ჰესე და მისი ლიტერატურა

0
700

ბექა ბაღაშვილი – ჰესე და მისი ლიტერატურა

ჰერმან ჰესეზე ქართულ ონლაინ სივრცეში ბევრი არაფერია ნათქვამი, ჰესეს ბიოგრაფიას და მის ცხოვრებისეულ ამბებს არ ვგულისხმობ, არამედ მის წიგნებს და მათ მნიშვნელობას, ზოგადად, კაცობრიობისთვის და ჩვენთვის, ქართული სივრცისთვის.

ამიტომ გადავწყვიტე ჰერმან ჰესეს შემოქმედებაზე ჩემი აზრი გადმოგცეთ, მოკლედ და ლაკონურად, რადგან 4 წიგნის ერთგვარი ანალიზი მაქვს განზრახული. ჰესეს შემოქმედებიდან შევეხებით შემდეგ ნაწარმოებებს– “ზიდჰარტას”; “დამსვენებელს”; “ტრამალის მგელს” და ბოლოს, ჩემი აზრით, ჰესეს შემოქმედების დაგვირგვინებას “ნარცისს და გოლდმუნდს”. ეს 4–ვე ნაწარმოები ერთმანეთს რაღაცით ჰგავს. “დამსვენებლის” რიტორიკა, თითქმის, ყველა სხვა ნაწარმოებებში გვხვდება, ანუ პოეტის, შემოქმედის დამკვირვებლური, აღმოჩენითი, მიგნებითი სიუჟეტები სამყაროზე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჰესე ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილი ავტობიოგრაფიული მწერალია. შეიძლება ითქვას, საუკეთესოდ ამართლებს აზრს, თუ გსურს მწერლის ბიოგრაფია იცოდე, წაიკითხე მისი შემოქმედება ქრონოლოგიურად. ჩვენც ასე მივყვეთ.

“ზიდჰარტას” ჰესე 1922 წელს წერს, როცა მორჩა ხეტიალს ინდოეთში, უფრო სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიატოვა მისია და შვეიცარიაში ბრუნდება. “ზიდჰარტაში” გამოიკვეთება ის პოსტულატები, რასაც ჰესე შემდგომ ნაწარმოებებში ავითარებს. “ზიდჰარტაში” იწყებს ჰესე ფიქრს საერო და სასულიერო ცხოვრებაზე, იწყებს განსჯას, რომელი სჯობს სულიერი, თუ ხორციელი ტკბობა, ეძებს რომელია მისი გზა, სულიერი სიღრმეები თუ სამოქალაქო მოღვაწეობა? ამ ყველაფერს ჰესე აღმოსავლური მითოლოგიის წიაღში განიხილავს და შესაბამისად, სულზე, მედიტაციაზე, ბუნებაზე ხშირად აპელირებს. ზიდჰარტა თუ აღმოსავლური ორჭოფობაა ორ უკიდურესობას შორის, “ტრამალის მგელში” უკვე ჰარი ჰალერია დასავლური ორჭოფობა, სულიერსა და ფიზიკურ ყოფას შორის. თუმცა, ზიდჰარტაში, განსაკუთრებით ბოლოს გამოიკვეთება ის საკითხი, რასაც ჰესე შემდგომში აღარ ეხება, ესაა დაპირისპირება თაობებს შორის. ზიდჰარტა ნოველის ბოლოს აღმოაჩენს, რომ მას შვილი ჰყოლია ქალისგან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, და გადაწყვეტს თავის შვილის აღზრდას, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ის ძალიან ურჩი, განსხვავებული და თავისუფლების მოყვარეა, აი აქ, ასკვნის ზუსტად ზიდჰარტა და აქ ახსენდება საკუთარი თავი, რომ ის თავადაც ასე მოექცა მამას, ახალგაზრდობაში, როცა მიატოვა სახლი და გადაწყვიტა ცხოვრება ეგემა, თავისი გამოცდილებით, საკუთარი სიმწარით გაეგო. “ზიდჰარტაში” ჰესე ამ სიუჟეტის გამოყოფით შეიძლება ითქვას, ამკვიდრებს ევროპული XX საუკუნის აღზრდის აღქმას, ყველა ინდივიდს საკუთარი ცხოვრება აქვს, და სწორედ მან, და მხოლოდ მარტო მან უნდა გამოსცადოს ის, განვითარდეს ის, და დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი თავის მონახვა ამ სამყაროში. თაობათა შორის დაპირისპირების თემას შემდგომში ჰესე, ფაქტიურად, აღარ ეხება. “ზიდჰარტა” საკმაოდ კარგი წასაკითხია, ერთი სულის ამოსუნთქვით წასაკითხ წიგნებში შედის, თან ეს სადა აღმოსავლური მითოლოგიური ქარაგმები კიდევ უფრო ზღაპრულს ხდის მკითხველის წარმოდგენას, მკითხველი, თითქოს, კაცობრიობის დაბადების დროინდელ პირველადქმნილ ამბავს ადევნებს თვალს, ზიდჰარტას, რომელმაც დაკარგა სამოთხე და გახდა ორბუნებოვანი.

1925 წელს ჰესე ბადენში მიდის სამკურნალოდ და აქ იწერება მისი “დამსვენებელი”, რა თქმა უნდა, ეს ნაწარმოებიც ავტობიოგრაფიულია, სადაც ჰესე ცდილობს გაიგოს პირველი ომის შემდგომი რეალობა, გაანალიზოს და შეიცნოს ახალი გამოწვევები. “დამსვენებელი” ფსიქოტრამვული თერაპიაცაა, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ტრამვის უსასოობა და ფარული სასოწარკვეთა შეინიშნება ამ ნაწარმოებში. საუკეთესო მონაკვეთია თავი “ჰოლანდიელი”, სადაც ჰესე დაძლევს მეზობლის უმიზეზო შიშსა და ზიზღს და საკუთარ თავში გადაწყვეტს, რომ ის რაც მას თავისდაუნებურად გაუჩნდა (უარყოფითი გრძნობა მეზობლის მიმართ) გადაწყვეტს, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალოს და მართლაც, თავის ბოლოში დამსვენებელი პატივს სცემს და უყვარს მეზობელი ჰოლანდიელი, რომელიც სამწუხაროდ მალევე მიემგზავრება ბადენიდან. აი ეს გარდაქმნა, და შინაგანი განწყობის ცვლილება საუკეთესოდ აქვს აღწერილი. ჰესე ამ ნაწარმოებით ეხმიანება თომას მანსაც, ეს აზრი გამიჩნდა რატომღაც, რომ დამსვენებელი არაფერია თუ არა “ჯადოსნური მთის” ცუდი გადამღერების მცდელობა, დამსვენებლის მთელი ეს ფროიდიანული აზრები, თითქოს ცინიკურად და ირონიულად ეპასუხება ჰანს კასტორფის 7 წლიან ცხოვრებას დავოსში. სხვათა შორის “დამსვენებელზე” გამაკვირვა ფაქტმა, რომ ეს ნაწარმოები ქართველი მკითხველისთვის რამდენადაც პოპულარულია, ითარგმნა, რამოდენიმე გამოცემაც არის, იმდენად უცხოურ საიტებზე “დამსვენებელს” არ მიიჩნევენ ჰესეს ღირებულ ნაწარმოებად. ამის მიზეზი, ალბათ, მაინც ისაა, რომ ჰესეს დამსვენებელი არაფერია იმასთან შედარებით, როცა გყავს იმავე პერიოდში უფრო მძაფრი და გენიალური თომას მანის ჰანს კასტორფი და მისი “ჯადოსნური მთა”.

9478688_orig1927 წელს როცა ჰესეს დეპრესია და სულიერი ტკივილები პიკს აღწევს, იწერება ჰესეს ყველაზე გახმაურებული და ყველაზე ავანგარდული ნაწარმოები “ტრამალის მგელი”. “ტრამალის მგელში” ჰესე ეხება ისეთ თემებს როგორიცაა მოქალაქის ცნება, სამოქალაქო აზროვნება და შეგნება, ეხება და უპირისპირდება ნაცისტურ იდეოლოგიას. აგრეთვე უპირისპირდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სიყვარულით ნარევი ირონიით ცდილობს გოეთესა და მოცარტის კერპების მსხვრევას. ფაქტია, რომ ეს ორი დიდი გერმანელი მოცარტიც და გოეთეც ჰესესთვის ამოსავალი წერტილია, თუმცა “ტრამალის მგელში” ავტორი ირონიულია გოეთეს მიმართ, როგორც კარგი და სამაგალითო მოქალაქის მიმართ, ხოლო მოცარტს, საერთოდ თავისი კიკინა თმით დაიჭერს და თავის ალუზიურ სიზმრებში კოსმოსში გაისვრის. ჰარი ჰალერის სიზმრები გოეთეზე და მოცარტზე ფანტასტიური მხატვრული სიუჟეტებია, რომელიც მკითხველს მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

“ტრამალის მგელში” ჰესე ეხება ყველაზე მნიშვნელოვან თემას ადამიანის არსებობაში, ეს არის “მარტოობის” თემა. ადამიანი თავის ფიქრებში მარტოა, მაგრამ ჰესესთან მარტოობა პირდაპირ დაკავშირებულია წარუმატებლობასთან, ასოციალურობასთან, ასევე ჰესეს “მარტოობა” აპრიორია ფიზიკურ ავადობასთანაც. ჰესეს მარტოობა მოწყვეტილია სამყაროს, მოკლებულია ყოველივე მარტოობის ტკბობას. თუმცა, შეიძლება, ამ მარტოობაში და თვითწამებაში ერთგვარი შემზადებაც შეინიშნებოდეს, ბობოქარი ცხოვრების. მართლაც წიგნის მეორე ნაწილში ჰარი ჰალერს სრულიად მოულოდნელი და თავბრუდამხვევი თავგადასავლები გადახდება.

“ტრამალის მგელის” პირველი ნაწილი თუ დატვირთულია სულიერი ტკივილების გაანალიზებით და შიმშილით, მეორე ნაწილში ჰარი ჰალერს გამოუჩნდება ე.წ. გადამრჩენელი, მესია ჰერმინია. დაუკვირდით, ჰერმინია ქალია, რომელიც ძალიან ჰგავს ჰარი ჰალერის ბავშვობის ძმაკაცს ჰერმანს. ეს ძალიან ინტრიგნული მომენტია და აღსაქმელადაც ირონიული, მაგრამ მკითხველში აშკარა კათარზისს რომ გამოიწვევს აი ისეთი.

“ტრამალის მგელში” ჰესე ეხება სიყვარულს ქალის მიმართ. თუ სხვა ნაწარმოებებში, სიყვარული ქალის მიმართ მხოლოდ გაკვრით, ან ძალიან ისე რბილად აქვს ასახული, აქ ჰესე ცდილობს სიყვარულის სილამაზის და ორიგინალურობის, მისი ყოვლისშემძლეობის ჩვენებას. თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ჰესე არა სიყვარულისა და ტრფობის აღმწერი მწერალია, არამედ უფრო გერმანული ხასიათით, უფრო ფილოსოფიური, სამყაროს შეცნობის და გარემოს დაკვირვების მწერალია.

“ტრამალის მგელის” მეორე ნაწილში იწყება ჰარი ჰალერის საზოგადოებრივი ცხოვრება, და ავტორი უსიცოცხლო, უაზრო, კარჩაკეტილი ცხოვრებიდან, ტრამალის მგლობიდან უცბად გადაინაცვლებს აურზაურში, ხალხში, თავგადასავლებში, ტრფობასა და სექსუალურ აქტებში. დასამახსოვრებელი მომენტია, როდესაც ჰარი ჰალერს ჰერმინია ოთახში დაახვედრებს ქალს მარიას, ქალს მიართმევს ასე ვთქვათ. ასევე ის სცენა, როდესაც ჰარი ჰალერი, მარია და პაბლო ერთად ატარებენ დროს და პაბლოს შეთავაზება დაკავდნენ ისინი ჯგუფური სექსით. რა თქმა უნდა, ჰესე ფროიდისტია, ის აცნობიერებს, რომ XX საუკუნე “სექსუალური რევოლუციის” საუკუნეა, ეს სუნი როგორც ჩანს საუკუნის დასაწყისშიც მძაფრად იგრძნობა.

ყველაზე საინტერესო ექშენი იწყება, როცა ჰარი თეატრში სხვადასხვა ოთახებს სტუმრობს, აქ ის ესტუმრება ოთახს, სადაც ადამიანები და მანქანიანები ერთმანეთს იბრძვიან. ეს ოთახი ძალიან წინასწარმეტყველურია, ჰესე XX საუკუნის 20–იან წლებში ხვდება, რომ წლების შემდეგ მსოფლიოს საცობების პრობლემა შეაწუხებს. ფეხითმოსიარულეთა და მანქანიანთა დაპირისპირება გარდაუვალია, და ეს კლასობრივი და იდეოლოგიური ბრძოლის ხასიათს მიიღებს.

ერთი სიტყვით “ტრამალის მგელი” “ზიდჰარტას” დასავლური, ევროპული, სამოქალაქო აღქმითი გაგრძელება, გაზრდა და გამრავალფეროვნებაა. ავტორი რამდენადაც ორიგინალურია, იმდენად უფრო დაბნეულია და მოცული ფსიქოლოგიური წინაღობებით, სწორედ ეს დაბნეულობა იწვევს წიგნის საინტერესოობას, და შესაბამისად, მკითხველიც ვარდება საფიქრებელში, რა იყო ეს, რა მოხდა აქ, რატომ და ნუთუ? რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს.

{9F139830-8DBE-4DB5-8519-55E903C1D9FE}Img100და ბოლოს! “ნარცისი და გოლდმუნდი” ეს არის ნაწარმოები, რომლის წაკითხვის შემთხვევაში შენ, როგორც მკითხველი იზრდები, შენ, როგორც ადამიანი, მარტივ მორალურ პოსტულატებს ამოატივტივებ და ამ წიგნით ანაყოფიერებ. ნარცისსა და გოლდმუნდში ჰესე უბრუნდება ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმართებას სამყაროს მიმართ. ნარცისი არის განსახიერება ყოველივე აზრისა, სიდინჯისა, გამოცდილებისა, ცოდნისა, ყოველივე აპოლონურისა (როგორც ეს ჩემს ერთ მეგობარს უყვარს ხოლმე აღნიშვნა), ხოლო გოლდმუნდი არის მისი ანტიპოდი, ანუ გოლდმუნდი განსახიერებაა თრობისა, ტკბობისა, ცდისა, ინტრიგის, ცდუნების, ბუნებრიობის, ემოციურობის, ერთგვარი დიონისურია (ისევ ჩემს მეგობარს დავესესხები :)).

მიუხედავად ნარცისისა და გოლდმუნდის ერთმანეთისაგან ასეთი მკვეთრი განსხვავებულობისა, ისინი მაინც ერთნი არიან, ისინი მაინც ერთად არიან, მათ ერთმანეთის იდეის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. ისინი შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ აზრებით, ფიქრებით მაინც ერთმანეთთან არიან, ითვალისწინებენ ერთმანეთს და ბოლოსაც ისევ ერთმანეთს შეხვდებიან. ნარცისი გოლდმუნდს წიგნის დასაწყისში ეუბნება, რომ მასში დედის ბუნება ჭარბობს, მასში ადამიანური, მიწიერი სურვილები ჭარბობს, ხოლო ნარცისი სიბრძნის, ცის, აზრის, იდეის განსახიერებაა. ნარცისი ეუბნება გოლდმუნდს, რომ გოლდმუნდს ქალები იზიდავს და აინტერესებს, ნარცისს კი კაცები. აქ, რა თქმა უნდა, ფიზიკური გაგებით არ უნდა გავიგოთ ბერ–მონაზონ ნარცისის ეს სიტყვები, არამედ ეს არის სულიერი და საერო ცხოვრების გამიჯვნის მცდელობა. კაცებისადმი ინტერესში იგულისხმება ზოგადად ადამიანი თავისი ცოდვებით, ცხოვრებით და სულიერი სამყაროთი, ხოლო გოლდმუნდის ქალებისადმი ლტოლვა წმინდა ჭაბუკური მიდრეკილებაა, რომელიც დროთა განმავლობაში კვდება და ქრება. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს, ალბათ, ჰესე, რომ ნაწარმოების ბოლოს მრავალ განცდილ და ემოციებისგან, ცხოვრებისგან დაღლილ გოლდმუნდს მიიყვანს თავის განუყოფელ მეგობართან ნარცისთან და მას ჰკლავს. ყოველივე ახალგაზრდული, ყოველივე მაცდუნებელი კვდება და რჩება ნარცისი, ანუ სიბრძნის და აზრის განსახიერება.

“ნარცისი და გოლდმუნდი” დაგვირგვინებაა ჰესეს შემოქმედების. ეს ნაწარმოები, თითქოს, “ზიდჰარტათი” იწყება, “ტრამალის მგლით” გრძელდება და წერტილს სვავს “ნარცის და გოლდმუნდში”. ჰესე ამ ნაწარმოებით ქრისტიანულ ფესვებსაც უბრუნდება და თითქოს, აანალიზებს კიდეც, რომ ევროპული აზროვნება, სწორედაც რომ ქრისტიანული აზროვნებაა. ადამიანის ორჭოფობა და მისი ორბუნებოვნობა სწორედაც, რომ ქრისტიანული ამოსავალი წერტილია. მაშინ როცა ზიდჰარტაში ჰესე ბუდიზმის გავლენით ცდილობს აცდეს ადამიანის გაორების თემას და წარმოაჩენს ისეთ თემას, რომელიც ბუდიზმისთვისაა დამახასიათებელი, სატანჯველის დათრგუნვა მედიტაციის გზით. ჰესე ზიდჰარტას შემდგომ ნაწარმოებებში სცილდება ინდურ მითოსს და უბრუნდება მშობლიურს, ქრისტიანულს, ევროპულს.

ჰესე ქართულ რეალობაში, ამ თემასაც მინდა შევეხო. ჰესეს მთავარი ნაწარმოებები არაერთხელ ითარგმნა სხვადასხვა მთარგმნელის მიერ და არაერთი გამოცემა არსებობს. ახალგაზრდებშიც, ასე თუ ისე, პოპულარულია ჰესეს “ტრამალის მგელი”, მაგრამ მინდოდა მეთქვა იმ კრებულების შესახებ, რომელიც ამ ბოლო წლებში მოაწყდა ქართულ წიგნის ბაზარს, საუბარია “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო”, “კიდევ დამატებით 49 წიგნი” და ამგვარი კრებულები. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ჰესეს არცერთი ნაწარმოები არ მოხვდა ამ ხალხის რჩეულ კრებულებში. და საერთოდ აქ ხალხის ხელიც რომ არ ურევია, მივხვდი მაშინ როცა, თომას მანის “ლოტე ვაიმარში” შეიყვანეს ერთ–ერთ რჩეულ კრებულებში. “ლოტე ვაიმარში” ვინ ვინ და ლიტერაატურათმცოდნეებს კარგად მოეხსენებათ და მეც დავეთანხმები, რომ ერთ–ერთი ყველაზე რთული, ღრმა, სემანტიკური ნაწარმოებია და საერთოდ ამოგდებულია მხატვრული, სათავგადასავლო, ხალხისთვის სასიამოვნო წასაკითხი წიგნების სიიდან. დარწმუნებული ვარ და თავს დავდებ, ქართველი მკითხველის 95 % არ იცნობს თომას მანის ამ ნაწარმოებს, მაშინ როცა უმეტესი ნაწილისთვის ჰესეს “ტრამალის მგელი” მაინცაა ცნობილი.

საკმაოდ დიდი პოსტი გამომივიდა ჰერმან ჰესესა და მის ლიტერატურაზე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ყველა იმ თემის წამოწევა, რაზეც მსურდა გამემახვილებინა ყურადღება. ბოლოს კი მინდა გთხოვოთ ყველას, დაეწაფეთ ჰესეს, განსაკუთრებით კი მის “ნარცის და გოლდმუნდს”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი