ჯაკომო რიზოლატი – მეცნიერი, რომელმაც კაცობრიობას სარკისებრი ნეირონების საიდუმლო აუხსნა

0
1217

მეცნიერი, რომელმაც კაცობრიობას სარკისებრი ნეირონების საიდუმლო აუხსნა, ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაზე , ასევე ინსულტისა და აუტიზმის მკურნალობის ახალ მიდგომებზე საუბრობს.

ჯაკომო რიზოლატი-იტალიელი ნეირობიოლოგი. დაიბადა 1937 წელს. დაამთავრა პადუანის უნივერსიტეტი, 1992 წელს პროფესორმა რიზოლატიმ რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიასა და თავის ტვინთან დაკავშირებულ სხვა მეცნიერებებში.

აღმოჩენილ იქნა სარკისებრი ნეირონები – ტვინის უნიკალური უჯრედები, რომლებიც აქტიურდებიან, როცა ჩვენ სხვა ადამიანების მოქმედებებს ვაკვირდებით. ეს უჯრედები, როგორც სარკე, ავტომატურად “ირეკლავენ” უცხოთა ქმედებებს ჩვენს თავში და ისე აღიქვამენ მომხდარს, თითქოს ეს მოქმედება ჩვენ შევასრულეთ. ახლა ჯაკომო რიზოლატი პარმის უნივერსიტეტის ნევროლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.
ცდა წყლით სავსე ჭიქით -ნახეთ, ვიღებ ხელში ჭიქას წყლით, -უცბად იწყებს ჩვენთან ინტერვიუს პროფესორი რიზოლატი. -თქვენ ხვდებით, რომ ავიღე ჭიქა. ასეა? მაგრამ არა იმიტომ, რომ ფიზიკის ყველა კანონი გაგახსენდათ და გააანალიზეთ: რომ არსებობს მიზიდულობის ძალა, რომ მე მას შევეწინააღმდეგე და ა.შ. ჩემს მოქმედებას თქვენ მომენტალურად აღიქვამთ სარკისებრი ნეირონების მეშვეობით-ჩვენი ტვინის განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც ავტომატურად, ქვეშეცნეულად ამოიცნობენ მოქმედებას, რომელსაც ვხედავთ. მეტსაც გეტყვით: ახლა რომ თქვენი ტვინის სკანირება შეიძლებოდეს, დავინახავდით, რომ ჩემი მოქმედების დანახვისას თქვენ გაგიაქტიურდათ იგივე ნეირონები, თითქოს თავად აგეღოთ ხელში ჭიქა.მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ერთხელ საფრანგეთში ჩაატარეს ცდა: მოხალისეთა ერთ ჯგუფს თხოვეს, გამოეხატათ სხვადასხვა ემოციები-სიხარული, სევდა; აყნოსინეს რაიმე, უსიამოვნო სუნის მქონე, რათა სახეზე ზიზღი გამოხატოდათ. ადამიანებს გადაუღეს ფოტოები. შემდეგ კი მეორე ჯგუფს ანახეს და დააფიქსირეს მათი რეაქცია. როგორ ფიქრობთ? ფოტოებზე შესაბამისი ემოციის დანახვისას მოხალისეებს ტვინში გაუაქტიურდათ იგივე ნეირონები, თითქოს თვითონ იგრძნეს ლაყე კვერცხის სუნი, გაიგეს სასიხარულო ამბავი, ან რაღაცის გამო სევდა შემოაწვათ. ეს ცდა – ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ გარდა “მოქმედების “სარკისებრი ნეირონებისა (მათ მოტორულს უწოდებენ) არსებობს კიდევ ემოციების სარკისებრი ნეირონები. სწორედ ისინი გვეხმარებიან ჩვენ ქვეშეცნეულად, ყოველგვარი გონებრივი ანალიზის გარეშე , მხოლოდ მიმიკის და ჟესტის დანახვით გავიგოთ სხვა ადამიანის ემოციები. ასე იმიტომ ხდება, რომ ტვინში “არეკვლის” გამო ჩვენ თავად იგივე გრძნობები გვეუფლება.
გულგრილ ადამიანებს ნეირეონები არ ყოფნით? – მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ერთნაირი არ არის: არიან ძალიან გულისხმიერები, არიან გულგრილები, რომელთა გაგება თითქოს ძალიან ძნელია. მათ ალბათ ბუნებამ ემოციური სარკისებრი ნეირონები დააკლო? -არა. ტვინი ასეთი მარტივი არაა. სარკისებრი ნეირონების გარდა უდავოა, რომ ჩვენი გონება მუშაობს. ნება – მისი მეშვეობით შესაძლებელია ნაწილობრივ ჩავაქროთ ის გრძნობები და ემოციები, რომლებსაც სარკისებრი ნეირონები აჩენენ.

უფრო დიდ როლს თამაშობს სოციალური ნორმები, რომლებიც საზოგადოებაშია მიღებული.თუ საზოგადოება ეგოიზმის, ინდივიდუალიზმის იდეას უჭერს მხარს: ზრუნავს პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე,- მაშინ თქვენ ეგოისტად ყოფნა გიწევთ, რადგან ითვლება, რომ სწორედ ეს მოგიტანთ წარმატებას. ასეთ დროს თქვენი სარკისებრი ნეირონების სისტემის როლი მცირდება ნების ძალდატანებით, აღზრდით, ჩვეული ქცევებით.

მოტივაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ბევრ რელიგიაში არსებობს პრინციპი: შეიყვარე სხვები ისევე, როგორც გიყვარს საკუთარი თავი. ნუ იფიქრებთ, რომ ეს პრინციპი ღმერთისგან მოდის-სინამდვილეში ეს ბუნებრივი წესია, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ მოწყობას ასახავს და ეფუძნება სარკისებრი ნეირონების მუშაობას. თუ არ გიყვარს ადამიანები, საზოგადოებაში ცხოვრება გაგიჭირდება. ამასთან, დასავლეთის საზოგადოებაში , განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში, იყო პერიოდი მკაცრად ინდივიდუალური მიდგომების. ახლა კი , მაგალითად იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში უბრუნდებიან იმის შეგნებას, რომ სოციალური ცხოვრება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი.
ნუ ბრაზობთ კაცებზე -თუ ტვინის მოწყობის განსხვავებულობაზე ვისაუბრებთ, შენიშნეს, რომ ქალებს ემოციური სისტემის სარკისებრი ნეირონები მეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს-განაგრძო პროფესორმა.-ამით აიხსნება ქალების უნარი, მეტად უთანაგრძნონ და გაუგონ სხვებს. იყო ექსპერიმენტები, როცა ორივე სქესის მოხალისეებს ანახებდნენ ისეთ ვინმეს, ვისაც ტკივილი ტანჯავდა. ამაზე ქალების ტვინი მეტად რეაგირებდა , ვიდრე მამაკაცების. ასე ჩამოყალიბდა ევოლუციის შედეგად: ბუნებაში აუცილებელია, რომ სწორედ დედამ, რომელიც ბავშვთან მეტ დროს ატარებს, იყოს ემოციურად გახსნილი, თანაუგრძნოს, გაიხაროს და შედეგად, სარკისებრი პრინციპით ბავშვის ემოციების განვითარებას შეუწყოს ხელი.-გამოდის, რომ უაზრობაა კაცების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი გულგრილები არიან, და მათზე გაბრაზებასაც აზრი არ ჰქონია.

-დიახ, არ უნდა გაბრაზდეთ ჩვენზე (იცინის) ეს ბუნებაა. სხვათა შორის, არის კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობას გვანახებს. ასეთი თამაშია: დავუშვათ, მე თქვენთან ერთად ვთამაშობ ვიღაც მესამის წინააღმდეგ, თქვენ კი სპეციალურად , ცბიერად ჩემს წინააღმდეგ თამაშობთ. ამ შემთხვევაში მე , მამაკაცი , ვიწყებ გაბრაზებას მაშინ, როცა ქალი ამას უწყინარ ხუმრობად აღიქვამს. ანუ ქალი უფრო მეტადაა მიდრეკილი პატიებისკენ და საბოლოოდ, ბევრ საკითხს იოლად უდგება. კაცი კი ღალატს გაცილებით სერიოზულად და მწვავედ აღიქვამს .

 

როგორ დავაყენოთ ავადმყოფი ფეხზე?

-თქვენ სარკისებრი ნეირონები 20 წლის წინ აღმოაჩინეთ-ალბათ ამ ხნის განმავლობაში გარდა სამეცნიერო კვლევებისა, იყო მცდელობა ამ აღმოჩენის მედიცინაში გამოყენების?
-დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ამ აღმოჩენის პრაქტიკაში გამოსაყენებლად, მათ შორის მედიცინაში. ცნობილია, რომ მოტორული სარკისებრი ნეირონები გვაიძულებენ აღვბეჭდოთ იგივე მოქმედება, რასაც სხვა ადამიანი აკეთებს, მათ შორის ტელევიზორის ეკრანთან, ან კომპიუტერთან. მაგალითად: როცა ადამიანები მოკრივეების ორთაბრძოლას უყურებენ, მათ კუნთები ეჭიმებათ და შეიძლება მუშტებიც შეკრან. ეს ტიპიური ნეიროეფექტია.., და მასზეა დამყარებული აღდგენის ახალი ტექნოლოგიები ინსულტის, ალცჰეიმერის და სხვა ისეთი დაავადებების დროს, როცა ადამიანს მოძრაობა ავიწყდება. ახლა ექსპერიმენტებს იტალიასა და გერმანიში ვატარებთ.

არსი იმაშია, რომ თუ პაციენტს ნეირონები საბოლოოდ არ “გაუნადგურდა”, არამედ მათი მუშაობა მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, გამოიყენება მხედველობითი ბიძგი: განსაზღვრულ პირობებში აუცილებელი მოძრაობების ჩვენება- შესაძლებელია ნერვული უჯრედების აქტივიზაცია, მათი იძულება, რომ “აირეკლონ” მოძრაობები და კვლავ დაიწყონ მუშაობა, როგორც საჭიროა. ასეთ მეთოდს ქვია ” დაკვირვების და მოქმედების თერაპია”(action-observation therapy). ეასპერიმენტებმა საკმაოდ გააუმჯობესა ინსულტგადატანილთა რეაბილიტაცია.
მაგრამ განსაკუთრებით საოცარი შედეგი შეინიშნა, როცა ასეთი თერაპია სცადეს ადამიანებზე, რომლებმაც სერიოზული ტრავმა გადაიტანეს, ავტოავარია, -როცა ადამიანს პრაქტიკულად სიარული თავიდან უნდა ესწავლა. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში მოძრაობები დიდი ხნის განმავლობაში იწვევს ტანჯვას, პაციენტი იტანს ტკივილს, კოჭლობს და ა.შ. თუ ტრადიციულად ვასწავლით და ვავარჯიშებთ, ეს საკმაო დროს მოითხოვს. მაგრამ , თუ ამავე დროს ვაჩვენებთ სპეციალურ ფილმს შესაბამისი მოძრაობებით, ტვინში აუცილებელი ნეირონები აქტიურდებიან და ადამიანები ნორმალურად სიარულს რამდენიმე დღეში ახერხებენ. ჩვენთვის, მეცნიერებისთვისაც კი ეს საოცრებაა.
“გატეხილი ” სარკეები
-პროფესორო, რა ხდება მაშინ, თუ ადამინს სარკისებრი ნეირონები დაუზიანდება? რომელი ავადმყოფობა იწვევს ამას?
-ამ ნეირონების მასობრივი დაზიანება არც ისე ადვილია. ისინი ტვინის ქერქის მთელ უბანზე არიან მოდებულნი, ინსულტის დროს ადამიანს ასეთი ნეირონების მხოლოდ ნაწილი უზიანდება. მაგალითად ცნობილია, რომ როცა ტვინის მარცხენა ნაწილი ზიანდება, ადამიანი ზოგჯერ სხვების მოქმედებას ვეღარ აღიქვამს.
სარკისებრი ნეირონების შედარებით სერიოზული დაზიანება გენეტიკურ მოშლას უკავშირდება. ყველაზე ხშირად ეს აუტიზმის დროს ხდება. ვინაიდან ასეთი ავადმყოფების ტვინში გარშემომყოფთა მოქმედებების და ემოციების “არეკვლის” მექანიზმი მოშლილია, აუტისტებს არ შეუძლიათ გაიგონ , რას აკეთებენ სხვა ადამიანები. მათ არ შეუძლიათ თანაუგრძნონ, რადგან არ განიცდიან მსგავს ემოციებს სხვისი სიხარულის, ან განცდების დანახვისას. ეს ყველაფერი მათთვის უცხოა, შეიძლება ამან ისინი შეაშინოს, ამიტომ აუტიზმით დაავადებულები ცდილობენ დაიმალონ, გაურბიან საზოგადოებას.
 

-თუ ამ დაავადების მიზეზების ახსნა მოხერხდა, მეცნიერები ხომ არ მიუახლოვდნენ გამოჯანმრთელების გზებს?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მაქსიმალურად სრულფასოვნად აღვადგინოთ ბავშვი-აუტისტები, თუ მკურნალობას ძალიან ადრე დავიწყებთ. ყველაზე ადრეულ ეტაპზე საჭიროა განსაკუთრებით ძლიერი გრძნობების გამოხატვა, ასეთ ბავშვებთან სხვადასხვაგვარი სენტიმენტალობა : დედა და სპეციალისტი ბავშვს ძალიან ბევრს უნდა ელაპარაკებოდნენ, ეხებოდნენ-რათა განავითარონ მოტორული და ემოციური სიახლეები, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან თამაში, მაგრამ არა შეჯიბრზე დაფუძნებული, არამედ ისეთი, სადაც წარმატება ერთად შესრულებული სამუშაოთი მიიღწევა: მაგალითად ბავშვი ეწევა ტროსს, არაფერი გამოსდის , მაგრამ როცა ერთად გასწევენ, მიიღებენ პრიზს. ასეთ დროს ბავშვს ესმის: შენ და მე ერთად-ეს მნიშვნელოვანია, საშიში კი არაა, არამედ სასარგებლოა.

როგორ ვიყოთ კარგ ხასიათზე და სხვებსაც გამოვუკეთოთ განწყობა?

-პროფესორო, თუ ჩვენ ქვეშეცნეულად აღვიქვამთ და ვიმეორებთ ემოციებს, რომლებსაც ვხედავთ, გამოდის, რომ საშინელებათა ფილმების, ან ტრაგიკული რეპორტაჟების ყურების დროს ავტომატურად იგივე ემოცია გვეუფლება? ასე ვთქვათ, ცუდ ხასიათზე ვდგებით, სტრესის ჰორმონს-კორტიზოლს გამოვიმუშავებთ , რომელიც გვიშლის ხელს მუშაობაში, ძილში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაში და ა.შ.?
-დიახ, ავტომატურად ასე ხდება. თქვენ რომ ეცადოთ, არ აყვეთ ემოციებს, შეიძლება ცოტა ნაკლები რეაქცია გქონდეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გათავისუფლდებით მისგან.
მაშინ, სარკისებრი ნეირონების მუშაობის იგივე პრინციპი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე ვიყოთ?
-დიახ ასეა. თუ პოზიტიურ, სიცოცხლით სავსე ადამიანს ეკონტაქტებით, ან უყურებთ ფილმს ასეთი გმირის მონაწილეობით, თქვენს ტვინში ასეთივე ემოციები იღვიძებს. თუ გინდათ, სხვა დააყენოთ კარგ ხასიათზე, უფრო დიდი შანსი გაქვთ ამის გაკეთების არა ტრაგიკული და თანაგრძნობით აღსავსე სახის გამომეტყველებით, არამედ კეთილგანწყობილი, მსუბუქი ღიმილით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი