ირაკლი ოქრუაშვილის #მესიჯი

0
2816

რატომ ვერ ვაშენებთ სახელმწიფოს?

ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, თვითგადარჩენასთან ერთად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უკავშირდება. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, 21-ე საუკუნეში ისევ დამოუკიდებლობისათვის გვიწევს ბრძოლა. აი, თითქმის 30 წელია დამოუკიდებლები ვართ, თუმცა სრულფასოვანი სახელმწიფო არათუ ვერ შევქმენით, არამედ მისთვის მყარი საძირკველიც ვერ ჩავყარეთ.

ამას ყველა თავის ახსნას უძებნის, მაგრამ მთავარი მიზეზი შემდეგია: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასეულობების შენარჩუნების მიზნები განაპირობებდა. მეტწილად ვიბრძოდით ენის თუ ქრისტიანობის შესანარჩუნებლად, მეფის ტახტის დასაცავად, მომავალი თაობებისათვის, თავადების გავლენისათვის, უცხო იმპერიების გასაძლიერებლად და ა.შ. ხოლო ყოველივე ჩამოთვლილში ვხედავდით დამოუკიდებლობას და მასზე ვიწყებდით სახელმწიფოს მშენებლობას.

წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით, კაცობრიობის პროგრესული ნაწილის მიერ, დღევანდელ დღეს, ფასეულობების ცვლამ ჩვენგანაც მოითხოვა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში კორექტივების შეტანა, მაგრამ ჩვენ დროს ჩამოვრჩით, თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად, ფასეულობები სწორად ვეღარ განვსაზღვრეთ და ამის გამო უკვე 30-ე წელია ვერ ვაშენებთ სახელმწიფოს.

კვლავ “ვიბრძვით”, მაგრამ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ, რადგან მთავარი გვავიწყდება. თანამედროვე სახელმწიფოს მთავარ ფასეულობას და ღირებულებას წარმოადგენს – ადამიანი – განურჩევლად “რამისა”. სახელმწიფოს ვერასდროს სრულფასოვნად ვერ შევქმნით, სანამ ჩვენი საზოგადოების ერთი წევრი მაინც მიიჩნევს, რომ ის კანონის თვალსაწიერიდან განსხვავებულია სხვა ადამიანისგან და უფრო ნაკლებ ფასეულობად განიხილება ვიდრე სხვა.

თანამედროვეობის მეორე და უნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომლის დამკვიდრებასაც მესამე ათწლეულია ასევე თავი ვერ მოვაბით – კანონის უზენაესობაა. ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე უნდა გახდეს მთავარი ფორმულა და ინგრედიენტი სახელმწიფოს საძირკველის მშენებლობისათვის. ისტორიულად ყოველთვის გვქონდა ამბიციაც და პრეტენზიაც, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყავით.

პროგრესული კაცობრიობა უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ სახელმწიფოს მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი, ხოლო ამ მხრივ, ჩვენ ქვის ხანაში ვართ, რადგან ჯერ კიდევ ვერ შევთანხმდით ანბანურ ჭეშმარიტებაზე:

ა) ხელისუფლების წასართმევად ან/და შესანარჩუნებლად ერთმანეთს ტყვიას არ ვესვრით;

ბ) ოპონენტებს აკრძალული მეთოდებით არ ვებრძვით;

გ) არჩევნებს არ ვაყალბებთ;

დ) ……

ე) …….

ვ) ……..

ზ) …..

ჯ) ავადმყოფისათვის განკუთვნილ წამალში პუდრს ან რაიმე უხარისხო ნივთიერებას არ ვურევთ;

ჰ) საბავშვო ბაღებს ვირის და ცხენის ხორცით არ ვამარაგებთ და ბავშვებს არ ვწამლავთ იმის გამო, რომ საკუთარი ჯიბე მეტად გავისქელოთ.

ცარიელი გრაფების შევსება თქვენთვის მომინდია და თქვენი გემოვნებით შეავსეთ იმის მიხედვით, თუ რას არ ისურვებდით საკუთარ ქვეყანაში. ვიდრე ეს ყველაფრი შინაგანი რწმენით არ ჩაჯდება ჩვენს ცნობიერებაში და არა კანონის ძალით, მანამდე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი