ევოლუციური ფსიქოლოგია

0
286

ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ყველაზე სიღრმისეულად შემსწავლელ მეცნიერებას ევოლუციური ფსიქოლოგია წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულების თანახმად ადამიანის ქცევა განპირობებულია არამხოლოდ დღევანდელი სოციალური გარემოს მიერ, არამედ ძირითადად სწორედ ევოლუციური წარსულის პერიოდით, რა დროსაც ადამიანი ცდილობდა თვითგადარჩენასა და თვითგანვითარებას.

ევოლუციურ ფსიქოლოგიას დარვინის თეორია უდევს საფუძვლად, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი, დღეისათვის შემორჩენილი ცოცხალი არსება (და ზოგადად ბუნებაც) დროიდან დრომდე გარემოს ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა. ცოცხალი არსების მთავარი მიზანი იყო სიცოცხლის შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელი იყო მოწინააღმდეგის დამარცხება, წინააღმდეგობის გადალახვა და აუცილებელი საკვების მოპოვება, რასაც თან სდევდა რეპროდუქციის აუცილებლობა. შესაბამისად ცოცხალი არსების მთავარი მახასიათებელი გახლდათ ყოველდღიური ბრძოლა.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულის გამო ყველა არსება და მათ შორის ადამიანი იწყებს გზის ძიებას თუ როგორ მოახერხოს გარემოში გადარჩენა. ერთის მხრივ ის ივითარებს ადაპტაციის ანუ შეგუებისა და განვითარების უნარს, რადგან გარემოს ცვლილებასთან ერთად მასაც სჭირდება ცვლილება. მაგლითისათვის ცხოველებს, რომლებიც ჩრდილოეთით, უფრო მკაცრი კლიმატის პირობებში მოხვდნენ დაიწყეს დიდი ბეწვის ზრდა, შემდგომში კი ამ ბეწვის გათეთრება, რადგან ერთის მხრივ გაეძლოთ სიცივისათვის და მეორეს მხრივ თოვლიანი გარემოდან გამომდინარე მოეხდინათ გარდაქმნა და მიმსგავსება, რათა უკეთ ენადირათ და თავდამსხმელს დამალვოდნენ. არსებებმა, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს უბრალოდ გადაშენდნენ იმ კონკრეტული ტერიტორიიდან.

მაგალითის მოყვანა შეიძლება ადმიანის ბუნებიდანაც: როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა რომ საკვების მოპოვებისათვის აუცილებელი იყო თავდაცვა ან თავდასხმა დაიწყო ტექნიკური იარაღის განვითარება, ჩამოაყალიბა სოციალური სისტემა, შექმნა იერარქია, დაიწყო კუნთოვანი სისტემის განვითარება, შეეცადა დაკვირვებოდა გარემოს და მიეღო ცოდნა, რადგან ეჯობნა სხვისთვის, რეპროდუქციისათვის მოძებნა საპირისპირო სქესის თავისი შეხედულებით იდეალური წარმომადგენელი და შემდგომ განივითარა ცნობიერი და არაცნობიერი ბუნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა შეძლო დასწავლა და ცოდნის თაობიდან თაობაზე ბუნებრივი გზით გადაცემა. აი მაგალითად ადამიანი ნებისმიერი ცხოველის ღრენის გაგონებასთან ერთად ხვდება რომ არსებობს თავდასხმის საფრთხე და ამის ყოველჯერზე დასწავლა აღარ სჭირდება. ასევე ადამიანმა რომ უნდა განივითაროს კუნთოვანი სისტემა და რომ უნდა იმოძრაოს მაქსიმალურად, რათა შეძლოს და სწრაფად გაექცეს თავდამსხმელს ეს ჯერ კიდევ ჰომო-საპიანსისა და ჰომო-ერექტუსის პერიოდში გახდა რეალობა.

მთელი ევოლუციური გამოცდილება თანდათან აისახა თანამედროვე ადამიანის ცნობიერსა და მის შეხედულებაზე. მაგალითად კარგად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი ადამიანისათვის მიმზიდველი ხდება სწორედ იმის გამო, რომ მას უჩნდება ასოციაცია ჯანმრთელობასა და თვითგადარჩენის შედარებით მაღალ შანსთან. ქალის მკერდი და მისდამი სწრაფვა მნიშვნელოვანია იმით, რომ მკერდი ასოცირდებოდა კვებასთან, ხოლო მისი ზომა კვების რაოდენობასთან და ნაკლებად წარმოადგენდა სექსუალურ ობიექტს. უფრო მეტიც, ტუჩებით კოცნამ შეიძინა ინტიმური თვისება მას შემდეგ, რაც უძველეს დროში საჭმლის გადაცემა ორალური გზით ხდებოდა, მას შემდეგ რაც დედა შვილს სწორედ ამ გზით კვებავდა.

ევოლუციის დამსახურებაა ის, რომ ადამიანს აქვს სწრაფვა გადაადგილების ისეთი საშუალებისაკენ, როგორიც მანქანაა. თუ წარსულში ძლიერი იყო ის, ვინც შეძლო და მოიშინაურა და ნადირობისთვის გამოიყენა ცხენი, აქლემი ან სხვა ცხოველი (და უფრო მეტ ძალას ფლობდა ის, ვისაც უფრო გამძლე და უფრო მძლავრი ცხოველი ჰყავდა) დღეისათვის ყველაფერი ჩანაცვლდა მანქანით.

ევოლუციური ფსიქოლოგიის მიხედვით ადამიანმა სწორედ დროთა განმავლობაში, გარემოსგან დაკვირვებით ჩამოიყალიბა გემოვნებაც კი, მაგრამ საინტერესოა ის გარემოება, რომ ევოლუცია როგორც პროცესი და გარემოს ცვლილება და მასთან ადაპტაცია დღემდე გრძელდება, შესაბამისად შეხედულებებისა თუ გარეგნობის ცვლილება ბუნებრივია, თუმცა ის პირველადი გამოცდილება ისევე არ დაიკარგება, როგორც ის რომ ხმაურისას ყურებზე ხელის აფარება და მკვეთრი სინათლისას თვალის მოხუჭვა არ გაქრება ინდივიდის მახასიათებლებიდან, თუ რა თქმა უნდა ამასთან მიმართებითაც სხვა ბუნებრივი დამცავი მექანიზმი არ შემუშავდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი