თამაშის მნიშვნელოვნება ბავშვის განვითარებაში

0
306
რატომ არის თამაში მნიშვნელოვანი თქვენი პატარას განვითარებისთვის? როგორ ეხმარება ის ბავშვს ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

თამაშს ბავშვის გაზრდა-განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ის ყველა ასაკში ეხმარება ბავშვში სხვადასხვა უნარების განვითარებას. ყოველ საფეხურზე სწორად შერჩეული თამაში შესაბამისად სწორად ავითარებს მასში ემოციურ სფეროს, სოციალურ თუ ინტელექტუალურ უნარებს და მეტყველებას. ის ზრდის ბავშვის თვალსაწიერს და ასწავლის სხვადასხვა მოვლენების აღქმას სამყაროში. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის საშუალებით, შეხებით და დაკვირვებით ჩვენი პატარა აღიქვამს ნივთების ფორმებს, ზომებს, წონას, მდგრადობას, დრეკადობას, სუნს, გემოს და ფერებს. თამაში აგრეთვე ავითარებს წვრილ და მსხვილ მოტორიკას, ფანტაზიის და მთლიანად აზროვნების სფეროს. ასევე აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ზომის და წონის ნითების გამოყენება, სირბილი, ცოცვა, წერა, ხატვა. რაც მეტად მრავალფეროვანია ბავშვის გართობის არეალი, მით მეტად განვითარებულ ბავშვთან და შემდგომ მოზარდთან გვექნება საქმე.

  • თამაში კარგი საშუალებაა ბავშვისთვის აღმოაჩინოს და გაითავისოს სამყარო. გარკვეულ ასაკამდე სამყაროსთან მაკავშირებლად მას სჭირდება მშობელი, მაგრამ ზრდასთან ერთად ეს დამხმარე რგოლი მშობლის სახით ზედმეტი ხდება და აუცილებელია თანდათანობით მან ამ სამყაროს სრულფასოვან ნაწილად ჩათვალოს თავი. ამ პროცესში მას დახმარებას უწევს თამაში, რათა დროულად და უმტკინვეულოდ მოხდეს სამყაროსთან დამეგობრება. ამ პროცესების შეფერხება და მოზრდილ ასაკში გადავადება ამძიმებს და მტკინვეულს ხდის ამ ურთიერთობას.
  • ბავშვს ჩვილობის ასაკიდანვე უვითარდება ხელების და თვალების კოორდინაცია, დანახულ ნივთთან ხელით კავშირის დამყარების უნარი. ამიტომ მისი საწოლის თავზე ჩამოკიდებული თუ სხვა სივრცეში დანახულ სათამაშოებზე ხელის ჩავლება ასევე მისი აზროვნების განმავითარებელია.
  • თამაშის დროს ბავშვი სწავლობს სათამაშოებზე ხელის ჩაჭიდებას. მათი აღებით კი ის შეიმეცნებს ზომებს, წონას და ფორმებს.
  • როლური თამაში ძალიან უწყობს ხელს ბავშვის მენტალურ განვითარებას. ის ზრდის კოგნტური შესაძლებლობებს, რომელიც მნიშვნელოვანია სიმბოლური აზროვნებისთვის და რეპრეზენტაციების გაგებისთვის. ამ თამაშებში ხშირად ბავშვები პოულობენ თავიანთ სამომავლო მისწრაფებებს და პროფესიებს. როლური თამაშები და მინი სპექტაკლები ძალიან ეფექტურად გამოიყენება არტ-თერაპიაში ბავშვის ხასიათის და ემოციების მართვისთვის, მათში ახალი თვისებების და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
  • 2 წლის ასაკისთვის ბავშვის თამაშს მუდმივად ახლავს თან ამბავი, იქნება ეს წარმოსახვითი თუ რეალური, რომელიც აქამდე გადახდენია თავს. თამაშის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ბავშვმა ისწავლოს დათვლა, ფერები, ფიგურები, ლექსები და მას ამ პროცესში უვითარდება მეხსიერება, ამავდროულად დასწავლის პროცესი არის მხიარული და არ არის მოსაბეზრებელი. 
  • თამაშის დროს წარმოშობილი დაბრკოლებები ბავშვს უვითარებს კრეატიულ აზროვნებას და წარმოსახვის უნარს. ის ტრავმების გარეშე სწავლობს ბარიერის გადალახვას, პოულობს გამოსავალს და აღწევს მიზანს. ამით ბავშვის ცნობიერებაში ფიქსირდება წინააღმდეგობის გადალახვის არა შიში, არამედ ჟინი და გამარჯვების დიდი სურვილი. ამავდროულად მათ უწევთ განასხვავონ და თან დააკავშირონ წარმოსახვითი სამყარო რეალურთან და წარმოსახვით სამყაროში შექმნილი მოდელები მოგვიანებით წარმატებულად გადაიტანონ რეალურში.

თამაში ბავშვს ემოციურ სფეროშიც უწევს დახმარებას. ხშირ შემთვევაში ბავშვისთვის დედმამიშვილის დაბადება ტრავმად აღიქმება და მას აქვს თანდაყოლილი უნარი თამაშის მეშვეობით გადალახოს ეს დაბრკოლება. 

თამაში ასევე ეხმარება ბავშვს სოციუმში ადგილის დამკვიდრებაში. როლური თამაშებით ან თოჯინებით ისინი ირგებენ სოციალურად სხვადასხვა როლებს, იჩენენ წარმოსახვით მეგობრებს და ურთიერთობენ მათთან. ამ ურთიერთობებში ისინი ქმნიან და აგვარებენ კონფლიქტებს, ამყარებენ და აძლიერებენ კონტაქტებს, იძენენ თავდაჯერებას.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, როლური თამაშების დროს ხშირია სხვადასხვა პროფესიების და მისწრაფებების აღმოჩენა. დაკვირვებული მშობელი ამ პროცესში ხშირად შენიშნავს თავისი შვილის ინტერესებს, მაგალითად: მასწავლებლის, მატარებლის მძღოლის, დედის, მამის, პოლიციელის და სხვადასხვა პროფესიისადმი თუ სტატუსისადმი მიდრეკილებებს. ამ დროს ბავშვი სწავლობს თავისი ადგილის პოვნას რეალურ ცხოვრებაში. მსგავსი თამაშებით ის იზღვევს თავს, რომ უკვე მოზრდილს კარგი გარემოცვა ეყოლება, იქნება გაბედული, თავდაჯერებული, კრეატიული და შემოქმედი.

ფსიქოლოგი გვანცა ლელაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი