დიმიტრი უზნაძე – ცხოვრების აზრი

0
805

ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოში ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი, საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, 1917-1919 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლის 26 მაისის «საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის» ერთ-ერთი ხელისმომწერი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი უზნაძე (1886-1950)

როდესაც რომელიმე ფაქტის ნამდვილი არსებითი ხასიათის გაგება გვინდა, ადამიანის გონებას როდი უნდა მივმართოთ. იგი უძლურია განჭვტრიტოს მოვლენათა არსი. მას მხოლოდ ზედაპირულ თვისებებზე უჭირავს თვალი. სულ სხვაა მოვლენათა არსებითი აბსოლუტური გარდაუვალი ბუნების ჩვენი პირდაპირი უშუამავლო გულის სიღრმიდან ამოხეთქილი შეფასება. მხოლოდ ასეთი შეფასებაა სანდო და ეჭვმიუდგომელი და, სწორედ ამგვარი იყო სიკვდილის შეფასება, რომელიც ჩვენს არსებობას ომის საშინელებათა ქარიშხალმა გულის სიღრმიდან ამოაკვნესინა ჩვენს არსებაში, მის დროს ცალკეული ადამიანის სიკვდილი შიშს აღარ იწვევს. გამოდის, ჩვენი სიცოცხლე ჩვენი არსებობის მიზანი კი არ ყოფილა, არამედ საშუალება, რომელიც მის გარეშე გაშლილ ობიექტურ მიზანთა აყვავებას ემსახურება და ზვარაკად ეწირება.

ჩვენი არსებობის დანიშნულების ეს ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად სჩანს. თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისთოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება. მაშინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიპიადსა და კრასს, კატილინასა და ლუკულს, მაშინ მაჰმადი და ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომაელთა წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა ამათ წინაშე როდი იხრის ქედს, მათ სახელებს როდი აღბეჭდავს ოქროს ასოებით თავის მეხსიერების დაფაზე. მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა. მხოლოდ ასეთთა ცხოვრებაა ჩვენთვის საყურადღებო და ისიც იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ეწეოდნენ.

ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორიული წარსული შემდეგი სურათის სახეს იღებს. წარმოიდგინეთ უდიდესი ბალავერი, რომელზედაც უნდა აიგოს დიდი ნაგებობა და ამ ბალავრის გარშემო მილეთი ხალხი. ათასი და ათიათასი ადამიანი ირევა ამ მომავალი შენობის საფუძველზე. ზოგს მძიმე ლოდი გაუდვია ზურგზე და ბალავრისკენ მიისწრაფვის, მეორე კირს და სილას ეზიდება იმავე ადგილისაკენ, ზოგი კიდევ გარს დახვევია ბალავერს და ნიჩბითა და ჩაქუჩით, ლომებითა და ბარით მოძრაობის კორიანტელს აყენებს მის გარშემო. ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით იქვე გაშენებულ ბაღში კი მრავალი ფერადებში გამოწყობილი ქალი და კაცი მხიარულების ჟრიამულებით, ცეკვითა და სიმღერით განცხრომას მისცემიან. მათ სახეს სიამოვნებისა და კმაყოფილების ბეჭედი აზის და ისინი განცვიფრებით და დაცინვით მისჩერებიან იმ საკვირველ ადამიანებს, რომელნიც იქ რაღაც არაჩვეულებრივი ფუსფუსით ბალავერს და რაღაცას აშენებენ; რატომ და რისთვის რომ კითხოთ, თვითონაც ვერ გეტყვიან. ამიტომ მათ სულელებად და გიჟებად მიაჩნიათ ის ადამიანები, თავიანთ ორი დღის სიცოცხლეს ასე უაზროდ რაღაც შენობის აგებას რომ ანდომებენ.

ჩვენი ისტორიული წარსულიც სწორედ ასეთი მუშაობაა. ჩვენც გვაქვს ასაღები რაღაც დიდი შენობა, რომელიც ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც მთელი ჩვენი ძალღონე უნდა მოვახმაროთ. ჩვენი მოვალეობა ამ სახით იმთავითვე განსაზღვრულია. გასაკვირველი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ინსტიქტურად ისეთ პიროვნებებს აღნიშნავს ყურადღებისა და თაყვანისცემის ღირსად, რომელნიც მთელ თავიანთ ძალღონეს ასეთი შენობის აგებას ახმარენ, ხოლო ისეთნი, რომელთაც ამგვარი შენება სისულელედ და სიგიჟედ მიუჩნევიათ,

რა გასაკვირია, რომ ჩვენი მეხსიერებიდან უგზოუკვლოდ ქრებიან, მაგრამ რა არის ეს შენობა, კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი მთელ ძალღონეს რომ ახმარს? ჩვენ მას კულტურული შემოქმედების სახელით აღვნიშნავთ, მაგრამ ხშირად კულტურული შემოქმედების ცნების შინაარსი ან სრულიად გაურკვეველია, ან განსხვავებულ განმარტებებს ვაძლევთ. ყოველ შემთხვევაში, უეჭველია, რომ ეს ცნება ჯერ კიდევ პრობლემატურია და გადაწყვეტას მოელის.

ისტორიულად ცნობილია ორი მოპირდაპირე განწყობილება კულტურის ფაქტისადმი. რუსო და ტოლსტოი კულტურის მოწინააღმდეგედ გამოდიან, უარყოფითი თვალსაზრისით უყურებენ კულტურას. მათი აზრით, კულტურა კაცობრიობისათვის უკან დახევაა, ვიდრე წინსვლა. ამიტომ ისინი უკან გვიხმობენ კულტურული ცხოვრების პირველყოფილი საფეხურისაკენ. ამ მოაზროვნეთა ღრმა რწმენით, ადამიანთა მოდგმის განვითარება და გაუჯობესება არ მოაქვს კულტურულ ცხოვრებას. ამიტომ მათთვის კულტურა სრულიად არ ნიშნავს განვითარებას. უმეტესობა კი დარწმუნებულია კულტურული ცხოვრების ღრმა მნიშვნელობაში, მაგრამ არ სწამს მისი განვითარების შესაძლებლობა. ასეთების შეხედულებით კულტურული ცხოვრება სრულებით არ დგას პროგრესის გზაზე, არ მდიდრდება და ფართოვდება დროის მსვლელობასთან ერთად.

ძველ ელინთა მდიდარი კულტურა გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე საშუალო საუკუნეების, მაგრამ განა შეედრება ელინთა კულტურის სიღრმე და სიმაღლე საშუალო საუკუნეების ბნელით მოცულ კულტურულ ცხოვრებას? მოკლედ, ასეთების აზრით, კულტურა არ დგას მუდმივი განვითარების გზაზე.

მართლა რომ ჩავუკვირდეთ კულტურული ცხოვრების წარსულს, თითქოს დავრწმუნდებით, რომ კულტურული ცხოვრების წინსვლა არსებითი განვითარება არ უნდა იყოს. განა ხშირი არაა ჩვენს წარსულში მომენტები, როდესაც ზერელე მეთვალყურე უეჭველი უკუქცევისა და უკან დახევის ფაქტს აღნიშნავს. ავიღოთ თუნდაც ელინთა და რომაელთა მდიდარი კულტურის დამხობა და მის ნანგრევებზე ბარბაროს გერმანელთა მარტივი ცხოვრების ფორმათა აღმართვა, რომელსაც ასე ხშირად უთითებს ყველა უარმყოფელი, მაგრამ საკმარისია მეტი ყურადღებით ჩავუკვირდეთ კულტურული ცხოვრების მოძრაობას და მაშინათვე აღმოვაჩენთ იმ ძირითად შეცდომას, რომელზეც დაფუძნებულია კულტურული ცხოვრების შეუძლებლობის შესახებ ეს აზრი.

მართლაც, განა აშკარა არ არის, რომ აქ ერთ კულტურულ მთლიანს გულისხმობენ, რომელიც ერთ ხაზისებურ მიმართულებას უნდა მისდევდეს. მაგრამ სინამდვილეში ასეთი ერთი კულტურა არ არსებობს, არ არსებობს სწორედ ისე, როგორც არ არსებობს რეალურად ერთი კაცობრიობა, რომელსაც აუცილებლად გულისხმობს ერთი საკაცობრიო კულტურის ცნება. პირიქით, არსებობს სწორედ იმდენი კულტურული მიმდინარეობა, რამდენი ეროვნებაც ცოცხლობს და ეს იმიტომ, რომ, როგორც ქვევითაც გავარკვევთ, კულტურული შემოქმედების სუბიექტი შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული ეროვნული ერთეული იყოს. და თუ ეს მართლა ასეა, თუ არსებობს ერთი საკაცობრიო კულტურული უკან დახევა ელინთა და რომაელთა კულტურასთან შედარებით, სრულებით არ ამტკიცებს საზოგადოდ კულტურული ცხოვრების განვითარების შეუძლებლობას.

ეს ფაქტი მოლოდ იმ გარემოებაზე მიგვიგებს, რომ საისტორიო ასპარეზზე ახალი, კულტურულად ჩამორჩენილი ეროვნება გამოსულა. თვით ელინთა კულტურას ამით არაფერი დაუკარგავს; ფიდიას და პრაქსიტელეს ხელოვნურ ნაწარმოებთ იგივე მშვენიერება შერჩათ, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიურ იდეათ იგივე შორსმჭვრეტელობა და სიღრმე დარჩათ, რაც მათ ამ ახალ ეროვნებათა გამოსვლამდე ჰქონდათ და თვით გერმანელთა ტომების გამოსვლა კულტურის ასპარეზზე ხომ მომასწავლებელი იყო მათი კულტურული ცხოვრების განვითარების გზაზე შედგომისა; და ამიტომ საშუალო საუკუნეების ისტორია უფრო კულტურული ცხოვრების შესაძლებლობას ამტკიცებს, ვიდრე მის შეუძლებლობას.

ამ სახით, როდესაც კულტურის განვითარების შესახებ ვლაპარაკობთ, აუცილებლად სახეზე უნდა გვქონდეს ერთი რომელიმე განსაზღვრული ეროვნების კულტურული ცხოვრება. და თუ აქაც აღმოჩნდა ფაქტი აშკარა უკან დახევისა და უკუქცევისა, მხოლოდ მაშინ შეიძლება კულტურის განვითარებაში ეჭვის შეტანა. ძველმა საბერძნეთმა ფილოსოფიურ აზროვნებასა და ხელოვნებაში განვითარების უმაღლეს ფარგლებს მიაღწია, ხოლო ბიზანტიური ფილოსოფია და ბიზანტიური ხელოვნება, თუმცა იგი იმავე ბერძენთა ტომების კულტურულ გენიას ეკუთვნოდა, უფრო პირველყოფილისა და სადა ხასიათის აღმოჩნდა. ჩანს, აქ ბერძენთა კულტურული შემოქმედების აშკარა უკუქცევასთან გვქონდა საქმე.

მაგრამ ჩუაკვირდით ბიზანტიურ ხელოვნებასა და ფილოსოფიას და თქვენ აღმოაჩენთ, რომ ბიზანტიური აზროვნება და ბიზანტიური ხელოვნება სულ სხვა ხასიათისაა, ვიდერე ფილოსოფია და ხელოვნება ძველი ელადისა. ამ უკანასკნელის მოტივები და პრობლემები სულ სხვა სფეროს ეკუთვნის, ვიდრე პრობლემები და მოტივები ბიზანტიური ფილოსოფიისა და ხელოვნებისა. იქ საეროვნო ხასიათის მოტივები და პრობლემები იყო ასახსნელი, აქ კი რელიგიურისა და ქრისტიანულის. ჩანს, კულტურული ინტერესი იქ სხვა მიმართულებას მისდევდა, აქ კიდევ სხვას. ამიტომ აშკარა შეცდომას ჩავიდენთ, თუ ბიზანტიურ ხელოვნებასა და ფილოსოფიას ძველი ელადის ფილოსოფიური აზროვნებისა და ხელოვნების გაგრძელებად ჩავთვლით. ბიზანტიური რელიგიური ფილოსოფიისა და რელიგიური ხელოვნების ჩანასახი მართლაც არსებობდა ძველ საბერძნეთში და თუ საზოგადოდ შესაძლებელია ბიზანტია თავისი ხელოვნებითა და ფილოსოფიით ძველ ელადას შევადაროთ, ამ შედარების დროს მხოლოდ კი ბიზანტიამ დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების გზაზე, ხოლო საეროვნო მოტივები და პრობლემები ბიზანტიურ კულტურას აღარ აინტერესებდა და ამ მხრივ მისი კულტურული ცხოვრება თითქოს უკან დახევის ხასიათს ატარებდა.

ამგვარად უნდა გვახსოვდეს, რომ კულტურული განვითარების პროცესში ორგვარი მიმართულება არსებობს: ერთი არის გაღრმავება და სრულყოფა ერთისა და იმავე პრობლემისა და მეორე კიდევ წამოჭრა ახალი პრობლემისა და დაპყრობა ახალი საკულტურო სფეროებისა. ორივე მიმართულება კულტურულად თანასწორი ღირებულების მიმართულებაა და ამიტომ განვითარების თვალსაზრისით ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც, განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ინტენსიური ხასიათისაა, მეორე კი ექსტენსიური, მაგრამ ამით, რასაკვირველია, არ ვამტკიცებთ, თითქოს ეროვნულ კულტურას საერთოდ არ ახასიათებდეს სრული შეჩერება და ზოგჯერ უკან დახევაც. თანამედროვე საბერძნეთი, ან საბერძნეთი ოსმალეთის ბატონობის დროს, ძველ ელადასთან და თუნდაც ბიზანტიასთან შედარებით, არც ერთი მხრივ არ არის კულტურული წინსვლა, მაგრამ აქ თვით კულტურას არავითარი წილი არ უდევს, მიზეზი გარეშე ხასიათისაა და იგი იმაში მდგომარეობს, რომ ბერძენთა ეროვნულმა სულმა შემოქმედებითი ძალა დაკარგა, რომ იგი ოსმალთა ბატონობის ქვეშ სრულიად გამოიფიტა, დროებით მოისპო კიდეც და რა გასაკვირია, რომ ბერძენთა კულტურული ცხოვრება ოსმალთა თარეშობის დროს შეჩერდა და უკანაც დაიხია. ვისთვის უნდა მოგვეთხოვა, საბერძნეთის ეროვნული სული აღარ არსებობდა. ამგვარად ცხადია, რომ განვითარება ასე თუ ისე მაინც იკვლევს გზას ადამიანთა არსებობის რთულ პირობებში. ხშირად იგი დიდი ხნით ჩერდება, გვერდზე უხვევს და ზოგჯერ არც უკან დახევას არ ერიდება, მაგრამ იგი საერთოდ თავისას აკეთებს და ბოლოს და ბოლოს თავის უეჭველ ფაქტიურობას მაინ არ კარგავს. მაგრამ როგორ არის განვიტარება შესაძლებელი?

როდესაც განვითარების შესახებ ვლაპარაკობთ, აუცილებლად ვგულისხმობთ ზრდას, ახალი ფორმებისა და მომენტების შემოქმედებას. ამ სახით განვითარება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ასეთ ზრდას არსებითად არაფერი ეღობება.

ავიღოთ ნივთიერი, არაორგანული ბუნება. არის თუ არა აქ განვითარება შესაძლებელი? თანამედროვე მეცნიერების ღრმა რწმენით, მთელი არაორგანული ბუნების ქვაკუთხედს ნივთიერებისა და ენერგიის შენახვის პრინციპი წარმოადგენს. ამ პრინციპის ძალით იქ არაფერი იკარგება და არც არაფერი ჩნდება. მაშასადამე, ზრდა, ახალი ნივთიერებისა და ენერგიის გაჩენა ან განვითარება იქ იმთავითვე უარყოფილია. მაგრამ განვითარება მარტო ზრდას კი არ გულისხმობს, მისთვის აუცილებელია აგრეთვე შემოქმედების ცნება. ნივთიერს, ორგანულ მსოფლიოს კი ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ, როდესაც შემოქმედება მოქმედებს, აქტიურ ძალას მოითხოვს. ამგვარად, განვითარება არც ამ მოსაზრებით არის შესაძლებელი ნივთიერ მსოფლიოში.

განვითარების ცნება ლოგიკურად დაუსრულებლობის შესაძლებლობას შეიცავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი მარტო ერთ განსაზღვრულ მოვლენას კი არა, მთელი ცხოვრების პროცესს ეხება. ასეთი დაუსრულებლობა კი შეუძლებელია იქ, სადაც ენერგიის ნივთიერების რაოდენობა იმთავითვე ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულია. მაშასადამე, არც ამ მიზეზის გამო შეიძლება არაორგანულ მსოფლიოში განვითარების ფაქტი ვაღიაროთ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად მარხია განვითარების ცნებაში. ეს ის შეფასებაა, რომელიც განვითარების ყოველ ცალკე საფეხურზე ზრდასა და იდეალურ მიზანთან დაახლოებას აღნიშნავს. ასეთი შეფასება კი შეუძლებელია თავისთავად ერთბაშად პასიურსა და მკვდარს არაორგანულ მსოფლიოში.

მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, თითქოს განვითარების ფაქტი საზოგადოდ შეუძლებელი იყოს; საქმე ისაა, რომ უეჭველად არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ თვისებით, განვითარების შესაძლებლობისათვის რომ აუცილებელი პირობაა. ეს ის აქტიური მომენტია, რომელიც ჩვენთვის სულიერობის სახელით არის ცნობილი. სულმა იგივეობა და უცვლელობა არ იცის; პირიქით, მისი მდგომარეობის ყოველი ახალი მომენტი ახალი შინაარსის შეძენაა, რომელსაც იგი ძველს უმატებს. და ეს საკვირველი თვისება სულისა ყველასთვის ნათლად მეხსიერების ნიჭში ვლინდება. სულის ამოქმედება თავისთავად, ავტონომიურად ხდება. იგი მსოფლიო არსებობის აქტიური მომენტია, რითაც ძირიანად განსხვავდება პასიური მსოფლიო უმოქმედობისაგან, რომელიც უძლურია თავისთავად რაიმე მოქმედება გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია შემოქმედები პრინციპი იყოს. მაგრამ სული იმავე დროს, როგორც უსაზღვრო აქტივობა, დაუსრულებელი სწრაფვით ხასიათდება. მაშასადამე, იგი აბსოლუტური მომენტია მსოფლიოში, მაგრამ აბსოლუტური მისწრაფებით, შესაძლებლობით. ეს გარემოება კიდევ უფრო ნათლად ამტკიცებს, რომ განვითარება, რომელიც, როგორც დავინახეთ, დაუსრულებლობას გულისხმობს, შეიძლება მხოლოდ სულზე იყოს დამოკიდებული.

მაგრამ ეს სული თავისი მისწრაფებით უსაზღვროა, რად არ არის განხორციელებული აბსოლუტი? რა უნდა მას, რად ისწრაფვის უსასრულოდ ან საით მიისწრაფვის იგი?

ძველი ფილოსოფოსების აზრით (პლატონი, არისტოტელე), სული ნივთიერებით არის შემოფარგლული. ამიტომ იგი სრული არ არის. იგი მხოლოდ მიისწრაფვის ისეთი სრულყოფილებისაკენ, რომელიც მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც სული დაძლევს და მოსპობს ნივთიერებას. მაშინ სულის მისწრაფებას წერტილი დაესმის და განვითარების პროცესი დასრულდება. ასეთია ძველი აზროვნება.

დღევანდელი მეცნიერება კი აშკარად გვეუბნება, ნივთიერების მოსპობა შეუძლებელიაო. ჩვენს უნდა ვისარგებლოთ მეცნირების მოწმობით და უნდა ვაღიაროთ ნივთიერების მოულპობლობა. მაშასადამე, სული ანუ აქტიური მომენტი მსოფლიოში მუდამ უნდა ებრძოდეს ნივთიერებას ანუ მსოფლიოს პასიურ მომენტს, და სწორედ ამ მუდმივი ბრძოლის აუცილებლობაა, რომ დაუსრულებელ განვითარებას შესაძლებლად აქცევს. მაგრამ ეს ბრძოლა თუ მუდმივი უნდა იყოს და იგი პასიური მომენტის სრული მოსპობით ვერასოდეს ვერ უნდა დასრულდეს, მაშინ ცხადია, ამ ბრძოლას მხოლოდ თანდათანი შერიგება უნდა ჰქონდეს მიზნად – შერიგება აქტიური მომენტისა მსოფლიოში პასიურთან. ეს უკანასკნელი თანდათან გამჭირვალე უნდა გახდეს აქტიური მომენტისათვის, იგიც დაემსგავსოს აქტიურ მომენტს, ასე ვთქვათ, განსულიერდეს. ასეთი განსულიერებული ნივთიერების ნიმუშს ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს: იქ სული თითოეულ უჯრედში არის შეჭედილი და ამ სახით თითოეული უჯრედი ცოცხალი, აქტიური არსებაა. სწორედ ასეთივე ხასიათისაა მსოფლიო აქტიური მომენტის მისწრაფება; იგი უნდა შეიჭრას მთელ ნივთიერ, პასიურ სამყაროში და მთელი მსოფლიო ადამიანის ორგანიზმისებურ ცოცხალ არსებად უნდა გადააქციოს; ასეთია მთელი კულტურული შემოქმედების აზრი. ასეთია კულტურული განვითარების შინაარსი.

მართლაც, რა არის კულტურა, თუ არა პასიური მომენტების ასეთი განჭვრეტა, განსულიერება აქტიურის საშუალებით? აიღეთ მეცნიერება! უცნობი და შეუცნობელი ჩვენი გონებისათვის რაღაც პასიურ, უძრავსა და უსარგებლო სფეროს წარმოადგენს. მაგრამ როგორც კი შევიცნობთ მას, ის უკვე უცხო და უმოქმედო არაა ჩვენთვის, მისით ვსარგებლობთ, მას ვიმსახურებთ ჩვენი მიზნების თანახმად.

აიღეთ ხელოვნება! გარე ბუნების მკვდარი მასალა, შავი მარმარილო ან ფერადი ხელოვანი შემოქმედის სულის შთაბერვით სულიერ არსებად იქცევა. რა არის ვენერა მილოსელი ან სხვა რომელიმე ქანდაკება, თუ არა სულიერი არსება! აქ სხეული ნივთიერებაა (მარმარილო) და სული ხელოვანის იდეაა, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მასალაში. ამიტომ ეს მასალა უკვე აღარაა პასიური, მკვდარი მომენტი; იგი განსულიერებულია ხელოვნური ნაწარმოების იდეით, რომელიც მხოლოდ მის საშუალებით ცოცხლობს.

აიღეთ ჩვენი კულტურული ცხოვრების ყოველი სხვა სფერო, თქვენ ყველგან იქნებით აქტიური სულის პასიურ მომენტებთან ბრძოლის და პასიურის აქტიურთან შერიგების მოწმე. თქვენვე ყველგან დაინახავთ მთელი მსოფლიოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერების ძარღვებში სულის შეჭრას, მისი სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას.

ასეთია კულტურული შემოქმედების აზრი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი და დანიშნულება. პირველი შეხედვით, ჩვენი არსებობისა და მოქმედების დანიშნულების ასეთი გაგება თითქოს წააგავს ხორცზე სულის ბატონობის ძველ იდეალს, მაგრამ ხორცის ქრისტიანული დამცირება და მოსპობა ისე, როგორც ეს ძველ ასკეტიზმში გამოიხატა, მიმართული იყო მთელი არსებული ცხოვრების უარყოფისაკენ. ეს ცხოვრება ხომ ეშმაკის სამკვიდროა, ამიტომ მისი მიყოლა უაზრობაცაა და სახიფათოცო, ფიქრობდა ქრისტიანული ასკეტიზმი და მთელი თავისი ძალღონით კულტურული შემოქმედების საწინააღმდეგოდ გამოდიოდა. მისი იდეალი გადატანილი იყო მომავლის, საიმქვეყნო ცხოვრების ფარგლებში და აქ – სააქაოს – მას მხოლოდ საიქიოზე ზრუნვა დარჩენოდა.

სულ სხვაა შეხედულება ცხოვრებისა და არსებობის დანიშნულებაზე და მიზანზე. იგი სააქაოს მოსპობისაკენ კი არ მიგვაქანებს: პირიქით, მისი ცდა იქით არის მიმართული, რომ სააქაო როგორმე აამაღლოს, იგი როგორმე გააქტივოს. მისი იდეალი, მაშასადამე, სააქაო ცხოვრებაა და არა საიქიო არსებობა. ამიტომ ცხოვრების აზრის ჩვენი გეგმა მიწიერი არსებობის განმტკიცებაა, მისი უაღრესობის აღსარებაა, მისი მიმდინარეობის კურთხევა და მისი მნიშვნელობის გააბსოლუტურებაა. აქ თითქოს რელიგია ციდან მიწაზე ეშვება. საიქიოს ცხოვრება ჩნდება და სააქაო თვით იღებს რელიგიურ სანქციას. დაბადების წარმოდგენით, ადამიანი შემოქმედების გვირგვინით ღვთაებაა. ღმერთმა იმით დაასრულა თავისი შემოქმედების პროცესი, რომ მან ადამიანის არსებაში საუკეთესოდ შეარიგა სული ხორცს, აქტიურობა – პასიურობას. სამაგიეროდ, ნივთიერების მთელი დანარჩენი მსოფლიო განუსულიერებელი დატოვა და ამით თითქოს იმთავითვე განსაზღვრული დანიშნულება მისცა ადამიანის არსებობას; სწორედ იმგვარივე შერიგება აქტიური მომენტისა პასიურთან, როგორიც მან ადამიანის ორგანიზმის შემოქმედებით გვიჩვენა.

ამგვარად, ჩვენი დანიშნულება ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულებაა, ღვთისგან დაწყებული მსოფლიო შემოქმედების გრძნობაა. და თუ ეს ასეა, მაშინ ცხადია, ჩვენს გამუდმებულ ფუსფუსს, დაუღალავ შრომას მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენს დროულ ცხოვრებას – ღრმა აზრი და ამ უკანასკნელს კიდევ რელიგიური ღირებულება.

«ომის ფილოსოფია», ამონარიდი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი