ირინა ურუშაზე -ასთენიის ანუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

0
507

ექიმი-ნევროლოგი ირინე ურუშაძე ისეთ გავრცელებულ ჩივილებს ეხმიანება, როგორიცაა სისუსტე, მუდმივი დაღლილობა, ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვეა, ტკივილი გულის არეში და სხვა. აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან, რომელზეც ექიმი ვრცლად საუბრობს.

– „დედა,იცი რა ვთხოვე თოვლის ბაბუას ამ ახალ წელს?“

– „რა შვილო?“

– „ვთხოვე, რომ ავად გავხდე და სიცხემ ამიწიოს“

– „რატომ გაგიჟდი?“

– „არა, კი არ გავგიჟდი, უბრალოდ, მე რომ ავად ვარ, შენ ცდილობ არ იყო დაღლილი, მეფერები, სამსახურში იგვიანებ და ჩემთან ხარ. მართალია ბევრს სტირი, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს გამოა ეს და არ მეშინია. მეშინია მაშინ, როდესაც არ ვიცი შენი ტირილის მიზეზი“.

ეს საუბარი ერთ ოჯახში მოვისმინე და შევშფოთდი, რადგან ექიმი ვარ, ნევროლოგი და დიდი ხანია ვაკვირდები, როგორ ვცხოვრობთ თანამედროვე დროის შვილები, როგორ მძვინვარებს ჩვენში და შიგნიდან გვწვავს „ქრონიკული დაღლილობის სინდრომი“, რომელიც მეცნიერთა ხანგრძლივი კამათის შემდეგ, 1988 წლიდან შეტანილია დაავადებათა სიაში. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს ვირუსული ხასიათის დაავადებაა, რადგან ამ დროს ეფშტეინ-ბარის ვირუსისადმი ანტისხეულების დონე სისხლის შრატში მომატებულია,ხოლო მეორე ეტიო-პათოგენეზური თეორიის თანახმად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის წყარო-დეპრესიაა. დეპრესიული თეორიის თანხმად ამ სინდრომის არსი ფსიქიკური დარღვევაა, მაგრამ ის, რომ მკურნალობისათვის მხოლოდ ანტიდეპრესანტები შეიძლება უეფექტო იყოს და დაავადების კარგ გამოსავალს ანთების საწინააღმნდეგო არასტეროიდული პრეპარატებიც სჭირდება, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ დაავადების დროს რთული ფსიქო-სომატური პროცესების თანაარსებობას.

ახლა ვნახოთ, როგორია ფორმულირება. ნერვულ-ფსიქიკური სისუსტის შეგრძნებას, რომელსაც თან სდევს ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, თავისა და კუნთების ტკივილი, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ეწოდება. ამ მოვლენას აგრეთვე „მენეჯერის სინდრომს“, „ასთენიურ სინდრომს“ ან „საინფორმაციო ნევროზს” უწოდებენ. მისი კლინიკური სურათი ფსიქიკური ჰიპერესთეზიის (ჰიპერმგრძნობელობის) მოვლენებით ხასიათდება, რაც პირველ რიგში დაღლილობის შეგრძნების აღქმაში აისახება. ჩივილებში პრევალირებს ზოგადი სისუსტე, აუტანელი დაღლილობა, სრული პროსტრაცია, სასიცოცხლა ტონუსის დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი ფუნქციების დაქვეითება, ენერგიის უქონლობა, ჰიპერესთეზია(ჰიპერმგრძნობელობა). ისახება აგრეთვე სენსორული პერცეპცია(აღქმა ): მაგ.სენსიბილიზაცია გარეგან გამღიზიანებლებზე: წყლისა და საათის ხმა, კარების ჭრაჭუნი ან აღინიშნება მომატებული ფიქსაცია ორგანიზმის ცხოველმყოფელობის სხვადასხვა ფუნქციებზე: ნაწლავთა პერისტალტიკა, გულისცემა, ამ დროს აგრეთვე გავრცელებულია კანის საფარველის ჰიპერმგრძნობელობა, როდესაც მტკივნეულია თმის დავარცხნა, ტანსაცმლის შეხება და ა.შ.

ასთენიის ანუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კიდევ ერთი გამოვლინებაა თავის ტკივილი, იგი ცვლადი და მრავალფეროვანია: ზეწოლა, დაჭიმვა, ჩხვლეტები. ასეთი ტიპის ტკივილებს ხშირად “ნევრასტენიკის ჩაფხუტს“ ეძახიან. თავის მკვეთრი მოძრაობის დროს ტკივილი ირადირებს ხერხემლის გასწვრივ და ვრცელდება კიდურებზე. ტკივილის ინტენსივობა მერყეობს და იმატებს ფიზიკური დატვირთვისას, ცუდ ამინდში ან ტრანსპორტით მგზავრობისას. სინდრომს თან სდევს ვეგეტატიური გამოვლინებები; არტერიული ჰიპერტენზია, გულის არეში ტკივილითა და ტაქიკარდიით. ხშირია ვეგეტატიური კრიზები სისუსტის უეცარი შეტევებით, თვალებში დაბნელებით, სიარულის გაძნელებით, სხეულში ვიბრაციის შეგრძნებითა და თავბრუსხვევით.

ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის წამყვანი სიმპტომია. თითქმის მთელი დღე დაავადებულები ძილიანები არიან ,ხოლო მიუხედავად ამისა ღამით სძინავთ ზერელე ძილით, ხშირი გაღვიძებით, სიზმრებით, რომელთა შინაარსია დღის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები.

სტატისტიკა შემაშფოთებელია. აღმოჩნდა რომ პლანეტის მოსახლეობის 2.6%დაავადებულია ქრონიკული დაღლილობის სინდრომით. წლებია მეცნიერები ცდილობენ გასცენ პასუხი, რა იწვევა ასეთ პათოლოგიურ დაღლილობას ადამიანში? უკანასკნელ წლებში გამოქვეყნდა ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევები, რომელთა მიხედვით ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი მიზეზი-მუტაციაა, რომელიც იმუნური უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორების სტრუქტურას ცვლის. ეს კი თავის მხრივ ამტკიცებს რომ მილიონობით ადამიანი დედამიწაზე ასე ძალიან კი არ იღლება სამსახურში, არამედ ავადაა და მისთვის აუცილებელია მკურნალობა. დროული მკურნალობა კი ცხოვრების ნორმალური ტონუსის დაბრუნების საწინდარია. რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ ჩვენს თავში პრობლემას და დროულად მივმართავთ შესაბამის სპეციალისტს(ამ შემთხვევაში ნევროლოგს), მით უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვერევით პრობლემას. როდესაც ასეთი ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უკანასკნელი კალათაა, სადაც შეგვიძლია ბურთი მოვათავსოდ, იმის შემდეგ რაც ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტული თუ ლაბოლატორიული არსენალის გამოყენებით, გამოვრიცხოთ სხვა სახის სომატური პათოლოგია, რომელსაც შეიძლება ქონდეს მსგავსი სიმპტომატიკა და მის ქვეშ იმალებოდეს საყურადღებო დაავადება. ექიმი მოგისმენთ, ექიმი გაგსინჯავთ, ექიმი გირჩევთ და გიმკურნალებთ. ცხოვრება გაგრძელდება უჩვეულო, ხალისიანი და მრავალფეროვანი. ამისათვის გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ:ჯანმრთელობა და მეტი არაფერი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი