ნონა ხიდეშელი: არასრულფასოვნება – გაუცნობიერებელი პროცესები საკუთარ სულში

0
1319

კარლ გუსტავ იუნგს თავის ერთ-ერთ ლექციაში, განხილული აქვს ერთი პაციენტის სიზმარი, რომელიც შემდგომ საბედისწერო აღმოჩნდა ავადმყოფისთვის. იუნგი ამ სიზმარს უწოდებს არქეტიპულს და ხსნის მითოსისა და ქრისტიანული ელემენტების მიხედვით. ვინც იცნობს ზ.ფროიდისა და კ.გ.იუნგის შრომებს სიზმრების შესახებ, ალბათ ეცოდინება რაოდენ დიდი დაკვირვება ჩაატარეს მათ, სულიერად  დაავადებული პაციენტების სიზმრებზე.

კ.გ იუნგი საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის სულიერი (ფსიქიკური) და ფიზიკური განკურნების გასაღები, ჩვენივე აზროვნების სტრუქტურაშია, რაც უფრო დაშორებულია ცნობიერი არაცნობიერს,  სურვილები  შესაძლებლობებს,  მით მძიმეა ადამიანის ფსიქიკური პროცესები და შესაბამისად დაავადებებიც.

მე არ შევეხები მთელს იმ მითოლოგიურ სიუჟეტებს, რაც იუნგს აქვს გამოყენებული, მაგრამ ნიშანდობლივია ერთი რამ, ყველა ასეთი ტიპის პაციენტზე დაკვირვებისას, მინიშნება ადამიანის ფსიქოლოგიურ “მთლიანობაზე,” იკვეთებოდა კოლექტიურ არაცნობიერში, ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს მთლიანობა თვით ქრისტეა და განკურნების პროცესიც მასთან ზიარებაშია, ანუ მისი მდგომარეობის მიღწევასა და გაცნობიერებაში, არა გარეგნულ იმიტაციასა და რიტუალებში, არამედ შინაგან განცდებში.

ჯვრის ოთხი მხარე სწორედაც სიმბოლოა ადამიანის ერთიანობის,  სრულქმნილების, ღმერთთან შეერთების, რადგანაც მხოლოდ ერთ მთლიანობად ქცეული ადამიანი აღწევს უმაღლეს ნეტარებას. ამისათვის აუცილებელია შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და საკუთარი ცნობიერისა თუ არაცნობიერის კარგად გაგება. იუნგი წერს:,,სიღრმეში ჩასვლა გზაა განკურნებისკენ, ესაა გზა მთელი ყოფიერებისკენ, განძისკენ, რომელსაც მარად დაეძებს ტანჯული კაცობრიობა და რომლის იდუმალებით მოცულ ადგილსამყოფელსაც საშინელი, შემზარავი რაღაც დარაჯობს. ესაა პირველყოფილი გაუცნობიერებლობისა  და ამავე დროს შვებისა და ნეტარების ადგილი _ ის ხომ ერთიანობის მარგალიტს შეიცავს. ეს არის ადგილი სადაც შესაძლებელია კვლავ გამთლიანდეს პიროვნების ყველა გამოყოფილი ნაწილი.”

ვინც აღმოსავლურ რელიგიურ თუ ფილოსოფიურ სწავლებებს იცნობს, მისთვის ალბათ აქ ახალი არაფერია, რადგან ყველა აღმოსავლური მოძღვრება დაფუძნებულია ადამიანის შინაგანი სამყაროს გაცნობიერებასა და გააზრებაზე.  მედიტაცია სხვა არაფერია, თუ არა დაკვირვება გონებაში მიმდინარე პროცესებზე, ფიქრებსა თუ შეგრძნებებზე. ყველა რელიგია სწორედ ადამიანის შინაგან გარდაქმნაზე ქადაგებს და ამისკენ მიუთითებს, მაგრამ რატომღაც ადამიანმა ყველაფერი მხოლოდ გარეგნულ ქმედებებამდე დაიყვანა, რიტუალებისა და წეს_ჩვეულებების დონემდე.

ადამიანმა, რომლის გონებაც მიმართულია გარეგნულისკენ, ანუ ღმერთს ეძებს “გარეთ”, როგორც უნივერსალურ არსებას და მთელი მისი ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ყოფნა-არყოფნა დამოკიდებულია ამ ღმერთის შეწყალება–არშეწყალების ფაქტზე, შესაძლებელია საერთოდ ვერ განიცადოს სულიერი პროგრესი, განსხვავებით იმისგან, ვინც ღმერთს “ხედავს” საკუთარ სულში და ზუსტად იცის, რომ ყოველი უარყოფითი ემოცია, აზრი თუ ქმედება, მიუხედავად ღმერთის უსაზღვრო მოწყალებისა, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება.

გონიერი ადამიანი, თავის ცხოვრებაზე დაკვირვებით, კარგად მიხვდება, რომ ღმერთის წყალობას მარტო ლოცვითა  და მარხვით ვერ მოიპოვებს, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარი არასრულფასოვნება უნდა შეიცნოს და გაიაზროს. ჩვენ, ამბობდა კ.გ.იუნგი, გაცილებით უკეთ ვართ დაცული მოუსავლიანობის, წყალდიდობის, ეპიდემიისა და ომებისგან, ვიდრე ჩვენი საკუთარი სულიერი არასრულფასოვნებისგან. ეს არასრულფასოვნება სხვა არაფერია თუ არა გაუცნობიერებული პროცესები საკუთარ სულში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი