,,ჰუმანისტი ადამიანი არ შეიძლება ერთ ძალადობას აღიარებდეს და მეორეზე თვალს ხუჭავდეს”

0
1043

მამარდაშვილს იმის გონება ნამდვილად ჰქონდა, მიმხვდარიყო, ცნობიერების რა ველში იმყოფებოდა მაშინდელი საზოგადოება. როდესაც ამის დანახვა შეგიძლია, დიდი  ფილოსოფია არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ რას მოიმოქმედებს ეს საზოგადოება, რადგან ადამიანის ქმედება ეს არის მისი გონების გამოვლინება. თუ დღესაც იგივე ხდება, რაც ხდებოდა 30 წლის წინ, შეგვიძლია სამწუხარო დასკვნა გავაკეთოთ, რომ დიდად წინ ვერ წავიდა ჩვენი ცნობიერება.

მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ინტელექტუალია თუ არა, რეალურად, მთლიანობაში ნეპოტიზმ-კორუფციულ-კონფორმისტული გონებიდან ვერ გამოვედით. შეხედეთ ნებისმიერი ხელისუფლების მომხრეს, ყოფილის თუ ახლანდელის, დასავლური იდეალების მიმდევრებსა  თუ  რუსული  ნოსტალგიით  შეპყრობილებს, პრინციპში, მნიშვნელობაც არ აქვს რა სახელს დაირქმევენ, თუ მათ ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, შეუძლიათ გაამართლონ ყველა ძალადობა, ყველა უსამართლობა და, პირიქით, თუ მათ პირად კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრება, მათ შეუძლიათ ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ.

აშკარაა, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესების კარნახით არავინ მოქმედებს, არამედ – პირადი კეთილდღეობის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იდეას ვიქადაგებ: წითელ ვაშლებსა თუ სამოთხის მომავალზე, დასავლეთსა თუ ლიბერალიზმზე, რეალურად, ყველაფერი ეს სიტყვების რახარუხი და წრეზე ტრიალია.

ვერაფრით ვხსნი ფენომენს, როდესაც მოქმედი ხელისუფლების მომხრე ებრძვის წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ  დანაშაულს, მაგრამ ამართლებს თავის ფავორიტს, რომელიც წინა  ხელისუფლების შემადგენლობაში იყო ან ემხრობოდა მათ და გულგრილად, ურეაქციოდ უყურებდა უსამართლობას და დღემდე არ სურს სინამდვილეს თვალებში ჩახედოს, სამაგიეროდ, დღეს ის, ადამიანის უფლებებზე საუბრობს.

სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ დღეს საქართველოში ვინმეს აღელვებდეს ადამიანის უფლებები. ჩვენმა ცნობიერებამ ჯერ მაგ მდგომარეობამდე ვერ მიაღწია. იგივეს ვიტყვი ინტელექტუალებზე, აკადემიურ წრეებზე, პოლიტიკოსებზე. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ გავცდით პირადი კეთილდღეობის ინტერესს. სულ ვამბობ, რომ ჩვენ, „გლეხის“ კომპლექსიდან, როგორც ერი, ვერ გამოვედით. გლეხს ვგულისხმობ, როგორც ინდივიდს ფეოდალურ სივრცეში და არა მის სოციალურ სტატუსს. ჩვენ ვგავართ ამ გლეხს, როგორც კასტას ფეოდალურ სივრცეში, რომელიც მუდმივად დაჩაგრული, მუდმივად დაკომპლექსებულია და თავი არარაობად მიაჩნია. აი, ამ მენტალობიდან ვერ გამოვედით.

ამიტომაც არის, რომ თუ ადამიანი მდიდარია და გარკვეული სტატუსი აქვს თანამედროვე საზოგადოებაში, აბსოლუტურად კონფორმისტები ვხვდებით მის მიმართ, თავმოყვარეობასაც კი ვკარგავთ. პოლიტიკას დავანებოთ თავი, ყოველდღიურობაში დააკვირდით ადამიანებს, რა ემართებათ – მათ არ აინტერესებთ ფული როგორ აქვს ამ ადამიანს ნაშოვნი, რა ტრაგედიები დგას იმის უკან. ფული და მორჩა ყველაფერი! ფული და ძალაუფლება! იკეტება გონება.

ეს არის ჩამოუყალიბებელი, ემბრიონში მყოფი ადამიანის მდგომარეობა. აქ კი ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ „პრადვინუტები“ არიან, მაგრამ ჯერ არავინ არის ასეთი. „პრადვინუტობა“ ეს არის ჰუმანიზმი. ჰუმანისტი ადამიანი არ შეიძლება ერთ ძალადობას აღიარებდეს და მეორეზე თვალს ხუჭავდეს. მიზეზებს რა დალევს. გამართლებისთვის მიზეზს იმდენს მოვიტან… ასე რომ, დიდად წინ წასული არ ვართ. იმიტომ არის, რომ ასე ჭირს აქ ცხოვრება, აქ ჭირს სუნთქვა ამდენი სიძულვილის ფონზე. ადამიანი ბრწყინვალე სიტყვით გამოვა, არაჩვეულებრივ მოხსენებას გააკეთებს და ამ დროს, თუ  ხელისუფლებაშია ან ასოცირდება ხელისუფლებასთან, შეიძლება თვალი დახუჭოს არქაულ ქმედებაზეც კი. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი.

ამონარიდი ინტერვიუდან 2019 წ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი