კარლ გუსტავ იუნგი – მითი და სიმბოლო

0
538

ფროიდისთვის თითოეული პიროვნების სულის საიდუმლოები მის არაცნობიერშია დამარხული. მოსალოდნელია, რომ ეს საიდულმოები ყველა ჩვენგანისთვის სექსუალურ და აგრესიულ თემებს უკავშირდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ვინაიდან ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავდება თქვენისგან, ჩემი და თქვენი არაცნობიერიც განსხვავებული იქნება.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ფსიქოანალიტური ტრადიციის ფარგლებში არსებობს გავლენიანი პოზიცია, რომელიც აღწერს, თუ რა საერთო აქვთ სხვადასხვა ადამიანის არაცნობიერებს ერთმანეთთან და ეს პოზიცია კარლ იუნგს ეკუთვნის. იუნგი ფროიდის ერთ-ერთი პირველი თანამოაზრე იყო. მან ფროიდთან უთანხმოების შემდეგ პიროვნების საკუთარი თეორია შექმნა, რომელიც ბევრად განსხვავდებოდა ფროიდისეული ფსიქოანალიზისგან.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ უთანხმოებას დაედო საფუძვლად, ის იყო, რომ ფროიდი ექსკლუზიურად სექსუალურ და აგრესიულ ინსტინქტებზე ფოკუსირდებოდა, იუნგი კი ამტკიცებდა, რომ ადამიანების მოტივაციას მთელი რიგი არაცნობიერი ძალები და ფაქტორები ქმნიან, რომელთა შორისაა შინაგანი სწრაფვები და ხატები ერთიანობის, სიკვდილის, ანდროგენურობის, სიბრძნის, უმანკოებისა და, რა თქმა უნდა, სექსისა და აგრესიის შესახებ და ეს ყველაფერი ჩვენი საერთო ევოლუციური მემკვიდრეობის შედეგია (Stevens, 1983, წყაროში McAdams, 2006).

ჩვენი ყოველდღიური ქცევის ამ უამრავი წყაროს უშრეტ საბადოს წარმოადგენს ის, რასაც იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს. კოლექტიური არაცნობიერი კაცობრიობის ევოლუციური წარსულის არქაული ნარჩენების საცავია. ეს არის ჩვენი თანდაყოლილი რასობრივი მეხსიერება, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით, რადგან ადამიანთა რასის მეხსიერების ნაწილია და თითოეული ჩვენგანის ფსიქიკის  ყველაზე ღრმა და მიუწვდომელ შრეში ინახება. იუნგს მიაჩნდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებას წარმოადგენს. ჩვენი, როგორც სახეობის, ევოლუციის შედეგად ის მდიდარი ტექსტური მქონე არაცნობიერია, რომლითაც ვიბადებით თითოეული ჩვენგანი და მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება.

კოლექტიური არაცნობიერის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტები არქეტიპებია (Jung, C. G., 2003). არქეტიპები6 უნივერსალური პატერნი ან პრედისპოზიციაა, რომელიც სტრუქტურას სძენს იმას, თუ როგორ ადაპტირდებიან (ცნობიერად და არაცნობიერად) ადამიანები საკუთარ სამყაროსთან. როგორც ადამიანის ბუნების ძირითადი კომპონენტები, არქეტიპები თანდაყოლილი, მაგრამ მოქნილი მოცემულობებია და ადამიანის გამოცდილების ყალიბს წამოადგენენ. ეს არ არის ხატი ან ქცევა, როგორც ასეთ, არამედ უნივერსალური ხატების შექმნისადმი და უნივერსალური ქცევით მიმდევრობის განხორციელებისკენ წინასწარმზაობა.

იუნგი ამტკიცებდა, რომ თითოეული მათგანის არსებობის მტკიცებულება ანტიკურ მითებში, სიზმრებსა და უნივერსალურ სიმბოლოებშია მოცემული. ასე მაგალითად, დედის ხატი აზრის უნივერსალური ფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ისტორიებში, ლეგენდებში, ხელოვნების ნიმუშებში, რიტუალებში, ადათ-წესებსა და ფანტაზიებში შეგვიძლია ვნახოთ. დედები საუკუნეების განმავლობაში ისე იქცეოდნენ, როგორც ამას თანდაყოლილი, კოლექტიურ არაცნობიერში შენახული არქეტიპული შაბლონი ან ყალიბი კარნახობდათ დედის რაობის შესახებ. ამრიგად, დედის ხატის პროდუცირებას დედის არქეტიპი ახდენს, რომელიც შედგომში რეალურ დედასთან იდენტიფიცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი მემკვიდრეობით იღებს გენეტიკური დედის წინასწარ ფორმირებულ კონცეფციას, რაც ნაწილობრივ განაპირობებს იმას, როგორც აღიქვამს იგი მომავალში საკუთარ დედას. ბავშვის მიერ დედის აღქმაზე მოქმედებს, ასევე ის, თუ რას წარმოადგენს დედა თავად და ბავშვის ახალშობილობის პერიოდის განცდები. ამგვარად, ბავშვის გამოცდილება არის გარკვეული გზით სამყაროსა და თავად ამ სამყაროს რეალური სახის აღქმის შინაგანი წინასწარი მზაობის ერთიანი პროდუქტი; მისი განცდები ბევრად ჰგავს იმას, რასაც განიცდის ნებისმიერი ეპოქის ინდივიდი ნებისმიერ ქვეყანაში (Jung, C. G., 2003). დედის არქეტიპი შეიძება „გამონთავისუფლდეს“ და გამოიხატოს აზრებსა და ხატებში, რომლებიც ინდივიდის რეალური დედის, დედამთილის, ბებიის, დედინაცვლის ან დედობასთან ასოცირებული ნებისმიერი სხვა პიროვნების, ადგილის ან ნივთის საპასუხოდ წარმოიქმნება

დედა ზრუნვისა და ნაყოფიერების განხორციელება, რომელიც რეალური დედების, ბებიების, მეუღლეებისა და სხვა მზრუნველი ფიგურების საპასუხოდ შეიძლება იქნეს ამოტანილი. მოიცავს დადებით (სითბო, ზრუნვა, მხარდაჭერა) და უარყოფით (უარყოფა, დამუქრება, საფრთხე) მახასიათებლებს

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე) დედა-მიწა ანტიკურ მითოლოგიაში, ქალწული მარიამი, ალმა მატერი, ეკლესია, ფერია ნათლია, ალქაჯები და დრაკონები

ბავშვი-ღმერთი უბრალოებისა და მომავალი გამოცდილების განსახიერება, რომელიც მომავალ მოვლენებსა და ზრდის პოტენციას წარმოადგენს. ხშირად აქვს ღვთაებრივი და მისტიკური ძალა

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე)ბავშვი იესო, ელფები, ჯუჯები, პატარა მოცარტი, ვუნდერკინდი ბავშვი.

გმირი – გმირის მითის კლასიკური და უნივერსალური პროტაგონისტი: სასწაულებრივ, ზებუნებრივ, მაგრამ უხმაურო დაბადებას ზეადამიანური ძალის ადრეულ ასაკში გამოვლენა მოჰყვება თან, სწრაფად მატულობს ცნობადობა, ტრიუმფით ებრძვის ბოროტს, მიდრეკილია სიამაყის „ცოდვისადმი“ და საბოლოოდ მარცხდება ღალატის მეშვეობით ან გმირულად სწირავს თავს.

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე) ქრისტე, ოიდიპოსი, მერე ართური, აქილევსი, აბრაამ ლინკოლნი, მარტიკ ლუთერ კინგი უმცროსი.

მატყუარა – გმირის არქეტიპის ადრეული ფორმა, რომელიც ცბიერი ხუმრობებით, მავნე ცელქობებით გამოირჩევა და მაგიურ ძალას ფლობს.

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე) ჰერმესი, ბიბლიური დემონები, ჰარი ჰუდინი,

ბრძენი მოხუცი – მოწიფულობისა და სიბრძნის განსახიერება, რომელსაც მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია.

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე) ოიდიპოსი მოზრდილ წლებში, ტირეასი, მამაღმერთის გარკვეული ვერსიები, წინასწარმეტყველები, მაჰათმა განდი.

ანიმა – დაფარული ქალური საწყისი მამაკაცში.

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე) ქალების იდეალიზებული სხვადასხვა ხატი, რომელსაც მამაკაცები თაყვანს სცემენ, როგორიცაა კლეოპატრა, ელენა ტროელი, ქალწული მარიამი, მონა ლიზა; ქალი, როგორც მაცდუნებელი, დედა, მეგობარი, შუამავალი; ქალი, როგორც ალქაჯი და ძუკნა; მანქანები, გემები.

ანიმუსი დაფარული მამაკაცური საწყისი ქალში. 

პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე)მამაკაცის იდეალიზირებული სხვადასხვა ქალი, რომელსაც ქალები თაყვანს სცემენ, როგორიცაა ოიდიპოსი, დონ ჟუანი, ქრისტე; მამაკაცი, როგორც შემაცდენელი, მონადირე, სახელმწიო მოღვაწე, მენტორი; მამაკაცი, როგორ მეკობრე, მოძალადე და კანონდამრღვევი.

ჩრდილი – მიუღებელი, ცხოველური სურვილებისა და იმპულსების განსახიერება; პიროვნების „ბნელი მხარე“.
პროეცირებული სიმბოლოები (ანტიკური და თანამედროვე) სატანა, ეშმაკები, უცხოები, მტრები, ველური მცეხები,

კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი სამი განსაკუთრებით ცნობილი არქეტიპია ანიმა, ანიმუსი და ჩრდილი.

ანიმა მამაკაცებში არაცნობიერად წარმოდგენილი ქალური საწყისია. ეფუძნება რა მამაკაცების ქალებთან დროთა განმავლობაში ურთიერთობის კოლექტიურ გამოცდილებას, ანიმა ყველა მამაკაცის პიროვნების ფარული ფემინური მხარეა. ანალოგიურად არის წარმოდგენილი ყველა ქალში არაცნობიერი მამაკაცური ასპექტი, რომელსაც იუნგი ანიმუსს უწოდებს.

ანიმა და ანიმუსი სქესთა შორის რეალური ურთიერთობის საზღვრებს ადგენენ, თითოეულ სქესს ესმის მეორის არაცნობიერ დონეზე. ჩრდილის არქეტიპი სხვადასხვა მიუღებელი და სოციალურად აკრძლალული სურვილებისგან და იმპულსებისგან შედგება, რომელიც ცხოვრების უფრო დაბალი ფორმებიდან ევოლუციის შედეგად გვაქვს მემკვიდრეობით მიღებლი.

ცხოველური ჩრდილი ჩვენი პიროვნების „ბნელი მხარეა“, რომლის გაცნობიერებას და აღიარებას ერიდება ბევრი ჩვენგანი. ის მითოლოგიაში დემონების, ეშმაკების სახით გამოიხატება და, როგორც იუნგი ამბობს, ნაწილობრივ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქრისტიანებს პირველადი ცოდვის სწამთ.

როგორც ოიდიპოსის ისტორია ქმნიდა ფროიდისთვის ცხოვრების ნარატივების ინტერპრეტაციის მოდელს, ისე არქეტიპები წარმოადგენენ იუნგიანული ინტერპრეტაციის საფუძველს. თითოეული არქეტიპი ცხოვრებისეული ისტორიის პერსონაჟს ჰყაგვს. იუნგიანული ინტერპრეტაცია, ძირითადად, არქეტიპული პატერნების იდენტიფიცირებას მოიაზრებს, რომლებიც პიროვნების ცხოვრებისეულ ისტორიაში მრავალ განსხვავებულ თემასა და ხატშია განსახიერებული. თუმცა, თუ ფროიდი ოიდიპოსით იყო მოხიბლული და ნარატივებში ტრაგედიის ძებნისკენ იყო მიდრეკილი, იუნგი განსხვავებულ პოზიციას იკავებს და თავგადასავლისა და გმირული ძიებების ნარატიული შესაძლებლობებით ინტერესდება (McAdams, D. P., 2006).

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი