახის დანგრევას ცდილობენ, სწორედ ისინი ქმნიან გარემოს, რომელსაც არასასურველი გარე ზემოქმედება ვუწოდეთ. ამ გავლენის შედეგად სიცოცხლისმოყვარე ატომიც აღიგზნება, რადგან მას ქაოსი არ მოსწონს. ის ცდილობს უწესრიგობასა და უაზრობაში ისეთი ადგილი მოძებნოს, სადაც მას არეულობა ნაკლებად შეაწუხებს და თუ იპოვის, იქ მყარად თავსდება და წყნარდება. 

ამრიგად, კრისტალიზაციას, როგორც ყველა სხვა პროცესს, თავისუფალი ენერგიის მინიმუმის პრინციპი განაპირობებს; შედეგად სისტემა მაღალი თავისუფალენერგეტიკული მდგომარეობიდან დაბალენერგეტიკულ მდგომარეობაში გადადის. გარდა ამისა, ჩანასახური მექანიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს (ესაა ტემპერატურა, წნევა და სისტემის იზოლაცია); ნებისმიერი ფლუქტუაციაც კი, ანუ სისტემის უმცირესი შეშფოთება, კრისტალიზაციის პროცესს საერთოდ წყვეტს.

ამგვარად, შექმნილ ატომთა ჯგუფი, კრისტალის ჩანასახი, ახალ ატომს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ აქტის შემდეგ ჩანასახის აღგზნება, შეშფოთება, ანუ უაზროდ ენერგიის ხარჯვა შემცირდება. 

და მართლაც, საკუთარი ცხოვრების ასაფორიაქებლად, რომელი ჭკვათამყოფელი პიროვნება დაიჭერს საქმეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელ, ან საღათას ძილში მყოფ ადამიანთან?! 

რა იცის ალმასის კრისტალმა, რომ ნახშირბადის კიდევ ერთი ატომის განსაზღვრულ ადგილას მიერთებით მთლიანის, ანუ კრისტალის შეშფოთება შემცირდება. მართლაც, ის ერთი ატომის მოგლეჯვასაც კი, არ დაუშვებს, თუ ამით, უფრო აფორიაქებულ მდგომარეობაში გადავა. 

სწორედ ამიტომაა ალმასი მტკიცე, რომ ის ნაწილის ჩამოტეხვას კი არა, ერთი ატომის წართმევასაც კი, უკიდურესად ეწინააღმდეგება. 

შეეცადეთ იქ, სადაც სიყვარულია, ანუ მაქსიმალური სულიერი ჰარმონია, ერთი მეორეს დააცილოთ, ანუ ჯულიეტა რომეოს ააგლიჯოთ და რაც მოხდება, შექსპირზე კარგად ვერვინ აგიხსნით. 

როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა ატომი როგორც დაქვეითებულ, ისე აღგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. მოდით, ჯერ დაუნს, ანუ დაქვეითებულ ატომს, ყურადღებას ნუ მივაქცევთ და ნორმალურ, სიცოცხლისმოყვარე ატომს დავუკვირდეთ. ისიც ჩვენსავით აღგზნებულია და იმ მდგომარეობისკენ მიისწრაფის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს.

მაშ როგორ ახერხებს ბუნება ამ თავქარიანი ნაწილაკებისგან ალმასის შექმნას? ან საზოგადოება როგორ ახერხებს ისეთი მონოლითური სისტემა ჩამოაყალიბოს, რომელსაც პოლიციაც კი, აღარ სჭირდება? (ნორვეგია)

_ რატომ ხარ ასეთი მტკიცე? _ ჰკითხა ნახშირმა ალმასს.

_ რატომ ხარ ასეთი რბილი? _ კითხვითვე უპასუხა ალმასმა. (ფრიდრიხ ნიცშე)

მართლაც, რატომ ვართ ასეთი რბილები, ამორფულები? 

სახელმწიფო სტრუქტურის ამორფულობის გამომწვევ მიზეზებს, მოგვიანებით განვიხილავთ; ახლა კი, ალმასისა და გრაფიტის სიმტკიცის არაერთგვარობის შესახებ; 

როგორც აღვნიშნეთ, ორივე _ გრაფიტიცა და ალმასიც, ნახშირბადის ატომებისგან იქმნება.
იმისდა მიხედვით, თუ ბუნებისთვის ნახშირბადის განლაგება რა მანძილებზეა ხელსაყრელი, სხვადასხვა სტრუქტურა ყალიბდება, ე.ი. ნაწილაკთა ურთიერთობის ხასიათს ნაწილაკებს შორის მანძილი განსაზღვრავს. კრისტალო-ფიზიკის თეორიის მიხედვით, ბუნებაში ამგვარი წესრიგის 7 სინგონიაა (კრისტალთა დაყოფა კონფიგურაციათა მიხედვით) ცნობილი. ასე ყალიბდება სტრუქტურა, რასაც ჩვენ მატრიცად მოვიხსენიებთ. იცვლება მატრიცა და გრაფიტის ნაცვლად ალმასს ვიღებთ. 

ამრიგად, საკმარისია მიზანდასახულად შევცვალოთ მატრიცა და სტრუქტურის სიმტკიცის გაზრდაც გარდუვალია. 

უზენაეს ფუნდამენტურ კანონებს ემორჩილება მიკრო და მაკრო კოსმოსი, სულიერი და უსულო; 

რაგინდ საოცარიც უნდა იყოს, სახელმწიფოთა წარმოქმნის ისტორიაც ასევე 7 კომბინაციას, თეორიას განიხილავს; ესაა თეოლოგიური, პატრიარქალური, პატრიმონული, ძალადობრივი, ხელშეკრულებითი, ორგანული, ფსიქოლოგიური. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბუნების უზენაეს კანონთა უნივერსალობა, ანუ ფუნდამენტური კანონების სოციოლოგიაში გამოყენების მცდელობის რაციონალიზმი, ამ დამთხვევის გარეშეც ნათელია. 

ჩვენი აზრით, კრისტალიზაციის თეორიის გამოყენება, სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესების მოდელირებისთვის, ეფექტური და მოსახერხებელია. 

როგორც აღვნიშნეთ, ჩანასახის წარმოქმნა ფაქიზი მექანიზმია და განსაზღვრულ პირობებშია შესაძლებელი. ამრიგად, ჩანასახის ანალოგიურად, საზოგადოებრივი მონოლითის შექმნაც მკაცრად განსაზღვრულ პირობებს მოითხოვს. 

მართლაც, დაუკვირდით, პირველი მძლავრი სოციალური, სახელმწიფოებრივი ჩანასახების წარმოქმნა სწორედ იქ მოხდა, სადაც მრავალმხრივ კომფორტული პირობები იყო. ჩანასახის განვითარებას იზოლირებული, წყნარი გარემოს არსებობა სჭირდება. 
ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო (ეგვიპტე) ჩრდილო-აფრიკაში წარმოიშვა, რომელიც ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვით, აღმოსავლეთიდან წითელი ზღვით, სამხრეთიდან ლიბიის უდაბნოთი იყო იზოლირებული; ანუ სოციალური ჩანასახის წარმოქმნას ხელს ვერ უშლიდა დაბალ-განვითარებული აგრესიული ტომები. ასევე იზოლირებული იყო, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე, ადრიატიკისა და ეგეოსის ხმელთაშუა ზღვით შემოსაზღვრული, ანტიკური საბერძნეთიც. 

რომი _ აპენინის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთიდან ალპები, სხვა მხრიდან ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვები. 

ამრიგად, ცივილიზაცია იქმნება იქ, სადაც სოციალური ჩანასახის წარმოქმნას მეტ-ნაკლებად აგრესიული გარემო ხელს არ უშლის, ანუ იმ პირობას აკმაყოფილებს, რასაც ზუსტ მეცნიერებაში ჩაკეტილ, იზოლირებულ სისტემას ვუწოდებთ.

ასევე არსებობს ადამიანთა მკაცრად განსაზღვრული, კრიტიკული რაოდენობა, რაც ჩანასახის წარმოსაქმნელადაა საჭირო. 

ალბათ, რომულის გარშემო შემოკრებილი 500-მდე თანამოაზრეც კრიტიკულ რაოდენობას შეესაბამებოდა. ამ მონოლითზე შექმნილმა სახელმწიფომ, ბიზანტიის ჩათვლით, რეკორდული დროით იარსება. 

სწორედ ასეთივე რაოდენობის თანამოაზრენი შეიკრიბნენ ჩინგიზ-ხანის გვერდით, რომელთაც “გრძელი ნებისყოფის ადამიანები” ეწოდათ. იგივე რაოდენობა შეიკრიბა კარლ დიდის გარშემო _ ბარონები. 

რა პიროვნული თვისებებიც გააჩნდა რომულის და მის 500-მდე მეგობარს, ანუ როგორიც იყო ჩანასახი, ისეთი იყო რომის იმპერია. 

როგორიც იყვნენ ჩინგის-ხანი და მისი “გრძელი ნებისყოფის” თანამებრძოლნი, ისეთი მონოლითი შექმნეს. 

კრისტალის ჩანასახური თეორიის თანახმად, გარკვეულ სიბრტყეზე, ბაზაზე მონოლითის შექმნისას წარმოქმნილ ჩანასახთა რიცხვი შეზღუდული არ არის. პროცესის

მიმდინარეობისას ჩანასახთა ნაწილი იშლება და შესაძლოა ეს ნამსხვრევის ნაწილები სხვა უფრო მძლავრ ჩანასახს მიუერთდეს. ეს პროცესები სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას პარტიული თუ საზოგადოებრივი ჩანასახების არაბუნებრივ სიმრავლეს მოგვაგონებს; ამ შემთხვევაშიც, როგორც კრისტალიზაციისას, პარტიულ ჩანასახთა რაოდენობა, დაშლითა და სხვა პარტიებთან მიერთებით, მცირდება. ასევე შესაძლებელია რამდენიმე მძლავრი ბლოკის წარმოქმნაც. 

ძველი საბერძნეთის მაგალითზე (ათენი და სპარტა) ნათლად ჩანს თუ ჩანასახური თეორია როგორ ეთანადება სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. 

აღსანიშნავია, რომ მონოლითი ფარდობითი ცნებაა. აბსოლუტურ მონოლითს ვერც ბუნებაში და შეაბამისად, ვერც სოციალურ სიტემაში აღმოაჩენთ. რეალურ სამყაროში ბლოკებისგან (მცირე ზომის კრისტალებისგან) შექმნილ კრისტალურ სისტემასთან გვაქვს საქმე (მას პოლიკრისტალს უწოდებენ). და თუ ბლოკის სიდიდე შთამბეჭდავია, მაშინ ის შეიძლება მონოკრისტალად ჩაითვალოს. 

კრისტალიზაციისა და სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესებს შორის კიდევ მრავალი ანალოგიის მოძებნაა შესაძლებელი, ჩვენ კი, ერთ საინტერესო მოვლენაზე შევჩერდებით. 
წონასწორულ პირობებში კრისტალის შექმნის დაჩქარება შესაძლებელია, მაგრამ, ბუნებას ვერ მოატყუებ და თქვენს სულსწრაფობაზე ბუნება მაშინვე დეფექტთა რიცხვის გაზრდით გიპასუხებთ და ჩანასახის დეფექტებზე, ანუ დისლოკაციებზე, ზრდას მიიღებთ; შესაბამისად, მონოლითის ხარისხი მკვეთრად ეცემა და მისი მედეგობა მცირდება.

_ ბუნებას ვერ მოატყუებ _ ეს ბუნების ფუნდამენტური გააზრებიდან გამომდინარე დაუწერელი კანონია.

ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფორსირებული მეთოდით, ერთი შეხედვით, მტკიცე სოციალური მონოლითის შექმნა (ალექსანდრე მაკედონელისა და იოსებ სტალინის იმპერიები), მაგრამ, როგორც ვთქვით, ბუნებას ვერ მოატყუებთ; და შედეგის არსი ყოველთვის უცვლელია. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნგრევა მისი გარდაცვლისთანავე, გაციებისთანავე დაიწყო. რაც შეეხება იოსებ სტალინს, ეტყობა ისეთ დიდ ენერგიას ფლობდა, რომ მის “გაციებას” ათეული წლები დასჭირდა. 
შესაბამისად, ჩანასახური პროცესით მონოლითის წარმოქმნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ საზოგადოების მამოძრავებელი ძალა შუალედურ ენერგეტიკულ არეალშია, ანუ საზოგადოების წევრთა უმეტესი ნაწილი არც საღათას ძილსა და არც აღგზნების მაქსიმალურ მდგომარეობაში არ იმყოფება.

გავიხსენოთ, არაბეთის ნახევარკუნძულის ტრამალებში ნახირის მწყემსობით დაკავებული, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ეთნოსი. მათი ერთი ნაწილი პალესტინაში მკვიდრდება, ნაწილი კი, ეგვიპტეში. სწორედ აქ ახერხებს, ერის სიყვარულით ამაღლებული იოსები, ეგვიპტის მმართველობის უმკაცრეს იერარქიაში მაღალი თანამდებობის დაკავებას. ამ მდგომარეობას ის, არა საკუთარ სურვილთა ასრულებას, არამედ თანამემამულეთა დაცვა-პატრონობას ახმარს; თუმცა მან მიწასა და ცას შორის დესპანის როლის შესრულება ბოლომდე ვერ შეძლო, ვერ შეიცნო ის ზეციური “მესამე”, რაც მის ერს დაიცავდა. იცვლება ფარაონი და ამასთან ერთად, იცვლება ებრაელთა მიმართ ფარაონთა დამოკიდებულებაც. იწყება მონობა, გაუსაძლისი ტანჯვა, ბავშვების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა და ამ სისხლიან ორგიაში, ღვთის მადლით, გადარჩენილი მოსე; ის, ვინც მოგვიანებით, კაცობრიობას ზეციდან უმაღლეს ჭეშმარიტებას _ ერთ ღმერთსა და ათ მცნებას, ანუ მატრიცათა-მატრიცას ჩამოუტანს. იწყება იმ სულიერი მონოლითის შექმნა, რომელიც ვერც სისხლმა და ვერც გაზის კამერებმა ვერ შეარყია. საოცარია, რაც ღრმად ესმოდათ ამ მონოლითის არსი, მით მეტი იყო სიძულვილი მათ მიმართ. 

_ რატომ ხარ სულით ძლიერი?
_ რატომ აქციე საკუთარი ერის ისტორია რელიგიად? 

ყველა დროსა და სივრცეში, სწორედ ეს იყო ზნედაცემული, გაუნათლებელი ბრბოს სიძულვილის მიზეზი ებრაელი ხალხის მიმართ.

შესაძლოა ისტორიული ფაქტების ჩანასახური, მატრიცული თეორიით ახსნა თამამ ნაბიჯად მოგეჩვენოთ, რადგან ისტორია ეს ისეთი დარგია, რომლის ღრმად გაუცნობიერებელი გამოყენება სახიფათოა; მით უმეტეს თუ საქმე ეხება, ოდესღაც ცოცხალი, კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ცხოვრებისა და ქმედების რეკონსტრუქციის მცდელობას, გეთანხმებით, მისი გამოყენება სადისკუსიოა. 

ადამიანის ბუნება მრავალფეროვანია და ქმედების მოტივების, გრძნობების, აზრების რეკონსტრუქცია (თანაც რეკონსტრუქცია მხოლოდ სიტყვიერი, აზრობრივი ფორმით) ძალიან საეჭვოა; და ამ მიმართულებით მსგავსება რეალობასა და ისტორიას შორის იგივეა, რაც ხეოფსის პირამიდასა და ქაღალდის პირამიდას შორის; 

ჩვენი აზრით, ისტორია, იმდენადაა მეცნიერება, რამდენადაც უპირატესად აწმყოსა და მომავლის ორიენტირის ძიებისკენაა მიმართული და არა წარსულისკენ. ამიტომ ვთვლით მას ერთ-ერთ მძლავრ ფუნდამენტურ მეცნიერებად; და რადგან, ის ფუნდამენტური მეცნიერებაა, ემოციებს ვერ ეთვისება; შესაბამისად, აღფრთოვანებული ისტორიკოსი (ასევე ფიზიკოსი, ან ბიოლოგი) ან უსარგებლოა, ან საშიში. ამიტომ მარტივი როდია ბოლომდე რეალურად გავიაზროთ რა მოტივი, რა აზრი, რა მიზანი ამოქმედებდა რომულის, კარლ დიდს, ჩინგზ-ხანს. 

ჩვენი აზრით, ჩვენი თეორიის გასამყარებლად, უახლესი ისტორიული მაგალითების მოყვანა, უფრო დამაჯერებელი იქნება; თუნდაც იმიტომ, რომ მკვლევარის შორსმხედველობის აბერაციას მაინც გამოვრიცხავთ. 

ანტიკური და შუასაუკუნეების სახელმწიფოთა წარმოქმნის ისტორია სერიოზული გააზრებისთვის ნაკლებინფორმაციულია და შესაბამისად, ლოგიკის ნაცვლად ემოციების გაძლიერებას იწვევს. აქედან გამომდინარე, განვიხილოთ შედარებით ახლო პერიოდში, ცივილიზებული ევროპის თვალწინ ჩამოყალიბებული, სუპერსახელმწიფოს წარმოქმნის ისტორია. აქ ფაქტებში ეჭვის შეტანის ნაკლები საფუძველი გვაქვს. 
ამერიკის შეერთებული შტატები.

ერთი შეხედვით, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე სუპერსახელმწიფოს წარმოქმნა-განვითარების შესახებ გავრცელებული აზრი ჩანასახობრივ თეორიას ეწინააღმდეგება. 
მართლაც, როგორ უნდა აიხსნას ავანტიურისტ და კრიმინალ ევროპელ ემიგრანტთა გაუნათლებელი ბრბოსგან შექმნილ სოციალურ ჩანასახზე ასეთი მოწესრიგებული სახელმწიფოს შექმნა? 

ამ საკითხით ოდნავ დაინტერესებულ მოაზროვნე ადამიანს მაინც ბუნებრივი ეჭვი უჩნდება: ნუთუ თაღლითებმა და გზებზე ჩასაფრებულმა დილიჟანსის მძარცველებმა მოახერხეს ამ მდგრადი სახელმწიფოს ჩანასახის შექმნა? 

როგორ მოიპოვა და გადაამუშავა რეკორდული რაოდენობის მადანი და საწვავი, ბანკების ძარცვით დაკავებულმა დაჯგუფებამ?

ვინ დააგო უმაღლესი ხარისხის თვალუწვდენელი გზატკეცილები?
ვინ და როგორ აწარმოვა რკინა-ბეტონის, ასტრონომიული მასშტაბების შესაბამისი მასა, რაც ამ ქვეყნის აშენებას დასჭირდა?

ვინ შექმნა ეფექტური ქმედითუნარიანი კონსტიტუცია?

და ბოლოს, რატომ მაინცდამაინც იქ გახდა შესაძლებელი ადამიანის ცაში აფრენა ან მთვარეზე ფეხის დადგმა?

მითი, რომ ჩრდილო-ამერიკაში სოციალური ჩანასახი ცივილიზებული ევროპისთვის უსარგებლო ადამიანებმა შექმნეს, და შესაბამისად, დღეს თუ არა ხვალ, ამ გათახსირებულ ხალხს, “სახელმწიფო” თავზე დაენგრევა, მე-16 საუკუნის ინგლისში გაჩნდა. ამ მითის გავრცელებას საფუძვლად პოლიტიკური მოსაზრებები დაედო. თავის მხრივ, სხვა ქვეყნებში არსებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, ეს მითი, თავის სასარგებლოდ, უკვე განსხვავებული მოსაზრებებით, განავითარეს: ასეთი მძლავრი ქვეყანა ბანდიტებმა შექმნეს, ახლა თქვენი ძარცვა გვაცალეთ და ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, ამისთანავე სახელმწიფოს შეგიქმნით და გაგაბედნიერებთ.

ჩვენ კი, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, უბრალოდ ვაცხადებთ _ ეს მითი ძალიან შორსაა რეალობისგან! ჩვენ, უბრალოდ რომ ვთქვათ, გვატყუებენ.

არა, ამ სუპერსახელმწიფოს ჩანასახი დეგრადირებულ სუბიექტებს არ შეუქმნიათ!
ამ მითის წარმოშობის ისტორიული სათავე 1585 წელია; არამზადების ჯგუფი, ბრიტანეთის სამეფოს ადმირალის ჩინით შემკული მეკობრის _ სერ უოლტერ რალეის მეთაურობით, ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროს მიადგა, შემდგომში მათ ახალმოსახლენი ეწოდათ. ეს იყო პირველი კოლონია, რომელიც მათ დღევანდელი ვირჯინიის ტერიტორიაზე დააარსეს; ეს მათ ნახეს პირველად თვალუწვდენელი, ნაყოფიერი, ყამირი მიწა და უკიდეგანო ტყეები. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი