დავით ქაცარავა:,,ამ ყველაფერმა დაგროვება 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო”

0
128

message:დავით, როგორ აღმოჩნდი ოკუპაციის ხაზთან, რა მოხდა ისეთი, რამაც ასე შეცვალა შენი ცხოვრება?

ბუნებრივია, ეს უცებ არ მომხდარა. ამ ყველაფერმა დაგროვება 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო. მაშინ 12 წლის ვიყავი და დღემდე ნათლად მახსოვს ის დილა. ჩემი ოჯახი, სანათესაო, აქტიური მხარადმჭერები იყვენენ ეროვნული მოძრაობის. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, 1-ლ აპრილს ლესელიძეშიც კი წამიყვანეს მშობლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიტინგზე. შესაბამისად, აბსოლუტურად ჩართული ვიყავი ამ პროცესებში და სწორედ ამ მომენტიდან იწყება დაგროვება ჩემში ამ ტკივილის და განცდების, რომელმაც საბოლოო ჯამში, 2017 წლის 4 ივლისთან მომიყვანა, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, შემექმნა სამოქალაქო მოძრაობა.

message:რა იყო ის, რამაც კომფორტის ზონა შეგირყია და გამოხვედი?

ბოლო წვეთი, რომელმაც ჩემი მოთმინება გადაავსო და მაიძულა დამეტოვებინა კომფორტის ზონა, ეს იყო ფეისბუქ-ნიუსი, რომელიც 4-თუ 5 ივლისს გავრცელდა: გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში კიდევ ერთი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ქართული მიწების მიტაცება. სწორედ ეს აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რამაც ჩემში აფეთქება გამოიწვია და მივიღე გამოწვევა, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

მანამდე ხშირად კეთდებოდა მსგავსი ტიპის მოწოდებები, მაგ.: „დავდგეთ ხაზზე და არ გავატაროთ“ და სხვა, რომელიც მხოლოდ მოწოდებად რჩებოდა. სწორედ 4-5 ივლისით თარიღდება ჩემი სტატუსი და გადაწყვეტილება, რომელზეც, ალბათ, 1 საათიც არ მიფიქრია. თუმცა მახსოვს, როდესაც სტატუსს ვწერდი, 89 წლიდან მოყოლებული ყველა საკრალურმა წელმა კადრებად გაიარა ჩემს გონებაში. მახსოვს უსუსურობის განცდის შეგრძნება, რომელიც ყოველთვის მეუფლებოდა, როდესაც ვხედავდი, რომ ვერ ვეწინააღმდგებოდით რუსებს, როდესაც ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამ ყველაფერმა ჩემს თვალწინ ჩაიარა და ვთქვი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, უნდა გამოვიდე ვირტუალური სივრციდან.

კი, ფესიბუქი, როგორც სოციალური ქსელი, არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მაგრამ მასში დარჩენა დამაზიანებელია. მას მხოლოდ ორთქლის გამოშვების ეფექტი აქვს, 2-3-დღიანი დუღილი, შემდეგ გამოჩენილ თემამდე. სავარაუდოდ, ალბათ, სწორედ ამისთვისაც არის შექმნილი. თუმცა, მადლობა ღმერთს მივხდი, რომ აქედან უნდა გამოვსულიყავი.

ჩემი ფეისბუქ-სტატუსი საზოგადოებამ თავიდან ჩემი ემოციის გამოვლინებად აღიქვა. ეგონათ, რომ დავარდებოდა ტემპერატურა და გავაგრძელებდი კომფორტის ზონაში ცხოვრებას, როგორც ეს ხდებოდა მანამდე, მაგრამ ასე არ მოხდა. დაახლოებით სამი კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ გუნდი შემეკრიბა. ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ, სტატუსს იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდი. მიკავშირდებდნენ სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ დაეწყოთ პატრულირება ჩემთან ერთად. შეიძლება იმ მომენტში ბევრს არ გვჯეროდა ამ იდეის სიცოცხლისუნარიანობის, მაგრამ ის განწყობა იყო, რომ მოდი, რაღაცა ვცადოთ, გავაკეთოთ, იქნებ გამოვდეს.

8 ივლისს საინტერესოდ გაიშალა მოვლენები. სოფელ ბერშუეთში ახალგაზრდები ჩავიდნენ და კარვები გაშალეს, ორი დღე უნდა დარჩენილიყვნენ. მეც ჩავედი, ღამით მომიწია ჩასვლა და შევხვდი ამ სტუდენტებს, ამ ადამიანებს და კარგა ხანს ვაცნობდი ჩემს გემას, ხედვას – რას ვაპირებდი, პოლიცია ძალიან ბევრი იყო.

message:მახსოვს, მაშინ პროვოკატორად შეგრაცხეს…

ამას აკეთებენ ახლაც და ამას მოწმობს რუსეთუმეებისგან ის ტროლები, ვისთვისაც ძალიან მიუღებელია, რასაც ვაკეთებთ. პერიოდულად ხან პროვაკოტორობას „მტენიან“ და ხანაც კრემლის აგენტობას, რომ თითქოს რუსების მიერ ვართ მართულები და დაფინანსებულები. არადა, ჩემს ცხოვრებას, რაღაც არ ემჩნევა არანაირი დაფინასების კვალი. ჩემი მანქანები ლომბარდში მაქვს ჩაბარებული.

ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც იქ იყო იმ დღეს (ახლა უკვე  ვმეგობრობთ, საოკუპაციო ხაზზე ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს), რამდენიმე ხნის მერე მითხრა: ღამე იყო, ახლოს ვიდექი და გისმენდი, ხან ერთი მხრიდან მოვედი, ხან მეორედანო და მეგონა, ძალიან მაგარი მთვრალი იყავი, ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობდიო. ხან ვუშვებდი, რომ მაგარ კაიფში იყავი, მაგრამ სხვანაირად გიცნობდი და ამ აზრსაც ვერ ვუშვებდიო. იმდენად აბსურდულად მეჩვენებოდა შენი ნალაპარაკები, რომ ბოლოს ვიფიქრე, გარეკა და დიდი ყურადღება აღარც მოგაქციეო. ვიფიქრე, რომ რაღაც ილაპარაკა და მორჩაო.

მოკლედ, წავიდა ბევრი მსჯელობა, ბევრი აზრის დამატება, პლუს-მინუსების აწონ-დაწონვა და მივხვდი, რომ ყველას თუ მოვუსმენდი, ვერასოდეს დავიწყებდი პატრულირებას. ბოლოს ერთ-ერთ შეხვედრაზე, უკვე 17-18 ივლისი იქნებოდა, ვთქვი – ხალხო, მორჩა! აი, ამ სქემით ვიწყებთ, მოგწონთ? – მომყევით, თუ არა, ღმერთმა გაგიმარჯოთ. დავთქვით თარიღი და პირველი პატრულირება 23 ივლისს შედგა.

საოცარია, რომ ის სქემა მოქმედებს დღემდე, რა სქემაც მაშინ, იმ 1 საათში მოვიფიქრე. მართალია, რაღაცეები დავაშენეთ, მაგრამ დღემდე იმ ღერძზე ვართ აწყობილები. 2017 წლის 23 ივლისიდან დღემდე გასულია წელიწადნახევარი და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ დღემდე პატრულირების არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია.

message:წელიწადნახევრი რომ შევაჯამოთ, რა შედეგები გვაქვს?

პატრულირების შედეგად, ჩვენ გავაჩერეთ ბორდერიზაცია, გავაჩერეთ მცოცავი ოკუპაცია. ეს ძალიან დიდი შედეგია, იმიტომ, რომ აქამდე ვერავინ მოახერხა რუსული მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. რუსები ყოველთვის აკეთებდნენ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ. ამ  წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი დისკომფორტი გადავიტანეთ. თუმცა, ამის სანაცვლოდ, რიგ შემთხვევებში საინფორმაციო ომი მოვუგეთ. მაგალითად, ტატუნაშვილის საქმე რომ გავიხსენოთ, თავად რუსეთმა აღიარა თავის მედია საშუალებებში, რომ დიახ, ტატუნაშვილს საქმეზე ჩვენ ომი წავაგეთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მოვახერხეთ რუსეთს ხელი აეღო კოდაზე და დამატებითი ტერიტორიები არ წაეღო. რუსეთს დაანონსებული ჰქონდა და ეს მოქმედებები შევაჩერეთ. სამი თვე ვიცხოვრეთ 24-საათიანი პატრულირების რეჟიმში. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ აღიქვა ეს, როგორც შემდგარი ფაქტი. ფაქტიურად, ჩვენ მოვახდინეთ პრევენცია, ჩვენ ჩავედით და აღარაფერი მომხდარა. ვპატრულირებდით მთელს პერიმეტრზე, რამდენჯერმე დიდი ამბავი ავუტეხეთ რუსულ პატრულს. შედეგად, ჩვენი გამოჩენისთანავე რუსეთი ცვლიდა თავის მარშრუტს და პერიმეტრზე აღარც გამოდიოდა.

message:რა ფორმის კომუნიკაცია ხდება თქვენს შორის?

როგორც ადრე, ახლაც – კონტაქტი არ არსებობს. თუ კომუნიკაციის საშუალება არსებობს, ისინი მხოლოდ გვისმენენ. კოდას შემთხევის შემდეგ უკვე პროცესები ატოცში დაიწყო. ეს ნათლად ჩანდა რუსთავი 2-ის კადრებში, როგორ მუშაობდნენ და არჭობდნენ ამ ბოძებს. ჩვენი ჩასვლისთანავე ეს პროცესი წყდება და დღემდე გაჩერებულია. ჩვენ გადავცხოვრდით ატოცში. იქ ვიმყოფებით 24 საათი, დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე ვდგავართ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. 

ჩვენი გეგმა ძალიან კარგად იციან და გააზრებული აქვთ რუსებს, რაც მდგომარეობს შემდეგში: რომ თუ დავინახავთ ნებისმიერ ნიშანას იმისა, რომ ისინი ემზადებიან მავთულ-ხლართების გასავლებად, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვდგებით საოკუპაციო ხაზზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც ისინი მომდევნო ბოძის დარჭობას აპირებენ და ვრთავთ პირდაპირ ეთერს. ასეთ შემთხვევაში, მათ უიარაღო მოქალაქეებისთვის სროლა მოუწევთ, რომლებიც იცავენ თავის მიწა-წყალს. ეს არის მათთვის წარმოუდგენელი რეალობა-სცენარი, როდესაც ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ მოკლავენ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც ვერავინ დასდებს ბრალს იმაში, რომ ისინი ან შეიარაღებულები არიან, ან იქცევიან უზრდელურად, გამომწვევად და ა.შ. ეს არის წარმოუდგენელი სცენარი რუსებისთვის, რამაც ისინი გააჩერა. ის პოლიტიკური ფასი, რის გადახდაც მათ მოუწევთ მსოფლიოს წინაშე ჩვენი განეიტრალებისთვის, მათთვის ძალიან მაღალია და არ უღირთ. ჩვენთვის კი ეს არის იარაღი, რითაც ჩვენ შევძელით შეგვეჩერებინა რუსული ბორდერიზაცია, აბსოლუტურად შიშველი ხელებით და ყოველგვარი ისტერიკის გარეშე. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, რომელიც გადავიქციეთ ცხოვრების წესად. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.

ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი მოტივაცია რომ ჰქონდეს და კიდევ უფრო მეტად ფიქრობდეს, ამ იარაღის გამოყენებას ბევრად ეფექტურად შეძლებდა. მაგრამ დღესდღეისობით ჩვენი ხელისუფლებისგან მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მიტოვებულები და იგნორირებულები ვართ – ეს ფაქტია.

ერთადერთი კომუნიკაცია ჩვენ პოლიციასთან გვაქვს, რომლებიც მართლა სულ იქ არიან. ერთად ვპატრულირებთ და მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მაგრამ ხელისუფლება არ ვიცი როგორ გვიყურებს, გვიყურებს როგორც პროვოკატორებს?! თუმცა, სულ ვაბობთ, პროვოკაცია რომ გვდომოდა ამ 18 თვის განმავლობაში, ერთს მაინც მოვახერხებდით.

message:რა ტიპის დახმარების შემოთავაზება იქნებოდა თქვენთვის საინტერესო? რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?

თუნდაც სიტყვიერი, „გაგვამხნევოს“, ყოჩაღ, კარგი ბიჭები ხართ (იცინის). სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა და ასევე, უფრო ძალიან გამიხარდა, 14 დეკემბერს, ერგნეთის შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიციის საპასუხო რეაქცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ოსურმა მხარემ პირდაპირ მოითხოვა ატოციდან ჩვენი გაყვანა, რადგან ხელს ვუშლით ბორდერიზაციაში, ვქმნით საფრთხეებს და ა.შ.  ჩვენი ხელისუფლების პოზიცია იყო ასეთი, რომ – ამათ ვერ გავიყვანთ, ვინაიდან ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, იყვნენ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ნებისმიერ ადგილას. რომ მათში არ შეინიშნება არც პროვოკატორობის და არც დესტაბილიზაციის ნიშნები, შესაბამისად, თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ეს იყო, ძალიან კარგი და მკაფიო პოზიცია, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოზიცია სამომავლოდ საქმესთან თანხვედრაში იქნება. 

საფრთხეები რუსეთის მხრიდან ყოველთვის არის, დღესაც ვხედავთ ახალ საფრთხეებს, რომლთან გამკლავებაც, ვფიქრობ, გვძალგიძს. ვიცით, რომ რუსები ბორდერიზაციის გაგრძელების ახალ გეგმაზე ფიქრობენ. ამ ეტაპზე ეს გეგმა დამალულია, არ ჟონავს ინფორმაცია. ნებისმიერ შემთხევაში, ჩვენ ამას აღმოვაჩენთ და არ მივცემთ რუსებს საშუალებას რაიმე მონაკვეთზე რაიმე ტიპის ქმედება განახორციელონ. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

მე დავიწყე მარტომ და დღეს უკვე 50-ჯერ ვართ გაზრდილი. ატოცის ინციდენტის შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა საზოგადოების ინტერსი და მხარდაჭერა, რომელიც  2018 წლის 7 ნოემბერს დაიწყო. საზოგადოებას განცდა და აღქმა გაუჩნდა იმისა, რომ რეალურ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმიტომ, რომ ფაქტი ჯიუტია და ვეღარავინ აღუდგება წინ.

თავად ჩვენი კრიტიკოსებიც რომ ავიღოთ, ყველასთვის თვალნათელი გახდა ის გარემოეობა, რომ ჩვენ, აქტივისტებმა, ეს შიშველი ხელებით შევძელით. თან, მოდი გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ, რომ დიდი რაოდენობა ხალხისა არ ყოფილა შეკრებილი. ჩვენ შევძელით გაგვეჩერებინა რუსული საოკუპაციო მანქანა. ეს არის მოცემულობა და საოცრებაა.

ეს ამსხვრევს იმ მითს, რომ „რუსეთი ძალიან ძლიერი მტერია“, „ძალიან დიდი მტერია და აზრი არ აქვს არაფერს“.  რას მიქვიან აზრი არ აქვს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმიტომ, რომ შენ ამ ბრძოლაში შანსი გეძლევა რაღაცაში გაგიმართლოს.

თუ პასიური ხარ, ზიხარ და მხოლოდ უზალთუნებს იღებ ყურის ძირში, ბუნებრივია, რომ მას წიხლსაც მოაყოლებენ, საკუთარი ხელით საფლავსაც გაგათხრევინებენ, შიგნით ჩაგაწვენენ და შენივე ხელით დაგაყრევინებენ მიწას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა შენ პასიური ხარ და შეგუებული ხარ შენს ბედს. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ როცა იბრძვი ყოველთვის მეტი შანსი გეძლევა. ატოცი იმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს.

ადამიანებს ხშირად მცდარი განცდა გვაქვს იმისა, რომ თავად არ შეგვიძლია გამოვიწვით ცვლილებები, ცვლილებები ჩვენს ხელშია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია და ძალიან ბევრ რამეზე ვართ პასუხისმგებელნი, მთავარია ამას ვაცნობიერებდეთ. მარტო იმიტომ არ უნდა ვცხოვრობდეთ, რომ კომფორტის ზონაში ვარსებობდეთ და ეს ჩემი საქმე არააო, ვიძახოთ.

თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს, მაშინ პასუხი ძალიან მკაფიოა. რუსეთის იმპერია ორ საუკუნეზე მეტია, ყველანაირი ხერხით და მექანიზმით გვებრძვის. ორ საუკუნეზე მეტია რუსული პროპაგანდისტული მანქანა გვებრძვის იდეოლოგიურად და თავისი მისია შეასრულა.

ორ საუკუნეზე მეტია ერის ცნობიერებაში გამჯდარია, რომ ჩვენ ვართ მასხარების, გამრთობების მეხაჭაპურეების და მეხინკლეების ერი, მუცელზე და კუჭზე ორიენტირებული ერი, რომელსაც ღირსებაც კი არ გააჩნია და გვავიწყებენ, რომ ჩვენ მეომარი ერი ვართ. მან ამას მიაღწია და ახლაც ცდილობს, რომ თავისი ნარატივით, გვაიძულოს გვაფიქრებინოს, რომ რუსებთან ბრძოლას აზრი არ აქვს და ბაბაია უნდა დავუძახოთ. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ხშირად, ამას ვისმენთ საზოგადოების პატივსაცემი ადამიანებისგან.

ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს ერთმნიშვნელოვნად. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და ხშირად გავიხსენოთ ვისი შთამომავლები ვართ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. როგორ, მთელი ისტორიის მანძილზე რუსეთზე ნაკლები მტერი ჰყავდა საქართველოს? მე მგონია, ბევრად უარესი მტრებიც და ბევრად უარეს ეპოქაშიც ცხოვრობდნენ. ჩვენს წინაპრებს რომ ისე ეფიქრათ, როგორც  დღეს გვაფიქრებინებს რუსეთი, ახლა მე და შენ,  უბრალოდ, ქართულად არ ვისაუბრებდით. ალბათ, არც მართლმადიდებლები ვიქნებოდით.

სწორედ ამიტომ, დღეს ადამიანებს ჰგონიათ, რომ მეორე დავით აღმაშენებელი უნდა გამოჩნდეს და ყველას გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. ასე არ ხდება. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე უნდა მოვძებნოთ ყველამ ჩვენში. საკუთარ თავში უნდა დავინახოთ ეს ძალა, გავაცნობიეროთ და გავითავისოთ, რომ რაღაც მცირე პროცენტით შევძლოთ ერთობა.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთელი ერი გაერთიანდება, ეს არასოდეს მომხდარა საქართველოის ისტორიაში. ყოველთვის პატარა ნაწილი იბრძოდა, მაგრამ ეს პატარა ნაწილი ყოველთვის კარგად ორგანიზებულ ადამიანთა ერთობა იყო. 40-50 ათასი მეომარი ყოვეთვის ჰყავდა საქართველოს. უნდა გავითავისოთ, რომ ერთობა გადაგვარჩენს და ბრძოლაშია ჩვენი გადარჩენა, რადგან ისეთ მცირე ერს, როგორიც ჩვენ ვართ, სხვა შანსი არა გვაქვს.

message:რა ტიპები არიან ისინი, როგორი ფსიქოლოგია აქვთ?

სინამდვილეში რუსები აფთრები არიან. აფთრის ფსიქოლოგია აქვთ. თუ სისუსტე იგრძნეს გადაგივლიან, შეგჭამენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემენ. მაგრამ თუნდაც მცირე პრინციპული წინააღმდეგობა რომ იგრძნონ – ფრთხებიან. შეიძლება ვიღაცას გულუბრყვილო ნათქვამად მოეჩვენოს, რომ როგორ შეიძლება რუსს ჩვენი ეშინოდესო, მაგრამ სინამდვილეში ისინიც ადამიანები არიან და ადამიანს სიცოცხლის და თვითგადარჩენის ინსტინქტი ყველაზე ძლიერი აქვს. ის გრძნობს საფრთხეს და, მით უმეტეს, მან ძალიან კარგად იცის, რომ არაკანონონიერად არის შემოჭრილი სხვის მიწა-წყალზე. მან ზუსტად იცის, რომ ჩემი რისხვა 100 რუსის რისხვაზე მეტად ძლიერია. ამიტომ სიძლიერე უნდა დავანხოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ გოჯსაც არ დავთმობთ და ასე შეუიარაღებელნი დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს ჩვენი სიცოცხლის ფასად.

მოგვკლან. ეს ყველას გაცნობიერებული გვაქვს და ვუშვებთ, რომ შეიძლება აქამდეც მივიდეს პროცესები, მაგრამ ეს არის ღირსების საქმე. მოგვკლავს ოთხ კაცს? მეორე დღეს 8 კაცი დადგება, 8 კაცს მოკლავს? 16 კაცი დადგება და ა.შ. როდესაც შენ გადაწყვეტილებას იღებ, რომ იბრძოლო ბოლომდე შენი სამშობლოსთვის, შენი ღირსებისთვის, იქ უკან დახევა არ არსებობს. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს ის, ვინც მართალია.

message:ვინ არიან თქვენს გვერდით?

ჩვენ ვართ რიგითი ადამიანების ერთობა: ჟურნალისტები, ექიმები, იურისტები, უმუშევრები, ხელოსნებიდა ა.შ. ზოგი ცდილობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მოხდეს ჩვენი გაიგივება ან პასუხისმგებლობა დაგვეკისროს გირჩის საქციელზე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, არც რომელიმე ორგანიზაციის წევრები,  ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც დავტოვეთ ჩვენი კომფორტის ზონა და ვცდილობთ ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც გავაკეთოთ. სახლში ჯდომა ჩვენთვის მიუღებელია, აღშფოთება სახლიდან და ჭკვიანური იდეების ფრქვევა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ სივრცეში, მიუღებელია. ჩვენს კრიტიკოსებსაც, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან, მინდა ვუთხრა, სანამ გამაკრიტიკებ, რაიმე ჩემზე უკეთესი მითხარი, სხვანაირად, როგორ გავაჩერო რუსული ბორდერიზაცია? პასუხს, რა თქმა უნდა, ვერ ვიღებ, იმიტომ, რომ არ აქვთ. ბუნებრივია, არ მაქვს არც ამბიცია და არც რწმენა იმისა, რომ  ამაზე მაგარი იდეა არ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ, რაც მოვიფიქრეთ, ეს არის და შედეგიც მოვიტანეთ.

message:რატომ გაკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობასთან?

ალბათ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ხშირად ჩნდება საოკუპაციო ხაზთან, თუმცა გირჩიც იყო ჩამოსული და უკანალი აჩვენეს, რაზეც ჩვენ დაგვაკისრეს პასუხისმგებლობა. ჩვენდამი მტრულად განწყობილმა საზოგადოების ნაწილმა სცადა, რომ ჩვენთვის მოეკერებინა მათი საქციელი, დღესაც ტროლები რომ შემოდიან ჩვენს გვერდზე, კომენტარებში მიწერენ: „წაკუზული ტრაკით გინდა გადაარჩინო საქართველო?“ გაერთიანებული ოპოზიცია იყო, შალვა ნათელაშვილი, ქართული ოცნებიდან სალომე ზურაბიშვილი იყო საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსული, არც გაგვეკარა და თითქოს კეთროვანები ვიყავით, გვერდი აგვიარა საკმაოდ მოშორებით.

message:რატომ მოხდა ასეთი დისტანცირება თქვენსა და ხელისუფლებას შორის?

არ ვიცი, ეს ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ, მათი მოტივაცია ჩემთვის უცნობია, თუმცა ჩემი აზრია, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელ ძალას წარმოვადგენთ და გეტყვი რატომაც. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა და ფაქტია, რომ ჩვენ ვაღიაზიანებთ, ვებრძვით იმ მეთოდებით, რომელიც ეფექტური გამოდგა უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი ხელისფლების პოლიტიკა და, ალბათ, ეს აღიზიანებთ ხელისფლებაში. მეტსაც გეტყვით, უკვე ვხედავ მეთოდებს, რა მეთოდებითაც ცდილობენ პრობლემა შემიქმანან. პირველად თქვენთან ვამბობ, ჯერ არც დამიწყია ეს კამპანია და აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. ჯერჯერობით, მე ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და 2016-17 წლებში ევროპის თასი და ევროპის ჩემპინატი საქართველოში ჩავატარე, რაც ძალიან სერიოზული განაცხადი იყო, რითაც საქრთველო სპორტულ და ტურისტულ რუქაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. შარშან მოვიპოვე უფლება, რომ 2019 წელსაც ვითავოთ მსოფლიო და ევროპის თასების ღონისძიების ორგანიზატორობა. შევიტანე განაცხადი სპორტის სამინისტროში, როგორც ამას ჩვეულებრივ სხვა ფედერაციებიც აკეთებენ და დაფინასება მივიღე – 0. ამას ვუკავშირებ ჩემს დასჯას, ამაზე, ალბათ, ცალკე განცხადება მექნება უახლოეს დღეებში, რატომ მოხდა, რომ წინა წლებში ჰქონდა დაფინასება და არ აქვს ახლა, მით უმეტეს, როდესაც მსგავსი სერიოზული ტურნირების გამოცდილება გვაქვს. ეს არის ხელისფლების პასუხი ჩემს საქმიანობაზე, სადაც ორი წელია ჩაბმული ვარ. ეს არის პასუხი იმაზე, თუ რატომ არ მოვიდა სახელისუფლებო კანდიდატი ჩვენთან და რატომ არ გვითხრა, ყოჩაღ ბიჭებო, კარგ საქმეს აკეთებთ.

ჩვენ იმ არგაღიზიანების პოლიტიკას ვამსხვრევთ და ლუსტრაციას ვუკეთებთ, რომ არჩეულ პოლიტიკურ კურსს რუსეთთან არანაირი მომავალი არ აქვს. არგაღიზიანების პოლიტიკაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვაგებთ და არანაირ შედეგს არ ვიმკით.

message:ვიცი, რომ თქვენ აქტიურად ჩაებით ატოცის ასკილის პოპულარიზაციაში, როგორ აღიქვამენ ადგილობრივები თქვენს იქ ყოფნას, მოგვიყევით ამის შესახებ

ამ ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არ არიან მარტონი. უსაფრთხოების უფრო მაღალი ზღვარი გაჩნდა. რაც ჩვენ იქ პატრულირება დავიწყეთ, გატაცების რაოდენობა შემცირებულია, თან საკმაოდ მნიშვნელოვნად. თუ წინა წლებში საშუალოდ იტაცებდნენ 130 კაცს, შიდა ქართლის რეგიონში 2018 წელი დასრულდა 90-მდე გატაცებით. თუ ჩვენს გამოჩენამდე წელიწადში 6-7 კილომეტრს ავლებდნენ მავთულხლართებს, ჩვენი გამოჩენის შემდეგ მხოლოდ ერთი კილომეტრია გავლებული. ეს სტატისტიკაა და დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. ჩვენს მოსახლეობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ამ ადამიანების ყოფაზე, საოკუპაციო ხაზთან უკიდურესი გაჭირვებაა. არადა, ისინი უნდა გრძნობდნენ განსაკუთრებულ ზრუნვას, უნდა ჰქონდეთ ბევრად გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები და ა.შ. აქ პირიქით ხდება,  იქაური მოსახლეობის 80%-ს სოციალური დახმარება მოეხსნა. უმეტეს სოფლებში წყალი არ არის, პრობლემაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, ეს ადამიანები თვითდინებაზე არიან მიშვებულნი.

ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ატოცის მოსახლეობა ასკილს აგროვებს და აბარებს 80 თეთრად. ჩვენ კი მოვახერხეთ ამ პროდუქტის სწორად შეფუთვა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ თუ ისინი იყიდიან ამ ასკილს, ისინი ამ ადამიანებს დაეხმარებიან. ამ ასკილს ჩვენ ვიბარებთ 3 ლარად. 3 ლარსა და 80 თეთრს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ამ ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ ვიღაცამ შეიძლება მათზე იზრუნოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მათი პრობლემების გადაწყვეტა, მაგრამ ეს არის იმედის გაჩენა, რომ ვიღაცეები მათ დასახმარებლად მონდომებულები არიან. დღეს ჩვენი ენერგია არ არის საკმარისი, რომ მთელი საოკუპაციო ხაზი დავფაროთ, ყველას დავეხმაროთ, მაგრამ ეს ხმები ვრცელდება. ისინი ხედავენ და აფასებენ ამას. ისინი ხედავენ, რომ ყოველ დღე 9-ის ნახევრიდან ფეხით გავდივართ ტალახში, თოვლში, ქარში თუ წვიმაში; ავდივართ მთაზეც, 9 საათზე უკვე ხაზზე ვართ და მთელი დღე ვდგვარათ ცის ქვეშ, საღამოს სანამ რუსები არ წავლენ, ფეხს არ ვიცვლით.

message:რა შეგვიძლია ამ ადამინებს გავუკეთოთ?

შეგვიძლია ძალიან მარტივით დავიწყოთ: ტანსაცმლისა და პროდუქტის ჩატანით. შეგვიძლია პატარა მეურნეობების მოწყობაში დავეხმაროთ.  ჩვენ ატოცზე ვართ ფოკუსირებულები და ატოცშივე გვინდა შევქმნათ წარმატებული სოფლის მოდელი. ამ ადამიანებისთვის ძალიან რთულია მოყვანილი პროდუქციის შემდგომი გასაღება. ასკილის მსგავსად შეგვიძლია სხვა პროდუქტებზეც იგივე სქემა შევქმნათ. მაგალითად, ეს ადამიანები არაჩვეულებრივ ყველს ამზადებენ და ერთიანი ბრენდის შეკვრა შეიძლება. ამ ადამიანებს თევზის ჭერა უნდა ვასწავლოთ და დაჭერილი თევზის გაყიდვაში დავეხმაროთ. ეს იქნება უდიდესი დახმარება.  იქედან წამოსვლა არავის არ უნდა, იქ არაჩვეულებრივი სოფლებია, ფანტასტიური ბუნებაა, უდიდესი პოტენციალია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობით დაკავდნენ. ჩვენ თუ ამ ადამიანებს ამაში დავეხმარებით, ამით სოფელიც გაძლიერდება.

ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 16 იანვარს

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი