თაკო ესებუას #მესიჯი პასუხგაუცემელი კითხვებით არის სავსე სამყარო

1
2121

ყოველი დღე განსხვავებულია, ისეთი, რომ ვერაფერს ვერ ამსგავსებ, წარმოუდგენელი ცნობიერებით ივსები ერთ დღეს, მეორე დღეს კი იცლები. ტკივილი, განცდა, პათეტიკა, გაურკვევლობა,..

საოცარია გამოღვიძების შეგრძნება, როცა გამოღვიძებულ ფონზე აანალიზებ მძინარე მდგომარეობაში მომხდარ პროცესებს. აზროვნებ იმ დროს, როცა ამის თვითონაც არ გჯერა. სრულიად გაუცხოებული ხარ საკუთარ თავთან, საიდანღაც ჩაგესმის იდეები, რომლებიც უბრალოდ უნდა აღიარო, წარმოსთქვა – სხვა გზა არ გაქვს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ვერ ერწყმი საკუთარ თავს, ვერ ადაპტირებ და გაურკვევლობაში მყოფი ყველაფრის გარკვევას ერთდროულად ცდილობ. ცდილობ და შედეგად კი ეტაპობრივად პასუხობ შენს დასმულ შეკითხვებს. იცვლება ყველა და ყველაფერი, თან ძალიან სწრაფად, იმაზე სწრაფად იაზრებ, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია და ამ დროს უბრალოდ დუმხარ,.. არ გინდა ფიქრი, გინდა, რომ შეწყდეს, თუმცა ისიც კი არ იცი ეს როგორ ხდება, ან საერთოდ პროცესში თუ წყდება.

წარმოუდგენელ სივრცეში ისე იკარგები ყველაფერი გავიწყდება, სივრცეც თითქოს შენგან დამოუკიდებლად იქმნება. ყველაფერთან ერთად ცრემლი გერევა, თითქოს შიში გაქვს სხვა სივრცისა თუ სპექტრის, მაგრამ თანდათანობით ეჩვევი ისე, რომ წამოსვლაც აღარ გინდა.

დგება მომენტი, როცა კვლავ მარტო რჩები, თუმცა უკვე გაურკვევლობაში ხარ, რადგან დამოკიდებულება შეგეცვალა. გაქვს გაუცხოება იქ, სადაც აქამდე არ გქონდა და ადაპტირდი გარემოში, რომლისაც ასე გეშინოდა. გაკვირვებული შესცქერი სოციუმის მიერ შექმნილ და თავს მოხვეულ სამყაროს და იმ სივრცეში, სადაც აქამდე ვერ ამჩნევდი ამდენ სიყალბეს  ახლა უბრალოდ არ ხედავ, თუმცა მაინც გრძნობ.

ყველაფერთან ერთად სიამოვნებას იღებ საკუთარი რადიკალით, რაც გაფიქრებს. გრძელ ბილიკზე მიმავალს არსად გინდა გახედვა, რადგან არ ხარ მიმდევარი, ხარ უბრალოდ ინდივიდი, რომელიც თავის ჩრდილს მიჰყვება –  საოცარია. თუმცა, მხოლოდ მაშინ უახლოვდები დასასრულს, როცა გაივლი მნიშვნელოვან ეტაპს შენი ცხოვრებისას; შეაღწევ იქ, რაზეც წარმოდგენაც არ გქონდა.

სამყარო რომლის ბილიკზეც გადიხარ, რომელიც მრავლისმომცვლელია თავისი იდეებითა და იდეოლოგიებით, რომელიც გაღვიძებს, არაცნობიერს ცნობიერ სახედ გარდაგიქმნის ისე, რომ შენ ამას ყოველგვარი წარმოდგენების გარეშე ხედავ. საინტერესოა ბილიკი, რომელიც დაუვიწყარი მოგზაურობის საშუალებას გაძლევს საკუთარ თავში, იმ სფეროში აღწევ, რომლის არსებობის შესაძლებლობასაც ხშირ შემთხვევაში არ უშვებენ ადამიანები.!

რას ცდილობენ? რით ცხოვრობენ? ნუთუ მართლა გონიათ, რომ რეალობა ის არის, რომელშიც ცხოვრობენ. დავიჯერო ყველას სძინავს – რატომ? ფიქრის პროცესშიც რა თქმა უნდა ბილიკს ვაგრძელებ და უკან არც კი ვიხედები, ან საერთოდ რატო უნდა მინდოდეს ყოფნა იმ სამყაროში, სადაც ყველა ყველაფერს მალავს, სადაც ადამინის ნაბიჯებს დროს უდგენენ, სადაც ინდივიდი სულაც არ არის ინდივიდუალური? – რატომ?

პასუხგაუცემელი კითხვებით არის სავსე სამყარო – მე კი პასუხი მჭირდება. პასუხი, რომელიც ამ სამყაროშია, სადაც მე მივუყვები გზას, სადაც ყველა შეკითხვას პასუხი აქვს, სადაც განსაკუთრებული არავინაა. ყოველდილით, როცა ვიღვიძებ ვფიქრობ: ცხოვრება, ან საერთოდ სამყარო რა არის? ან საერთოდ ვინ ვართ ჩვენ? უბრალოდ კითხვას ვსვამ და ბილიკს ვაგრძელებ იმის მოლოდინში, რომ პასუხს აუცილებლად ვიპოვი …

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი